Facebook Twitter

¹ბს-530-502(კ-06) 31 იანვარი, 2007 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ლალი ლაზარაშვილი

ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) _ ზ. ბ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები) _ 1. შ. ბ-ე; 2. ქ. ბათუმის მერიის ტექნიკური კომისია; 3. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახური (ქ. ბათუმის მერიის ტექინვენტარიზაციის სამსახურის უფლებამონაცვლე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 11 მაისის განჩინება

სარჩელის საგანი – გაერთიანებული ბინების საერთო შესასვლელის რეგისტრაციაში გატარების შესახებ ტექნიკური კომისიის ოქმის ბათილად ცნობა; ბინების საერთო შესასვლელის რეგისტრაციის გაუქმება; საექიმო ლიცენზიის გაუქმება; ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2004 წლის 28 სექტემბერს ზ. ბ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ქ. ბათუმის მერიის ტექინვენტარიზაციის სამსახურის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით შ. ბ-ესა და ზ. ბ-ეს დაევალათ საერთო სარგებლობის ფართში გაკეთებული ყოველგვარი მინაშენებისა და გადაკეთებების მოშლა და აღნიშნული ფართის აღდგენა პირვანდელ მდგომარეობაში. ხსენებული გადაწყვეტილების მიუხედავად, ქ. ბათუმის მერიის ტექინვენტარიზაციის სამსახურმა შ. ბ-ეს საერთო სარგებლობის ფართის ნაწილი გადასცა საკუთრებაში, რაც იყო კანონის, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 211-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების აშკარა დარღვევა. გარდა ამისა, ქ. ბათუმის მერიის ტექნიკური კომისიის 2000 წლის 23 სექტემბრის ¹8 ოქმით რეგისტრაციაში უკანონოდ გატარდა შ. ბ-ის გაერთიანებული ბინების საერთო შესასვლელი, რის გამოც იგი უნდა გაუქმებულიყო.

2005 წლის 1 ივნისს ზ. ბ-ემ დაზუსტებული სასარჩელო განცხადება წარადგინა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეების _ ქ. ბათუმის მერიის ტექინვენტარიზაციის სამსახურის, ქ. ბათუმის მერიის ტექნიკური კომისიის წევრების და შ. ბ-ის მიმართ და აღნიშნა, რომ შ. ბ-ემ 1995 წელს შეიძინა მისივე ბინის გვერდზე მდებარე ა. ს-ის ბინა. ზ. ბ-ემ და შ. ბ-ემ მოილაპარაკეს მათ ბინებთან არსებული საერთო სარგებლობის ფართის გამოყენების თაობაზე, თუმცა, მოსარჩელის მტკიცებით, შ. ბ-ემ დაარღვია მათ შორის შეთანხმება და აქედან გამომდინარე, მოსარჩელემ და მისმა ოჯახმა განიცადეს მორალური და მატერიალური ზიანი _ მოსარჩელის მეუღლემ მიიღო ინსულტი, რის გამოც მოსარჩელემ იგი წაიყვანა რუსეთში სამკურნალოდ, მოგვიანებით კი მკურნალობდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში. მოსარჩელის მტკიცებით, შ. ბ-ემ მის კუთვნილ ¹.... და ¹.... ბინებში უკანონოდ, თვითნებურად ჩასვა კარები და აღნიშნული დაადასტურა ქ. ბათუმის მერიის ტექინვენტარიზაციის სამსახურმაც. მოსარჩელემ მიუთითა, რომ ქ. ბათუმის მერიის ტექნიკური კომისიის 2000 წლის 23 სექტემბრის ¹8 ოქმით რეგისტრაციაში გატარდა აღნიშნული ბინების საერთო შესასვლელი. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 211-ე მუხლის თანახმად, ბინის მესაკუთრეთა საერთო სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობანი არ შეიძლებოდა ყოფილიყო ინდივიდუალური საკუთრების საგანი, ამასთან, ქ. ბათუმის მერიის ტექინვენტარიზაციის სამსახური ვალდებული იყო გაეთვალისწინებინა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 17 მაისის ზემოთ მითითებული გადაწყვეტილება.

მოსარჩელემ მოითხოვა ქ. ბათუმის მერიის ტექნიკური კომისიის 2000 წლის 23 სექტემბრის ¹8 ოქმის, ამავე ოქმით განხორციელებული რეგისტრაციისა და შ. ბ-ის საექიმო ლიცენზიის გაუქმება და მიყენებული ზიანის _ მოსარჩელის მეუღლის სტაციონალური მკურნალობის ხარჯის _ 2000 აშშ დოლარის ოდენობით ანაზღაურება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებით ზ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. ბ-ემ და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. ზ. ბ-ემ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი და დამატებით მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 213-ე მუხლზე, 218-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 224-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნა, რომ ყოველი ბინის მესაკუთრეს ჰქონდა საერთო საკუთრებით სარგებლობის უფლება, მაგრამ საერთო საკუთრების _ სადარბაზოს სხვაგვარი გამოყენების უფლება შ. ბ-ეს არ გააჩნდა, ხოლო ადმინისტრაციულმა ორგანომ დაარღვია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მთელი რიგი მოთხოვნები _ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის _ ქ. ბათუმის მერიის ტექნიკური კომისიის 2000 წლის 23 სექტემბრის ¹8 ოქმის გამოცემისას ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ არ აცნობა დაინტერესებულ მხარეს, ადმინისტრაციულ წარმოებაში არ ჩააბა შესაბამისი ბინების მესაკუთრეები და არ გამოუკვლევია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, კერძოდ, ის გარემოება, რომ არ არსებობდა ხსენებული მესაკუთრეების თანხმობა საერთო სარგებლობის ფართის _ სადარბაზოს შ. ბ-ის ინდივიდუალურ საკუთრებაში გადაცემის თაობაზე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 11 მაისის განჩინებით ზ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეები ერთმანეთის მეზობლად ცხოვრობდნენ ქ. ბათუმში, ..... ქ. ¹37-ში მდებარე 9-სართულიანი საცხოვრებელი სახლის მე-4 სართულზე. ზ. ბ-ეს გააჩნდა კერძო საკუთრებაში ოროთახიანი ბინა, მოპასუხე შ. ბ-ეს კი მოპირდაპირედ ჰქონდა ოროთახიანი ბინა. მან 1995 წელს ასევე შეისყიდა ა. ს-ის კუთვნილი ოროთახიანი ბინა, რომლებსაც ჰქონდა საერთო შესასვლელი. ხსენებული ბინების გაერთიანების მიზნით, შ. ბ-ემ მის ორ ბინას შორის არსებული ფართი დაიკანონა, კერძოდ, ქ. ბათუმის მერიის ტექნიკური კომისიის 2000 წლის 23 სექტემბრის ¹8 ოქმის საფუძველზე, გაატარა სამართლებრივ რეგისტრაციაში და გაერთიანებული ბინების შესასვლელს გაუკეთა ერთი შესასვლელი კარი.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება იმის თაობაზე, რომ შ. ბ-ის მიერ გაერთიანებული ბინების საერთო შესასვლელის კარები ჩასმული იყო საერთო საკუთრების ფართში და საქმის მასალების მიხედვით, დადგენილად ჩათვალა, რომ შ. ბ-ის გაერთიანებული ბინები და მათი საერთო შესასვლელი მდებარეობდა ზ. ბ-ის მოპირდაპირე მხარეს, რომლებსაც ერთმანეთთან არავითარი კავშირი არ ჰქონდათ. სადავო შესასვლელი წარმოადგენდა შ. ბ-ისა და ა. ს-ის საერთო საკუთრების არასაცხოვრებელ ფართს, ხოლო მას შემდეგ, რაც ა. ს-ან საცხოვრებელი ბინა შეიძინა შ. ბ-ემ, შესაბამისად, სადავო არასაცხოვრებელ ფართზე საკუთრების უფლებაც გადავიდა მხოლოდ მასზე. აღნიშნული უფლება კი სამართლებრივად განმტკიცდა ქ. ბათუმის მერიის ტექნიკური კომისიის 2000 წლის 23 სექტემბრის ¹8 ოქმის საფუძველზე განხორციელებული რეგისტრაციით.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 208-ე მუხლზე და დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო ფართი წარმოადგენდა შენობის იზოლირებულ ნაწილს, რომელიც მხოლოდ შ. ბ-ის მიერ გამოიყენებოდა, რადგანაც იგი წარმოადგენდა გაერთიანებული ბინების ერთადერთ შესასვლელს და აღნიშნული ფართით ზ. ბ-ე ვერ ისარგებლებდა, რადგანაც ცხოვრობდა მოპირდაპირე მხარეს. სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 211-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, ინდივიდუალური საკუთრების საგანი არის ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ფართი, ასევე ამ ფართის ის შემადგენელი ნაწილები, რომლებიც შეიძლება გადაკეთდეს, მოსცილდეს ან დაემატოს ფართს ისე, რომ ამით გაუმართლებლად არ შეილახოს საერთო საკუთრება ან ინდივიდუალურ საკუთრებაზე დაფუძნებული სხვა რომელიმე ბინის მესაკუთრის უფლება, ანდა არ შეიცვალოს შენობის გარეგნული სახე. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ აღნიშნული ნორმის საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან შეჯერებით უდავოდ დასტურდებოდა, რომ სადავო ფართის შ. ბ-ის საკუთრებაში არსებულ ფართზე მიმატებით (რასაც თავისი სამართლებრივი საფუძველი გააჩნდა), არ ილახებოდა ზ. ბ-ის უფლება საერთო საკუთრებაზე და ამით ასევე არ იცვლებოდა შენობის გარეგნული სახე, ხოლო ქ. ბათუმის მერიის ტექნიკური კომისიის 2000 წლის 23 სექტემბრის ¹8 ოქმი, რომლის საფუძველზეც შ. ბ-ეს გაერთიანებული ბინების საერთო შესასვლელი გადაეცა სამართლებრივი რეგისტრაციით, გაუქმებული არ იყო, ძალაში იყო და მისი გაუქმება მოსარჩელეს არ მოუთხოვია. ასევე უსაფუძვლო იყო აპელანტის მოსაზრება ხსენებული ოქმის საფუძველზე განხორციელებული რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნის თაობაზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებაზე მითითებით, ვინაიდან აღნიშნული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში რაიმე მითითება სადავო ფართზე არ იყო, ამასთან, მისი გამოტანის დროისთვის არ არსებობდა ქ. ბათუმის მერიის ტექნიკური კომისიის გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულ იქნა 2000 წლის 23 სექტემბერს ¹8 ოქმის სახით.

სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ უსაფუძვლო იყო აპელანტის მოთხოვნა შ. ბ-ის მისი ავადმყოფობით გამოწვეული ზიანის _ 2000 აშშ დოლარის ანაზღაურების დაკისრების ნაწილშიც, ვინაიდან, მართალია, საქმის მასალებში მოიპოვებოდა ზ. ბ-ის ავადმყოფობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში მხარის მიერ ვერ დასტურდებოდა ის ფაქტობრივი გარემოებები, რომ ზ. ბ-ის ავადმყოფობასა და შ. ბ-ის ქმედებას შორის არსებობდა რაიმე მიზეზობრივი კავშირი. საქმეში არსებული შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტის საფუძველზე დასტურდებოდა, რომ ზ. ბ-ე ჯერ კიდევ დავის დაწყებამდე _ 1991 წლიდან დაავადებული იყო ჰიპერტონიული დაავადებით, ხოლო 1995 წელს ჰქონდა თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლა (ინსულტი), რის გამოც, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის მე-4 ნაწილითა და 992-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 11 მაისის განჩინება ზ. ბ-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორმა მიუთითა სარჩელსა და დაზუსტებულ სააპელაციო საჩივარში მოყვანილ საფუძვლებსა და გარემოებებზე და დამატებით აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 208-ე მუხლის მე-2 ნაწილი და აღნიშნული ნაწილის გამოყენებისას არ გამოიყენა იმავე კოდექსის 211-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, ინდივიდუალური საკუთრება ისე უნდა იქნეს გამოყენებული, რომ ამით არ შეილახოს ბინის მესაკუთრეთა საერთო საკუთრება, მოცემულ შემთხვევაში კი კასატორს სადავო არასაცხოვრებელ ფართზე აქვს ისეთივე უფლება, როგორიც შ. ბ-ეს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 213-ე მუხლის მიხედვით, ბინის მესაკუთრე იმავდროულად არის საერთო საკუთრების თანამოწილე და, შესაბამისად, სადარბაზო წარმოადგენს საერთო საკუთრებას და ბინების მესაკუთრეები არიან ხსენებული სადარბაზოს ფართის, როგორც საერთო საკუთრების, თანამოწილეები.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლები, ხოლო, რაც შეეხება ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას, ხსენებულ მოთხოვნაზე არასწორად იმსჯელა, რაც გამოიხატა იმაში, რომ ზ. ბ-ემ მოითხოვა საკითხის ადგილზე შესწავლა და ექსპერტიზის ჩატარება, მაგრამ მისი აღნიშნული მოთხოვნა არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლომ და არ გაითვალისწინა გასაჩივრებული განჩინების მიღებისას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 21 სექტემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ზ. ბ-ის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2006 წლის 21 სექტემბრის განჩინების ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2006 წლის 15 ნოემბრამდე.

შ. ბ-ის წარმომადგენელმა ვ. გ-ემ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარადგინა მოსაზრება საკასაციო საჩივრის დასაშვებობაზე და აღნიშნა, რომ საკასაციო საჩივარი არის დაუშვებელი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 15 ნოემბრის განჩინებით ზ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” და “გ” ქვეპუნქტების მიხედვით და მისი განხილვა დაინიშნა 2006 წლის 27 დეკემბერს, 12.00 საათზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. ბ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

საკასაციო სასამართლო, პირველ ყოვლისა, აღნიშნავს, რომ ზ. ბ-ის სარჩელი კომბინირებული ხასიათისაა და შედგება რამოდენიმე სასარჩელო მოთხოვნისაგან, კერძოდ, მოსარჩელეს გააჩნია ოთხი სასარჩელო მოთხოვნა _ გაერთიანებული ბინების საერთო შესასვლელის რეგისტრაციაში გატარების შესახებ ქ. ბათუმის მერიის ტექნიკური კომისიის ოქმის ბათილად ცნობა, ბინების საერთო შესასვლელის რეგისტრაციის გაუქმება, საექიმო ლიცენზიის გაუქმება და ზიანის ანაზღაურება.

საკასაციო სასამართლოს მოცემული საქმის მასალების მიხედვით, დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით შ. ბ-ესა და ზ. ბ-ეს დაევალათ საერთო სარგებლობის ფართში გაკეთებული ყოველგვარი მინაშენებისა და გადაკეთებების მოშლა და აღნიშნული ფართის აღდგენა პირვანდელ მდგომარეობაში. ზ. ბ-ე და შ. ბ-ე ერთმანეთის მეზობლად ცხოვრობენ ქ. ბათუმში, ..... ქ. ¹37-ში მდებარე 9-სართულიანი საცხოვრებელი სახლის მე-4 სართულზე, სადაც გააჩნიათ საერთო სარგებლობის ღია აივანი სანაგვე ბუნკერით და სადარბაზოს კიბისა და ბინების შესასვლელების წინ მდებარე საერთო სარგებლობის ფართი. ზ. ბ-ეს კერძო საკუთრებაში გააჩნია ¹12 სამოთახიანი ბინა (კერძო მფლობელობაში არსებული ბინების, საცხოვრებელი სახლის და არასაცხოვრებელი ფართის 1998 წლის 9 დეკემბრის ტექნიკური პასპორტი _ ს. ფ. 47), ხოლო მოპასუხე შ. ბ-ეს ზ. ბ-ის ბინის მოპირდაპირედ გააჩნდა ოროთახიანი ბინა. შ. ბ-ემ 1995 წელს შეიძინა იმავე სართულზე მდებარე ა. ს-ის კუთვნილი ოროთახიანი ბინა და აღნიშნულის შემდეგ ერთმანეთის გვერდზე გააჩნია ¹..... და ¹..... ბინები (კერძო მფლობელობაში არსებული ბინების, საცხოვრებელი სახლის და არასაცხოვრებელი ფართის 2000 წლის 30 ოქტომბრის ტექნიკური პასპორტი _ ს.ფ. 45). ხსენებული ბინების გაერთიანებისა და იზოლირების მიზნით, შ. ბ-ემ დასახელებულ ორივე ბინას გაუკეთა ერთი შესასვლელი და მათ შორის არსებული ფართი დაიკანონა, კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი ქ. ბათუმის მერიის ტექნიკური კომისიის 2000 წლის 23 სექტემბრის ¹8 ოქმის (ს.ფ. 14) საფუძველზე გაერთიანებული ბინების საერთო შესასვლელი გაატარა სამართლებრივ რეგისტრაციაში და გაერთიანებული ბინების შესასვლელს გაუკეთა ერთი შესასვლელი კარები.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სადავო ფართის შ. ბ-ის საკუთრებაში არსებულ ფართზე მიმატებით, არ ილახება ზ. ბ-ის უფლება საერთო საკუთრებაზე და ამით ასევე არ იცვლება შენობის გარეგნული სახე, ხოლო ქ. ბათუმის მერიის ტექნიკური კომისიის 2000 წლის 23 სექტემბრის ¹8 ოქმის ბათილად ცნობა მოსარჩელეს არ მოუთხოვია.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ქ. ბათუმის მერიის ტექნიკური კომისიის 2000 წლის 23 სექტემბრის ¹8 ოქმის ბათილად ცნობა, რომლის საფუძველზეც შ. ბ-ეს გაერთიანებული ბინების საერთო შესასვლელი გადაეცა სამართლებრივი რეგისტრაციით, მოსარჩელე ზ. ბ-ემ დაზუსტებული სააპელაციო საჩივრით (ს.ფ. 93) მოითხოვა.

საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ, ვინაიდან შ. ბ-ის გაერთიანებული ბინები და მათი საერთო შესასვლელი მდებარეობს ზ. ბ-ის მოპირდაპირე მხარეს, რომლებსაც ერთმანეთთან არავითარი კავშირი არა აქვთ, სადავო შესასვლელი კი წარმოადგენდა შ. ბ-ისა და ა. ს-ის საერთო საკუთრების არასაცხოვრებელ ფართს, ხოლო მას შემდეგ, რაც ა. ს-ან საცხოვრებელი ბინა შეიძინა შ. ბ-ემ, შესაბამისად, სადავო არასაცხოვრებელ ფართზე საკუთრების უფლებაც გადავიდა მხოლოდ მასზე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში წარმოდგენილია ქ. ბათუმის მთავარი არქიტექტორის მიმართვა ქ. ბათუმის მერიის ტექინვენტარიზაციის სამსახურის უფროსისადმი (ს.ფ. 5), რომლითაც მან აცნობა აღნიშნულ სამსახურს ქ. ბათუმის მერიის ტექნიკური კომისიის 2000 წლის 23 სექტემბრის ¹8 ოქმის საფუძველზე შ. ბ-ის გაერთიანებული ბინების საერთო შესასვლელის სამართლებრივ რეგისტრაციაში გატარების თაობაზე და ითხოვა შესაბამის ბარათში ცვლილების შეტანა. საქმეში ასევე მოიპოვება ქ. ბათუმის ¹5 მიკრორაიონის გამგებლის მიმართვა ქ. ბათუმის მთავარი არქიტექტორისადმი (ს.ფ. 6), რომელშიც აღნიშნულია, რომ ხსენებული მიკრორაიონის გამგეობაში შესული იყო ქ. ბათუმში, .... ქ. ¹37-ში მდებარე ¹.... და ¹.... ბინებში მცხოვრებ შ. ბ-ის განცხადება, რომლითაც იგი ითხოვდა შესასვლელი კარების დაკანონებას, ხოლო შემოწმებით დადგენილი იყო, რომ დასახელებულ ბინებს შ. ბ-ემ იზოლირების მიზნით გაუკეთა ერთი შესასვლელი, რითაც არ არღვევდა ნორმებს და ¹5 მიკრორაიონის გამგეობას შესაძლებლად მიაჩნდა აღნიშნული შესასვლელის შ. ბ-ის დაკანონება.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო საქმეში წარმოდგენილი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება (ს.ფ. 7), რომლითაც შ. ბ-ესა და ზ. ბ-ეს დაევალათ საერთო სარგებლობის ფართში გაკეთებული ყოველგვარი მინაშენებისა და გადაკეთებების მოშლა და აღნიშნული ფართის აღდგენა პირვანდელ მდგომარეობაში.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მიუხედავად ბათუმის საქალაქო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებისა, ქ. ბათუმის მერიის ტექინვენტარიზაციის სამსახურმა შ. ბ-ეს ქ. ბათუმში, .... ქ. ¹37-ში მდებარე მრავალბინიანი სახლის საერთო სარგებლობის ფართის ნაწილი საკუთრებაში გადასცა, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა, რადგან საამისოდ არ არსებობდა შესაბამისი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 208-ე მუხლის მე-2 ნაწილი და აღნიშნული ნაწილის გამოყენებისას არ გამოიყენა იმავე კოდექსის 211-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, ინდივიდუალური საკუთრება ისე უნდა იქნეს გამოყენებული, რომ ამით არ შეილახოს ბინის მესაკუთრეთა საერთო საკუთრება, მოცემულ შემთხვევაში კი კასატორს სადავო არასაცხოვრებელ ფართზე აქვს ისეთივე უფლება, როგორიც შ. ბ-ეს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 208-ე მუხლზე, რომლის პირველი და მე-3 ნაწილების მიხედვით, მრავალბინიან სახლებში არსებობს საკუთრების უფლება ბინაზე (ბინის საკუთრება) და შენობის იმ ნაწილზე, რომელიც არ გამოიყენება ბინად (არასაცხოვრებელი ფართის საკუთრება), ხოლო შენობის ნაწილი, რომელიც არ წარმოადგენს ინდივიდუალურ საკუთრებას, ბინის მესაკუთრეთა საერთო საკუთრებაა, საერთო საკუთრებაში წილთა რაოდენობა კი განისაზღვრება ბინების რაოდენობის შესაბამისად. იმავე კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბინის მესაკუთრის წილი საერთო საკუთრებაში განისაზღვრება მის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართობის შეფარდებით ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებულ მთელ ფართობთან. ხსენებული კოდექსის 213-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ბინის მესაკუთრე იმავდროულად არის საერთო საკუთრების მოწილეც. აღნიშნული კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ყოველ ბინის მესაკუთრეს აქვს საერთო საკუთრებით სარგებლობის უფლება, ხოლო 220-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ყოველ ბინის მესაკუთრეს შეუძლია ისარგებლოს საერთო საკუთრებით მისი წილის შესაბამისად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მრავალბინიან სახლებში ბინის მესაკუთრე იმავდროულად, ავტომატურად საერთო საკუთრების მოწილეცაა და ყოველ ბინის მესაკუთრეს აქვს საერთო საკუთრებით სარგებლობის უფლება, ამასთან, სახლის სადარბაზო წარმოადგენს საერთო საკუთრებას და იმავე სახლის ბინების მესაკუთრეები არიან ხსენებული სადარბაზოს ფართის, როგორც საერთო საკუთრების, თანამეწილეები საერთო საკუთრებაში მათი წილის შესაბამისად.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 215-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შეთანხმებები, რომლებითაც ბინის მესაკუთრენი ერთმანეთთან ურთიერთობებს ამ კოდექსის ნორმებისაგან განსხვავებულად აწესრიგებენ, ძალაშია შეთანხმების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ.

ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მრავალბინიანი სახლის ნებისმიერი მცხოვრებისათვის _ იმავე სახლში არსებული ბინის მესაკუთრისათვის საერთო საკუთრებიდან რაიმე ფართის საკუთრების უფლებით გადაცემა წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 215-ე მუხლის პირველი ნაწილით დეფინირებულ შეთანხმებას, რომლითაც ბინის მესაკუთრენი ერთმანეთთან ურთიერთობებს ხსენებული კოდექსის ნორმებისაგან განსხვავებულად აწესრიგებენ. ამდენად, დაუშვებელია ასეთი გადაცემა შესაბამისი შეთანხმების გარეშე, რომელშიც, ფაქტობრივად, მოიაზრება ბინის მესაკუთრეთა თანხმობა. ამასთან, დასახელებული შეთანხმების, როგორც ფორმალურად შესაბამის დოკუმენტში (თანხმობა) ასახვის ფაქტის, არსებობა პრიორიტეტულია ყველა სხვა ფაქტის არსებობასთან მიმართებაში და ამასთანავე _ შეუნაცვლებელი ნებისმიერი სხვა შეთანხმებითა თუ დოკუმენტით.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ შ. ბ-ის საერთო საკუთრებაში არსებული არასაცხოვრებელი ფართის მის ინდივიდუალურ საკუთრებაში გადაცემისათვის საჭირო იყო შესაბამისი მრავალბინიანი სახლის ბინების მესაკუთრეთა თანხმობა, მოცემული საქმის მასალებით კი არ დასტურდება ხსენებულ მესაკუთრეთა მხრიდან რაიმე ნებართვის მიცემა თანხმობის სახით, რის გამოც ქ. ბათუმის მერიის ტექნიკური კომისიის 2000 წლის 23 სექტემბრის ¹8 ოქმს შ. ბ-ის გაერთიანებული ბინების საერთო შესასვლელის სამართლებრივი რეგისტრაციით გადაცემის შესახებ, არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქ. ბათუმის მერიის ტექნიკური კომისიის 2000 წლის 23 სექტემბრის ¹8 ოქმი, როგორც ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტი, ეწინააღმდეგება კანონს, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსს. ამდენად, დასახელებული ოქმი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტის (აღნიშნული ოქმის გამოცემისას მოქმედი რედაქცია) შესაბამისად, რადგან იგი ეწინააღმდეგება კანონს.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინება გაერთიანებული ბინების საერთო შესასვლელის რეგისტრაციაში გატარების შესახებ ტექნიკური კომისიის ოქმის ბათილად ცნობისა და ბინების საერთო შესასვლელის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ სასარჩელო მოთხოვნებზე უარის თქმის ნაწილში მიიღო მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, კერძოდ, არასწორი შეფასება მისცა საქმეზე დადგენილ ფაქტებს, არასწორად განმარტა კანონი, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 208-ე მუხლი, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, იმავე კოდექსის 212-ე და 220-ე მუხლები, რის გამოც დასახელებულ ნაწილში სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლები.

ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად ჩათვალა უსაფუძვლოდ ზ. ბ-ის სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე შ. ბ-ის 2000 აშშ დოლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს აღნიშნული მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად ზ. ბ-ის მიერ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლზე მითითებას და ხსენებული სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში ზ. ბ-ეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი უნდა ეთქვას, ვინაიდან, ჯერ ერთი, მოცემული საქმის მასალებში კი მოიპოვება ზ. ბ-ის ავადმყოფობის დამადასტურებელი მტკიცებულებები (შპს “.....” კარდიოლოგიური განყოფილების ამონაწერი ავადმყოფ შ. ბ-ის ამბულატორიული სტაციონარის სამედიცინო ბარათიდან _ ს.ფ. 49; შპს “....” ანგარიშ-ფაქტურა ზ. ბ-ის მიერ 15 დასახელებისა და 150,64 ლარის ღირებულების მედიკამენტების შეძენის შესახებ _ ს.ფ. 50; შპს “....” 2004 წლის 20 დეკემბრის ამონაწერი ავადმყოფ ზ. ბ-ის ამბულატორიული სტაციონარის სამედიცინო ბარათიდან _ ს.ფ. 51), მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში კასატორი ვერ ასაბუთებს საკუთარი ავადმყოფობის გამოწვევას შ. ბ-ის მხრიდან რაიმე ბრალეული ქმედებით. მეორე მხრივ, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. აღნიშნული მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. მოცემულ საქმეში არსებული მასალებით კი არ დასტურდება შ. ბ-ის მხრიდან პროფესიული ან სხვა კუთხით მოქმედებით ზ. ბ-ის რაიმე ზიანის მიყენების ფაქტი.

რაც შეეხება ზ. ბ-ის სასარჩელო მოთხოვნას მოპასუხე შ. ბ-ის საექიმო ლიცენზიის გაუქმების შესახებ, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად უთხრა უარი ზ. ბ-ეს ხსენებული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საექიმო ლიცენზიის გაუქმების შესახებ სასარჩელო მოთხოვნას შემხებლობა არა აქვს მოცემულ დავასთან მიმართებაში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ზ. ბ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებული განჩინება ნაწილობრივ გაუქმდეს, კერძოდ, იგი უცვლელად უნდა დარჩეს საექიმო ლიცენზიის გაუქმებისა და ზიანის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ხოლო გაუქმდეს გაერთიანებული ბინების საერთო შესასვლელის რეგისტრაციაში გატარების შესახებ ტექნიკური კომისიის ოქმის ბათილად ცნობისა და ბინების საერთო შესასვლელის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ სასარჩელო მოთხოვნებზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ზ. ბ-ის სარჩელი აღნიშნულ ნაწილში დაკმაყოფილდება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ზ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 11 მაისის განჩინება უცვლელად დარჩეს საექიმო ლიცენზიის გაუქმებისა და ზიანის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში;

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 11 მაისის განჩინება გაუქმდეს გაერთიანებული ბინების საერთო შესასვლელის რეგისტრაციაში გატარების შესახებ ქ. ბათუმის მერიის ტექნიკური კომისიის 2000 წლის 23 სექტემბრის ¹8 ოქმის ბათილად ცნობისა და ბინების საერთო შესასვლელის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ სასარჩელო მოთხოვნებზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; ზ. ბ-ის სარჩელი აღნიშნულ ნაწილში დაკმაყოფილდეს; ბათილად იქნეს ცნობილი გაერთიანებული ბინების საერთო შესასვლელის რეგისტრაციაში გატარების შესახებ ქ. ბათუმის მერიის ტექნიკური კომისიის 2000 წლის 23 სექტემბრის ¹8 ოქმი და გაუქმდეს მის საფუძველზე განხორციელებული აღნიშნული საერთო შესასვლელის რეგისტრაცია;

4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.