ბს-528-506(კ-08) 16 იანვარი, 2009წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ლ. ა-ნი
დავის საგანი – კვების კომპენსაციის _ 669,39 ლარის ანაზღაურება
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.03.08წ. განჩინება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. ა-მა 01.10.07წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ, რომლითაც მოპასუხისათვის მისი კუთვნილი სახელფასო დავალიანების _ 1355,62 ლარის ანაზღაურების დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.10.07წ. გადაწყვეტილებით მოსარჩელე ლ.ახვლედიანის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა; მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ლ. ა-ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების ანაზღაურება 1355,62 ლარის ოდენობით.
ადმინისტრაციულმა კოლეგიამ მიუთითა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის I პუნქტზე, რომლის თანახმად დადგენილია, რომ მოსამსახურეს უფლება აქვს, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). ამდენად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ლ. ა-ის მიმართ გააჩნდა დავალიანება 1355 ლარი და 62 თეთრი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანი იყო და დააკმაყოფილა მოთხოვნა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.10.07წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და მოსარჩელისათვის სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.03.08წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.10.07წ. გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა სასამართლო კოლეგიის მიერ დადგენილად მიჩნეული საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასებები. მათი გამაბათილებელი არგუმენტები აპელანტს არ წარმოუდგენია, რის გამოც პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერი და დასაბუთებულია და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.03.08წ. განჩინება 01.05.08წ. საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორმა მიუთითა, რომ ლ. ა-ნი სასარჩელო განცხადებით მოითხოვდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის 1998-2000 წლების სახელფასო დავალიანების ანაზღაურების დაკისრებას. კასატორის მოსაზრებით, სასარჩელო მოთხოვნა ხელფასის, კვების კომპენსაციის, ჯილდოსა და მატერიალური დახმარების ნაწილში ხანდაზმულია, რადგან ამგვარ მოთხოვნებზე ვრცელდება სსკ-ის 129-ე მუხლით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა, თუმცა სასამართლოს კანონის ეს ნორმა არ გამოუყენებია. ამასთან, კასატორმა მიუთითა, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საქმეში არსებული სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ გაცემული 20.11.07წ. ¹3-11/9079 ცნობა ვერ ჩაითვლებოდა მოპასუხის მხრიდან ვალის აღიარებად, რადგან მასში არ იყო მითითებული ჯილდოს, კვების კომპენსაციის, მატერიალური დახმარების, ვალის აღიარებისა და მისი გადახდის დაპირებაზე. აღნიშნული ცნობა ინფორმაციული ხასიათისაა და გაცემულია სზაკ-ით დადგენილი ინფორმაციის თავისუფლების ფარგლებში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 08.10.08წ. განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი კვების კომპენსაციის დაკმაყოფილების ნაწილში მიჩნეულ იქნა დასაშვებად და განხილულ იქნა მხარეთა დასწრების გარეშე. საკასაციო საჩივარი ლ. ა-ის სასარგებლოდ ხელფასის, მატერიალური დახმარებისა და ჯილდოს ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაშვებულ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის ლ. ახვლედიანის სასარგებლოდ კვების კომპენსაციის _ 669,39 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; ლ. ა-ის სარჩელი კვების კომპენსაციის მოთხოვნის ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
“სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის მე-12 მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით, სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევა სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37-ე მუხლის თანახმად, შრომით გასამრჯელოს (ხელფასს) თანამდებობრივი სარგოს გარდა მიეკუთვნება აგრეთვე პრემია და ის დანამატები, რომლებიც კანონით არის გათვალისწინებული. სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურის პერიოდში, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37-ე მუხლით გათვალისწინებულ შრომით გასამრჯელოსთან (ხელფასთან) ერთად, იღებს კომპენსაციას სასურსათო უზრუნველყოფის _ ულუფის სახით. კვების კომპენსაცია წარმოადგენს “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის 12.3 მუხლით განსაზღვრული სასურსათო ულუფის კომპენსაციას. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 1341 მუხლით რეგლამენტირებულია საჯარო მოსამსახურეზე წინა წლებში წარმოშობილი დავალიანების ანაზღაურება. შესაბამისი წლების სახელმწიფო ბიუჯეტების შესახებ კანონებით აღიარებულია წინა წლებში წარმოქმნილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურება. სასურსათო ულუფა წარმოადგენს სამხედრო მოსამსახურის უზრუნველყოფის სახეს და ამავდროულად, პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას. ხელფასი განსხვავდება უზრუნველყოფის სახისაგან _ სასურსათო ულუფისაგან. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, ვინაიდან სასურსათო ულუფა წარმოადგენს სამხედრო მოსამსახურის მიერ მისაღები კომპენსაციის სახეს, ხანდაზულობის გამომრიცხავი კანონმდებლობის ხსენებული ნორმები აღნიშნულ კომპენსაციაზე ვერ გავრცელდება. სამხედრო მოსამსახურეზე სასურსათო ულუფის ან შესაბამისი ფულადი კომპენსაციის გაცემის ვალდებულება პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებაა და ამ ვალდებულების შესრულების მოთხოვნის მიმართ ვრცელდება სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის II ნაწილით გათვალისწინებული სასარჩელო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. აღნიშნული ვადა უნდა აითვალოს სასამართლოში სარჩელის წარდგენის თარიღიდან უკუქცევით. საქმის მასალების თანახმად, მოსარჩელეს მისაღები აქვს 1998-2000 წლების კვების კომპენსაცია. ვინაიდან სარჩელის აღძვრის მომენტისათვის (01.10.07წ.) გასული იყო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, მისი მოთხოვნა ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში დაცული საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის 20.11.07წ., ¹3-11/9079 ცნობა, რომლის თანახმად 1998-2000 წ.წ. პერიოდში ლ. ა-ნის კუთვნილი კვების კომპენსაციის ოდენობა შეადგენს 669,39 ლარს, არ წარმოადგენს ვალის აღიარებას. ცნობა ინფორმაციულ ხასიათს ატარებს და ადასტურებს არა მოპასუხის მიერ დავალიანების აღიარებას, არამედ ფაქტს იმის შესახებ, თუ რა თანხა ერგებოდა მოსარჩელეს. ფაქტის და სარჩელის აღიარება არ არის იდენტური ცნებები, ფაქტის აღიარება არის მტკიცებულება, ხოლო სარჩელის აღიარება არის დისპოზიციური პრინციპიდან გამომდინარე განკარგვითი აქტი, ფაქტის აღიარება არ ნიშნავს სარჩელის აღიარებას. რაც შეეხება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის 27.07.07წ. წერილს, ამ წერილით აღიარებულია სახელფასო დავალიანება, რომლითაც არ არის მოცული კვების კომპენსაცია. ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება სამინისტროსათვის მოსარჩელის სასარგებლოდ კვების კომპენსაციის თანხების დაკისრების ნაწილში უნდა გაუქმდეს და ამ ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო. აღნიშნულის გათვალისწინებით სამინისტროს მოსარჩელე ლ. ა-ნის სასარგებლოდ უნდა დეკისროს 686 ლარი და 23 თეთრი, მათ შორის სახელფასო დავალიანება – 408 ლარი და 49 თეთრი, ჯილდო – 214 ლარი და 64 თეთრი, მატერიალური დახმარება – 63 ლარი და 01 თეთრი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.03.08წ. განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.10.07წ. გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის ლ. ა-ნის სასარგებლოდ კვების კომპენსაციის – 669,39 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. არ დაკმაყოფილდეს ლ. ა-ნის სარჩელი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის კვების კომპენსაციის _ 669,39 ლარის დაკისრების ნაწილში;
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.10.07წ. გადაწყვეტილების და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.03.08წ. განჩინების კანონიერ ძალაში შესული ნაწილების გათვალისწინებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ლ. ა-ნის სასარგებლოდ დაეკისროს 686 ლარი და 23 თეთრი (ექვსას ოთხმოცდაექვსი ლარი და ოცდასამი თეთრი);
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.