¹ბს-539-517(4კ-08) 23 ივლისი, 2008 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ტ. ჩ-ის, ქ. ჩ-ისა და თ. ჩ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2007 წლის 18 სექტემბერს ტ., ქ. და თ. ჩ-ებმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ, ფულადი დავალიანების ანაზღაურების თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებით ითხოვდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაკისრებოდა თ. ჩ-ის სასარგებლოდ: ფორმის ტანსაცმლისა და 2000 წლის გაუცემელი ხელფასის - 194.56 ლარის; ქ. ჩ-ის სასარგებლოდ- ფორმის ტანსაცმლისა და 1998-2000 წლების მიუღებელი ხელფასის – 1088,42 ლარის; ტ. ჩ-ის სასარგებლოდ - ფორმის ტანსაცმლისა და 1998-2000 წლების მიუღებელი ხელფასის – 1225,82 ლარის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით ტ., ქ. და თ. ჩ-ების სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა: თ. ჩ-ის სასარგებლოდ -სახელფასო დავალიანების - 194,56 ლარისა და სანივთე ქონების კომპენსაციის – 1143,78 ლარის გადახდა; ტ. ჩ-ის სასარგებლოდ - სახელფასო დავალიანების სახით – 1225,82 ლარისა და ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაციის სახით – 1143,78 ლარის გადახდა; ქ. ჩ-ის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების - 1088,42 ლარის გადახდა, ხოლო ქ. ჩ-ის მოთხოვნას, ქონების კომპენსაციის ანაზღაურების შესახებ, ეთქვა უარი უსაფუძვლობის გამო.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაცო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელეთათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ტ. ჩ-ის სარჩელი სანივთე ქონების კომპენსაციის – 1143,78 ლარის, სასურსათო ულუფის კომპენსაციის – 826,78 ლარის, თ. ჩ-ის სარჩელი სანივთე ქონების კომპენსაციის – 1143,78 ლარის, სასურსათო ულუფის კომპენსაციის – 59 ლარის, ქ. ჩ-ის სარჩელი სასურსათო ულუფის კომპენსაციის – 826 ლარის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა, დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
მითითებული გადაწყვტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ტ., ქ., თ. ჩ-ებმა და საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
კასატორი ტ. ჩ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 11 მარტის გადაწყვეტილების გაუქმებას კვების კომპენსაციის – 826 ლარისა და სანივთე ქონების კომპენსაციის – 1143,78 ლარის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების სრულად დაკმაყოფილებას.
კასატორი ქ. ჩ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 11 მარტის გადაწყვეტილების გაუქმებას კვების კომპენსაციის – 826 ლარის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების სრულად დაკმაყოფილებას.
კასატორი თ. ჩ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 11 მარტის გადაწყვეტილების გაუქმებას კვების კომპენსაციის – 59 ლარისა და სანივთე ქონების კომპენსაციის – 1143,78 ლარის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების სრულად დაკმაყოფილებას.
კასატორი საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 11 მარტის გადაწყვეტილების გაუქმებას მოსარჩელეებისათვის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელეებისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 22 მაისის და 29 მაისის განჩინებებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ტ. ჩ-ის, ქ. ჩ-ის, თ. ჩ-ისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრები; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 22 და 29 მაისის განჩინებების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად ზემოაღნიშნული საკასაციო საჩივრები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მოსაზრებებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა მისი საკასაციო საჩივრის დასაშვებად, ხოლო ტ., ქ., თ. ჩ-ების საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობა.
2008 წლის 17 ივნისს ტ., ქ. და თ. ჩ-ებმა მოსაზრებით მიმართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც მოითხოვეს საქართველოს თავადაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას, ტ. ჩ-ის, ქ. ჩ-ის, თ. ჩ-ისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრებს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ ტ. ჩ-ის, ქ. ჩ-ის, თ. ჩ-ისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან და სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევის გარეშე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ტ. ჩ-ის, ქ. ჩ-ის, თ. ჩ-ისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც აღნიშნულ საკასაციო საჩივრებს უარი უნდა ეთქვათ განსახილველად დაშვებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. უარი ეთქვათ ტ. ჩ-ეს, ქ. ჩ-ეს, თ. ჩ-ესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრების განსახილველად დაშვებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.