Facebook Twitter

ბს-539-515(კ-07) 26 ივლისი, 2007 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ლალი ლაზარაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფოთის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

07.07.06წ. ინდმეწარმე “ნ. პ-მ” სასარჩელო განცხადებით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს და 11 495.05 ლარის ოდენობით დღგ-ს ჩათვლა, მითითებულ თანხაზე დარიცხული 18 561.87 ლარის ოდენობით საურავისაგან გათავისუფლება და აღნიშნული თანხის ნაწილში ფოთის საგადასახადო ინსპექციის 26.04.06წ. ¹04-01/167 საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობა მოითხოვა. მოსარჩელის განმარტებით, 2000-2002წწ. აჭარის ა.რ. ტერიტორიაზე არსებულ საგადასახადო ორგანოებში რეგისტრირებული მეწარმეებისაგან შეიძინა სხვადასხვა დასახელების საქონელი, ანგარიშსწორებისას გამოწერილი იქნა შესაბამისი ანგარიშ-ფაქტურები და მის მიერ საქონლის მომწოდებლებისათვის გადახდილი იქნა კუთვნილი დღგ-ს თანხა. მოპასუხე ორგანიზაციის მიერ 26.04.06წ. ¹04-01/167 საგადასახადო მოთხოვნით გადასახდელად დაეკისრა როგორც 11 495.05 ლარის ოდენობით დღგ-ს თანხა, ასევე საურავი. მოსარჩელემ მიუთითა, რომ ბათუმის საგადასახადო ინსპექციის მიერ გაცემული ცნობებით დასტურდებოდა პროდუქციის მომწოდებლების მიერ სადავო დღგ-ს თანხის ბიუჯეტში გადახდის ფაქტი.

მოპასუხე ფოთის საგადასახადო ინსპექციამ სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ საქართველოს ბიუჯეტში თანხა გადახდილად ითვლება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის ეროვნულ ბანკში გახსნილ სახაზინო ანგარიშზე ასახვის შემდეგ. მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტმა ამავე მოტივით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 15.08.2006წ. გადაწყვეტილებით ინდმეწარმე “ნ. პ-ს” სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, გადახდილად ჩაეთვალა 11 495.05 ლარის ოდენობით დღგ, განთავისუფლდა 18 561.87 ლარის ოდენობით საურავის გადახდისაგან და სადავო თანხის ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი ფოთის საგადასახადო ინსპექციის 26.04.06წ. ¹04-01/167 საგადასახადო მოთხოვნა.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 15.08.2006წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ფოთის საგადასახადო ინსპექციამ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.04.07წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს 15.08.2006წ. გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ 1997წ. საგადასახადო კოდექსის 114-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, დღგ-ს ჩათვლას ექვემდებარებოდა საქართველოს ბიუჯეტში გადახდილი დღგ-ს თანხა. ინდმეწარმე “ნ. პ-სათვის” მიწოდებულ საქონელზე პროდუქციის მიმწოდებლებს დღგ-ს თანხა გადახდილი ჰქონდათ. სააპელაციო სასამართლოს განცხადებით, “საბიუჯეტო სისტემებისა და საბიუჯეტო უფლემაბოსილებათა შესახებ” კანონის მე-6 მუხლის თანახმად საქართველოს საბიუჯეტო სისტემა მოიცავს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს, აფხაზეთისა და აჭარის ა/რ ბიუჯეტსა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებს, რის გამოც, სააპელაციო სასამართლოს აზრით, აჭარის ა.რ. ბიუჯეტიდან საქართველოს ბიუჯეტში თანხის ჩაურიცხაობა ინდმეწარმე “ნ. პ-სათვის” სადავო დღგ-ს გადასახდელად დაკისრების საფუძველს არ ქმნიდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.04.07წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფოთის საგადასახადო ინსპექციის მიერ.

კასატორმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ სადავო სამართალურთიერთობის დროს გადასახადის თანხის გადახდა განისაზღვრებოდა “საბიუჯეტო სისტემებისა და საბიუჯეტო უფლემაბოსილებათა შესახებ” კანონით, რომლის მე-9 მუხლის თანახმად, საბიუჯეტო სისტემის ყველა რგოლის შემოსავალი ფორმირდება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობითა და ამ კანონით განსაზღვრული წესით. ბიუჯეტის ყველა შემოსავალი უნდა აისახოს ეროვნულ ბანკში გახსნილ სახაზინო ანგარიშზე. კასატორის აზრით, ზემოხსენებული ნორმის საფუძველზე, დღგ-ს ჩათვლა შესაძლებელია მხოლოდ თანხის ეროვნულ ბანკში გახსნილ სახაზინო ანგარიშზე ასახვის შემდეგ. ბათუმის საგადასახადო ინსპექციის მიერ გაცემული ცნობებით არ დასტურდებოდა სადავო თანხის ეროვნულ ბანკში გახსნილ სახაზინო ანგარიშზე ასახვის ფაქტი. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფოთის საგადასახადო ინსპექციამ ანალოგიური მოტივაციით გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 18.06.07წ. განჩინებით საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული. მხარეებს განესაზღვრათ ვადა დასაშვებობის თაობაზე მოსაზრებების წარმოდგენისათვის.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა წარმოადგინა მოსაზრება, რომელშიც მიუთითა, რომ საკასაციო საჩივრები აკმაყოფილებენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და დასაშვებად უნდა იქნენ მიჩნეულნი.

ინდმეწარმე “ნ. პ-მ” წარმოადგინა მოსაზრება, რომლის თანახმად, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები ვერ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და აღნიშნულის გამო დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფოთის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან. საკასაციო სასამართლოს დღგ-ს ჩათვლასთან დაკავშირებით გააჩნია ჩამოყალიბებული ერთიანი პოზიცია და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. (იხ. მაგ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 27.09.05წ. განჩინება საქმე ¹ბს-665-252(კ-05); 22.11.05წ. განჩინება საქმე ¹ბს-852-438(კ-05)). აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივარში მოყვანილი დღგ-ს ჩათვლის გაუქმების მოტივები არ ქმნის საკასაციო საჩივრების განსახილველად დაშვების საფუძვლებს. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრების დაშვების საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფოთის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფოთის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად; 2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.