Facebook Twitter
ბს-540-518(კ-08) 24 ივლისი, 2008წ.
ქ. თბილისი



ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატა

შემადგენლობა:


მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე


საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე


კასატორი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (მოპასუხე)


მოწინააღმდეგე მხარე _ გ. მ-ი (მოსარჩელე)


მესამე პირი _ სსიპ ,,შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი”


დავის საგანი – ქმედების განხორციელება



გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 თებერვლის განჩინება



კასატორის მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა


ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

გ. მ-მა 2006 წლის 20 ოქტომბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართ და მოითხოვა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2006 წლის 21 სექტემბრის ¹01-12-09/15377 აქტის ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის (მოსარჩელის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის თაობაზე) გამოცემის დავალდებულება.
მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა დაასაბუთა იმით, რომ იგი დაიბადა 1989 წელს, დედ-მამა ცხოვრობდა ლენტეხის რაიონის სოფელ ..... მის დაბადებამდე, 1986-87 წლების სტიქიური მოვლენების შედეგად, მათი სახლი საცხოვრებლად უვარგისი გახდა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ფაქტიურად აღარ ჰქონიათ. დედა 1999 წლიდან არის მე-2 ჯგუფის ინვალიდი, 2002 წლიდან მძიმე ავადმყოფია, დაც ავადმყოფი ჰყავს. 2005 წლის 27 თებერვალს გარდაეცვალა მამა. შექმნილი მდგომარეობის გამო ბიძამ თბილისში წაიყვანა საცხოვრებლად, სწავლობდა 94-ე საჯარო საკოლაში. ვინაიდან დედისა და დის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, იძულებული გახდა, 2006 წლის 6 მარტიდან სწავლის გასაგრძელებლად გადასულიყო ლენტეხის რაიონის სოფელ ..... საშუალო სკოლის მე-11 კლასში. სოფელში ჩასვლისთანავე გახდა ავად ფილტვების ანთებით, რაც გაურთულდა ექსუდაციური პლევრიტით, აღნიშნულის გამო ხელედის სამედიცინო უბანში ამბულატორიულად მკურნალობდა 2006 წლის 10 აპრილიდან 2006 წლის 25 მაისამდე. შექმნილი მდგომარეობის გამო გადაწყვიტა გამოცდების ექსტერნად ჩაბარება. ამ პერიოდს დაემთხვა ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის განცხადების შევსების დროც. ამ დროისათვის იყო რა ავად და სკოლაში სიარულს და საერთო წესით სწავლის დასრულებას ვერ შეძლებდა, განცხადებაში მიუთითა, რომ საშუალო სკოლის დამამთავრებელ გამოცდებს ჩააბარებდა ექსტერნად. განცხადებასთან ერთად ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი, რის შემდეგაც შეიყვანეს აბიტურიენტთა ბაზაში და მისცეს აბიტურიენტის საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათი. ინტენსიური მკურნალობის შემდეგ ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუუმჯობესდა, რამაც საშუალება მისცა, ევლო სკოლაში და საერთო წესით მიეღო სკოლის დამთავრების ატესტატი. 2006 წლის ივლისში მონაწილეობა მიიღო ერთიან ეროვნულ გამოცდებში და დაიმსახურა შეფასება, რაც მისი მოსაზრებით საკმარისია მის მიერ არჩეულ ფაკულტეტებზე ჩასარიცხად. ამის მიუხედავად ჩარიცხვა არ განხორციელებულა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა 2006 წლის 21 სექტემბრის განცხადებით აცნობა, რომ ვინაიდან აბიტურიენტთა რეგისტრაციისას არ წარუდგენია სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და აბიტურიენტთა ბაზაში დარეგისტრირდა როგორც ექსტერნი, მისი ჩარიცხვა კოეფიციენტებით რანჟირებისას განხორციელდებოდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც წარადგენდა ექსტერნის წესით მიღებულ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს. იმის გამო, რომ ვერ შეძლო, წარედგინა ექსტერნის წესით მიღებული დოკუმენტი, უარი ეთქვა შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 30 ნოემბრის განჩინებით საქმეში მე-3 პირად ჩაება სსიპ ,,შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი”.
გ. მ-მა 2007 წლის 12 იანვარს დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და სსიპ "შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის" წინააღმდეგ და მოითხოვა ბათილად ცნობა: "შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის" მიერ შედგენილი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის გაგზავნილი აბიტურიენტთა ნუსხისა იმ ნაწილში, რომლითაც იგი ითვლება ისეთ აბიტურიენტად, რომელმაც ვერ მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება აკრედიტირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში; შეფასებებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ შედგენილი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის გაგზავნილი აბიტურიენტთა კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტისა (რომლითაც აბიტურიენტებმა მოიპოვეს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის უფლება) იმ ნაწილში, რომლითაც იგი არ არის შეყვანილი უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის უფლებამოპოვებულ პირად; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 8 სექტემბრის ¹806 ბრძანების იმ ნაწილში, რომლითაც არ იქნა დამტკიცებული მისი, როგორც ერთიან ეროვნულ გამოცდებგავლილი აბიტურიენტის კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტი; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2006 წლის 21 სექტემბრის ¹01-12-09/15377 წერილის, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვაზე მისთვის უარის თქმის შესახებ; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის შესაბამისად მოპასუხისათვის დავალება, შეიყვანოს იგი იმ აბიტურიენტთა კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტში, რომლითაც აბიტურიენტებმა მოიპოვეს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის უფლება; მოპასუხის დავალდებულება, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მის განცხადებაში მითითებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო, სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის, ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ან სამთო გეოლოგიის ფაკულტეტზე მისი ჩარიცხვის თაობაზე; მოპასუხისათვის დასკვნის წარდგენის დავალება იმის შესახებ, რამდენ ქულას შეადგენს მის მიერ ეროვნულ გამოცდებზე დაგროვილი სკალირებული ქულები ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ზოგად უნარებში, უცხო ენასა და მათემატიკაში მათი რანჟირების შემდეგ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 25 იანვრის განჩინებით გ. მ-ის სარჩელზე საქართველოსა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ¹806 ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში საქმის წარმოება შეწყდა დაუშვებლობის გამო იმ მოტივით, რომ სახეზე არ არის პირდაპირი და უშუალო ზიანი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრცაიულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტლებით გ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი: შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ შედგენილი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის გადაგზავნილი აბიტურიენტთა ნუსხა იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელე ითვლება ისეთ აბიტურიენტად, რომელმაც ვერ მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში; შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ შედგენილი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრისათვის გაგზავნილი აბიტურიენტთა კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტი იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელე არ არის შეყვანილი უმაღლეს სასწავლებელში სწავლის უფლებამოპოვებულ
პირად; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს 2006 წლის 21 სექტემბრის ¹01-12-09/15377 წერილი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვაზე უარის თქმის შესახებ: დაევალა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და სსიპ "შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს", საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გ. მ-ის მიმართ მის მიერ მოპოვებული ქულების გათვალისწინებით 2006 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით, მის ჩასარიცხად მეორე არჩევანზე, ანუ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2006 წლის 21 სექტემბრის ¹301-12-09/15377 წერილით მოსარჩელე გ. მ-ს ეცნობა, რომ ვინაიდან მას არ წარუდგენია ექსტერნის წესით მიღებული აბიტურიენტთა რეგისტრაციისას სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და აბიტურიენტთა ბაზაში დარეგისტრირდა როგორც ექსტერნი, ჩარიცხვა კოეფიციენტებით რანჟირებისას განხორციელდებოდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც იგი წარადგენდა ექსტერნის წესით მიღებულ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს. მოსარჩელის ჩარიცხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ვერ განხორციელდა ექსტერნის წესით სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობის გამო; სასამართლოს მითითებით, საქმეზე წარმოდგენილია გ. მ-ის სრული ზოგადი განათლების ატესტატი; პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ 2006 წლის 8 სექტემბრის ¹1417/06 წერილით შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს წარედგინა აბიტურიენტთა რანჟირების დოკუმენტი, იმ აბიტურიენტთა ჩამონათვალი, რომლებმაც აბიტურიენტთა რანჟირებისას მოიპოვეს სწავლის უფლება და იმ აბიტურიენტთა ნუსხა, რომელთაც ვერ მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებში, რომელთა შორისაც დასახელებულია გ. მ-ი; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლის მიერ საქმის განხილვის დროს წარმოდგენილი 2006 წლის 16 თებერვლის ¹1812/07 წერილის თანახმად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ იმ შემთხვევაში, თუ გ. მ-ის მიერ მოპოვებული ქულები გათვალისწინებული იქნებოდა 2006 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით ჩარიცხვების განხორციელებისას, მისი ქულები საკმარისი იქნებოდა მის ჩასარიცხად მეორე არჩევანზე, ანუ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე;
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, "ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონი არ კრძალავს ზოგადი განათლების მიღებას ექსტერნის ფორმით, რომლის წესს და პირობებს ადგენს განათლების სამინისტრო, მაგრამ "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის თანახმად, ეროვნული გამოცდების ცენტრის მიერ ჩატარებული ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები სავალდებულოა ყველა აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის უმაღლესი განათლების მისაღებად და წარმოადგენს გრანტის გაცემის საფუძველს. ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს ყველა მსურველს, რომელიც წარმოადგენს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ სახელმწიფო დოკუმენტს. ერთიან ეროვნულ გამოცდებში გავლის მსურველს უნდა ჰქონდეს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის ¹127 ბრძანებით დამტკიცებული "ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების" თანახმად, ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის უფლება გააჩნია აბიტურიენტს, რომლის მიმართ გაცემულია სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი. აბიტურიენტის ჩარიცხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ხორციელდება მის მიერ მიღებული სკალირებული ქულების, აბიტურიენტის მიერ არჩეული ფაკულტეტების რეიტინგული ჩამონათვალისა და ფაკულტეტების მიერ საგამოცდო საგნებისათვის მინიჭებული კოეფიციენტების, ხოლო თუ კოეფიციენტები იდენტურია, აგრეთვე საგნების პრიორიტეტულობის გათვალისწინების საფუძველზე.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლის მიერ საქმის განხილვისას წარდგენილი, 2006 წლის 16 თებერვლის ¹1812/07 წერილის თანახმად, თუ გ. მ-ის მიერ მოპოვებული ქულები გათვალისწინებული იქნებოდა 2006 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით ჩარიცხვების განხორციელებისას, მისი ქულები საკმარისი იქნებოდა მის ჩასარიცხად მეორე არჩევანზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე. მოსარჩელის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა ვერ განხორციელდა მხოლოდ იმის გამო, რომ მოსარჩელემ წარადგინა არა ექსტერნის წესით მიღებული სრული ზოგადი განათლების, არამედ სრული ზოგადი განათლების დოკუმენტი.
სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გაცემული ადმინისტრაციული აქტები ზიანის მომტანია მოსარჩელის კანონიერი ინტერესებისათვის და წარმოდგენილი აქტებით უკანონოდ იზღუდება მოსარჩელის უფლება. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ კოეფიციენტებით რანჟირებისას ყურადღება გაამახვილა ექსტერნის წესით მიღებული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობაზე, რაც წინააღმდეგობაშია საქართველოს კანონთან "უმაღლესი განათლების შესახებ" და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის ¹127 ბრძანებით დამტკიცებულ "ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებასთან", რომელთა თანახმად, სავალდებულოა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა; აბიტურიენტის ჩარიცხვისათვის კანონი არ ყოფს ექსტერნის წესით მიღებული სრული ზოგადი განათლების და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს, მოსარჩელის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში შესვლისათვის საკმარისია ერთ-ერთი დოკუმენტის წარდგენა. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში შესვლის აუცილებელი პირობაა ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება და შემსვლელთა აუცილებელი ცოდნის შემოწმება. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ადმინისტრაციული აქტებით დგინდება, რომ მოსარჩელემ მის მიერ არჩეულ ფაკულტეტებზე ჩააბარა ფაკულტეტებისათვის პრიორიტეტული საგნები და გამოცდების ჩაბარების შედეგად აჩვენა საუკეთესო შედეგები. აღნიშნულის მიუხედავად არ მიეცა შესაძლებლობა, მის მიერ არჩეულ ფაკულტეტზე გაეგრძელებინა სწავლა მხოლოდ იმის გამო, რომ ვერ წარადგინა ექსტერნის წესით მიღებული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუმცა წარადგინა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც საკმარის საფუძველს წარმოადგენდა მის მიერ არჩეულ ფაკულტეტზე სწავლის გასაგრძელებლად; სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლით დადგენილია განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება.
პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ადმინისტრაციული აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული. საქართველოს ადმინისტრცაიული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად სცნოს ინდივიდუალური ადმინისტრცაიულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ადმინისტრცაიული აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი ინტერესი, რაც სამართლებრივი საფუძველია სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და სსიპ "შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა".
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. მ-ი 2006 წლის გამოცდებისათვის აბიტურიენტად დარეგისტრირებისას წარმოადგენდა დამამთავრებელი კლასის მოსწავლეს და, ბუნებრივია, იგი სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს ვერ წარადგენდა. მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გარემოებების გამო 2006 წელში კანონმდებლობით დადგენილი წესით დარეგისტრირდა სრული საშუალო განათლების ექსტერნატის ფორმით მიღების მსურველად, ანუ, ექსტერნად. იმის გამო, რომ დაავადება დაექვემდებარა მკურნალობას, სწავლა გააგრძელა ჩვეულებრივი წესით და მიიღო სრული ზოგადი განათლების ატესტატი. მონაწილეობა მიიღო რა ერთიან ეროვნულ გამოცდებში, მოიპოვა ქულები, რაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 2006 წლის 16 თებერვლის ¹1812/07 წერილის თანახმად, 2006 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით ჩარიცხვების განხორციელებისას საკმარისი იქნებოდა მის ჩასარიცხად მეორე არჩევანზე, ანუ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე; დასტურდება, რომ გამოცდების წარმატებით ჩაბარების მიუხედავად მოსარჩელე შესაბამის სიაში არ აღმოჩნდა; როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2006 წლის 21 სექტემბრის ¹01-12-09/15377 წერილშია მითითებული, აღნიშნულის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ აბიტურიენტთა რეგისტრაციისას გ. მ-ს არ წარუდგენია სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, აბიტურიენთა ბაზაში დარეგისტრირდა რა ექსტერნად, მისი ჩარიცხვა კოეფიციენტებით რანჟირებისას განხორციელდებოდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც წარადგენდა ექსტერნის წესით მიღებულ სრული განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს. ვინაიდან მან ექსტერნის წეისთ მიღებული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ვერ წარადგინა, შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მისი ჩარიცხვა ვერ განხორციელდა; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის ¹127 ბრძანებით დამტკიცებული "ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების" მე-9 მუხლის თანახმად, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარებამდე ლოგისტიკისა და საინფორმაციო-ტექნოლოგიური ჯგუფები უზრუნველყოფენ აბიტურიენტების მონაცემთა ბაზების შექმნას. იმ დროისათვის მოსარჩელე არ წარმოადგენდა რა იმ პირს, რომელსაც გავლილი ჰქონდა სრული საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა, ვერ წარადგენდა შესაბამის დოკუმენტს, მაგრამ ის გარემოება, რომ აბიტურიენტთა რეგისტრაციისას ექსტერნად დარეგისტრირდა, ხოლო შემდგომში სწავლა განაგრძო ჩვეულებრივად, აღნიშნულის შესაძლებლობა მისცა რა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსწორებამ, გაიარა სრული საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა და მიიღო სრული ზოგადი განათლების ატესტატი, მისი აბიტურიენტთა იმ ნუსხაში, რომელთაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების სასწავლებელში სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვეს, შეყვანის დამაბრკოლებელი გარემოება არ შეიძლებოდა გამხდარიყო; ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების მე-10 მუხლის თანახმად, აბიტურიენტების მონაცემთა ბაზა სხვა ინფორმაციებთან ერთად უნდა მოიცავდეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დასახელებას იმ აბიტურიენტთათვის, რომელთაც დამთავრებული არ აქვთ სწავლა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში. აღნიშნული გარემოება მოპასუხეებს აძლევდა შესაძლებლობას, საკითხი გაერკვიათ სრულად და დაეცვათ აბიტურიენტ გ. მ-ის განათლების მიღების კანონით გარანტირებული უფლება; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შEმდეგ გამოსცეს ახალი. სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემული იქნა რა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ აღნიშნული ნორმა სწორად იქნა გამოყენებული, სადავო აქტების ბათილად ცნობისათვის არსებობს რა მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
სააპელაციო პალატა დაეთანხმა რა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ შეფასებებს, მიიჩნია, რომ მათი გამაბათილებელი არგუმენტები აპელანტებს სასამართლოსათვის არ წარუდგენიათ, სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-394-ე მუხლებით გათვალისწინებულ, სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლებს არ ქმნიან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კასატორმა აღნიშნა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 22 მაისის ¹452 ბრძანებით დამტკიცებული "ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერთიფიცირების" დებულების 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, ექსტერნატის ფორმით ამა თუ იმ საფეხურზე ზოგადი განათლების მიღება ითვალისწინებს სხვადასხვა მიზეზით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას ჩამოცილებულ პირთა მიერ დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხურის ცალკეული კლასების ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების ძირითადად დამოუკიდებლად დაძლევის და ექსტერნატის ფორმით გამოცდების ჩაბარების შემდგომ შესაბამისი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიღების შესაძლებლობას. მოსარჩელემ თავისი მოქმედებით (ექსტერნად რეგისტრაციით) დაადასტურა, რომ იგი დამოუკიდებლად ეუფლებოდა სასწავლო პროგრამას 2006-2007 სასწავლო წლის განმავლობაში, რაც ბუნებრივია სახელმძღვანელოდ იქნა მიღებული განათლებისა და მეცნიერების სისტემაში შემავალი შესაბამისი ორგანოების მიერ (რესურს-ცენტრი და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი). მიუხედავად აღნიშნულისა, მოსარჩელე არ გამოცხადდა ექსტერნატის გამოცდებზე და არ დაუყენებია მოთხოვნა მისი ექსტერნთა ნუსხიდან ამორიცხვის მოთხოვნის თაობაზე. შესაბამისად, 2006 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით შემდგარ რანჟირების დოკუმენტში იგი არ მოხვდა, რადგან არსებული ინფორმაციის შესაბამისად, მას არ გააჩნდა სრული საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიღების უფლება (ექსტერნატის გამოცდებზე გამოუცხადებლობის გამო) და აღნიშნული წარმოადგენს ნებისმიერი პირისათვის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვაზე უარის თქმის საფუძველს, რაც განხორციელდა კიდეც მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული აქტებით (მათ შორის წერილებით). კასატორი თვლის, რომ სასამართლო არ ასაბუთებს, თუ რაში მდგომარეობს გასაჩივრებული აქტების კანონშეუსაბამობა და კონკრეტულად რა წარმოშობს მათი ბათილობის საფუძველს, ან რატომ თვლის სასამართლო, რომ მათი გამოცემა (მიღება) განხორციელდა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე. კასატორი მიიჩნევს, რომ ჩარიცხულ აბიტურიენტთა ნუსხის შედგენისას და შემდგომში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ აღნიშნული ნუსხის დამტკიცებისას არცერთი სამართლებრივი ნორმა დარღვეული არ ყოფილა და შესაბამისად არ არსებობს გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის საფუძველი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ არის დასაშვები, შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე და განაპირობა არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას.


ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს მიჩნეული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 თებერვლის განჩინებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.