¹ბს-537-513(2კ-07) 12 სექტემბერი, 2007 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფოთის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 11 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 19 ივნისს გ. გ.-მ და ვ. ზ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართეს ლანჩხუთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ფოთის საგადასახადო ინსპექციის მიმართ და სახელფასო დავალიანების ანაზღაურება მოითხოვეს.
მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ გ. გ.-ე მუშაობდა ფოთის საგადასახადო ინსპექციაში ...-ის თანამდებობაზე და 2001 წლის 25 ივნისს გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, ხოლო ვ. ზ.-ი მუშაობდა იმავე საგადასახადო ინსპექციაში ...-ის თანამდებობაზე და 2004 წლის 25 სექტემბერს გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. მოპასუხეს გააჩნდა გ. გ.-ის სახელფასო დავალიანება 990,16 ლარის და ვ. ზ.-ის სახელფასო დავალიანება 1132,50 ლარის ოდენობით.
ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 21 ივლისის განჩინებით მოცემული საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ფოთის საქალაქო სასამართლოს.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით გ. გ.-ისა და ვ. ზ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ფოთის საგადასახადო ინსპექციას გ. გ.-ის სასარგებლოდ 990,16 ლარის, ხოლო ვ. ზ.-ის სასარგებლოდ 1032,50 ლარის სახელფასო დავალიანების ანაზღაურება დაეკისრა.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლზე, რომლის თანახმად, საჯარო მოსამსახურე არის საქართველოს მოქალაქე, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით დაკავებული თანამდებობის შესაბამისად ეწევა ანაზღაურებად საქმიანობას სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებაში, ანუ მას ეძლევა შესაბამისი შრომითი გასამრჯელო.
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში არსებული მასალებით უტყუარად იყო დადასტურებული, რომ მოსარჩელეები იყვნენ საჯარო მოსამსახურეები, კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი შრომის წიგნაკების ასლებითა და ფოთის საგადასახადო ინსპექციის მიერ გაცემული შესაბამისი ცნობებით დასტურდებოდა, რომ გ. გ.-ე 1994 წლის 1 ნოემბრიდან 2001 წლის 15 ივნისამდე მუშაობდა ლანჩხუთის საგადასახადო ინსპექციაში ...-ის თანამდებობაზე, ხოლო ვ. ზ.-ი მუშაობდა ასევე ლანჩხუთის საგადასახადო ინსპექციაში ...-ის თანამდებობაზე, საიდანაც გათავისუფლდა 2004 წლის 25 სექტემბერს.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ გ. გ.-ის მიმართ სახელფასო დავალიანების _ 990,16 ლარისა და ვ. ზ.-ის მიმართ სახელფასო დავალიანების _ 1032,50 ლარის არსებობა დასტურდებოდა საქმეში არსებული ფოთის საგადასახადო ინსპექციის უფროსის 2006 წლის 16 ივნისს გაცემული ცნობებით, რომლებითაც აღიარებულ იქნა სახელფასო დავალიანების არსებობა.
აღნიშნული გადაწყვეტილება ფოთის საგადასახადო ინსპექციამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 2 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მოცემულ საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 11 აპრილის განჩინებით ფოთის საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მტკიცება სახელფასო დავალიანების ფოთის საგადასახადო ინსპექციისათვის დაკისრების შესახებ, ვინაიდან “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის თანახმად, მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი).
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ფოთის საქალაქო სასამართლომ მართებულად დააკმაყოფილა სარჩელი, ხოლო აპელანტმა ვერ დაასაბუთა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა, რაც არსებითად იმოქმედებდა საქმის განხილვის შედეგზე და განაპირობებდა არასწორი განჩინების მიღებას, რის გამოც სააპელაციო საჩივარი იყო დაუსაბუთებელი და ამდენად, არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 11 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული განჩინება უსაფუძვლოა, ვინაიდან შესაბამისი წლების სახელფასო დავალიანებები აღებულია სახელმწიფოს შიდა ვალად და, შესაბამისად, ტარდება ღონისძიებები აღნიშნული ვალების პერიოდულად დაფარვისათვის, ხოლო გ. გ.-სათვის 990,16 ლარისა და ვ. ზ.-სათვის 1132,50 ლარის გადახდის დაკისრება ფოთის საგადასახადო ინსპექციისათვის გამოიწვევს ახალი დავალიანების წარმოქმნას.
კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რის გამოც სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძველი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 11 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ფოთის საგადასახადო ინსპექციამაც, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორის განმარტებით, ფოთის საგადასახადო ინსპექციას არ გააჩნია დამოუკიდებელი სახელფასო ფონდი, რის გამოც მოსარჩელეებს ვერ აუნაზღაურებს სახელფასო დავალიანებას, ხოლო სააპელაციო სასამართლომ დაარღვია “საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის მე-8 მუხლი, რომელიც იმპერატიულად განსაზღვრავს დავალიანებების დაფარვის პროცედურას საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით, რის გამოც სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, რადგან მხოლოდ აღნიშნულ ორგანოთა კომპეტენციაში შედის სახელფასო დავალიანებების გადახდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 18 და 25 ივნისის განჩინებებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფოთის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივრები; მხარეებს მიეცათ უფლება, 2007 წლის 18 და 25 ივნისის განჩინებების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივრები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2007 წლის 12 სექტემბრამდე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფოთის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებდა საქმის განხილვის შედეგზე და განაპირობებდა არასწორი განჩინების მიღებას. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფოთის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 11 აპრილის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.