¹ბს-540-516(კ-07) 12 დეკემბერი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
სხდომის მდივანი – ქ. მაღრაძე
კასატორი - სს ,,ქ.-ა“
მოწინააღმდეგე მხარეები – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რესსტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახური; ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა; ...-ის სახელმწიფო უნივერსიტეტი
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 22 მარტის განჩინება
დავის საგანი – საჯარო რეესტრის ჩანაწერების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 3 მაისს სსიპ ,,ბათუმის საავიაციო ინსტიტუტმა” სარჩელით მიმართა ქობულეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის, ქობულეთის რაიონის გამგეობის, მესამე პირის - სს ,,ქ.-ის” მიმართ და მოითხოვა ქობულეთის რაიონის გამგეობის 2005 წლის 18 მარტის ¹32 განკარგულებისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2005 წლის 21 მარტის სარეგისტრაციო ჩანაწერის, რომლითაც უძრავი ქონების მესაკუთრედ ქ. ქობულეთში, ...-ის გამზ. ¹269-ში რეგისტრირებულ იქნა სს ,,ქ.-ა”.
ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 6 სექტემბრის განჩინებით მოსარჩელე სსიპ ,,ბათუმის საავიაციო ინსტიტუტის” უფლებამონაცვლედ ჩართულ იქნა ...-ის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ...-ის სახელმწიფო უნივერსიტეტის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ქობულეთის რაიონის გამგებლის 2005 წლის 18 მარტის ¹32 განკარგულების ბათილად ცნობის ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება მოსარჩელის მიერ ამ ნაწილში სარჩელზე უარის თქმის გამო; დანარჩენ ნაწილში სარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2005 წლის 21 მარტის სარეგისტრაციო ჩანაწერი, რომლითაც უძრავი ქონების მესაკუთრედ ქ. ქობულეთში, ...-ის გამზ. ¹269-ში რეგისტრირებულ იქნა სს ,,ქ.-ა”.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საჯარო რეესტრის ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურმა 2005 წლის 23 მარტს უძრავი ქონების – მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის მესაკუთრედ რეგისტრაციაში გაატარა სს ,,ქ.-ა”, მდებარე ქ. ქობულეთში, ...-ის ¹269-ში, ქობულეთის რაიონის გამგეობის 2005 წლის 18 მარტის ¹32 განკარგულების საფუძველზე. მას შემდეგ, რაც აღნიშნული განკარგულება გაუქმდა ქობულეთის რაიონის გამგეობის 2006 წლის 27 იანვრის ¹4 განკარგულების საფუძველზე, მოისპო რეგისტრაციის საფუძველი.
სასამართლომ მიუთითა, რომ უძრავი ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაციისათვის აუცილებელია დაცულ იქნეს ,,უძრავი ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონი, ასევე ,,ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გადაცემის შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-2 და მე-3 მუხლების მოთხოვნები, რაც მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს აღნიშვნით, დაცული არ არის.
სასამართლომ არ გაიზიარა მესამე პირის – სს ,,ქ.-ის” მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ ...-ის სახელმწიფო უნივერსიტეტი არ არის უფლებამოსილი პირი და მას არ ჰქონდა უფლება, მოეთხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის ჩანაწერის ბათილად ცნობა, ვინაიდან 2006 წლის 23 თებერვლის საქართველოს მთავრობის ¹37 დადგენილების საფუძველზე მოხდა სსიპ ,,ბათუმის საავიაციო ინსტიტუტის” რეორგანიზაცია, რომელთა საფუძველზე შეიქმნა ...-ის სახელმწიფო უნივერსიტეტი. იგი ერთ-ერთი ფაკულტეტის სახით იყო ჩამოყალიბებული და განთავსებული იმ შენობა-ნაგებობაში, რომელიც საჯარო რეესტრში ქ.-ის სახელზე არის რეგისტრირებული. ეს ფაკულტეტი, სასამართლოს აღნიშვნით, ვიდრე შევიდოდა ...-ის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემადგენლობაში, წლების განმავლობაში არსებობდა დამოუკიდებელი იურიდიული პირის - ,,ბათუმის საავიაციო ინსტიტუტის” სახით, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სადავო შენობის გარემონტება-რეკონსტრუქციაში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2005 წლის 21 მარტის ჩანაწერის ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელი ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა სს ,,ქ.-მ”, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 22 მარტის განჩინებით სს ,,ქ.-ის” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ქობულეთის რაიონის გამგეობის 2005 წლის 18 მარტის ¹32 განკარგულებით სს ,,ქ.-ას” დაუკანონდა მის სარგებლობაში არსებული 2,1 ჰა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რაც ქობულეთის რაიონის გამგეობის 2006 წლის 27 იანვრის განკარგულებით არარა აქტად იქნა ცნობილი. შესაბამისად, საფუძველი გამოეცალა პოლიკლინიკაზე 2,1 ჰა მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის ჩანაწერს.
ამასთან, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში არ მოიპოვება ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ’’ კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები. ქ. ქობულეთში, ...-ის გამზ. ¹269-ში შესახლებული იყო ბათუმის საავიაციო ინსტიტუტი, რომლის უფლებამონაცვლეც არის ბათუმის ...-ის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა სს ,,ქ.-ის” დირექტორმა თ. მ.-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორი აღნიშნავდა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. მას გააჩნდა საკმარისი საფუძველი დაედგინა, რომ ...-ის სახელმწიფო უნივერსიტეტი არ იყო სათანადო მოსარჩელე და შესაბამისად, უნდა ეხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილით. მოწინააღმდეგე მხარეს არ ჰქონდა უფლება, მოეთხოვა საჯარო რეესტრის ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის ჩანაწერის გაუქმება, რადგან საჯარო სამართლის იურიდიული პირი «ბათუმის საავიაციო ინსტიტუტი" საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 თებერვლის ¹37 დადგენილების საფუძველზე რეორგანიზებულ იქნა და ერთ-ერთი ფაკულტეტის სახით შევიდა ...-ის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემადგენლობაში, ხოლო ეს ფაკულტეტი განთავსებულია სს «ქ.-ის" კუთვნილ შენობა-ნაგებობაში. ის რომ სწავლის პროცესი ამავე შენობაში მიმდინარეობს და დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმით არსებობისას «ბათუმის საავიაციო ინსტიტუტმა" მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სადავო შენობის გარემონტება-რეკონსტრუქციაში, კასატორის აზრით, არ ქმნიდა იმის საფუძველს, რომ «ბათუმის საავიაციო ინსტიტუტის" უფლებამონაცვლე ...-ის სახელმწიფო უნივერსიტეტი სათანადო მოსარჩელედ ყოფილიყო მიჩნეული.
კასატორი ასევე მიუთითებდა, რომ მოწინააღმდეგე მხარემ, არაერთგზის შეთავაზების მიუხედავად, მათთან, შენობის მესაკუთრესთან, არ გააფორმა საიჯარო ან სხვა სახის ხელშეკრულება და ამ ქონებით წლების განმავლობაში ფაქტობრივად უკანონოდ სარგებლობდა. რეორგანიზაციის შესახებ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 თებერვლის ¹37 დადგენილებაშიც მითითებულია, რომ სსიპ ,,ბათუმის საავიაციო ინსტიტუტს’’ შენობა ბალანსზე არ ერიცხება და იგი განთავსებულია პროფკავშირების კუთვნილ შენობაში. ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით სსიპ ,,ბათუმის საავიაციო ინსტიტუტი’’ უნდა გამოსახლდეს მათი კუთვნილი შენობიდან.
კასატორი აღნიშნავდა, რომ მათ მხარეს გააჩნდა ყველა აუცილებელი დოკუმენტი, რათა სარეგისტრაციო ორგანოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე დაერეგისტრირებინა მათ საკუთრებად შესაბამისი მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული უძრავი ქონება, კერძოდ: ა) გენგეგმა, გაცემული ქობულეთის რაიონის ტექინვენტარიზაციის ბიუროს მიერ 5.07.1998; ბ) ქ.-ის ტექნიკური პასპორტი ¹232-ბ 14.09.1973; გ) სს «ქ.-ის" ტექნიკური პასპორტი, საინვენტარიზაციო ¹ს-255. რეესტ ¹2532; დ) ქობულეთის რაიონის ტექინვენტარიზაციის ბიუროს ცნობა შენობა-ნაგებობების საკუთრების შესახებ. ამასთან, გადახდილი აქვთ კანონმდებლობით დადგენილი ერთჯერადი საზღაური.
კასატორის მითითებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის 11.04.2005წ. პასუხში სსიპ ,,ბათუმის საავიაციო ინსტიტუტისადმი’’ სრულად არის ჩამოთვლილი კანონის შესაბამისად მოთხოვნილი ის დოკუმენტაცია, რომელიც მათ მიერ წარედგინა სარეგისტრაციო სამსახურს და რომლის საფუძველზეც საჯარო რეესტრმა რეგისტრაციაში გაატარა სს ,,ქ.-ის’’ საკუთრების უფლება ქონებაზე.
კასატორმა მიიჩნია, რომ სადავო ქონებაზე მათი საკუთრების დადასტურების სამართლებრივ საფუძველს ქმნიდა არა გასაჩივრებული და შემდგომ არარად ცნობილი ქობულეთის რაიონის გამგეობის 2005 წლის 18 მარტის ¹32 განკარგულება, არამედ «ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ" საქართველოს კანონი, რომლის მოთხოვნები მათ მიერ სრულად იყო შესრულებული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მოითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 22 მარტის განჩინების გაუქმებასა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს ,,ქ.-ის» საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. კერძოდ, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 22 მარტის განჩინება, ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება და ბათუმის საავიაციო ინსტიტუტის უფლებამონაცვლის ...-ის სახელმწიფო უნივერსიტეტის სარჩელი, დასაშვებობის საკითხის შემოწმების მიზნით, დაუბრუნდეს ქობულეთის რაიონულ სასამართლოს, შემდეგ გარმეოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო საქმეზე დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურმა 2005 წლის 23 მარტს ქ. ქობულეთში, ...-ის გამზირზე უძრავი ქონების, მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობების მესაკუთრედ დაარეგისტრირა სს ,,ქ.-ა».
გასაჩივრებული განჩინებით ბათუმის საავიაციო ინსტიტუტის უფლებამონაცვლის ბათუმის ...-ის სახელმწიფო უნივერსიტეტის სარჩელის საფუძველზე, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2005 წლის 27 მარტის სარეგისტრაციო ჩანაწერი, რომლითაც ზემოაღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრედ დარეგისტრირდა «ქ.-ა».
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე, 262-ე მუხლების მოთხოვნათა დარღვევით, რაც წარმოადგენს საქმის განსჯად სასამართლოში დაბრუნების საფუძველს.
საკასაციო სასამართლო სასამართლოთა ყურადღებას მიაქცევს წინამდებარე სარჩელის ფორმას და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა შეცილების სარჩელი (სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ქმედების განხორციელების თაობაზე), რომელიც შეიძლება წარდგენილ იქნას მხოლოდ იმ პირის მიერ, რომელსაც შეუძლია დაამტკიცოს, რომ მისი უფლებები და კანონიერი ინტერესები დარღვეულია გასაჩივრებულ აქტით ან ადმინისტრაციული ორგანოს უმოქმედობით. ამდენად, ამ ტიპის სარჩელი წარმოდგენილი უნდა იყოს დაინტერესებული მხარის მიერ. დაინტერესებულ მხარედ ითვლება ის პირი, რომელთან დაკავშირებითაც მიღებულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან განსახორციელებელია რაიმე ქმედება. აგრეთვე ის პირი, რომლის კანონიერ ინტერესებზეც პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ან ქმედება.
საკასაციო სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ინტერესესის არსებობა გულისხმობს მხოლოდ მხარის რეალურ, ფაქტობრივ ინტერესს და გამორიცხავს თეორიული ინტერესესის არსებობის შესაძლებლობას. ამასთან, სავალდებულოა პირის ინტერესი იყოს კანონიერი და საფრთხე ექმნებოდეს სამართლებრივად დაცულ უფლებას. საგულისხმოა, რომ მიუხედავად სასამართლოს მოთხოვნისა, ...-ის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ წარმოდგენილი ვერ იქნა ვერცერთი საფუძველი, რომელიც დაადასტურებდა საჯარო რეესტრის ჩანაწერის მიმართ ინსტიტუტის კანონიერი უფლებებისა და ინტერესის არსებობისა თუ მისი დარღვევის ფაქტს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო განჩინებით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ იგი არ აკმაყოფილებს ამ კოდექსის 22-ე-25-ე მუხლებით დადგენილი დასაშვებობის მოთხოვნებს. სასამართლო აღნიშნული საფუძვლით წყვეტს საქმის წარმოებას პროცესის ნებისმიერ სტადიაზე. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი სასამართლო არსებითი განხილვისას წარმოების შეწყვეტის საფუძვლების გამოვლენის შემთხვევაში საქმეს განსახილველად დაუბრუნებს განსჯად სასამართლოს.
საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს რა ზემოაღნიშნული მუხლის მოთხოვნებით, საჭიროდ მიიჩნევს პირველი ინსტანციის სასამართლომ გამოიკვლიოს, სს ,,ქ.-ზე» უძრავი ქონების რეგისტრაციით დაირღვა თუ არა ...-ის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფლებები, მისი დარღვეული უფლებები და ინტერესები დაცული იყო თუ არა კანონით და რამდენად წარმოადგენს ის მოცემულ დავაში დაინტერესებულ მხარეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებული გარემოებების დადგენა-გამოკვლევისა და დასაშვებობის სტადიის ხელახალი შემოწმების გარეშე, შეუძლებელია საქმის არსებითი განხილვის სტადიაზე გადასვლა, რის გამოც საქმეს სარჩელის დასაშვებობის საკითხის გამოკვლევის მიზნით, უბრუნებს ქობულეთის რაიონულ სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 262-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს ,,ქ.-ის” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 22 მარტის განჩინება და ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება; ბათუმის საავიაციო ინსტიტუტის უფლებამონაცვლის ბათუმის ...-ის სახელმწიფო უნივერსიტეტის სარჩელი, დასაშვებობის საკითხის შემოწმების მიზნით, დაუბრუნდეს ქობულეთის რაიონულ სასამართლოს;
3. მხარეთათვის სასამართლო ხარჯების დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.