Facebook Twitter

ბს-534-510(2კ-07) 15 ნოემბერი, 2007 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე, (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ლალი ლაზარაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ. ს-ამ 01.05.06წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ და მოპასუხისათვის 1998-99 წლების აუღებელი ხელფასის _ 298 ლარისა და 94 თეთრის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ 1990 წლის ნოემბრიდან მუშაობდა მარტვილის საგადასახადო ინსპექციაში ........-ად, თვიური განაკვეთით 20 ლარი. 1999 წლის ოქტომბერში, შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, გაათავისუფლეს სამუშაოდან. მიუღებელი დარჩა 1998-1999 წლების შრომითი ანაზღაურების თანხა, რომელიც დარიცხვით 407,79 ლარს, ხოლო ხელზე მისაღები თანხა 298,94 ლარს შეადგენდა. მოპასუხეს თ. ს-თან საბოლოო ანგარიშსწორება არ განუხორციელებია, რის გამოც იგი მიმართავდა განცხადებით ყოფილ ხელმძღვანელებს, მაგრამ ფინანსთა სამინისტროსგან მიიღო რამდენიმე სტანდარტული პასუხი, რომ მისი მოთხოვნა, სახელფასო დავალიანებიდან გამომდინარე, განიხილებოდა არსებული რიგითობის მიხედვით. თუმცა, მოსარჩელის აზრით, იგი არც ერთ რიგითობაში არ იყო ჩართული და არც თანხის მიღების პერსპექტივა გააჩნდა. ამასთან, მოსარჩელემ აღნიშნა, რომ იყო ეკონომიკურად მძიმე მდგომარეობაში, პენსიონერი და მისთვის თითოეულ თეთრს სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 13.06.06წ. საოქმო განჩინებით ¹3/2738-06 ადმინისტრაციული საქმიდან თ. ს-ას სარჩელის გამო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ამორიცხულ იქნა მოპასუხეთა სიიდან და საქმეში სათანადო მოპასუხედ ჩაბმულ იქნა ფოთის საგადასახადო ინსპექცია. ადმინისტრაციული საქმე თ. ს-ას სარჩელის გამო ფოთის საგადასახადო ინსპექციის მიმართ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე, განსჯადობით გადაეგზავნა ფოთის საქალაქო სასამართლოს.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 27.09.06წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ფოთის საგადასახადო ინსპექციას თ. ს-ას სასარგებლოდ დაეკისრა 297 ლარისა და 94 თეთრის გადახდა.

საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის თანახმად, საჯარო მოსამსახურე არის საქართველოს მოქალაქე, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით დაკავებული თანამდებობის შესაბამისად ეწევა ანაზღაურებად საქმიანობას სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებაში, ანუ მას ეძლევა შესაბამისი შრომითი გასამრჯელო. საქმეში წარმოდგენილი მარტვილის საგადასახადო ინსპექციის ბრძანებების ასლებით სასამართლომ დადასტურებულად ცნო ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელე იყო საჯარო მოსამსახურე და მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მარტვილის საგადასახადო ინსპექციაში ...........-ად, რომელიც 01.09.99წ. გათავისუფლებულ იქნა დაკავებული თანამდებობიდან შტატების შემცირების გამო. “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, მოხელეებსა და დამხმარე მოსამსახურეებზე ასევე ვრცელდება საქართველოს შრომის კანონმდებლობა. “შრომის კანონთა კოდექსის” 96-ე მუხლის თანახმად კი: “მუშას ან მოსამსახურეს, მისი დათხოვნისას, საწარმოსაგან, დაწესებულებისაგან, ორგანიზაციისაგან კუთვნილი მთელი თანხა ეძლევა დათხოვნის დღეს”. ის ფაქტი, რომ თ. ს-ას სახელფასო დავალიანება შეადგენს 299 ლარსა და 94 თეთრს, რომელიც სამსახურიდან დათხოვნისას მას არ მიუღია, უდავოდ დადასტურებულად ცნო საქალაქო სასამართლომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ფოთის საგადასახადო ინსპექციის უფროსის, გ. ჭ-ას 17.03.06წ. ცნობით, სადაც აღიარებული იყო, რომ თ. ს-ას დავალიანება შეადგენდა 298 ლარს.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 27.09.06წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ფოთის საგადასახადო ინსპექციამ და აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.03.07წ. განჩინებით საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.04.07წ. განჩინებით არ დაკმაყოფილდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ფოთის საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი, უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატა სრულად დაეთანხმა ფოთის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და სამართლებრივ შეფასებებს და ამავე დროს ჩათვალა, რომ აპელანტმა ვერ დაასაბუთა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე და განაპირობა არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა. ამასთან, აპელანტმა სააპელაციო საჩივრით ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და დასკვენები.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფოთის საგადასახადო ინსპექციამ საკასაციო საჩივრებით მიმართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლებმაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.04.07წ. განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით თ. ს-თვის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორებმა მიუთითეს, რომ აღნიშნული სადავო წლების სახელფასო დავალიანებები აღებულია სახელმწიფოს შიდა ვალად და შესაბამისად, ტარდება ღონისძიებები აღნიშნული წლების პერიოდულად დაფარვისათვის, კერძოდ, 2000 წლიდან 2006 წლის 1 იანვრამდე “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 137-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წინა წლებში წარმოქმნილი სახელფასო დავალიანებების ანაზღაურება შეჩერდა 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის მიღებამდე, ხოლო “2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, წინა წლებში წარმოქმნილი ფაქტობრივი დავალიანების დასაფარავად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს 2006 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციებისათვის ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის შესაბამისი მუხლით დამტკიცებული სახსრები იმ პირობით, რომ არ იქნებოდა დაშვებული (აღნიშნული მუხლის მიხედვით) ახალი დავალიანებების დაგროვება. აღნიშნული მოტივაცია დაფიქსირებულია აგრეთვე “საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლითაც, სადაც აღნიშნული პრინციპის დარღვევისათვის გათვალისწინებულია ხელმძღვანელი პირის პასუხისმგებლობაც. ასეთ პირობებში კი ფოთის საგადასახადო ინსპექციისათვის 297.94 ლარის მოსარჩელისათვის გადახდის დავალდებულება გამოიწვევს ახალი დავალიანების წარმოქმნას, რაც ეწინააღმდეგება “სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის ძირითად პრინციპებს. ამასთან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფოთის საგადასახადო ინსპექციამ აღნიშნა, რომ არ გააჩნია დამოუკიდებელი სახელფასო ფონდი და შესაბამისად, ვერ აანაზღაურებს მოსარჩელის სახელფასო დავალიანებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 18.06.07წ. და 26.07.07წ. განჩინებებით, სასკ-ის 34.3 მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა ფოთის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივრები. აღნიშნულ განჩინებებეზე მოსაზრებები წარმოადგინეს კასატორებმა და მიიჩნიეს, რომ მათი საკასაციო საჩივრები დასაშვებად უნდა იქნეს მიჩნეული საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის შესაბამისად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფოთის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფოთის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფოთის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.