Facebook Twitter

¹ბს-530-508(კ-08) 16 ოქტომბერი, 2008წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე (მოსამართლეები)

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ლ. ბ-ი M(მოსარჩელე)

დავის საგანი _ სახელფასო დავალიანების ანაზღაურება

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 1 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ლ. ბ-მა 2007 წლის 21 ნოემბერს სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა 409,53 ლარის სახელფასო დავალიანების ანაზღაურება.

სასარჩელო განცხადების თანახმად, მოსარჩელე საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, 1999 წლის 24 ნოემბერს დაინიშნა ცენტრალურ სამხედრო ჰოსპიტალში. იგი დაკავებული თანამდებობიდან საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 20 მარტის ¹841 ბრძანებით გათავისუფლდა. ლ. ბ-ის მიმართ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ერიცხება 1998-2000 წლების სახელფასო დავალიანების სახით, სულ 409,53 ლარი, მათ შორის _ ხელფასი 135,36 ლარი, კვების კომპენსაცია _ 196,77 ლარი, ჯილდო _ 65,76 ლარი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილებით ლ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ლ. ბ-ის სასარგებლოდ დაევალა სახელფასო დავალიანების _ 409,53 ლარის ანაზღაურება.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეს ლ. ბ-ის მიმართ ერიცხება 1998, 1999, 2000 წლების მიხედვით სახელფასო დავალიანება 409 ლარის ოდენობით, რაც დასტურდება საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის მიერ 2007 წლის 18 ოქტომბერს გაცემული ¹3-11/7964 ცნობით.

სასამართლომ სარჩელი საფუძვლიანად მიიჩნია, ვინაიდან “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურის სოციალური დაცვის გარანტიად იძლევა სახელმწიფო, რომელიც უზრუნველყოფს მის სოციალურ დაცვას სამხედრო სამსახურის განსაკუთრებული პირობებისა და თავისებურებების გათვალისწინებით; ხოლო ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურე იმყოფება სახელმწიფოს სრულ კმაყოფაზე და ძირითადი ხელფასის გარდა, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას წლის განმავლობაში მიეცემა ფულადი ჯილდო და/ან მატერიალური დახმარება. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეს სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევა სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 1 აპრილის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

სააპელაციო პალატა სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და დამატებით მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილი საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსისა და ფინანსების მართვის დეპარტამენტის საბიუჯეტო სამმართველოს უფროსის მიერ 2007 წლის 29 ოქტომბერს გაცემული ცნობები თავისი შინაარსით წარმოადგენს მოსარჩელის მიმართ დავალიანების მითითებული ოდენობით არსებობის აღიარებას, რაც გამორიცხავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსაზრების მართებულობას სარჩელის ხანდაზმულად მიჩნევის თაობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 1 აპრილის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ. კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ლ. ბ-ი თავდაცვის სამინისტროსაგან ითხოვდა 1998-2000 წლების მიუღებელი ხელფასის _ 135,36 ლარის, კვების კომპენსაციის _ 196,77 ლარის, ჯილდოს _ 7,40 ლარის, სულ 409,53 ლარის ამაზღაურებას.

კასატორს მიაჩნია, რომ “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მეოთხე პუნქტის თანახმად “დანამატის” სტატუსი მინიჭებული აქვს მხოლოდ ფულად თანხებს, რომელიც დაინანგარიშება ნამსახური წლების მიხედვით. რაც შეეხება კვების კომპენსაციას, ჯილდოს, იმავე მუხლის მეორე და მესამე პუნქტებიდან გამომდინარე, “დანამატის” სტატუსი არ აქვს მინიჭებული. ამიტომ კასატორს მიაჩნია, რომ კვების კომპენსაცია, ჯილდო და დახმარების თანხები არ წარმოადგენდა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37.1 მუხლით გათვალისწინებულ ხელფასში შემავალ დანამატებს და ისინი ხელფასისაგან დამოუკიდებელ ფულად გასაცემელს წარმოადგენს.

კასატორის მოსაზრებით, სასარჩელო მოთხოვნები კვების კომპენსაციისა და ჯილდოს ნაწილში ხანდაზმულია, რადგან ამგვარ მოთხოვნებზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა.

საკასაციო საჩივარში მითითებულია, რომ სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის შესაბამისად, როგორც ამავე კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებული სამწლიანი ხანდაზმულობის, ისე “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლით გათვალისწინებული ერთთვიანი ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს იმ დღიდან, როდესაც მოსარჩელეს უნდა მიეღო თითოეული თვის ან პერიოდის ჯილდო, კვების კომპენსაცია ან მატერიალური დახმარება გაცემისათვის დაწესებული დღის მეორე დღუდან. კასატორი განმარტავს, რომ სარჩელი სასამართლოში შეტანილის 2007 წლის 21 ნოემბერს, ამდენად, სარჩელის შეტანის დროს მოსარჩელეს გაშვებული ჰქონდა როგორც სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებული სამწლიანი ხანდაზმულობის, ისე “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლით განსაზღვრული ერთთვიანი ხანდაზმულობის ვადა.

კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული 2007 წლის 18 ოქტომბრის ¹3-11/7964 ცნობა ვალდებულების აღიარებად. აღნიშნული დოკუმენტი არ შეიძლებ ჩაითვალოს ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის საფუძვლად სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის მიხედვით, რადგან დასახელებული დოკუმენტით მისი გამცემი ორგანო არ აღიარებს მოსარჩელის მოთხოვნის არსებობას და მისი შეფასება სამინისტროს მიერ ვალდებულების აღიარების დამადასტურებელ დოკუმენტად კანონსაწინააღმდეგოა, ვინაიდან მას ინფორმაციული ხასიათი აქვს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს; მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 1 აპრილის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის ლ. ბ-ის სასარგებლოდ კვების კომპენსაციის 196,77 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; ლ. ბ-ის სარჩელი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მის სასარგებლოდ კვების კომპენსაციის 196,77 ლარის დაკისრების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს; თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 1 აპრილის განჩინება დანარჩენ ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგი გარემოებების გამო:

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ლ. ბ-ს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსაგან მისაღები აქვს 1999 წლის ჯილდო 11,64 ლარი; ხოლო 2000 წლის ხელფასი 135,36 ლარი; კვების კომპენსაცია 196,77 ლარი და ჯილდო 65,76 ლარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ივლისის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ლ. ბ-ის ხელფასისა და ჯილდოს ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნა დაუშვებლად, ხოლო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ლ. ბ-ის კვების კომპენსაციის _ 196,77 ლარის ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნა დასაშვებად;

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატის მსჯელობის საგანს წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ლ. ბ-ის 2000 წლის კვების კომპენსაციის _ 196,77 ლარის ანაზღაურება. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის მე-12 მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით, სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევა სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37-ე მუხლის თანახმად, შრომით გასამრჯელოს (ხელფასს) თანამდებობრივი სარგოს გარდა მიეკუთვნება აგრეთვე პრემია და ის დანამატები, რომლებიც კანონითაა გათვალისწინებული. კვების კომპენსაცია წარმოადგენს “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის 12.3 მუხლით რეგლამენტირებულ სასურსათო ულუფას. სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურის პერიოდში “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37-ე მუხლით გათვალისწინებულ შრომით გასამრჯელოსთან (ხელფასთან) ერთად, ღებულობს კომპენსაციას სასურსათო უზრუნველყოფის _ ულუფის სახით. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 1341 მუხლით რეგლამენტირებულია საჯარო მოსამსახურეზე წინა წლებში წარმოშობილი დავალიანების ანაზღაურება, მაგრამ იგი არ ეხება საჯარო მოსამსახურისათვის კომპენსაციის ანაზღაურებას ამ მუხლით დადგენილი წესით. სასურსათო ულუფა წარმოადგენს სამხედრო მოსამსახურის უზრუნველყოფის სახეს და ამავდროულად პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას. ამასთან, ხელფასი განსხვავდება უზრუნველყოფის სახისაგან _ სასურსათო ულუფისაგან. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვინაიდან სასურსათო ულუფა წარმოადგენს სამხედრო მოსამსახურის მიერ მისაღები კომპენსაციის სახეს, ამიტომ იგი პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებაა და ამ ვალდებულების შესრულების მოთხოვნის მიმართ ვრცელდება სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის II ნაწილით გათვალისწინებული სასარჩელო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. საკასაციო პალატა აქვე განმარტავს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის საფინანსო სამმართველოს უფროსის 2007 წლის 29 ოქტომბრის ¹9/3462 წერილი სახელფასო დავალიანებასთან ერთად არ შეიცავს კვების ულუფის დავალიანების აღიარებას; ამ ნაწილში მითითებულია, რომ მიუღებელი სახელფასო დავალიანების ანაზღაურება განხორციელდებოდა ამ მიზნებისათვის, სახელმწიფოს ბიუჯეტიდან დამატებით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. ამ ეტაპზე საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მოკლებული იყო შესაძლებლობას დაეკმაყოფილებინა მოთხოვნა, მაგრამ შესაბამისი წყაროს არსებობის შემთხვევაში კვლავ დაუბრუნდებოდა დავალიანების ანაზღაურების საკითხის განხილვას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატის განჩინება ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი. ეს მუხლი განსაზღვრავს პირობას, რომლის არსებობის შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს თვითონ შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე, ისე, რომ არ დააბრუნოს იგი ხელახლა განსახილველად უკან. ამგვარი პირობაა საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულად და სწორად დადგენა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს მიერ და ამ ფაქტების დადგენა საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე. ეს ისეთი შემთხვევაა, როდესაც საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები დადგენილია სრულად და სწორად, ე.ი. ფაქტობრივი თვალსაზრისით საქმე მზადაა გადასაწყვეტად, მაგრამ არასწორადაა შეფარდებული (გამოყენებული) კანონი.

ვინაიდან მოსარჩელეს მისაღები აქვს 2000 წლის კვების კომპენსაცია 196,77 ლარი და მან თავდაცვის სამინისტროსათვის ამ თანხის დაკისრების მოთხოვნით სასამართლოს სარჩელით მიმართა 2007 წლის 21 ნოემბერს, ამიტომ საკასაციო პალატა თვლის, რომ ლ. ბ-ის სარჩელი ამ ნაწილში ხანდაზმულია, რის გამოც მისი სარჩელი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 1 აპრილის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის ლ. ბ-ის სასარგებლოდ კვების კომპენსაციის 196,77 ლარის დაკისრების ნაწილი და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. არ დაკმაყოფილდეს ლ. ბ-ის სარჩელი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მის სასარგებლოდ კვების კომპენსაციის 196,77 ლარის დაკისრების ნაწილში.

4. უცვლელი დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 1 აპრილის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის ლ. ბ-ის სასარგებლოდ ხელფასისა და ჯილდოს _ 212,76 ლარის დაკისრების ნაწილში.

5. საკასაციო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.