¹ბს-543-519(კ-07) 27 სექტემბერი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ლალი ლაზარაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
25.08.06წ. ნ. ჯ.-მ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და ერთჯერადი გასასვლელი დახმარებისა და სანივთე ქონების კომპენსაციის მოპასუხისათვის დაკისრება მოითხოვა. მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ...-ს ¹... რეგიონალურ ბაზაში 2001 წლის 1 ოქტომბრიდან მუშაობდა ...-ის თანამდებობაზე. 28.03.05წ. ლიკვიდაციასთან დაკავშირებით განთავისუფლებული იქნა სამსახურიდან, ისე რომ არ მიუღია გამოსასვლელი დახმარება 605 ლარის ოდენობით და სანივთე ქონების კომპენსაცია 634 ლარის ოდენობით, რაც მოპასუხე ორგანიზაციამ არ აუნაზღაურა მისი არაერთგზისი თხოვნის მიუხედავად.
მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სარჩელი არ ცნო და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.12.06წ. გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა. მოპასუხეს დაეკისრა 605 ლარის ოდენობით ერთჯერადი გასასვლელი დახმარებისა და 634.04 ლარის ოდენობით სანივთე ქონების კომპენსაცია. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 11.05.05წ. ¹1270 ბრძანებით საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის განკარგულებაში მყოფი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურის რეგიონალური ბაზის მმართველობის ყოფილი ... ნ. ჯ.-ი დათხოვნილი იქნა შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში 2005 წლის 28 აპრილიდან რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით. ნ. ჯ.-ს მიუღებელი ჰქონდა გასასვლელი თანხა 605 ლარის ოდენობით და ფორმის კომპენსაციის თანხა 634 ლარისა და 04 თეთრის ოდენობით. “საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 05.11.04წ. ¹493 ბრძანებულების 331 მუხლის საფუძველზე მოპასუხეს ეკისრებოდა მოსარჩელისათვის ერთჯერადი გასასვლელი დახმარების ანაზღაურება. სასამართლოს განმარტებით, მითითებული ნორმა შეჩერებული იყო 2006 წლის 1 იანვრამდე, რითიც სახელმწიფომ ფაქტიურად გადაავადა აღნიშნული ვალდებულების შესრულების დრო. ნორმის ამოქმედებისას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ვალდებული იყო აენაზღაურებინა ნ. ჯ.-სათვის ერთჯერადი გასასვლელი დახმარება. საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის მე-12 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით სახელმწიფოს ხარჯზე ეძლეოდა სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია. სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული ნორმა მოსარჩელეს ანიჭებდა მიუღებელი ფორმის ტანსაცმლის ფულადი კომპენსაციის მოთხოვნის უფლებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.12.06წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.04.07წ. განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.12.06წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ გაიზიარა კოლეგიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებანი და სამართლებრივი შეფასებები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.04.07წ. განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ. კასატორმა აღნიშნა, რომ “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე სანივთე ქონების კომპენსაცია უნდა მისცემოდათ მხოლოდ მოქმედ სამხედრო მოსამსახურეებს და კანონი აღნიშნული თანხის ანაზღაურებას ყოფილ სამხედრო პირებისათვის არ ითვალისწინებდა. კასატორის განცხადებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ “საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონით სანივთე ქონების საკომპენსაციო თანხები კრედიტორულ დავალიანებად არ მიჩნეულა, შესაბამისად სათანადო ასიგნებების არარსებობის პირობებში დამტკიცებული ხარჯების გეგმიური პარამეტრების ზევით ფაქტიური ხარჯების გაწევა დაუშვებელი იყო.
კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურებაზე ნ. ჯ.-სათვის უარის თქმა მოითხოვა.
საკასაციო პალატის 18.06.07წ. განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად, მხარეებს განესაზღვრათ ვადა დასაშვებობის თაობაზე მოსაზრებების წარმოდგენისათვის. მხარეებს მოსაზრებები არ წარმოუდგენიათ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.