¹ბს-536-508 (კ-06) 10 აპრილი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები _ კასპის საგანმანათლებლო რესურსცენტი (მოპასუხე), კასპის ¹.... საშუალო სკოლა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ვ. ჯ-ი (მოსარჩელე)
სარჩელზე მოპასუხე _ ქ. კასპის გამგეობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.05.06წ. გადაწყვეტილება
დავის საგანი _ დასახიჩრების შედეგად მიყენებული ზარალის და ყოველთვიური სარჩოს გადახდა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
31.05.04წ. ვ. ჯ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა კასპის რაიონულ სასამართლოს. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ შრომითი მოვალეობის შესრულებისას 29.11.77წ. მიიღო ტრავმა კასპის ¹.... საშუალო სკოლაში, რის შემდეგაც გახდა შრომისუუნარო. კასპის რაიონის განათლების განყოფილება ზიანის ასანაზღაურებელ ყოველთვიურ თანხას უხდიდა 1994 წლის სექტემბრამდე. მოსარჩელემ მოპასუხეებისათვის 6576.35 ლარის ოდენობით მიუღებელი თანხის ანაზღაურების და ყოველთვიურად 62.55 ლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა.
მოპასუხე კასპის რაიონის განათლების განყოფილებამ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ვ. ჯ-ს უნაზღაურებდა საწარმოო დასახიჩრებით მიყენებულ ზარალს. დაახლოებით 10 წელია თანხას აღარ გასცემდა იმის გამო, რომ ვ. ჯ-მა არ წარუდგინა საჭირო საბუთები, რომელთა წარმოდგენაც მის ვალდებულებას შეადგენდა. მოპასუხემ აღნიშნა, რომ ზიანი უნდა ანაზღაურებოდა განცხადების შეტანის დღიდან. მოპასუხის განმარტებით, კასპის ¹.... საშუალო სკოლის ფინანსური მომსახურება გადაეცა კასპის ქალაქის გამგეობას 1999 წლის 1 იანვრიდან. მოპასუხემ აღნიშნა აგრეთვე, რომ მოსარჩელეს მისთვის არ მიუმართავს და თანხის მიღებისთვის საჭირო საბუთები 1994 წლის შემდეგ აღარ წარუდგენია.
კასპის რაიონული სასამართლოს 06.09.04წ. გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეებს ქ. კასპის გამგეობას, კასპის განათლების განყოფილებას და კასპის ¹... საშუალო სკოლას მოსარჩელე ვ. ჯ-ის სასარგებლოდ დაეკისრათ დასახიჩრების შედეგად მიყენებული ზიანის 5950.85 ლარის ოდენობით ერთდროულად ანაზღაურება, ხოლო 2004 წლის 1 ოქტომბრიდან ყოველთვიურად 62.55 ლარის გადახდა.
კასპის რაიონული სასამართლოს 06.09.04წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. კასპის გამგეობამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 04.05.06წ. გადაწყვეტილებით ქ. კასპის გამგეობის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კასპის რაიონული სასამართლოს 06.09.04წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, გადაწყვეტილებიდან ამოირიცხა მითითება ქ. კასპის გამგეობისათვის ვ. ჯ-ის სასარგებლოდ დასახიჩრების შედეგად მიყენებული ზარალის და ყოველთვიური სარჩოს გადახდის მოვალეობის დაკისრების შესახებ, დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა რაიონული სასამართლოს დასკვნა მიყენებული ზიანის კასპის რაიონის გამგეობისათვის დაკისრების თაობაზე. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 08.02.99წ. ¹48 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,შრომითი მოვალეობების შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის" მე-3 პუნქტის თანახმად, სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად მუშაკისათვის ზიანის ანაზღაურების მოვალეობა ეკისრებოდა დამქირავებელს, რომელთანაც მუშაკი იმყოფებოდა შრომით ურთიერთობაში ჯანმრთელობის დაზიანების დროს. სააპელაციო პალატის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში ქ. კასპის გამგეობა მოსარჩელესთან შრომით ურთიერთობაში არ იმყოფებოდა და შესაბამისად მას ვ. ჯ-ის ჯანმრთელობისათვის შრომითი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოვალეობა არ უნდა დაკისრებოდა.
სააპელაციო პალატის 04.05.06წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს კასპის ¹.... საშუალო სკოლამ და კასპის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა.
კასატორმა ქ. კასპის ¹.... საჯარო სკოლამ აღნიშნა, რომ კასპის ¹.... საშუალო სკოლას მოსარჩელისათვის არასოდეს გადაუხდია ზიანის ასანაზღაურებლად რაიმე თანხა, შესაბამისად მისგან კასპის ¹... საჯარო სკოლას მემკვიდრეობით არაფერი მიუღია. კასპის მე-... საშუალო სკოლაში ვ. ჯ-ის მუშაობის დროს სკოლა განათლების სამინისტროსადმი დაქვემდებარებული რაიგანყოფილებაზე დაქვემდებარებული სასწავლო რგოლი იყო, სადაც მასწავლებელს ნიშნავდა არა სკოლის დირექტორი, არამედ განათლების განყოფილების გამგე. აღნიშნულის გათვალისწინებით კასატორი თვლის, რომ ვ. ჯ-ი იყო განათლების განყოფილების მიერ დაქირავებული მუშაკი და ტრავმის მიღების შემთხვევაში მისთვის ზარალი უნდა აენაზღაურებინა სწორედ დამქირავებელს, რომელიც 1971 წლიდან 1994 წლის სექტემბრამდე უხდიდა კიდეც მის სარჩოს. კასპის მე-... საშუალო სკოლა არ იყო დამოუკიდებელი დაწესებულება, რის გამო მას არ შეეძლო და არც იყო ვალდებული ვ. ჯ-ვის აენაზღაურებინა ხელფასი ან ზარალი. კასპის მე-... საშუალო სკოლას არ გააჩნდა რაიმე დავალიანება მოსარჩელის მიმართ და მის სამართალმემკვიდრეს - ¹... საჯარო სკოლას მისგან რაიმე ვალდებულება არ გადასცემია. კასატორის განმარტებით, 2005 წლის 1 ოქტომბრიდან სკოლა გახდა დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის საბანკო ანგარიშზე თანხა ირიცხება ცენტრალური ბიუჯეტიდან სკოლაში ჩარიცხულ მოსწავლეთა ოდენობის მიხედვით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოყოფილი ვაუჩერების საფუძველზე. ვაუჩერით მიღებული სახსრები თვით სკოლის მუშაკთა ხელფასებისთვისაც არ არის საკმარისი. ამასთანავე, ვაუჩერის თანხა კანონმდებლობის შესაბამისად, მხოლოდ სკოლის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას უნდა მოხმარდეს. კასატორი თვლის, რომ უფრო მართებული იქნებოდა სადავო თანხის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის დაკისრება.
კასატორი კასპის საგანმანათლებლო რესურსცენტრი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ განათლების განყოფილების რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბდა კასპის საგანმანათლებლო რესურსცენტრი, რომლის ბიუჯეტშიც გათვალისწინებული არ იყო სადავო თანხა. 2005 წლის 1 ოქტომბრიდან სკოლები გახდნენ დამოუკიდებელი იურიდიული პირები, ფინანსდებიან ვაუჩერით, აქვთ ცალკე ბიუჯეტი და ემსახურებათ ბუღალტერი. კასატორმა დაკისრებული თანხის გადახდის მოვალეობისაგან განთავისუფლება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 31.10.06წ. განჩინებით კასპის ¹... საჯარო სკოლის და კასპის განათლების განყოფილების (რესურსცენტრის) საკასაციო საჩივრები ასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული. მხარეებს მიეცათ უფლება დასაშვებობის შესახებ წარმოედგინათ მოსაზრებები. მხარეებს მოსაზრებები არ წარმოუდგენიათ. სსკ-ის 408-ე მუხლის მე3 ნაწილის საფუძველზე, საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე იქნა განხილული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. საქმეზე დადგენილად არის ცნობილი და მხარეებიც არ დავობენ, რომ ტრავმის მიღების შემდეგ ვ. ჯ-ვის ზიანის ანაზღაურებას 1994 წლის სექტემბრამდე ახდენდა კასპის რაიონის განათლების განყოფილება. საქმეში მოპასუხედ ჩაბმული კასპის საგანმანათლებლო რესურსცენტრი არის განათლების განყოფილების უფლებამონაცვლე (სსკ-ის 192-ე მუხ.). საპროცესო უფლებამონაცვლეობის საფუძველია უფლებამონაცვლეობა მატერიალურ სამართალში. ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების რეორგანიზაციისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრების შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 22.12.05წ. ¹233 დადგენილების საფუძველზე ქ. კასპის განათლების განყოფილება რეორგანიზებულ იქნა ქ. კასპის საგანმანათლებლო რესურსცენტრად. რეორგანიზაციის შედეგად შექმნილ ახალ სუბიექტზე მთლიანად გადადის მისი წინამორბედის უფლება-მოვალეობები. მატერიალური სამართლის მიხედვით რესურსცენტრის უფლებამონაცვლეობა დავას არ იწვევს, წინააღმდეგ შემთხვევაში დაუშვებელი იქნებოდა საპროცესო უფლებამონაცვლეობაც. საქართველოს მთავრობის 24.03.07წ. ¹53 დადგენილებით დამტკიცებული ,,შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესის" 2.3 მუხლის თანახმად, დანიშნული ზიანის ანაზღაურების ყოველთვიური სარჩოს გაცემის ვალდებულება წყდება დამსაქმებლის (მათ შორის სამინისტროს, საქვეუწყებო დაწესებულების, სტრუქტურული ერთეულის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის) გაკოტრების ან ლიკვიდაციის შემთხვევაში. ვინაიდან საქართველოს მთავრობის 22.12.05წ. ¹233 დადგენილებით განხორციელდა განათლების განყოფილების არა ლიკვიდაცია, არამედ საგანმანათლებლო რესურსცენტრად რეორგანიზაცია, რესურსცენტრის პროცესუალური და მატერიალური უფლებამონაცვლეობა დავას არ იწვევს, შესაბამისად არ არსებობს ზიანის ანაზღაურების ყოველთვიური სარჩოს გაცემის ვალდებულების შეწყვეტის საფუძველი, რესურსცენტრს უნდა დაეკისროს ზიანის ანაზღაურების მოვალეობის შესრულება, რომელიც მანამდე დაკისრებული ჰქონდა მის უფლებამონაცვლეს - განათლების განყოფილებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ რესურსცენტრის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო კასპის ¹... საშუალო სკოლის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. კასპის რესურსცენტრის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. კასპის ¹.... საშუალო სკოლის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.05.06წ. გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც კასპის ¹.... საშუალო სკოლას ვ. ჯ-ის სასარგებლოდ დასახიჩრების შედეგად მიყენებული ზარალის და ყოველთვიური სარჩოს გადახდის მოვალეობა დაეკისრა;
3. დანარჩენ ნაწილში გადაწვეტილება დარჩეს უცვლელად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.