Facebook Twitter

¹ბს-529-505(კ-07) 12 სექტემბერი, 2007 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ლ. ც.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2002 წლის 5 ნოემბერს ნოტარიუსმა ლ. ც.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ქ. თბილისის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ¹... განყოფილების მიმართ, ხოლო მესამე პირად მიუთითა ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოზე და მის მიერ დაქირავებული ფართიდან, მდებარე, ქ. თბილისში, ...-ის ¹2/57-ში, მოპასუხის გამოსახლება მოითხოვა.

მოსარჩელის განმარტებით, 2002 წლის 17 სექტემბერს ქ. თბილისის ქონების მართვის სამმართველოს მიერ ჩატარებული კონკურსის საფუძველზე 2002 წლის 25 სექტემბერს ქ. თბილისში, ...-ის ¹2/57-ში მდებარე არასაცხოვრებელ ფართზე მოპასუხესთან ქირავნობის ხელშეკრულება გააფორმა 5 წლის ვადით, რაზედაც მიღება-ჩაბარების აქტი შედგა. სანამ მოსარჩელე ფაქტობრივად შეუდგებოდა სადავო ფართის ფლობას, მოპასუხე ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, მიუხედავად მისი მოთხოვნისა, არ გაათავისუფლეს აღნიშნული ფართი.

მოპასუხე ქ. თბილისის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ¹2 განყოფილებამ შეგებებული სარჩელით მიმართა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების _ ნოტარიუს ლ. ც.-ის, ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოსა და თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის მიმართ, მესამე პირად მიუთითა საქართველოს იუსტიციის სამინისტროზე და მოითხოვა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის 2002 წლის 14 აგვისტოს ¹35 თანხმობის, 2002 წლის 17 სექტემბრის კონკურსის შედეგების დამტკიცების შესახებ ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს ¹1-4/516 ბრძანების, ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოსა და ლ. ც.-ს შორის 2002 წლის 25 სექტემბერს გაფორმებული ქირავნობის ხელშეკრულებისა და მიღება-ჩაბარების აქტის ბათილად ცნობა და ლ. ც.-სათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

შეგებებული სარჩელის ავტორის მითითებით, ქ. თბილისში, ...-ის ¹2/57-ში 1986 წლიდან ჩუღურეთის რაიონის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილება იყო განთავსებული. მიუხედავად აღნიშნულისა, 2002 წლის 17 აგვისტოს გაზეთ “...-ში" ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველომ სადავო ფართის ქირავნობით გაცემის შესახებ კონკურსი გამოაცხადა, რითაც სრული იგნორირება გაუკეთა მის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს. შეგებებული სარჩელის ავტორის მტკიცებით, მართალია, გაფორმდა მიღება-ჩაბარების შესაბამისი აქტი, მაგრამ აღნიშნული აქტი იყო ფიქტიური _ მოსარჩელეს არავითარი ქონება არ გადასცემია. შეგებებული სარჩელის ავტორის მოსაზრებით, დაირღვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 533-ე, 534-ე და 54-ე მუხლების მოთხოვნები. ამასთან, ლ. ც.-მ სასარჩელო განცხადებაში აღნიშნა, რომ მან 2002 წლის 17 აგვისტოს გაზეთით შეიტყო სადავო ფართის კონკურსის წესით ქირავნობის ფორმით გაცემის შესახებ, რაც იყო არასწორი, რადგან ლ. ც.-მ თვითონ გამოიჩინა ინიციატივა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობას განცხადებებით მიმართა სადავო ფართის ქირავნობით გაცემის თაობაზე. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობამ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა და 2002 წლის 14 აგვისტოს ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს თანხმობა მისცა ფართის ქირავნობის ფორმით გაცემაზე, აღნიშნული თანხმობა კი გაცემული იყო შესაბამისი გარემოებების შესწავლის გარეშე, რის გამოც აღნიშნული გამგეობის წერილობითი თანხმობა იყო უსაფუძვლო და უნდა გაუქმებულიყო.

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილებით ლ. ც.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; ლ. ც.-ს უარი ეთქვა ქ. თბილისის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ¹... განყოფილების გამოსახლებაზე 32,49 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართიდან, მდებარე ქ. თბილისში, ...-ის ¹2/57-ში; შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის 2002 წლის 14 აგვისტოს ¹35 თანხმობა, ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს 2002 წლის 17 სექტემბრის ¹1-4/516 ბრძანება და ადმინისტრაციული გარიგება, დადებული 2002 წლის 25 სექტემბერს ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოსა და ნოტარიუს ლ.- ც.-ს შორის მიღება-ჩაბარების აქტით ქ. თბილისში, ...-ის ¹2/57-ში მდებარე 32,49 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის ქირავნობის თაობაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება ნოტარიუსმა ლ. ც.-მ სააპელაციო წესით გაასაჩივრა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე _ უარის თქმა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნოტარიუს ლ. ც.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნოტარიუს ლ. ც.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ქ. თბილისის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ¹2 განყოფილება გამოსახლებულ იქნა ქ. თბილისში, ...-ის ¹2/57-ში მდებარე ფართიდან; ქ. თბილისის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ¹2 განყოფილების შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ქ. თბილისის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ¹... განყოფილებამ საკასაციო წესით გაასაჩივრა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 25 მარტის განჩინებით ქ. თბილისის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ¹2 განყოფილების საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა გაერკვია, საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, იყო თუ არა მმაჩის ბიუროსა და ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის ¹42 საბინაო-საექსპლუატაციო უბანს შორის არსებული ქირავნობის ხელშეკრულება რეალურად შეწყვეტილი, ანუ, იყო თუ არა სადავო ფართი უფლებრივად დატვირთული კონკურსის ჩატარებამდე და ამის შემდეგ ემსჯელა სადავო ფართზე კონკურსის ჩატარების კანონიერებაზე, რადგან ქირავნობის ხელშეკრულებით დატვირთული ქონების ხელმეორედ დატვირთვა სხვა პირის სასარგებლოდ ფაქტობრივად იმავე უფლებებით, იყო დაუშვებელი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 6 ივნისის საოქმო განჩინებით ქ. თბილისის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ¹... განყოფილება შეიცვალა მისი უფლებამონაცვლით _ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ჩუღურეთის სამსახურით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებით ნოტარიუს ლ. ც.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნოტარიუს ლ. ც.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს 2002 წლის 17 სექტემბრის ¹1/416 ბრძანება; გაუქმდა ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოსა და ნოტარიუს ლ. ც.-ს შორის ქ. თბილისში, ...-ის ¹2/57-ში მდებარე 32,49 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართზე დადებული ქირავნობის ხელშეკრულება; შეგებებული სარჩელი თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის 2002 წლის 14 აგვისტოს ¹35 თანხმობის ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალების მიხედვით, დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისში, ...-ის ¹2/57-ში მდებარე 32,49 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართში 1986 წლიდან განთავსებული იყო ჯერ ჩუღურეთის რაიონის მმაჩის ბიურო, ხოლო შემდეგ _ ქ. თბილისის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ¹2 განყოფილება. აღნიშნულ მისამართზე, ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის ¹42 საბინაო-საექსპლუატაციო უბანსა და ჩუღურეთის რაიონის მმაჩის ბიუროს შორის 1996 წლის 1 ივლისს დაიდო იმავე ფართის ქირავნობის ახალი ხელშეკრულება ორი წლის ვადით _ 1998 წლის 1 ივლისამდე. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ მხარეებს არ მოუთხოვიათ ხელშეკრულების შეწყვეტა და მათ შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა კვლავ გრძელდებოდა, ანუ მმაჩის ბიურო კვლავ აგრძელებდა ფართით სარგებლობას და იხდიდა ქირას, ხოლო ქირის გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში, სახელმწიფო ქონების მართვის ადგილობრივი ორგანო მას წერილობით აფრთხილებდა ქირის დროული გადახდისა და გადაუხდელობის შემთხვევაში ქირავნობის ხელშეკრულების მოშლის თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მოსაზრება და ჩათვალა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 559-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეთა შორის ხელშეკრულება განახლდა განუსაზღვრელი ვადით.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება და ჩათვალა, რომ სამართლებრივ საფუძველს იყო მოკლებული მითითება იმაზე, რომ ზემოხსენებული ხელშეკრულება შეწყვეტილად ითვლებოდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 6 აგვისტოს ¹294 ბრძანებით მმაჩის ბიუროს ლიკვიდაციის გამო, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, ფაქტობრივად, განხორციელდა სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილებების რეორგანიზაცია, რომლებიც იმავე ფუნქციებითა და კომპეტენციით გარდაიქმნა ქ. თბილისის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ¹... განყოფილებად, რაც არ წარმოადგენდა ზემოაღნიშნული ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 67-ე მუხლის პირველ ნაწილზე, იმავე კოდექსის 70-ე მუხლის პირველ ნაწილსა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლზე და მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს _ ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მიერ სადავო არასაცხოვრებელი ფართის განკარგვისას, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ჩუღურეთის რაიონის წინამორბედი სამსახური შესაბამის ადმინისტრაციულ წარმოებაში მიწვეული არ ყოფილა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა შეგებებული სარჩელის ავტორის უფლებამონაცვლის წარმომადგენლის მოსაზრება და მიიჩნია, რომ ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მიერ სადავო ფართის განკარგვა და ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება განხორციელდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 67-ე მუხლის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, რის გამოც აღნიშნული ხელშეკრულება, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, იყო ბათილი.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მოსაზრება და მიიჩნია, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის (ძველი რედაქცია) მიხედვით, მართებულად იქნა ცნობილი ბათილად ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს 2002 წლის 17 სექტემბრის ¹1/416 ბრძანება, ვინაიდან იგი გამოცემული იყო იმავე კოდექსის მე-13, მე-15 მუხლებისა და 95-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი პროცედურის დარღვევით.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მოსაზრება და მიიჩნია, რომ თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგებლის 2002 წლის 14 აგვისტოს ¹35 თანხმობა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, წარმოადგენდა არა ადმინისტრაციულ აქტს, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებას, რომელიც ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარებოდა.

თბილისის სააპელაციო საამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. ც.-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე _ უარის თქმა.

კასატორის განმარტებით, ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოსა და ქ. თბილისის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ¹... განყოფილებას შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 559-ე მუხლის საფუძველზე, არ შეიძლება გაგრძელებულად ჩათვლილიყო, რადგან იმჟამად მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ფორმით სახელმწიფო ქონების ვადიან სარგებლობაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებდა საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო და არა საბინაო-საექსპლუატაციო უბანი. ამასთან, 2001 წლის 10 სექტემბრის შემდეგ მოხდა ჩუღურეთის რაიონის მმაჩის განყოფილების ლიკვიდაცია. ჩუღურეთის რაიონისა და დიდუბის რაიონის სამოქალაქო აქტების სარეგისტრაციო სამსახურები გაერთიანდა ¹... განყოფილებად, ხსენებული იყო ახალი სუბიექტი, რის გამოც იგი ფართით უზრუნველყოფილ იქნა სახელმწიფოს მიერ და მას თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის შენობაში ოფიციალურად გამოეყო ფართი, სადაც გადავიდა და შეუდგა საქმიანობას.

კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 67-ე მუხლის პირველი ნაწილი და 54-ე მუხლი, რომლებიც არ უნდა გამოეყენებინა, ვინაიდან ზემოაღნიშნული ქირავნობის ხელშეკრულება არანაირად არ ზღუდავდა სარჩელზე მოპასუხის უფლებებს და მას არც რაიმე ვალდებულებას აკისრებდა.

კასატორი აღნიშნავს, რომ გაუგებარია, რა სამართლებრივი საფუძვლით უნდა დარჩეს მოპასუხე სადავო მისამართზე, როდესაც მას გამოყოფილი აქვს და უკავია ფართი ქ. თბილისში, ...-ს ქ. ¹22-ში.

კასატორის განმარტებით, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, რადგან მოცემული საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 18 ივნისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ლ. ც.-ის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2007 წლის 18 ივნისის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2007 წლის 12 სექტემბრამდე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ც.-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებდა საქმის განხილვის შედეგზე და განაპირობებდა არასწორი გადაწყვეტილების მიღებას. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის “თ” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არაქონებრივ დავაზე შეადგენს – 100 ლარს, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე – შესაბამისად 150 და 300 ლარს, ხოლო იმავე კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, თუ კასატორს წინასწარ არა აქვს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი საკასაციო საჩივარზე და იგი მოქმედი კანონმდებლობით გათავისუფლებული არ არის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მისი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის შემთხვევაში, მას დაეკისრება გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის 30 პროცენტი.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, ვინაიდან ლ. ც.-ს მოცემულ არაქონებრივ დავასთან დაკავშირებულ საკასაციო საჩივარზე არა აქვს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 300 ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაეკისროს აღნიშნული თანხის 30 პროცენტი _ 90 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ. ც.-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება;

3. ლ. ც.-ს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 90 ლარის ოდენობით;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.