¹ბს-529-501(კ-06) 3 აპრილი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, მაია ვაჩაძე
ლ. ჭანტურიას მდივნობით
კასატორი (მოსარჩელე) – შპს “ბ. დ-ე”
წარმომადგენლები: ვ. გ-ე, ბ. ხ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე): აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
წარმომადგენელი: ი. ს-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება
სარჩელის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის დავალება
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
2003 წლის 1 ივლისს შპს “ბ. დ-ემ” სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართ, რომლითაც მოითხოვა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2005 წლის 20 მაისის ¹184 და 2005 წლის 30 მაისის ¹197 ბრძანებების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის დავალება /იხ.ს.ფ. 2/.
საქმის გარემოებები:
შპს “ბ. დ-ემ” 2005 წლის 8 აპრილს მონაწილეობა მიიღო სააუქციონო ვაჭრობაში, სადაც სხვა ქონებასთან ერთად გასაყიდად გამოტანილი იყო ქ. ბათუმში, .... ქ. ¹40-ში მდებარე 259,9 კვ. მ, არასაცხოვრებელი ფართი 378.1 კვ.მ მიწის ნაკვეთთან ერთად და იგი მითითებულ იქნა მე-13 ლოტად. მოსარჩელემ წინასწარ, ბეს სახით გადაიხადა 60 600 ლარი. აღნიშნულ ქონებაზე (მე-13 ლოტთან) აუქციონში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ მოსარჩელემ და გაიმარჯვა. 2005 წლის 11 აპრილს მოსარჩელეს გადასცეს დოკუმენტი სახელწოდებით: “სააუქციონო ვაჭრობა ლოტი ¹13”. 2005 წლის 20 აპრილს ქალაქ ბათუმის მერიის ბალანსზე რიცხული ქონების, არასაცხოვრებელი ფართებისა და ობიექტების პრივატიზების საფუძველზე და სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული წესით მიღება-ჩაბარების მუდმივმოქმედ კომისიასა და აუქციონში გამარჯვებულ შპს “ბ. დ-ის” წარმომადგენელს შორის გაფორმდა აუქციონზე გატანილი ქონების მიღება-ჩაბარების აქტი. 2005 წლის 28 აპრილს აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და შპს “ბ. დ-ეს” შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება ზემოაღნიშნულ ქონებაზე. 2005 წლის 18 მაისს შპს “ბ. დ-ის” დირექტორმა გადაიხადა 64 585 ლარი, რითაც სრულყოფილად დაიფარა ობიექტის აუქციონზე დასახელებული ღირებულება.
სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
2005 წლის 27 მაისს მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2005 წლის 20 მაისის ¹184 ბრძანებით სამინისტროსა და მოსარჩელეს შორის დადებული ხელშეკრულების 2.1. მუხლის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე ცალმხრივად მოიშალა ხელშეკრულება, ხოლო მოგვიანებით, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2005 წლის 30 მაისის ბრძანებით, მოსარჩელის მიერ ბიუჯეტში გადახდილი 64 585 ლარი ჩაითვალა არასწორად ჩარიცხულ თანხად და ეთხოვა საქართველოს ეკონომიკის განვითარების სამინისტროს, უზრუნველეყო აღნიშნული თანხის მოსარჩელის ანგარიშზე გადარიცხვა, ხოლო 60 600 ლარის დაბრუნებაზე სამინისტრომ უარი განაცხადა, რამდენადაც იგი ბეს წარმოადგენდა. სამინისტროსა და მოსარჩელეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების 2.1. “ა” ქვეპუნქტის თანახმად, მყიდველი ვალდებული იყო, აუქციონზე შეძენილი სახელმწიფო ქონების საბოლოო ფასი გადაეხადა სააუქციონო ვაჭრობის დამთავრებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, რაც სამინისტროს მიერ დარღვეულია, რამდენადაც სააუქციონო ვაჭრობის ოქმი მყიდველს არ ჩაჰბარებია, ამასთან, თუ სამინისტრო სააუქციონო ვაჭრობის ოქმად მიიჩნევდა დოკუმენტს სახელწოდებით: “სააუქციონო ვაჭრობა ლოტი ¹.....”, აღნიშნული მსჯელობა არასწორია, რამდენადაც ტერმინი “ლოტი” არ ცვლიდა ტერმინს “ოქმს” და მათ სხვადასხვა სამართლებრივი დატვირთვა ჰქონდა. მოსარჩელეს აუქციონზე შეძენილი ქონების საბოლოო ფასი უნდა გადაეხადა სააუქციონო ვაჭრობის ოქმის ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში, კერძოდ, ვადის ათვლა უნდა დაწყებულიყო მას შემდეგ, რაც მყიდველს ჩაჰბარდებოდა დოკუმენტი _ სააუქციონო ვაჭრობის ოქმი, რაც არ განხორციელებულა, შესაბამისად, არც ხელშეკრულების 2.1. “ა” ქვეპუნქტი დარღვეულა მოსარჩელის მიერ.
სარჩელის სამართლებრივი საფუძვლები:
სადავო ბრძანებები გამოცემულია საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივნისის ¹414 ბრძანებულებით დამტკიცებული “საქმის წარმოების ერთიანი წესების დამტკიცების შესახებ” 1-ლი, მე-3, მე-20, 26-ე, 27-ე, 28-ე მუხლების მოთხოვნათა დარღვევით, რამდენადაც “სააუქციონო ვაჭრობა ლოტი ¹....” არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს სააუქციონო ვაჭრობის ოქმად, ასევე დარღვეულია “სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ” საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1999 წლის 31 მარტის ბრძანებით დამტკიცებული დებულების 2.8, 7.5. და “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონის 7.5. მუხლები.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს “ბ. და-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2005 წლის 20 მაისის ¹184 და 2005 წლის 30 მაისის ¹189 ბრძანებები და დაევალა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს “ბ. დ-ზე” გაეცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ქ. ბათუმში, .... ქ. ¹40-ში მდებარე 259,9 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართსა და 378,41 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, რაც საქალაქო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:
2005 წლის 8 აპრილს შპს “ბ. დ-ემ” მონაწილეობა მიიღო სააუქციონო ვაჭრობაში, სადაც სხვა ქონებასთან ერთად გასაყიდად გამოტანილი იყო ქ. ბათუმში, .... ქ. ¹40-ში მდებარე 259,9 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი 378,41კვ.მ მიწის ნაკვეთთან ერთად. სააუქციონო ვაჭრობაში მხოლოდ ბ. დ-ე მონაწილეობდა და გამარჯვებულად იგი გამოცხადდა, რომელმაც წინასწარ ბეს სახით გადაიხადა 60 600 ლარი. 2005 წლის 11 აპრილს შპს “ბ. დ-ეს” გადაეცა დოკუმენტი სახელწოდებით: “სააუქციონო ვაჭრობა ლოტი ¹.....”. 2005 წლის 20 აპრილს ქ. ბათუმის მერიის ბალანსზე რიცხული ქონების, არასაცხოვრებელი ფართებისა და ობიექტების პრივატიზების შედეგად და სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული წესებით გადაცემისათვის მიღება-ჩაბარების მუდმივმოქმედ კომისიასა და შპს “ბ. დ-ის” წარმომადგენელს შორის გაფორმდა აუქციონზე გატანილი ქონების მიღება-ჩაბარების აქტი, ხოლო 2005 წლის 28 აპრილს ზემოაღნიშნულ ქონებაზე აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და შპს “ბ. დ-ეს” შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოსარჩელეს სააუქციონო ვაჭრობის ოქმის ჩაბარებიდან 30 დღის განმავლობაში უნდა გადაეხადა აუქციონზე შეძენილი ქონების საბოლოო ფასი, ხოლო მოპასუხეს თანხის სრულად დაფარვის შემთხვევაში უნდა გაეცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა. 2005 წლის 18 მაისს შპს “ბ. დ-ის” მიერ სრულყოფილად დაიფარა ობიექტის აუქციონზე დაფიქსირებული ღირებულება. 2005 წლის 20 მაისს აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ¹184 ბრძანებით, მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულება მოიშალა ცალმხრივად, ხელშეკრულების 2.1. მუხლის “ა” პუნქტის მოთხოვნათა დარღვევის გამო, ხოლო მინისტრის 2005 წლის 30 მაისის ¹197 ბრძანებით, შპს “ბ. დ-ის” მიერ ბიუჯეტში გადახდილი 64 585 ლარი ჩაითვალა არასწორად გადარიცხულ თანხად და ეთხოვა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს აღნიშნული თანხის უკან დაბრუნება.
სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება, რომ 2005 წლის 28 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულების მოშლა იყო უკანონო და განმარტა, რომ მოპასუხემ ვერ დაასაბუთა მოსარჩელისთვის სააუქციონო ვაჭრობის ოქმის ჩაბარების ფაქტი, რის გამოც არ დასტურდებოდა ხელშეკრულების პირობების დარღვევა. ამასთან, სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ ჩაბარებული დოკუმენტი, რომლის სახელწოდებაა: “სააუქციონო ვაჭრობა ლოტი ¹....,” არ წარმოადგენდა ხელშეკრულებაში მითითებულ ოქმს, რამდენადაც არ აკმაყოფილებდა ამგვარი ოქმის შედგენისათვის გათვალისწინებულ მოთხოვნებს, დოკუმენტს არ გააჩნდა შესავალი ნაწილი, არ იყო მითითებული თავმჯდომარე, მდივანი და ა. შ. ასევე, მასში არ იყო აღნიშნული, რომ იგი შედგენილია სააუქციონო კომისიის მიერ და რომ წარმოადგენდა დოკუმენტს, რომლის ჩაბარებიდანაც უნდა მომხდარიყო ვადის ათვლა.
საქალაქო სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 401-ე და 404-ე მუხლების საფუძველზე გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება, რომ მოპასუხის 2005 წლის 20 და 30 მაისს მიღებული ¹184 და ¹197 ბრძანებები ეწინააღმდეგებოდა სამოქალაქო კოდექსის ზემოაღნიშნულ ნორმებს. ამასთან, სასამართლომ განმარტა, რომ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ხელშეკრულება მოშალა მას შემდეგ, რაც ვალდებულება შესრულებული იყო, რითაც დაირღვა “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონის 10.3. მუხლის მოთხოვნა, რომლის თანახმად, პრივატიზებისას მყიდველზე საკუთრების უფლება გადადის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის შემდეგ, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა კი გაიცემა თანხის მთლიანად გადახდის დადასტურებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, რის გამოც 2005 წლის 18 მაისს, ობიექტის შესყიდვის საბოლოო ფასის გადახდის შემდეგ მოპასუხე ვალდებული იყო გაეცა მოსარჩელეზე საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა.
საქალაქო სასამართლოს განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე მიიჩნევდა, რომ ვალდებულების შესრულების ვადა მოსარჩელის მიერ დადგა 2005 წლის 11 მაისს და მოსარჩელემ დაარღვია ვალდებულება, ამ უკანასკნელს ხელშეკრულება უნდა მოეშალა მაშინვე, მაშინ, როცა მოსარჩელესა და სამინისტროს შორის ხელშეკრულება გაუქმდა 2005 წლის 20 მაისს, როცა ვალდებულება მოსარჩელე შპს “ბ. დ-ის” მიერ შესრულებული იყო, რის გამოც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე და 22-ე მუხლების თანახმად, შპს “ბ. დ-ის” სარჩელი ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას /იხ.ს.ფ. 61-64/.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, რომლითაც მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი მოტივით:
მოსარჩელის მტკიცება, რომ მას არ ჩაჰბარებია სააუქციონო ვაჭრობის ოქმი, უსაფუძვლოა, რამდენადაც აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განცხადების შეტანის დროს მხარეს ხელი აქვს მოწერილი დებულებით გათვალისწინებული სანქციების გაცნობაზე, სადაც პირველ პუნქტად არის მითითებული, რომ “აუქციონში გამარჯვებულმა საჯარო ვაჭრობის დამთავრების შემდეგ, უნდა წარუდგინოს აუქციონის მდივანს “მონაწილეობის ბილეთი” და ხელი მოაწეროს აუქციონის შედეგების ოქმს. მოსარჩელე მიიწვიეს და ხელმოწერით დაადასტურა, რომ ჩაიბარა “სააუქციონო ვაჭრობის ოქმი”, რის გამოც სარჩელი უსაფუძვლოა.
აპელანტის მითითებით, სრულიად დაუსაბუთებელია სასამართლოს მოტივაცია, რომ სამინისტროს ბრძანება ეწინაამდეგებოდა სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის მოთხოვნებს, რამდენადაც კრედიტორის (სამინისტროსათვის) ობიექტის ღირებულების დაფარვის ვადის გადაცილება წარმოადგენდა მნიშვნელოვან პირობას ხელშეკრულების ცალმხრივად მოსაშლელად. ამასთან, უსაფუძვლო იყო სასამართლოს დასკვნა, რომ სამინისტროს მიერ დარღვეულია “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონის 10.3. მუხლის მოთხოვნები /იხ.ს.ფ 67-70/.
სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და გაუქმდა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად;
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:
2005 წლის 8 აპრილს შპს “ბ. დ-ემ” მონაწილეობა მიიღო სააუქციონო ვაჭრობაში, სადაც სხვა ქონებასთან ერთად გასაყიდად გამოტანილი იყო ქ. ბათუმში, .... ქ. ¹40-ში მდებარე 259,9 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი 378,41კვ.მ მიწის ნაკვეთთან ერთად. სააუქციონო ვაჭრობაში მხოლოდ შპს “ბ. დ-ე” მონაწილეობდა და გამარჯვებულად იგი გამოცხადდა, რომელმაც წინასწარ ბეს სახით გადაიხადა 60 600 ლარი. გასაყიდი ობიექტის ფასმა შეადგინა 68 554 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი. 2005 წლის 11 აპრილს, შპს “ბ. დ-ის” დირექტორმა ჩაიბარა დოკუმენტი სახელწოდებით: “სააუქციონო ვაჭრობა, ლოტი ¹....”, ანუ აუქციონის ოქმი. 2005 წლის 20 აპრილს გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, ხოლო 2005 წლის 28 აპრილს აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და შპს “ბ. დ-ეს” შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის 2.1. მუხლის თანახმად, მყიდველი ვალდებული იყო, სააუქციონო ვაჭრობის ოქმის ჩაბარებიდან 30 დღის განმავლობაში, გადაეხადა აუქციონზე შეძენილი ქონების საბოლოო ფასი. შპს “ბ. დ-ემ” კი სააუქციონო ვაჭრობის ოქმის ჩაბარებიდან დარჩენილი თანხა, სახელმწიფო ქონების საბოლოო ფასი _ 64 585 ლარი გადაიხადა 2005 წლის 18 მაისს, ანუ 1 თვის დაგვიანებით. 2005 წლის 20 მაისს, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ¹184 ბრძანებით, მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულება მოიშალა ცალმხრივად, ხელშეკრულების 2.1. მუხლის “ა” პუნქტის მოთხოვნათა დარღვევის გამო. ამავე ხელშეკრულების 2.1. პუნქტის მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო სამინისტროს მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის შემთხვევაში, მყიდველს არ ეძლევა საკუთრების უფლება ობიექტზე, არ უბრუნდება შეტანილი ბე და არ აუნაზღაურდება დანახარჯები. აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2005 წლის 30 მაისის ¹197 ბრძანებით შპს “ბ. დ-ის” მიერ ბიუჯეტში გადახდილი 64 585 ლარი ჩაითვალა არასწორად გადარიცხულ თანხად და ეთხოვა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს აღნიშნული თანხის უკან დაბრუნება.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა რაიონული სასამართლოს დასკვნა, რომ დავის გადაწყვეტისას გამოყენებული უნდა ყოფილიყო სამოქალაქო კოდექსის ნორმები და განმარტა, რომ დავა უნდა გადაწყვეტილიყო სპეციალური კანონმდებლობის “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონის საფუძველზე, რომელიც არეგულირებდა სახელმწიფო ქონების აუქციონის, კონკურსისა და პირდაპირი მიყიდვის წესებს. სასამართლომ გამოიყენა “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონის 7.5. მუხლი და განმარტა, რომ აუქციონი ჩატარდა 2005 წლის 8 აპრილს. ამდენად, თანხის გადახდა უნდა მომხდარიყო 2005 წლის 8 მაისამდე, იმის მიუხედავად, სააუქციონო ოქმი იქნებოდა თუ არა ჩაბარებული მყიდველისთვის, რაც წარმოადგენდა კანონის მოთხოვნას და ამ ვადის დარღვევა არ წარმოშობდა იმ სამართლებრივ შედეგს, რაც აუქციონის ჩატარებას უკავშირდებოდა.
სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, სააუქციონო ვაჭრობის ლოტი ¹.... შეიცავდა ყველა იმ სავალდებულო მონაცემს, რაც აუცილებელი იყო სააუქციონო ვაჭრობის ოქმისათვის, ის გაფორმებული იყო სპეციალურ ბლანკზე, რომელიც შეიმუშავა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ. ამდენად, მოსარჩელის მოსაზრება, რომ, რადგან “სააუქციონო ვაჭრობის ოქმს” აწერა “ლოტი,” ის არ შეიძლება ჩაითვალოს სააუქციონო ვაჭრობის ოქმად, იყო უსაფუძვლო. სამინისტროს მიერ “ლოტი” გამოიყენებოდა, როგორც სპეციალური ტერმინი, რომელიც არ ცვლიდა სიტყვა ოქმის დანიშნულებას, მით უფრო, რომ 2005 წლის 11 აპრილს ჟურნალში ხელის მოწერისას შპს “ბ. დ-ის” წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ჩაიბარა სააუქციონო ვაჭრობის ოქმი.
სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, შს “ბ. დ-ის” მიერ დარღვეულია “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონის 7.5 მუხლის და 2005 წლის 28 აპრილის ხელშეკრულების 2.1.”ა” პუნქტის მოთხოვნები, რის გამოც არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი /იხ.ს.ფ. 96-102/.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “ბ. დ-ემ”, რომლითაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება /იხ.ს.ფ. 107-177/. კასაციის მოტივი:
სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ ტერმინი “ლოტი” წარმოადგენდა ტერმინს “ოქმს” უსაფუძვლოა, რადგან მათ სხვადასხვა სამართლებრივი დატვირთვა აქვს. აღნიშნული დოკუმენტი არ შეესაბამება “საქმის წარმოების ერთიანი წესების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის ¹414 ბრძანებულების 20.3. 26-ე, 27-ე და 28.1. მუხლების მოთხოვნებს, კერძოდ, მასში არ არის აღნიშნული, რომ იგი არის “სააუქცინო ვაჭრობის ოქმი”, მას არ გააჩნია შესავალი ნაწილი, რადგან არ არის მითითებული თავმჯდომარე, მდივანი, დამსწრეები და დოკუმენტის ავტორი დაწესებულების სახელწოდება, ანუ დოკუმენტში არ არის აღნიშნული, რომ იგი შედგენილია სააუქციონო კომისიის მიერ, თანახმად “სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ” საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1999 წლის 31 მარტის ბრძანებით დამტკიცებული დებულების 2.8 მუხლისა. ის გარემოება, რომ შპს “ბ. დ-ის” დირექტორს სააუქციონო ვაჭრობის ოქმი არ გადასცემია, დასტურდება თვით ხელშეკრულების 2.1. პუნქტის “ა” ქვეპუნქტით, რამდენადაც ვალდებულების წარმოშობა და შესრულება შპს “ბ. დ-ის “ მხრიდან დაკავშირებულ იქნა მოვლენის დადგომასთან, კერძოდ, სააუქციონო ვაჭრობის ოქმის ჩაბარებასთან, შესაბამისად მოვლენა ვერ დადგებოდა ხელშეკრულების ხელმოწერისას.
კასატორს მიაჩნია, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მის მიერ ვალდებულების შესულების ვადა დაირღვეოდა 7 დღით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მაინც უკანონოა, ვინაიდან სასამართლომ არასწორად განმარტა “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონის 7.5. მუხლი, რომლის საფუძველზეც სარჩელი მიიჩნია უსაფუძვლოდ, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ აუქციონი ჩატარდა 8 აპრილს, ამდენად, თანხა კასატორის მიერ გადახდილი უნდა ყოფილიყო 8 მაისს, რაც არასწორია, რამდენადაც არც მითითებულ მუხლში და არც მითითებულ კანონში არ არის აღნიშნული, რომ 30 კალენდარული დღის ათვლა უნდა მოხდეს აუქციონის ჩატარების დღიდან. ის გარემოება, თუ საიდან უნდა მოხდეს აღნიშნული ვადის ათვლა რეგულირებულია “სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ” საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1999 წლის 31 მარტის ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლით, რომლის თანახმად, დამტკიცებული აუქციონის შედეგების ოქმის მიღების მომენტიდან უნდა დაფაროს მყიდველმა აუქციონზე დასახელებული საბოლოო ფასი.
სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვისას არასწორად განმარტა კანონი, როცა მიიჩნია, რომ სადავო სამართალურთიერთობაზე არ შეიძლება გავრცელდეს სამოქალაქო კოდექსის ნორმები. სასამართლომ არ გამოიყენა “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონის მე-2 მუხლი, რომელიც ადგენს, რომ საქართველოში სახელმწიფო ქონების პრივატიზება ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, ამ კანონის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების საფუძველზე, ანუ ქონების პრივატიზებისას კანონმდებლობით დადგენილია სამოქალაქო კოდექსის ნორმების გამოყენება, მით უფრო, რომ სახელმწიფო ქონების გასხვისება აუქციონის, ან კონკურსის ჩატარების შემდეგ ხდება სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ხელშეკრულების დადების გზით.
კასატორს მიაჩნია, რომ სადავო სამართალურთიერთობის გადასაწყვეტად გამოყენებული უნდა იქნეს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლი, რამდენადაც სამინისტრო ვალდებული იყო მოსარჩელისათვის მიეცა ვალდებულების შესრულებისათვის დამატებითი ვადა ან გაფრთხილება, რაც არ გაუკეთებია, ნაცვლად ამისა, სამინისტროს მიერ ცალმხრივად იქნა შეწყვეტილი ხელშეკრულება. აღნიშნულის გამო, სამინისტროს მიერ დარღვეულია “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონის 10.3. მუხლი, ასევე სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლი, რამდენადაც მოსარჩელის მიერ საბოლოო თანხის გადახდის შემდეგ, სამინისტრო ვალდებული იყო გაეცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა. სამინისტროს მიერ ასევე დარღვეულია სამოქალაქო კოდექის 401-ე და 405.”ა” მუხლები, რამდენადაც შპს “ბ. დ-ის” მიერ ვალდებულება რომც დარღვეულიყო, მტკიცებულების გარეშე, რომელიც დაადასტურებდა მოსარჩელის მიერ მნიშვნელოვანი დარღვევის არსებობას, დაუშვებელი იყო სამინისტროს მიერ ხელშეკრულების მოშლა. მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება კასატორის მიერ ხელშეკრულების ბრალეული დარღვევა, რამდენადაც მას არ ჩაჰბარებია სააუქციონო ვაჭრობის ოქმი.
კასატორის მოსაზრებით, სამინისტროს სადავო ბრძანებების გამოცემის დროს არ უწარმოებია ადმინისტრაციული წარმოება, რითაც დარღვეულ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 72-ე, 76-ე, 95-ე მუხლები. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, კერძოდ, სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249.5 მუხლი, რამდენადაც გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში არ არის მითითებული, დაკმაყოფილდა თუ არა შპს “ბ. დ-ის” სარჩელი, ანუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, ფაქტობრივად, ჩამოყალიბებულია სარეზოლუციო ნაწილის გარეშე.
საკასაციო სასამართლოს 2006 წლის 27 ნოემბრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის გ) პუნქტის საფუძველზე შპს “ბ. დ-ის” საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად /პროცესუალური კასაცია//იხ.ს.ფ. 144-147/.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის, სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა_კანონიერების შემოწმებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შპს “ბ. დ-ის” საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შესაბამისად, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას დარღვეულია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, სსსკ-ის 393.2. და 394 “ეI” მუხლების მოთხოვნები. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა კანონი, სწორი შეფასება არ მისცა საქმის მასალებს, სრულყოფილად არ იქნა გამოკვლეული საქმის მასალები და დადგენილი ფაქტები, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
სსსკ-ის 407.2. მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია, კერძოდ, საკასაციო სასამართლო სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონის 2.1. მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ საქართველოში სახელმწიფო ქონების პრივატიზება ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციის, სამოქალაქო კოდექსის, ამ კანონის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების საფუძველზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებელმა სახელმწიფო ქონების პრივატიზების მოწესრიგებისათვის სპეციალური კანონმდებლობის “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონთან ერთად, რომელიც არეგულირებს სახელმწიფო ქონების აუქციონის, კონკურსისა და პირდაპირი მიყიდვის წესებს, სამართალურთიერთობის გადასაწყვეტად დაადგინა ასევე სამოქალაქო კოდექსის ნორმების გამოყენება, რომელიც აწესრიგებს პრივატიზების შედეგად მიღებული ქონების ხელშეკრულების ფორმით გადაცემის უფლებას, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილება ამ ნაწილში მიღებულია სსსკ-ის 393 “გ” მუხლის მოთხოვნათა დარღვევით.
საქმის მასალების თანახმად, 2005 წლის 8 აპრილს შპს “ბ. დ-ემ” მონაწილეობა მიიღო სააუქციონო ვაჭრობაში, სადაც სხვა ქონებასთან ერთად გასაყიდად გამოტანილი იყო ქ. ბათუმში, .... ქ. ¹40-ში მდებარე 259,9 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი 378,41კვ.მ მიწის ნაკვეთთან ერთად. სააუქციონო ვაჭრობაში მხოლოდ ბ. დ-ე მონაწილეობდა და გამარჯვებულად იგი გამოცხადდა, რომელმაც წინასწარ ბეს სახით გადაიხადა 60 600 ლარი. გასაყიდი ობიექტის ფასმა შეადგინა 68 554 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი. 2005 წლის 11 აპრილს შპს “ბ. დ-ემ” ჩაიბარა დოკუმენტი სახელწოდებით: “სააუქციონო ვაჭრობა, ლოტი ¹....”. 2005 წლის 20 აპრილს გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, ხოლო 2005 წლის 28 აპრილს აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და შპს “ბ. დ-ეს” შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის 2.1. მუხლის თანახმად, მყიდველი ვალდებული იყო, სააუქციონო ვაჭრობის ოქმის ჩაბარებიდან 30 დღის განმავლობაში, გადაეხადა აუქციონზე შეძენილი ქონების საბოლოო ფასი. შპს “ბ. დ-ემ” კი სააუქციონო ვაჭრობის ოქმის ჩაბარებიდან, დარჩენილი თანხა, სახელმწიფო ქონების საბოლოო ფასი _ 64 585 ლარი. გადაიხადა 2005 წლის 18 მაისს. 2005 წლის 20 მაისს, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ¹184 ბრძანებით, მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულება მოიშალა ცალმხრივად, ხელშეკრულების 2.1. მუხლის “ა” პუნქტის მოთხოვნათა დარღვევის გამო. ამავე ხელშეკრულების 2.1. პუნქტის მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო სამინისტროს მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის შემთხვევაში, მყიდველს არ ეძლევა საკუთრების უფლება ობიექტზე, არ უბრუნდება შეტანილი “ბე” და არ აუნაზღაურდება დანახარჯები.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ისე გადაწყვიტა დავა, რომ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, კერძოდ, “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონის 7.5 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას მყიდველმა საბოლოო თანხა უნდა დაფაროს არა უმეტეს 30 კალენდარული დღის ვადაში. მითითებული ნორმით დადგენილი არ არის პირობა, თუ საიდან უნდა მოხდეს თანხის საბოლოო დაფარვისათვის გათვალისწინებული 30-დღიანი ვადის ათვლა. ამასთან, მხარეთა შორის გაფორმებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების 2.1. “ა” მუხლის თანახმად, საბოლოო ანგარიშსწორებისათვის მხარეთა მიერ ხელშეკრულებით განისაზღვრა 30-დღიან ვადაში თანხის საბოლოო დაფარვა, რომლის ათვლა იწყებოდა მყიდველისათვის სააუქციონო ოქმის ჩაბარებიდან.
“სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონის 10.3. მუხლის თანახმად, კონკურსის, აუქციონისა და პირდაპირი მიყიდვის წესით პრივატიზებისას მყიდველზე საკუთრების უფლება გადადის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის შემდეგ, ხოლო საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა გაიცემა თანხის მთლიანად გადახდის დადასტურებიდან 2 თვის ვადაში.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განიხლვისას უნდა ისარგებლოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით და მოპოვებული მტკიცებულებების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე დაადგინოს: თუ როდის გახდა ცნობილი სამინისტროსათვის შპს “ბ. დ-ის” მიერ აუქციონზე შეძენილი ქონების ღირებულების გადახდის ფაქტი, კერძოდ, როდის აისახა სამინისტროს ანგარიშზე ბ. დ-ის მიერ შეძენილი ქონების ღირებულების გადახდის საბოლოო თანხა, რამდენადაც საქმის მასალების თანახმად, შპს “ბ. დ-ის” მიერ აღნიშნული თანხა გადახდილია 18 მაისს, ხოლო სამინისტროს მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო ხელშეკრულება ცალმხრივად მოიშალა 20 მაისს. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა გამოიკვლიოს 20 მაისს, როცა გამოიცა ბრძანება ხელშეკრულების მოშლის თაობაზე, სამინისტროსათვის ცნობილი იყო თუ არა მყიდველის მიერ შეძენილი ქონების საბოლოო ღირებულების გადახდის ფაქტი. ასევე სასამართლომ უნდა იმსჯელოს, იმ პირობებში, თუ სამინისტრო თვლიდა, რომ შპს “ბ. დ-ის” მიერ ვალდებულების შესრულების ათვლის მომენტი დაიწყო დოკუმენტის “სააუქციონო ვაჭრობა, ლოტი ¹.....” ჩაბარებიდან _ ანუ 11 მაისიდან, რატომ განხორციელდა სამინისტროს მიერ ხელშეკრულების ცალმხრივი მოშლა 20 მაისს, მხოლოდ 9 დღის შემდეგ.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განიხლვისას უნდა იმსჯელოს იმ გარემოებაზე, თუ როდის იძენს პირი ქონების მყიდველის და როდის აუქციონზე გამარჯვებულის სტატუსს, რამდენადაც საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ბრძანებით დამტკიცებული სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულებით, აღიშნული ტერმინები გამიჯნულია და მათ სხვადასხვა სამართლებრივი დატვირთვა აქვს, კერძოდ, დებულების 4.5. მუხლის თანახმად, სახელმწიფო ქონება ითვლება გაყიდულად იმ მონაწილეზე, ვინც გამყიდველს შესთავაზებს ყველაზე მაღალ ფასს. ხოლო დებულების 7.6. მუხლის თანახმად აუქციონის შედეგების დამტკიცების შესახებ “გამყიდველის” გადაწყვეტილების მიღებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში “გამარჯვებული” ვალდებულია “გამყიდველთან” გააფორმოს ხელშეკრულება (რომელიც უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით) ქონების მიღება-ჩაბარების აქტთან ერთად, რომელიც წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.
საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ბრძანებით დამტკიცებული “სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ” დებულების 7.9. მუხლის თანახმად, სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლება “გამყიდველიდან” “მყიდველს” გადაეცემა სახელმწიფო ქონების ღირებულების სრულად დაფარვის შემდეგ, შესაბამისი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის მომენტიდან. უძრავი ქონების პრივატიზებისას საკუთრების უფლება გადადის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ.
საკასაციო სასამართლო არადამაჯერებლად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას “ლოტი ¹.....-ის” სააუქციონო ვაჭრობის ოქმად მიჩნევის თაობაზე, არასაკმარისი მოტივაციის გამო. საკასაციო სასამართლომ შეფასება უნდა მისცეს მითითებულ მტკიცებულებას _ “სააუქციონო ვაჭრობა, ლოტი ¹13” ფორმალურად წარმოადგენს თუ არა საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ბრძანებით დამტკიცებული “სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ” დებულებით 4.6 მუხლში რეგლამენტირებულ სააუქციონო ვაჭრობის ოქმს, რომლის თანახმად, სააუქციონო ვაჭრობის დამთავრების შემდეგ დგება ოქმი, რომელშიც ასახული უნდა იყოს ვაჭრობის მსვლელობა და შედეგები. ამასთან, ოქმი ინომრება ქრონოლოგიური მიმდევრობით, ხელს აწერს მყიდველი, “მეაუქციონე”, მდივანი და სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე.
საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს კასაციის მოტივს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბებულია სსსკ-ის 249.4. მუხლის დარღვევით, რამდენადაც სააპელაციო სასამართლომ ისე გააუქმა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და მიიღო ახალი გადაწყვეტილება, რომ სარეზოლუციო ნაწილში არ არის ჩამოყალიბებული, დაკმაყოფილდა თუ არა შპს “ბ. დ-ის” სარჩელი, მაშინ, როცა სსსკ-ის 249.5. მუხლის თანახმად გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს სასამართლოს დასკვნას სარჩელის დაკმაყოფილების ან სარჩელზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის შესახებ, რაც მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ უგულვებელყოფილია.
ამასთან, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასაციის მოტივს, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის გამოუყენებლობის თაობაზე სადავო აქტის გამოცემისას და სამოქალაქო კოდექსის 342.1 მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს წარმოადგენს წინასწარ ჩამოყალიბებული, მრავალჯერადი გამოყენებისათვის გამიზნული პირობები, რომელთაც ერთი მხარე (შემთავაზებელი) უდგენს მეორე მხარეს და რომელთა მეშვეობითაც უნდა მოხდეს კანონით დადგენილი ნორმებისაგან განსხვავებული ან მათი შემვსები წესების დადგენა. ამასთან, ამავე კოდექსის 342.3. მუხლის თანახმად, უშუალოდ მხარეთა მიერ შეთანხმებულ პირობებს უპირატესობა ენიჭება სტანდარტულ პირობებთან შედარებით.
საკასაციო სასამართლო საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ბრძანებით დამტკიცებული სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების 5.1. მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ დამტკიცებული აუქციონის შედეგების ოქმის მიღების მომენტიდან “მყიდველმა” “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონის 7.5. მუხლის შესაბამისად, ოქმში მითითებულ საბანკო დაწესებულებაში უნდა შეიტანოს ნაღდად ან გადარიცხვით ფულადი თანხა, რომელიც შეესატყვისება მის მიერ აუქციონზე დასახელებულ საბოლოო ფასს. ამასთან, მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების 2.1.”ა” მუხლით დადგინდა პირობა, რომლითაც მყიდველის ვალდებულებად განისაზღვრა აუქციონზე შეძენილი სახელმწიფო ქონების საბოლოო ფასის გადახდა სააუქციონო ვაჭრობის ოქმის ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, რაც წარმოადგენდა ხელშეკრულების კონტრაჰენტებს შორის შეთანხმების შედეგად განსაზღვრულ პირობას. ამავე დებულების მე-6 მუხლის თანახმად, თუ გამყიდველი პირობების გარეშე გამოცხადებულ აუქციონში, დადგენილ ვადებში არ გადაიხდის ქონების გამოსასყიდ თანხას, მას არ გადაეცემა საკუთრების უფლება ქონებაზე და შეტანილი “ბე” არ უბრუნდება. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ როგორც სპეციალური კანონმდებლობით _ “საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ბრძანებით დამტკიცებული სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების” 5.1. მუხლით, ასევე მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების პირობით, აუქციონზე გასაყიდი ქონების ღირებულების გადახდის ვადად განისაზღვრა სააუქციონო ოქმის ჩაბარებიდან 30 დღე. ამდენად, ადმინისტრაციულ ორგანოს არ გააჩნდა ვალდებულება სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის თანახმად მყიდველის _ შპს “ბ. დ-ის” ვალდებულების შესრულებისათვის მიეცა დამატებითი ვადა ან გაფრთხილება, ხელშეკრულების პირობების შესრულებისათვის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსსკ-ის 412.2 მუხლის შესაბამისად, სახეზეა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალური და სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც, სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია. ამდენად, სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენებით კანონიერი და ობიექტური გადაწყვეტილების დადგენის მიზნით, სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს ზემომითითებული გარემოებები და დავა გადაწყვიტოს მოქმედი საპროცესო და მატერიალური სამართლის კანონმდებლობის შესაბამისად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს “ბ. დ-ის” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. სასამართლო ხარჯები გადანაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.