Facebook Twitter

ბს-535-513(კ-08) 12 ნოემბერი, 2008წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე (მოსამართლეები)

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ გ. ჭ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თბილისის სააღსრულებო ბიურო (მოპასუხე)

დავის საგანი _ აუქციონის შედეგების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 9 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

გ. ჭ-ემ 2005 წლის 25 ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სააღსრულებო ბიუროს მიმართ, აუქციონის შედეგების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

მოსარჩელემ განმარტა, რომ მან 2000 წლის 25 ივლისს კანონით დადგენილი წესით მიიღო გარდაცვლილი მეუღლის მემკვიდრეობა, კერძოდ, საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქ. თბილისში, ......... , მე-...... მ/რ, 3 კვ., კორპ. 47, ბინა 16. მემკვიდრეობის მიღებისთანავე გააფორმა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება ს. ჟ-თან, რომლის უზრუნველსაყოფადაც იპოთეკით დაიტვირთა ზემოაღნიშნული უძრავი ქონება. აღნიშნული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ს. ჟ-მა სარჩელით მიმართა გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოს. 2002 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებით გაუქმდა გ. ჭ-ის გამოუცხადებლობის გამო, ამავე სასამართლოს მიერ მიღებული 2001 წლის 12 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე გადაწყვეტილებით გ. ჭ-ეს დაეკისრა ს. ჟ-ის სასარგებლოდ 3100 აშშ დოლარის გადახდა. მოსარჩელემ მიუთითა, რომ კანონიერ ძალაში შესული ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე სააღსრულებო წარმოება ჩატარდა კანონდარღვევით, კერძოდ, მისთვის უცნობი იყო აუქციონის ჩატარების დროისა და ადგილის თაობაზე და მხოლოდ 2005 წლის 10 ივლისს გახდა მისთვის ცნობილი კუთვნილი ბინის გაყიდვის შესახებ. მოსარჩელის მოსაზრებით, აღნიშნულით დაირღვა “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლი, რადგან მას წაერთვა უფლება, მონაწილეობა მიეღო აუქციონის ჩატარებაში და დაეცვა საკუთარი უფლებები. მისი განმარტებით, აღმასრულებელმა არ მისცა მას საშუალება, ბინა გაეყიდა ისეთ ფასში, რომ გაესტუმრებინა ვალი და თვითონაც უსახლკაროდ არ დარჩენილიყო. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ მოპასუხემ დაარღვია “სააღსრულებო წარმოებათა სესახებ” საქართველოს კანონის მე-18-19, 67-77-ე მუხლების მოთხოვნები, რის გამოც მან მოითხოვა აუქციონის შედეგების გაუქმება.

მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო ბიუროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მხარეს სარჩელი აღძრული ჰქონდა კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადის დარღვევით, რის გამოც მოთხოვნა იყო ხანდაზმული და სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩართულ იქნენ ს. ჟ-ი და თ. ნ-ა.

მესამე პირმა _ თ. ნ-ამ მხარი დაუჭირა მოპასუხის წარმომადგენლის პოზიციას და მიუთითა, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით გ. ჭ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება დასაბუთებულია შემდეგი მოტივებით:

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2000 წლის 25 ივლისს გ. ჭ-ესა და ს. ჟ-ს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება ერთი წლის ვადით, სესხის სახით გაიცა 3900 აშშ დოლარი და მისი უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა გ. ჭ-ის საკუთრებაში არსებული ბინა, მდებარე ქ. თბილისში, ....... , მე-....... მ/რ-ნი, 3 კვ., კორპ. 47, ბინა 16.

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 18 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით გაუქმდა 2001 წლის 12 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ს. ჟ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა _ მოპასუხე გ. ჭ-ეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 3100 აშშ დოლარის გადახდა.

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო ბიუროს 2003 წლის 2 სექტემბრის ¹0123/5056 შეტყობინებით ეცნობა იმის თაობაზე, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში იყო გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს მიერ 2003 წლის 15 მაისს გაცემული ¹2/152 სააღსრულებო ფურცელი და აუქციონის დროისა და ადგილის შესახებ ეცნობებოდა დამატებით. სასამართლოს განმარტებით, საქმის მასალებიდან გამომდინარე, აღნიშნულ ფაქტს თავად მოსარჩელეც არ უარყოფდა. ამასთან, სასამართლომ მიუთითა ადმინისტრაციულ საქმეზე თანდართულ ¹2/743-05 სამოქალაქო საქმის მასალებზე და განმარტა, რომ აღნიშნული საქმის მასალებით დასტურდებოდა ის გარემოება, რომ გ. ჭ-ეს ჩაჰბარდა 2004 წლის 9 ივლისს დანიშნული სასამართლო სხდომის თაობაზე უწყება და სასარჩელო განცხადება თანდართული დოკუმენტებით, რომელსაც ერთვოდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2004 წლის 2 ივნისის ¹01/23 განკარგულება, მასზედ, რომ გ. ჭ-ის სახელზე რიცხული უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისში (........), ........ , ....... მ/რ, კორპ. 47, ბინა 16, მესაკუთრე 2004 წლის 25 მაისის განმეორებითი საჯარო აუქციონის გზით გახდა მოქალაქე თ. ნ-ა, რომელმაც სარჩელი აღძრა გ. ჭ-ის წინააღმდეგ, ზემოღნიშნული საცხოვრებელი ბინიდან მოპასუხის თანმხლებ პირებთან ერთად გამოსახლების თაობაზე. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 19 ივლისის ¹2/743-04 დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა თ. ნ-ას სარჩელი და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ბინიდან, მდებარე ქ. თბილისში, ....... , მე-....... მ/რ, 3 კვ., კორპ. 47, ბინა 16, გ. ჭ-ის თანმხლებ პირებთან ერთად გამოსახლების თაობაზე.

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ საქმის მასალებით დასტურდებოდა ხსენებული გადაწყვეტილების მოპასუხისათვის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარების ფაქტი, რის გამოც გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, კანონით დადგენილი წესით მოსარჩელე გ. ჭ-ე თანხმლებ პირებთან ერთად გამოსახლებულ იქნა ზემოთ ხსენებული ბინიდან.

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე გ. ჭ-თვის სადავოდ გახდარი აუქციონის მიმდინარეობისა და შედეგების თაობაზე ცნობილი იყო ჯერ კიდევ ¹2/743-05 სამოქალაქო საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეს გაშვებული ჰქონდა “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლით დადგენილი აღმასრულებლის მოქმედების გასაჩივრებისათვის დადგენილი ერთთვიანი ვადა, რადგან მითითებული ვადის ათვლა დაიწყო იმ მომენტიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა ან უნდა გამხდარიყო მისი უფლების დარღვევის შესახებ. აღნიშნულის გათვალისწინებით, სარჩელი იყო ხანდაზმული და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ჭ-ემ და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 9 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის შეფასებები და დასკვნები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და არ დაეთანხმა აპელანტ გ. ჭ-ის მოსაზრებას იმის სესახებ, რომ, რადგან გ. ჭ-ეს 2004 წლის 9 ივლისს ჩაჰბარდა თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2004 წლის 2 ივნისის ¹01/23 განკარგულების ასლი და არა დედანი, შესაბამისად, მას არ ჰქონდა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის მე-18 მუხლის მიხედვით დადგენილი ერთთვიანი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გაშვებული. სააპელაციო პალატამ მიუთითა ხსენებული კანონის 75.1 მუხლზე და განმარტა, რომ აღნიშნული ნორმის თანახმად, აუქციონზე შეძენილ უძრავ ქონებაზე უფლების დამადასტურებელ საბუთს _ სააღსრულებო განკარგულებას აღმასრულებელი გადასცემს მხოლოდ უფლებამოსილ პირს _ ქონების შემძენს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვალეს (უძრავი ქონების თავდაპირველ მესაკუთრეს) არ უნდა გადასცემოდა განკარგულების დედანი. ამრიგად, სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ გასაჩივრების ვადის ათვლა უნდა დაწყებულიყო 2004 წლის 9 ივლისიდან, როდესაც გ. ჭ-ეს ჩაჰბარდა თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2004 წლის 2 ივნისის ¹01/23 განკარგულების ასლი, ხოლო აპელანტის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს არ არსებობდა 2004 წლის 25 მაისის განმეორებითი საჯარო აუქციონის ოქმი, სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სააღსრულებო საქმე, სადაც ხსენებული ოქმი უნდა ყოფილიყო თავდაპირველად, ვერ იძებნებოდა, მაგრამ მოგვიანებით, იგი მოძიებულ იქნა თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ და სრულად იქნა წარმოდგენილი მისი ასლები. აღნიშნული საქმის მასალებითვე დგინდებოდა, რომ 2004 წლის 25 მაისის განმეორებითი საჯარო აუქციონის შესახებ გამოქვეყნებული იყო ინფორმაცია გაზეთში და მის შესახებ გაფრთხილებული იყო ასევე გ. ჭ-ის შვილი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 9 იანვრის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა გ. ჭ-ემ. კასატორმა მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იყო დაუსაბუთებელი, უკანონო და უნდა გაუქმებულიყო, რადგან, “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის მე-18 მუხლის თანახმად, მართალია, დადგენილი იყო აღმასრულებლის მოქმედების გასაჩივრების ერთთვიანი ვადა, თუმცა აღნიშნული ვადის ათვლა უნდა დაწყებულიყო ამავე კანონის 29-ე მუხლის თანახმად, აღმასრულებლის მიერ შედგენილი სააღსრულებო მოქმედების შესრულების შესახებ ოქმის ასლის მოვალისათვის გადაცემიდან, ამ შემთხვევაში, აუქციონის ჩატარების შესახებ ოქმის გადაცემიდან; ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ მას “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადა არ აქვს დარღვეული, რის გამოც მისი მოთხოვნა საფუძვლიანია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაბუთებულობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და მოცემულ საქმეზე უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 9 იანვრის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, გ. ჭ-ესა და ს. ჟ-ს შორის 2000 წლის 25 ივლისს გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება ერთი წლის ვადით, სესხის სახით გაიცა 3900 აშშ დოლარი და მისი უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა გ. ჭ-ის საკუთრებაში არსებული ბინა, მდებარე ქ. თბილისში, ......... , მე-....... მ/რ-ნი, 3 კვ., კორპ. 47, ბინა 16.

ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 18 იანვრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ს. ჟ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა _ მოპასუხე გ. ჭ-ეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 3100 აშშ დოლარის გადახდა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს სასამართლო აღმასრულებლის 2004 წლის 2 ივნისის ¹0423 განკარგულებით გ. ჭ-ის სახელზე რიცხული ბინა მდებარე ქ. თბილისი (........) ....... , მე-...... მ/რ, მე-3 კვარტ. კორპ. 47, ბინა 16 განმეორებით საჯარო აუქციონზე საკუთრებაში გადაეცა თ. ნ-ას; თ. ნ-ამ 2004 წლის 28 ივნისს სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. ჭ-ის მიმართ და მოითხოვა მისი გამოსახლება სადავო ბინიდან. როგორც საქმის მასალებით ირკვევა თ. ნ-ას სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლები (მათ შორის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2004 წლის 2 ივნისის ¹0423 განკარგულება გ. ჭ-ის კუთვნილი ბინის განმეორებით საჯარო აუქციონზე ნ-ას მიერ შეძენის თაობაზე) ჩაბარდა გ. ჭ-ეს პირადად (სამოქალაქო საქმე ¹2/743-04, ს.ფ. 7; 9). თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 27 თებერვლის სხდომაზე. გ. ჭ-ემ განმარტა, რომ ზემოაღნიშნულ საფოსტო გზავნილებზე ხელმოწერა მას ეკუთვნის (ს.ფ. 104-105).

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გ. ჭ-თვის სადავოდ გახდარი აუქციონის შედეგების თაობაზე ცნობილი იყო ჯერ კიდევ ¹2/743-05 სამოქალაქო საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ე.ი. 2004 წლის 19 ივლისამდე; ხოლო ამ შედეგების ბათილად ცნობის მოთხოვნით კი გ. ჭ-ემ სასამართლოს სარჩელით მიმართა 2005 წლის ივლისში ე.ი. ერთი წლის შემდეგ. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ გ. ჭ-ეს გაშვებული ჰქონდა “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლით დადგენილი აღმასრულებლის მოქმედების გასაჩივრებისათვის დადგენილი ერთთვიანი ვადა. ამ ნორმის თანახმად, კრედიტორსა და მოვალეს უფლება აქვთ გაასაჩივრონ სასამართლო აღმასრულებლის მოქმედება სასამართლოში სააღსრულებო მოქმედების განხორციელებიდან ერთი თვის ვადაში. ვადის ათვლა იწყება იმ მომენტიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა ან უნდა გამხდარიყო მისი უფლების დარღვევის შესახებ. ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ გ. ჭ-ის სარჩელი სწორად მიიჩნია ხანდაზმულად.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ ასევე სწორად არ გაიზიარა გ. ჭ-ის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს არ არსებობდა 2004 წლის 25 მაისის განმეორებითი საჯარო აუქციონის ოქმი. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ სააღსრულებო საქმე, სადაც ხსენებული ოქმი უნდა ყოფილიყო თავდაპირველად, ვერ იძებნებოდა, მაგრამ მოგვიანებით, იგი მოძიებულ იქნა თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ და სრულად იქნა წარმოდგენილი მისი ასლები. აღნიშნული საქმის მასალებითვე დგინდება, რომ 2004 წლის 25 მაისის განმეორებითი საჯარო აუქციონის შესახებ გამოქვეყნებული იყო ინფორმაცია გაზეთში და მის შესახებ გაფრთხილებული იყო ასევე გ. ჭ-ის შვილი.

ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს მოცემული დავის გადაწყვეტისას კანონი არ დაურღვევია, რის გამოც გ. ჭ-ის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 9 იანვრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.