ბს-541-517(კ-07) 16 ოქტომბერი, 2007 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა გ. მ-ის, ბ. ქ-ის, ნ. ლ-ის, ო. და ნ. ლ-ების, ზ. ჭ-ისა და რ. კ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებაზე.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2006 წლის 29 მაისს ხარაგაულის სატყეო მეურნეობამ სარჩელები აღძრა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში გ. მ-ის, ბ. ქ-ის, ნ. ლ-ის, ო. და ნ. ლ-ების, ზ. ჭ-ისა და რ. კ-ის მიმართ და მოითხოვა სათანადო ლიცენზიის გარეშე სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე ხე-ტყის მოჭრით მიყენებული ზიანის ანაზღაურების დაკისრება მოპასუხეებისათვის (იხ. ს.ფ. 2, ტ. I; ტ.II; III; IV; V; VI; VII).
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 25 ივლისის განჩინებით საქმეში მესამე პირად იქნა ჩართული ზესტაფონის რაიონის სოფელ .... საკრებულო (იხ. ს.ფ. 30; ტ.VII).
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 10 აგვისტოს განჩინებით ერთ წარმოებად გაერთიანდა ადმინისტრაციული საქმეები ხარაგაულის სატყეო მეურნეობის სარჩელების გამო გ. მ-ის, ბ. ქ-ის, ნ. ლ-ის, ო. და ნ. ლ-ების, ზ. ჭ-ისა და რ. კ-ის მიმართ (იხ. ს.ფ. 39; ტ.VII).
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 21 აგვისტოს გადაწყვეტილებით ხარაგაულის სატყეო მეურნეობის სარჩელი არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო, მესამე პირის - ზესტაფონის რაიონის სოფელ .... საკრებულოს სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს გ. მ-ს, ბ. ქ-ეს, ნ. ლ-ეს, ო. და ნ. ლ-ებს, ზ. ჭ-ესა და რ. კ-ეს ზესტაფონის რაიონის სოფელ .... საკრებულოს სასარგებლოდ დაეკისრათ მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება (იხ. ს.ფ. 72-74; ტ.VII).
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხარაგაულის სატყეო მეურნეობამ და მოითხოვა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის (იხ. ს.ფ. 94-96; ტ.VII).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 13 მარტის განჩინებით .... საკრებულოს უფლებამონაცვლედ ჩაერთო ზესტაქფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობა (იხ. ს.ფ. 140-141; ტ.VII).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით ხარაგაულის სატყეო მეურნეობის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 21 აგვისტოს გადაწყვეტილება, დაკმაყოფილდა ხარაგაულის სატყეო მეურნეობის სარჩელი და სატყეო მეურნეობის სასარგებლოდ ზ. ჭ-ეს დაეკისრა 223,44 ლარის, ო. ლ-ეს _ 64,68 ლარის, რ. კ-ეს – 27,77 ლარის, ნ. ლ-ეს – 64,68 ლარის, ნ. ლ-ეს – 64,68 ლარის, ბ. ქ-ეს – 578,76 ლარის, გ. მ-ს _ 139,37 ლარის გადახდა (იხ. ს.ფ. 154-156; ტ.VII).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს გ. მ-მა, ბ. ქ-ემ, ნ. ლ-ემ, ო. და ნ. ლ-ებმა, ზ. ჭ-ემ და რ. კ-ემ და მოითხოვეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 20 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის, ასევე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის «გ» ქვეპუნქტის შესაბამისად, საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა (იხ. ს.ფ. 177-180; 204-207; ტ.VII).
საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 10 ივლისის განჩინებით გ. მ-ის, ბ. ქ-ის, ნ. ლ-ის, ო. და ნ. ლ-ების, ზ. ჭ-ისა და რ. კ-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 209-210; ტ.VII).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გ. მ-ის, ბ. ქ-ის, ნ. ლ-ის, ო. და ნ. ლ-ების, ზ. ჭ-ისა და რ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლოს 2005 წლის 10 ივლისის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გ. მ-ის, ბ. ქ-ის, ნ. ლ-ის, ო. და ნ. ლ-ების, ზ. ჭ-ისა და რ. კ-ის საკასაციო საჩივარი; მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 209-210; ტ.VII).
კასატორების _ გ. მ-ის, ბ. ქ-ის, ნ. ლ-ის, ო. და ნ. ლ-ების, ზ. ჭ-ისა და რ. კ-ის მიერ საკასაციო საჩივარში ასახული მოსაზრებები არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორებმა ვერ დაასაბუთეს თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უკანონობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორები სადავოდ არ ხდიან ზიანის მიყენების ფაქტსა და ოდენობას, ისინი სადავოდ ხდიან მხოლოდ იმ გარემოებას, რომ ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის წაყენების უფლება აქვს არა ხარაგაულის სატყეო მეურნეობას, არამედ .... საკრებულოს. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია .... საკრებულოს.
ასეთ პირობებში, როცა ადმინისტრაციული ორგანო არ ასაჩივრებს საკასაციო წესით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას თავისი უფლებამოსილების დადგენის თვალსაზრისით, ფიზიკური პირების საკასაციო საჩივარი მხოლოდ ამ სამართლებრივი მიზეზით ვერ იქნება დასაშვებად ცნობილი, რამდენადაც კანონიერების პრინციპიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულმა ორგანოებმა, სასამართლო წესით გასაჩივრების საგანის თავად უნდა გახადონ უწყებრივი კომპეტენციის საკითხი.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორების _ გ. მ-ის, ბ. ქ-ის, ნ. ლ-ის, ო. და ნ. ლ-ების, ზ. ჭ-ისა და რ. კ-ის მიერ არ იქნა სრულყოფილად რეალიზებული მათი საპროცესო უფლება, კერძოდ, ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს გ. მ-ის, ბ. ქ-ის, ნ. ლ-ის, ო. და ნ. ლ-ების, ზ. ჭ-ისა და რ. კ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც გ. მ-ის, ბ. ქ-ის, ნ. ლ-ის, ო. და ნ. ლ-ების, ზ. ჭ-ისა და რ. კ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. მ-ის, ბ. ქ-ის, ნ. ლ-ის, ო. და ნ. ლ-ების, ზ. ჭ-ისა და რ. კ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.