ბს-538-516(კ-08) 8 ოქტომბერი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მარიამ ცისკაძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
23.10.07წ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა ზ. უ-ემ და 4320 ლარის ერთჯერადი (გასასვლელი) დახმარების ანაზღაურება მოითხოვა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 19.09.05წ. ¹728 განკარგულების თანახმად, დათხოვნილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან და ჩარიცხულ იქნა რეზერვში და დაენიშნა სამხედრო პენსია. “ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, შეიარაღებული ძალების ვეტერანებს უწესდებოდათ უფლებები და შეღავათები. მოსარჩელის თანამდებობრივი და წოდებრივი ფულადი სარგო სამსახურიდან გათავისუფლების დროს შეადგენდა 360 ლარს. 2006წ. მიმართა მოპასუხეს თანამდებობრივი სარგოს თორმეტმაგი ოდენობით გამოსასვლელი დახმარების ანაზღაურების თხოვნით, რაზეც უარი განუცხადეს იმ მოტივით, რომ საქართველოს პრეზიდენტის 05.11.04წ. ¹493 ბრძანებულების 331 – ე მუხლის მოქმედება 2006 წლის 1 იანვრამდე შეჩერებული იყო და მის მიმართ არ ვრცელდებოდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.11.07წ. გადაწყვეტილებით ზ. უ-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ზ. უ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 4320 ლარის გასასვლელი დახმარების ანაზღაურება. სასამართლომ აღნიშნა, რომ ზ. უ-ე 1969 წლიდან გადიოდა სამხედრო სამსახურს შეიარაღებულ ძალებში და სამსახურიდან გათავისუფლებისას ნამსახური ჰქონდა 36 წელი და ერთი თვე. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ “საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 05.11.04წ. ¹493 ბრძანებულების 331 –ე და 33-ე პუნქტის “ე” ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა მიეღო გასასვლელი დახმარება ფულადი სარგოს თორმეტმაგი ოდენობით. ზემოაღნიშნული ბრძანებულების 331 – ე პუნქტით აღიარებულ იქნა უფლება, ხოლო 611 – ე პუნქტით განისაზღვრა უფლების რეალიზების მექანიზმი. ნორმის შეჩერებით სახელმწიფომ აღიარა ერთჯერადი ფულადი დახმარების მიღების უფლება, ხოლო უფლების რეალიზება გადაავადა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.11.07წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.03.08წ. განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.11.07წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევის გარეშე, ამასთან, სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.03.08წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ. კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი. ზ. უ-ე შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნილი იყო 19.09.05წ. საქართველოს პრეზიდენტის 05.11.04წ. ¹493 ბრძანებულების 331 – ე მუხლის მოქმედება შეჩერებული იყო 2006 წლის 1 იანვრამდე და შესაბამისად, აღნიშნული ნორმის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ 2006 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.