Facebook Twitter

¹ბს-535-507(კ-06) 20 თებერვალი, 2007წ.

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა

საკასაციო პალატამ

შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),

ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 3 თებერვალს თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ვ. კ-მა მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2005 წლის 5 იანვრის ¹18-კ ბრძანების ბათილად ცნობა, ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა, მოპასუხისათვის იძულებითი განაცდურისა და წინა წლებში წარმოქმნილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურება.

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით ვ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2005 წლის 5 იანვრის ¹18-კ ბრძანება ვ. კ-ის გათავისუფლების ნაწილში და ვ. კ-ი აღდგენილ იქნა დათხოვნამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე; ვ. კ-ს აუნაზღაურდა იძულებით გაცდენილი დროის ხელფასი გათავისუფლების დღიდან თანამდებობაზე აღდგენამდე; ვ. კ-ის სასარგებლოდ საბაჟო დეპარტამენტს დაეკისრა 1998-2003 წლის სახელფასო დავალანების _ 2724 ლარის გადახდა (ს.ფ. 42-44).

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 28 აპრილის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება (ს.ფ. 60-68).A

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ს.ფ. 71-72).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 12 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 28 აპრილის განჩინება უცვლელად დარჩა ვ. კ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2005 წლის 5 იანვრის ¹18-კ ბრძანების ბათილად ცნობისა და მოსარჩელე ვ. კ-ის სასარგებლოდ მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტისთვის 1998-2003 წლების სახელფასო დავალიანების _ 2724 ლარის დაკისრების ნაწილში; დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული განჩინება გაუქმდა და საქმე ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოს (ს.ფ. 80-86).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა ვ. კ-ის სარჩელი, აღდგენილ იქნა დათხოვნამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე და აუნაზღაურდა იძულებითი განაცდური ხელფასი გათავისუფლების დღიდან თანამდებობაზე აღდგენამდე. ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ვ. კ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ა. ვ. კ-ის სასარჩელო მოთხოვნა ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ არ დაკმაყოფილდა; ბ. ვ. კ-ის სასარჩელო მოთხოვნა იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების ნაწილში დაკმაყოფილდა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს ვ. კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენის დღემდე _ 2005 წლის 18 აპრილამდე.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მოტივები მდგომარეობს შემდეგში:

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 2 დეკემბრის ¹775 ბრძანებით დამტკიცებული საშტატო განრიგის თანახმად, ცენტრალური აპარატის საშტატო რიცხოვნობა იყო 255 ერთეული და ახალ საშტატო განრიგში აღარ მოიხსენიებოდა .......... სამმართველო, ე.ი. ის სამსახური, სადაც გათავისუფლებამდე მსახურობდა ვ. კ-ი. სასამართლოს განმარტებით, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, მოხელე ექვემდებარებოდა სამსახურში აღდგენას სასამართლოს მიერ გათავისუფლებაზე ან გადაყვანაზე გაცემული ბრძანების არაკანონიერად აღიარების შემთხვევაში. სამუშაოზე აღდგენა უნდა მომხდარიყო იმავე (წინანდელ) თანამდებობაზე, რომელიც მუშაკს ეკავა გათავისუფლებამდე ანუ არაკანონიერად აღიარებული ბრძანების გამოცემამდე. “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი და საქართველოს შრომის კანონთა კოდექსი არ ითვალისწინებდა ფიზიკური პირის აღდგენას გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ვ. კ-ის დათხოვნამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ იურიდიულად არ იყო საკმაოდ დასაბუთებული და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტით ექვემდებარებოდა გაუქმებას. შესაბამისად, არ უნდა დაკმაყოფილებულიყო ვ. კ-ის მოთხოვნა ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ. სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2005 წლის 18 აპრილის ბრძანებით ვ. კ-ი აღდგენილ იქნა სამსახურში და დაინიშნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო რეჟიმების მონიტორინგის სამმართველოს .......... განყოფილების უფროსი ინსპექტორის თანამდებობაზე. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოცემულ დავის შემთხვევაში კანონიერ ძალაში იყო შესული და ბათილად იყო ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2005 წლის 5 იანვრის ¹18-კ ბრძანება, ხოლო თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება ვ. კ-ის დათხოვნამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში აღსრულდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2005 წლის 18 აპრილის ბრძანებით და მიიჩნია, რომ ვ. კ-ის სასარჩელო მოთხოვნა იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების ნაწილში უნდა დაკმაყოფილებულიყო, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს ვ. კ-ის სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურება თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენის დღემდე _ 2005 წლის 18 აპრილამდე (ს.ფ. 116-122).

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოსარჩელისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კასატორი დაუსაბუთებლად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გასაჩივრებულ ნაწილში იმ მოტივით, რომ იგი არ შეიცავს მითითებას სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველზე. აღნიშნული გარემოება კი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის აბსოლუტური საფუძველია (ს.ფ. 130-132).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე და განაპირობა არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.