Facebook Twitter

ბს-530-506(კ-07) 8 ნოემბერი, 2007 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ლალი ლაზარაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. დ-ემ, ნ. ჯ-მა, ზ. ფ-მა, ი. კ-ემ, ა. ს-მა, ნ. ბ-ემ, გ. ფ-ემ და დ. ლ-ემ 02.12.05წ. სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიმართ და მოპასუხისათვის “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 108-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევისათვის, გაუფრთხილებლობის გამო, ყოველ გადაცილებულ დღეზე ხელფასის ანაზღაურება; აღნიშნული კანონის 109-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე ორი თვის კომპენსაციის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით გაცემა; 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ნამსახურები წლებისათვის დანამატის და მოსარჩელეების ნ. დ-ის, ნ. ჯ-ის და ა. ს-თვის 2003 წლის ნოემბრის თვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურება მოითხოვეს.

მოსარჩელებმა მიუთითეს, რომ საქართველოს მთავრობის 22.04.05წ. ¹76 დადგენილების საფუძველზე განხორციელდა ენერგეტიკის სამინისტროს ენერგოზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის დეპარტამენტის ლიკვიდაცია. “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 108-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე საჯარო მოხელეებს დაწესებულების ლიკვიდაციის შესახებ ერთი თვით ადრე უნდა ეცნობებიათ. აღნიშნული საკითხის მოგვარება მთავრობის 22.04.05წ. ¹76 დადგენილების მე-3 პუნქტის საფუძველზე დაევალა ენერგეტიკის მინისტრს _ ნ. გ-ს, თუმცა აღნიშნული ნორმის მოთხოვნები სამინისტროს არ შეუსრულებია და მოსარჩელეები ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე გაათავისუფლა სამსახურიდან. შრომის კანონთა კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, სამსახურიდან დათხოვნისას პირს ორგანიზაციისაგან უნდა მიეცეს კუთვნილი მთელი თანხა დათხოვნის დღეს ან არა უგვიანეს შემდეგი დღისა, რაც ენერგეტიკის სამინისტრომ არ შეასრულა. 23.03.05წ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ მიიღო გადაწყვეტილება ¹1/3/301, რომელიც შეეხებოდა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 109-ე მუხლის პირველი პუნქტის ამოქმედებას. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, ლიკვიდაციის შედეგად გათავისუფლებულ საჯარო მოხელეებზე უნდა გაიცეს კომპენსაცია ორი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით და დანამატით ნამსახურები წლებისათვის. ლიკვიდაციის შედეგად გათავისუფლებულ საჯარო მოხელეებზე არ გაცემულა კომპენსაცია ორი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით, დანამატი ნამსახურები წლებისათვის და ძველი სახელფასო დავალიანება. ენერგოზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის დეპარტამენტის ლიკვიდაციის შემდგომ დარჩა სახელფასო ფონდი, რითაც არსებული კანონმდებლობის შესაბამისად სალიკვიდაციო კომისიის თავმჯდომარეს _ ს. შ-ეს უნდა დაეფარა ყველა სახელფასო დავალიანებები ლიკვიდაციის მსვლელობის დროს, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ძველი სახელფასო დავალიანებების, კომპენსაციებისა და ნამსახურები წლებისათვის დანამატების გასტუმრება. აღნიშნული მოთხოვნები ენერგეტიკის სამინისტროს მიერ არ დაკმაყოფილდა, რასთან დაკავშირებითაც მოსარჩელეებმა მიმართეს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ დეპარტამენტსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის თავმჯდომარეს. პარლამენტმა განმარტა, რომ მის უფლებამოსილებაში არ შედიოდა საკონსტიტუციო სასამართლოს 23.03.05წ. ¹1/3/301 გადაწყვეტილებაზე განმარტების მიცემა, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ კომპენსაცია და დანამატი ნამსახურები წლებისათვის ეკუთვნოდათ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 07.12.05წ. განჩინებით ნ. დ-ისა და სხვათა სარჩელი საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიმართ განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 16.02.06წ. გადაწყვეტილებით სარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დაეკისრა: ორი თვის კომპენსაციის – 616 (ექვსას თექვსმეტი) ლარისა და სახელფასო დავალიანების – 69,87 (სამოცდაცხრა, 87) ლარის გადახდა მოსარჩელე ნ. დ-ის სასარგებლოდ; ორი თვის კომპენსაციის – 616 (ექვსასთექვსმეტი) ლარის გადახდა მოსარჩელე ნ. ჯ-ის სასარგებლოდ; ორი თვის კომპენსაციის – 202,4 (ორას ორი, 4) ლარისა და სახელფასო დავალიანების – 33,9 (ოცდაცამეტი, 9) ლარის გადახდა მოსარჩელე ზ. ფ-ის სასარგებლოდ; ორი თვის კომპენსაციის 211,2 (ორას თერთმეტი, 2) ლარის გადახდა მოსარჩელე – ი. კ-ის სასარგებლოდ; ორი თვის კომპენსაციის – 616 (ექვსას თექვსმეტი) ლარისა და სახელფასო დავალიანების – 69,87 (სამოცდაცხრა, 87) ლარის გადახდა მოსარჩელე ა. ს-ის სასარგებლოდ; ორი თვის კომპენსაციის 211,2 (ორას თერთმეტი, 2) ლარის გადახდა მოსარჩელე ნ. ბ-ის სასარგებლოდ; ორი თვის კომპენსაციის – 228,8 (ორას ოცდარვა, 8) ლარის გადახდა მოსარჩელე გ. ფ-ის სასარგებლოდ; ორი თვის კომპენსაციის – 880 (რვაასოთხმოცი) ლარის გადახდა მოსარჩელ დ. ლ-ის სასარგებლოდ; მოსარჩელეებს – ნ. დ-ეს, ნ. ჯ-ს, ზ. ფ-ს, ი. კ-ეს, ა. ს-ს, ნ. ბ-ეს, გ. ფ-ესა და დ. ლ-ეს უარი ეთქვათ წელთა ნამსახურობისათვის დანამატის – 370,04 (სამას სამოცდაათი, 40) ლარის, ერთი თვით ადრე გაუფრთხილებლობისათვის კომპენსაციის – 1 791 (ათას შვიდას ოთხმოცდათერთმეტი) ლარისა და ხელფასის გაცემის ვადაზე გადაცილებული დღეებისათვის კომპენსაციის – 12 535,6 (თორმეტი ათას ხუთას ოცდათხუთმეტი, 6) ლარის მოპასუხისათვის – საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთვის დაკისრებაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.03.06წ. განჩინებით ამავე სასამართლოს 16.02.06წ. გამოტანილი გადაწყვეტილების სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილებში გასწორდა დაშვებული უსწორობა. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით დადგინდა, რომ 2003 წლის ნოემბრის თვის სახელფასო დავალიანება 33,09 ლარის ოდენობით ეკუთვნის ნ. ჯ-ს; გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: მოპასუხეს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დაეკისრა ორი თვის კომპენსაციის – 616 (ექვსას თექვსმეტი) ლარისა და სახელფასო დავალიანების – 33,9 (ოცდაცამეტი, 9) ლარისა გადახდა მოსარჩელე ნ. ჯ-ის სასარგებლოდ; მე-4 პუნქტი შესწორდა შემდეგი სახით: მოპასუხე საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დაეკისრა ორი თვის კომპენსაციის – 202,4 (ორას ორი, 4) ლარის გადახდა მოსარჩელე ზ. ფ-ის სასარგებლოდ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 16.02.06წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ. დ-ემ, ნ. ჯ-მა, ზ. ფ-მა, ი. კ-ემ, ა. ს-მა, ნ. ბ-ემ, გ. ფ-ემ და დ. ლ-ემ და სასარჩელო მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს. ამასთან, აღნიშნული გადაწყვეტილება ნაწილობრივ გაასაჩივრა ენერგეტიკის სამინისტრომაც, რომელმაც I ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.03.07წ. გადაწყვეტილებით მოსარჩელეების: ნ. დ-ის, ნ. ჯ-ის, ზ. ფ-ის, ი. კ-ის, ა. ს-ის, ნ. ბ-ის, გ. ფ-ის, დ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 16.02.06წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ერთი თვით ადრე გაუფრთხილებლობისათვის კომპენსაციის ნაწილში მოპასუხე საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დაეკისრა: ნ. დ-ის სასარგებლოდ _ 308 (სამას რვა) ლარი; ნ. ჯ-ის სასარგებლოდ – 308 (სამას რვა) ლარი; ზ. ფ-ის სასარგებლოდ – 101 (ას ერთი) ლარი და 20 თეთრი; ი. კ-ის სასარგებლოდ – 105 (ას ხუთი) ლარი და 60 თეთრი; ა. ს-ის სასარგებლოდ – 308 (სამას რვა) ლარი; ნ. ბ-ის სასარგებლოდ – 105 (ას ხუთი) ლარი და 60 თეთრი; გ. ფ-ის სასარგებლოდ – 114 (ას თოთხმეტი) ლარი და 40 თეტრი; დ. ლ-ის სასარგებლოდ – 440 (ოთხას ორმოცი) ლარი. გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეები სადავოდ არ ხდიდნენ ,,ენერგეტიკის შესახებ” საქართველოს კანონის ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე” საქართველოს 22.03.05წ. ¹1123-ს კანონისა და საქართველოს მთავრობის 22.04.05წ. ¹76 დადგენილების საფუძველზე საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ ენერგოზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის დეპარტამენტის ლიკვიდაციას და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 28.04.05წ. ¹146კ ბრძანებით მოსარჩელეების აღნიშნული საფუძვლით (,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 96-ე მუხლის პირველი პუნქტი) სამსახურიდან 03.05.05წ. გათავისუფლებას. მოსარჩელეებმა სასამართლოს წარუდგინეს ცხრილები მათი თანამდებობრივი სარგოების, დარიცხული ხელფასის, აღნიშნული ხელფასების გასაცემი ოდენობის, ასევე სახელფასო დავალიანების ხელზე გასაცემი ოდენობის შესახებ, რისი საწინააღმდეგო მტკიცებულებაც მოპასუხეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია და რის გამოც პალატამ აღნიშნული მონაცემები სწორად მიიჩნია. სააპელაციო პალატა 2003 წლის ნოემბრის თვის სახელფასო დავალიანების მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში მთლიანად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და ჩათვალა, რომ აღნიშნულ ნაწილში გადაწყვეტილება კანონიერი და დასაბუთებული იყო და ამ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი არ არსებობდა. სააპელაციო პალატა მოპასუხისათვის ორი თვის თანამდებობრივი სარგოს კომპენსაციის მოსარჩელეთა სასარგებლოდ დაკისრების ნაწილშიც დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და მიიჩნია, რომ ამ ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია შემდეგ გარემოებათა გამო: ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 109-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დაწესებულების ლიკვიდაციის ან შტატების შემცირების გამო სამსახურიდან გათავისუფლებულ მოხელეს კომპენსაციის სახით ეძლევა ორი თვის თანამდებობრივი სარგო. ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” 29.12.04წ. კანონის საფუძველზე, აღნიშნული ნორმის მოქმედება შეჩერებულ იქნა 01.01.05 წლამდე იმ მიზნით, რომ მომხდარიყო ნორმის შეფარდება, ნორმას უნდა ემოქმედა დროში, სივრცეში და პირთა წრის მიმართ. მოცემულ შემთხვევაში გამოყენებული უნდა ყოფილიყო ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 109-ე მუხლის პირველი პუნქტი, მოსარჩელეები სამსახურიდან დაითხოვეს 28.04.05წ. ბრძანებით (2005 წლის 3 მაისიდან), მანამდე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 23.03.05წ. 3/301 გადაწყვეტილებით 29.12.04წ. მითითებული კანონი იმ ნაწილში, რომლითაც შეჩერებული იყო “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 109-ე მუხლის პირველი პუნქტის, ასევე 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედება, ცნობილ იქნა არაკონსტიტუციურად. ამავე გადაწყვეტილებით აღნიშნული კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 109-ე მუხლის პირველი პუნქტის და 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედების შეჩერების ნაწილში ძალადაკარგულად იქნა ცნობილი გადაწყვეტილების გამოცხადების მომენტიდან, ანუ 23.03.05 წლიდან. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მეხუთე პუნქტის თანახმად კი, საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდა ამავე თარიღიდან (2005 წლის 23 მარტიდან). საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ამავე გადაწყვეტილების პირველი და მეორე პუნქტების შესრულებისათვის განისაზღვრა ვადა, არა უგვიანეს 01.01.06წ. “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” 23.12.05წ. კანონით, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 109-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდა იმავე დებულებებით, რომლებიც მისი მოქმედების შეჩერების პერიოდში არსებობდა და ძალაში 01.01.06წ. შევიდა აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 109-ე მუხლის პირველი პუნქტის მომედების შეჩერება შეწყდა რა 23.03.05წ. და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით მიღებული კანონით აღნიშნული ნორმა არ შეცვლილა და აგრძელებდა მოქმედებას, იგი გამოყენებული უნდა ყოფილიყო მოცემულ შემთხვევაზე, ვინაიდან სადავო არ იყო ის გარემოება, რომ მოსარჩელეები იყვნენ საჯარო მოხელეები, ანუ ისინი მიეკუთვნებოდნენ იმ პირთა წრეს, რომლებზედაც კანონის აღნიშნული ნორმა უნდა გავრცელებულიყო. ამასთან, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, აღნიშნული ნორმა უნდა ჩაითვალოს 23.03.05წ., ანუ, მოსარჩელეთა სამსახურიდან განთავისუფლების დროისათვის, მოქმედ ნორმად, რის გამოც, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნულ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება არსებითად სწორი იყო. ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 108-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოხელეს ერთი თვით ადრე უნდა ეცნობოს დაწესებულების ლიკვიდაციის გამო სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. ხანგრძლივი შრომისუუნარობის გამო გათავისუფლების შესახებ მოხელეს წერილობით უნდა ეცნობოს გათავისუფლებამდე ორი კვირით ადრე მაინც. აღნიშნული ნორმის განმარტებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ამ ნორმით წესრიგდება რა დაწესებულების ლიკვიდაციის გამო სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მოხელის გაფრთხილების საკითხი, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაზე ვერ გავრცელდებოდა 28.06.1973წ. საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 422-ე მუხლი, მაგრამ მიიჩნია, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 108.1 მუხლის განმარტების თანახმად, მოპასუხე ვალდებული იყო, მოსარჩელეები ოფიციალურად გაეფრთხილებინა ზეპირი ფორმით მაინც, დაწესებულების ლიკვიდაციის გამო გათავისუფლების შესახებ, გათავისუფლებამდე ერთი თვით ადრე, რაც, სააპელაციო პალატის აზრით, არ შეიძლება შეიცვალოს გადაწყვეტილებაში მითითებული ნორმატიული აქტების: ,,ენერგეტიკის შესახებ” საქართველოს კანონის ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე” კანონის მე-2 პუნქტით, რომლითაც ამ კანონის მოქმედებიდან ერთ თვეში საქართველოს მთავრობას დაევალა ენერგოზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის დეპარტამენტის ლიკვიდაცია და საქართველოს მთავრობის 22.04.05წ. ¹76 დადგენილების პირველი პუნქტი დეპარტამენტის ლიკვიდაციის შესახებ. ამასთან, დასტურდება, რომ აღნიშნული დადგენილების მესამე პუნქტში მითითებულ იქნა, რომ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების, ენერგოზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის დეპარტამენტის, მოხელეთა მიმართ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კაონის 93-ე მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილება (მოხელეთა სამსახურიდან გათავისუფლება) საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს უნდა განეხორციელებინა მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. აქედან გამომდინარე, მოპასუხე ვალდებული იყო, დაეცვა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 108-ე მუხლის მოთხოვნა და მოსარჩელეები პერსონალურად გაეფრთხილებინა დაწესებულების ლიკვიდაციის გამო გათავისუფლების შესახებ, რაც არ შეასრულა, რითაც დაარღვია კანონის 108-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნა. ასეთ შემთხვევაში კი, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონის 109-ე მუხლით გათვალისწინებული კომპენსაციის გარდა, მოხელეს ეძლევა ხელფასი ყოველი გადაცილებული დღისათვის, ვინაიდან კანონი გაფრთხილების ვალდებულებას აწესებს ერთი თვით ადრე, მოცემულ შემთხვევაში კი ადგილი ჰქონდა არა გაფრთხილების გადაცილებას, არამედ აღნიშნული ნორმის შეუსრულებლობას. პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელეებს უნდა მისცემოდათ ერთი თვის კომპენსაცია, ანუ თანხა ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. სააპელაციო პალატამ მოსარჩელეთა მოთხოვნა, გაუფრთხილებლობის გამო, აღნიშნული კომპენსაციის სასამართლოში სარჩელის აღძვრამდე პერიოდისათვის გაცემის შესახებ, არ გაიზიარა, ვინაიდან ამ ნაწილში მათი მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი _ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 108-ე მუხლი, ასეთს არ ითვალისწინებდა, რის გამოც აღნიშნულ ნაწილში სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ამასთან, პალატამ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს საფუძველზე გასაცემი თანხა ნ. დ-ის, ნ. ჯ-ის და ა. ს-თვის შეადგენდა 308 ლარს, ზ. ფ-თვის - 101.20 ლარს, ი. კ-ის და ნ. ბ-თვის _ 105.60 ლარს, გ. ფ-თვის _ 114.40 ლარს, დ. ნ-თვის _ 440 ლარს. ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტი, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულების მიზნით ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: “სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელს უფლება აქვს, მოხელეს განაკვეთური მუშაობისა და განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით, ყოველწლიურად შრომის ანაზღაურების ფონდში წარმოქმნილი ეკონომიის ფარგლებში, დადგენილი წესით, საფინანსო წლის განმავლობაში დაუწესოს სხვა დანამატები”. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ, მართალია, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა კანონი აღნიშნული ნორმის მომედების შეჩერების ნაწილში, მაგრამ გადაწყვეტილების აღსრულებას არ მოჰყოლია ნორმის იმავე დებულებებით შენარჩუნება და აღნიშნული ნორმის ამოქმედება არ მომხდარა. სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელეები მუშაობდნენ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებაში. ამასთან, ,,საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ ენერგოზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის დეპარტამენტის ლიკვიდაციის შესახებ” საქართველოს მთავრობის ¹76 დადგენილების მე-4 პუნქტით განისაზღვრა აღნიშნული დეპარტამენტისათვის გათვალისწინებული საშტატო რიცხოვნობისა და ასიგნებების საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს აპარატისათვის გადაცემა, რის გამოც სააპელაციო პალატამ მოპასუხის მითითება, რომ მოსარჩელეთათვის თანხის გადაცემის საკითხის გადაწყვეტა ენერგეტიკის სამინისტროს კომპეტენციას არ მიეკუთვნებოდა, არ გაიზიარა.

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ 29.05.07წ. საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.03.07წ. გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელეთათვის სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორმა მიუთითა, რომ დეპარტამენტი ლიკვიდირებულად გამოცხადდა “ენერგეტიკის შესახებ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ” საქართველოს 22.03.05წ. ¹1123 კანონისა და საქართველოს მთავრობის 22.04.05წ. ¹76 დადგენილების საფუძველზე. 2005 წლის I იანვრიდან 2006 წლის I იანვრამდე “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 109-ე მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება შეჩერებული იყო “საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ” საქართველოს 29.12.04წ. ¹861 კანონის შესაბამისად. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 23.03.05წ. გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს პარლამენტის მიერ “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 109-ე მუხლის პირველი პუნქტის მოქმედების შეჩერება, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილების აღსრულების ვადის განსაზღვრისას გაითვალისწინა ის გარემოება, რომ 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ხარჯები უკვე გაწერილი იყო და აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულება ამავე გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესაბამისად, გადაავადა არა უგვიანეს 2006 წლის I იანვრამდე, ვინაიდან საკანონმდებლო აქტებში ცვლილებების შეტანა საქართველოს პარლამენტის პრეროგატივას წარმოადგენდა. შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების სუბიექტი სწორედ ეს უკანასკნელია, რომელმაც აღასრულა კიდეც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და 23.12.05წ. მიიღო კანონი ¹2470, რომლის მე-11 პუნქტის მიხედვით, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 137-ე მუხლი (რომლითაც შეჩერებული იყო 109-ე მუხლის მოქმედება) სრულიად განსხვავებული რედაქციით ჩამოყალიბდა, მაგრამ, ამავე კანონის შესაბამისად, იგი ძალაში შევიდა 2006 წლის I იანვრიდან. კასატორის აზრით, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 109-ე მუხლი 2005 წლის I იანვრიდან 2006 წლის I იანვრამდე არ მოქმედებდა, იგი ძალაში შევიდა მხოლოდ 2006 წლის I იანვრიდან და ამდენად, აღნიშნული მუხლის მოქმედება არ უნდა გავრცელებულიყო 2005 წლის აპრილის თვეში ლიკვიდირებული დეპარტამენტის მოხელეთა მიმართ და შესაბამისად, საამისო ფულადი სახსრები არც საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ ასიგნებებში იყო გათვალისწინებული, რის გამოც, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო უფლებამოსილი არ იყო, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 109-ე მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება გაევრცელებინა 2005 წლის პერიოდში გათავისუფლებულ მოხელეებზე.

2003 წლის ნოემბრის თვის ხელფასის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, კასატორმა აღნიშნა, რომ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ, დეპარტამენტის მოხელეთა 2005 წლამდე წარმოშობილი სახელფასო დავალიანებების დაფარვის მიზნით 10.10.05წ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნილ იქნა წერილი ¹04/2194, რომელსაც დანართის სახით თან ახლდა იმ მოხელეთა სრული ჩამონათვალი, რომლებსაც ეკუთვნოდათ სახელფასო ანაზღაურებები, მათ შორის მითითებული იყო მოსარჩელეებიც. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში არ გააჩნდა საამისო თანხები, შესაბამისად, დამატებითი ხარჯების გამოყოფა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხორციელდებოდა მხოლოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ განმარტა, რომ აღნიშნული თანხების დაფარვა მოხდებოდა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების შესაბამისად, რის გამოც საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს კომპეტენციას აღარ წარმოადგენს აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა და შესაბამისად მისი მოპასუხედ ყოფნა ამ საკითხთან მიმართებაში და შემდგომ მისთვის აღნიშნული თანხების გადახდევინების დაკისრება უსაფუძვლო და გაუმართლებელი იყო. ამასთან, კასატორმა მიუთითა, რომ სასამართლოებს ყუარადღება არ გაუმახვილებიათ “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 108-ე მუხლის შინაარსზე, რომელიც მოხელის გაფრთხილების რაიმე განსაკუთრებულ წესს (წერილობით შეტყობინებას) არ ითვალისწინებდა. მოხელეები დეპარტამენტის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმირებულნი იყვნენ ჯერ კიდევ “ენერგეტიკის შესახებ” საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ” კანონის მიღებით, რომელშიც ცალსახად იყო მითითებული დეპარტამენტის ლიკვიდაციის თაობაზე. ამასთან, მოსარჩელეთა მიერ გაცდენილ იქნა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, რაც, კასატორის აზრით, კიდევ ერთი საფუძველია მათი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის სათქმელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 14.06.07წ. განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი. მხარეებს უფლება მიეცათ, აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 14.06.07წ. განჩინებაზე 06.07.07წ. მოსაზრება წარმოადგინა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ და მიუთითა, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებად უნდა იქნეს მიჩნეული საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.