ბს-543-521(2კ-08) 15 ოქტომბერი, 2008წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე, (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მარიამ ცისკაძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და ვ. ტ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ვ. ტ-ემ 05.10.07წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ, რომლითაც მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ უკრაინის თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში 1999 და 2001 წელს სასწავლებლად მივლინების ხარჯების – 1038 აშშ დოლარის, სამოსელის სანაცვლოდ გასაცემი საკომპენსაციო თანხის – 1154,48 ლარის და ხელზე გასაცემი სახელფასო დავალიანების – 600,92 ლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.11.07წ. გადაწყვეტილებით ვ. ტ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, დაეკისრა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელე ვ. ტ-ის სასარგებლოდ დავალიანების – სახელფასო დავალიანების 600,92 (ექვსასი ლარისა და ოთხმოცდათორმეტი თეთრის) ლარის გადახდა, უარი ეთქვა მოსარჩელე ვ. ტ-ეს სარჩელის მოთხოვნაზე სანივთე ქონების კომპენსაციის 1154,48 ლარისა და მივლინების ხარჯის 1038 აშშ დოლარის ანაზღაურებაზე უსაფუძვლობის გამო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.11.07წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და ვ. ტ-ემ. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, ხოლო ვ. ტ-ემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.03.08წ. გადაწყვეტილებით ვ. ტ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.11.07წ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელე ვ. ტ-ეს უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნაზე მივლინების ხარჯების 1038 აშშ დოლარის ანაზღაურებაზე და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად, ვ. ტ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვ. ტ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მივლინების ხარჯების 1038 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში გადახდა.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სადავო საკითხის გადაწყვეტისას მართებულად გამოიყენა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37.1 მუხლი, რომლის თანახმად, მოხელეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან, სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი), რომლის გასტუმრებაზეც პასუხისმგებელია ის დაწესებულება სადაც მუშაკი მუშაობდა, ანუ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2.2 მუხლის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო წარმოადგენს სახელმწიფო დაწესებულებას, რომელში საქმიანობაც ითვლება საჯარო სამსახურად. ვ. ტ-ე მუშაობდა რა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში, შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა ადმინისტრაციულ ორგანოსთან _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან და “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად, წარმოადგენდა მოხელეს. ამავე კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის “თ” ქვეპუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამასახურეზე აღნიშნული კანონის მოთხოვნები ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს კონსტიტუციით, სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი, ხოლო ხსენებული კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს შრომის კანონმდებლობა მოხელეებზე ვრცელდება აღნიშნული კანონით განსაზღვრულ თავისებურებათა გათვალისწინებით. “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). ვ. ტ-ის სამსახურიდან დათხოვნის დროისათვის მოქმედი საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის მე-16 მუხლის თანახმად დაწესებულება, რომელშიც მუშაობს თანამშრომელი, თვითონ არის პასუხისმგებელი ხელფასის ანაზღაურებაზე. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, მოსამსახურეს მისი დათხოვნისას დაწესებულებისაგან კუთვნილი მთელი თანხა ეძლევა დათხოვნის დღეს. ამასთან, თუ მუშაკი დათხოვნის დღეს არ მუშაობდა, მაშინ შესაბამისი თანხა გაცემული უნდა იქნეს არაუგვიანეს შემდეგი დღისა დათხოვნილი მუშაკის მიერ ანგარიშსწორების შესახებ მოთხოვნის წარდგენიდან. “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის გარდამავალი ნორმის შემცველი 134I მუხლის (ანგარიშსწორების წესი სამსახურიდან განთავისუფლებისას) თანახმად, 2005 წლის 01 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეებზე კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციისა) გაცემა უნდა განხორციელდეს წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად. მითითებული ნორმით რეგლამენტირებულია საჯარო მოსამსახურეებზე წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების ანაზღაურება, მაგრამ იგი არ ეხება საჯარო მოსამსახურისათვის კომპენსაციის ანაზღაურებას ამ მუხლით დადგენილი წესით. რაც შეეხება ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურების მოთხოვნას, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სანივთე ქონება კანონმდებლის მიერ სხვა სამართლებრივ რეჟიმშია მოქცეული და “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 134I მუხლით რეგულირებულ სფეროს არ განეკუთვნება. შესაბამისად მის მიმართ, როგორც სოციალური უზრუნველყოფის პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების მიმართ, გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული სასარჩელო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, რაც ათვლილ უნდა იქნეს სასამართლოში სარჩელის წარდგენის თარიღიდან უკუსვლით, მიუხედავად იმისა, თუ როდის იქნა დათხოვნილი პირი სამხედრო სამსახურიდან. სამხედრო მოსამსახურის მიმართ უნდა გავრცელდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით განსაზღვრული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. Aამავე კოდექსის 137-ე მუხლის შესაბამისად ხანდაზმულობის ვადა წყდება ვალდებული პირის მიერ უფლებამოსილი პირის წინაშე ვალის აღიარებით, რასაც მოცემულ სადავო შემთხვევაში აპელანტის მხრიდან ადგილი არ ჰქონია. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასმართლოს მსჯელობა სამივლინებო თანხების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ და მიუთითა, რომ “საჯარო სამასახურის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის I ნაწილით დადგენილია, რომ მოსამასახურეს აქვს მისთვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების უფლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ოდენობით. “საზღვარგარეთ უმაღლეს სამხედრო სასწავლებელში სასწავლოდ წარგზავნილ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა ფულადი და სანივთე კმაყოფით, მატერიალური დახმარებით უზრუნველყოფის შესახებ” თავდაცვის მინისტრის 30.10.98წ. ¹302 ბრძანების მე-2 მუხლის თანახმად, დადგენილია სამხედრო მოსამსახურეებისათვის სწავლის პერიოდში უმაღლესი სასწავლებლის მიერ ბინის დაქირავების შემთხვევაში ყოველთვიურად ასანაზღაურებელი თანხები. ამავე ბრძანების მე-5 მუხლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეებს უნაზღაურდებათ მგზავრობის ღირებულება სწავლების ადგილამდე და უკან წელიწადში ორჯერ სასესიო არდადეგებზე. შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის საფინანსო სამმართველოს მიერ გაცემული 27.09.07წ. ¹1383 ცნობის თანახმად, ვ. ტ-ის მიმართ უკრაინაში მივლინების ხარჯების დავალიანება შეადგენს სულ 1038 აშშ დოლარს ექვივალენტს ლარებში. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება, რომელზეც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. ზემოაღნიშნული სამართლებრივი საფუძვლებისა და დადგენილი გარემოების შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე ვ. ტ-ის მოთხოვნა სამივლინებო თანხების ანაზღაურების ნაწილში საფუძვლიანი იყო და დაკმაყოფილა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.03.08წ. გადაწყვეტილება 29.04.08წ. საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. ტ-ემ, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის, მე-3 პუნქტის ბოლო ნაწილის და მე-4 პუნქტის პირველი ნაწილის გაუქმება მოითხოვა. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება 29.04.08წ. ასევე გაასაჩივრა საკასაციო წესით საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორმა ვ. ტ-ემ მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ არ იხელმძღვანელა “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნით, სამხედრო მოსამსახურის ფორმის ტანსაცმლით ან შესაბამისი ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფის შესახებ. იმავე კანონის მე-2 მუხლის თანახმად “სამხედრო მოსამსახურის სამართლებრივი სტატუსის თავისებურებები განისაზღვრება სახელმწიფოს შეიარაღებული დაცვისათვის მასზე დაკისრებული ვალდებულებებით, რაც დაკავშირებულია დასახული ამოცანების ყოველგვარ პირობებში შესრულებასთან, მაშინაც კი, თუ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება”. აქედან გამომდინარე ვ. ტ-ესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის არ ყოფილა დადებული რაიმე სახის ხელშეკრულება და შრომით სამართლებრივი ურთიერთობები რეგულირდებოდა საჯარო კანონმდებლობის საფუველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების – ბრძანებების მეშვეობით, “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნაზე კასატორის მოსაზრებით არ შეიძლება გავრცელდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით განსაზრვრული სახელშეკრულებო მოთხოვნათა ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.
კასატორმა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მიუთითა, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 14 მუხლით – საქართველოს შრომის კანონმდებლობა მოხელეებსა და დამხმარე მოსამსახურეებზე ვრცელდება ამ კანონით განსაზღვრულ თავისებურებათა გათვალისწინებით. საჯარო სამსახურთან დაკავშირებული ის ურთიერთობა, რაც ამ კანონით არ წესრიგდება, რეგულირდება შესაბამისი კანონმდებლობით. შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ, სამუშაო ადგილზე, ხოლო იმ დროს მოქმედი ,,შრომის კანონთა კოდექსის” 81-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოსამსახურეების შრომის ანაზღაურება ხდება დროებლივად, 94-ე მუხლის პირველი პუნქტით ხელფასი გაიცმა ყოველი ნახევარი თვის შემდეგ მაინც, თუ შრომის ხელშეკრულებით (კონტრაქტით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საყოველთაოდ დადგენილი და უდავო ფაქტია, რომ შრომითი ურთიერთობების მოწესრიგებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმები. აქედან გამომდინარე, კასატორის მოსაზრებით სრულიად კანონიერია საჯარო შრომითი სახელშეკრულებო ურთიერთობისას წარმოშობილი დავის დროს გამოყენებული იქნას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი კერძო სამართლებრივი ურთიერთობის მარეგულირებელი ძირითადი საკაონმდებლო აქტია, მაგრამ მისი ნორმები ხშირ შემთხვევაში იმ ურთიერთობების მარეგულირებელ ნორმებადაც გვევლინებიან, რომლებიც თავისი შინაარსით წარმოადგენენ ადმინისტრაციულ (საჯარო) ურთიერთობებს. მაგალითისათვის კასატორმა მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით რეგლამენტირებულ ადმინისტრაციულ ხელშეკრულებაზე, ამავე კოდექსის 65-ე და 70-ე მუხლები, რომლის დისპოზიციასაც მითითებითი ხასიათი აქვს და ცალსახად მიანიშნებენ ადმინისტრაციული ურთიერთობის სივრცეში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმების გამოყენების სრულ შესაძლებლობას. საყურადღებოა, განისაზღვროს მოსარჩელესა და თავდაცვის სამინისტროს შორის არსებული ურთიერთობა წარმოადგენდა თუ არა სახელშეკრულებო ურთიერთობას. ეს ურთიერთობა სახელშეკრულებო ურთიერთობა იყო იმ მარტივი გარემოებიდან გამომდინარე, რომ მოსარჩელის განცხადება –ნების გამოვლენა- თავდაცვის სამინიტსროს სისტემაში სამსახურის დაწყების შესახებ (ოფერტი) და სამინისტროს თანხმობა (აქცეფტი-ბრძანების სახით) მასთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ, ასევე ამ ორ სუბიექტს შორის ურთიერთობის და მათი უფლება-მოვალეობების განმსაზვრელი სამათლებრივი აქტები ერთობლიობაში წარმოადგენენ მოსარჩელესა და სამინისტროს შორის ფაქტობრივი საჯარო შრომითი სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობის ფაქტს და ამის დასადასტურებლად სრულიად არ არის საჭირო ერთიანი, გარკვეულ სისტემაში მოყვანილი ან გარკვეული ფორმის მქონე დოკუმენტის – ხელშეკრულების არსებობა. კანონმდებლობა არ ავალდებულებს მხარეებს კონკრეტული შინაარსისა და სტილის მქონე დოკუმენტის _ ხელშეკრულების გაფორმებას. ხელშეკრულებათა ფორმები და სტილი შეიძლება იყოს განსხვავებული და შესაბამისად წერილობითი განცხადება და ბრძანება თანამდებობაზე დანიშვნაზე ერთობლიობაში წარმოადგენს წერილობითი შრომითი ხელშეკრულების არსებობის დამადასტურებელ დოკუმენტებს. აღნიშნული მიდგომა სახელმწიფოს მიერ ასევე ფაქტობრივად აღიარებულია შრომის კოდექსის მე-6 მუხლის მე-3 ნაწილითაც – პირის განცხადება და მის საფუძვენლზე დამსაქმებლის მიერ გამოცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება დამსაქმებლის ნება პირის სამუშაოზე მიღების თაობაზე, უთანაბრდება შრომითი ხელშეკრულების დადებას. ის ფაქტი, რომ საჯარო სამსახურზე ვრცელდება შრომითი კანონმდებლობა უდავოა. უფრო მეტიც, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტით საჯარო სამსახურთან დაკავშირებული ის ურთიერთობა, რაც ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონით არ წესრიგდება, რეგულირდება შესაბამისი კანონმდებლობით. ამდენად, სახელფასო დავალიანებების ხანდაზმულობის საკითხზე, რომელიც არ წესრიგდება მითითებული კანონით უნდა გავრცელდეს შესებამისი კანონმდებლობა, ანუ: იმ შემთჯხვევაში, თუ ხელფასის გაცემის ვალდებულებას მიეცემა სახელშეკრულებო ვალდებულების კვალიფიკაცია _ ვრცელდება სამოქალაქო კოდექსით დადგენილი სამ წლიანი ხანდაზმულობის ვადა; იმ შემთხვევაში, თუ ხელფასის გაცემის ვალდებულებას მიეცემა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამსახურებრივ საკითხზე მოქმედების განხორციელების ვალდებულების კვალიფიკაცია _ ვრცელდება ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ერთ თვიანი ხანდაზმულობის ვადა. ამდენად, კასატორის მოსაზრებით სასამართლოს უნდა გამოეყენებინა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლი, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში სსკ-ის 129-ე მუხლი სსკ-ის 326-ე მუხლიდან გამომდინარე. რაც შეეხება სამივლინებო ხარჯებს, კასატორმა მიუთითა, რომ უპირველეს ყოვლისა უშუალოდ მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი დამადასტურებელი ცნობები (მივლინების ბრძანება), რაზეც ამყარებდა მოთხოვნას, რადგანაც ბრძანებით უნდა ყოფილიყო განსაზღვრული მივლინების ხარჯები, კერძოდ თუ რომელი მხარის (მიმწვევი მხარის თუ თავდაცვის სამინისტროს) მიერ უნდა ყოფილიყო ანაზღაურებული მივლინების თანხები, ამდენად სასამართლოს უსაფუძვლობის მოტივით უარი უნდა ეთქვა თანხების დაკმაყოფილებაზე. კერძო პირებთან ქირავნობის ხელშეკრულების დადება შეუძლებელი იყო, თავდაცვის სამინისტროს მიერ პიროვნების მივლინებაში გაგზავნის შემთხვევაში წინასწარ იქნებოდა განსაზღვრული მისი საცხოვრებელი და სწორედ ამისათვის წინასწარ განსაზღვრულად იქნებოდა თანხები გამოყოფილი. კასატორმა აღნიშნა, რომ თუ საკასაციო სასამართლო არ გაითვალისწინებდა თავდაცვის სამინისტროს პოზიციას უსაფუძვლობით სარჩელის დაუკმაყოფილებლობაზე, გათვალისწინებული უნდა იყოს ის გარემოება, რომ ვ. ტ-ე ითხოვს 1999-2001 წლების მივლინების თანხებს და მოთხოვნა არის ხანდაზმული სსკ-ის 129-ე მუხლიდან გამომდინარე. საქმეში წამოდგენილი 27.09.07წ. ¹1383 ცნობა არ შეიძლება ჩაითვალოს ვალის აღიარებად ან ადმინისტრაციულ დაპირებად, ამასთან, აღნიშნული დოკუმენტი არ შეიძლება ჩაითვალოს ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის საფუძვლად სსკ-ის 137-ე მუხლის მიხედვით, რადგან დასახელებული დოკუმენტით მისი გამცემი ორგანო არ აღიარებს მოსარჩელის მოთხოვნის არსებობას, ცნობას ინფორმაციული ხასიათი აქვს, მოსარჩელეს (განმცხადებელს) მიეცა სამინისტროში დაცული საჯარო ინფორმაცია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და ვ. ტ-ის საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს-წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და ვ. ტ-ის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და ვ. ტ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.03.08წ. გადაწყვეტილებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.