ბს-54-54(კ-08) 23 აპრილი, 2008 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მარიამ ცისკაძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რეგიონალური საბაჟო “....” საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
28.03.07წ. ნ. წ-ემ მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო “....” მიმართ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს. მოსარჩელემ სანქციის დარიცხვის თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 28.02.07წ. გადაწყვეტილების, იმავე თარიღის საბაჟო შეტყობინებისა და საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობა მოითხოვა, რომლითაც ნ. წ-ე დაჯარიმდა 1000 ლარით. მოსარჩელის განმარტებით, მის მიმართ ინსპექტორ ც. თ-ის მიერ 28.02.07წ. შედგენილი იქნა უკანონო და დაუსაბუთებელი ¹000818 ოქმი. მასში არ იქნა მითითებული ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციული აქტის გამოცემისათვის. ოქმის თანახმად, ნ. წ-ის მიერ დარღვეული იქნა საბაჟო კოდექსის 245-ე მუხლის პირველი ნაწილი, თუმცა, მოსარჩელის აზრით, არ იქნა განმარტებული, რაში გამოიხატა საბაჟო თანამშრომლისათვის მის მიერ გაწეული წინააღმდეგობა. მოსარჩელის მოსაზრებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის ¹000818 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და მის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება და გაგზავნილი შეტყობინება დაუსაბუთებელია და უკანონო, რის გამოც ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 24.05.07წ. გადაწყვეტილებით ნ. წ-ის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. წ-ემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.10.07წ. გადაწყვეტილებით ნ. წ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 24.05.07წ. გადაწყვეტილება, ნ. წ-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის ¹000818 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, საბაჟო სანქციის დარიცხვის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო “....” უფროსის მოადგილის 28.02.07წ. გადაწყვეტილება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო “....” უფროსის მოადგილის 28.02.07წ. ¹601/306/07 საბაჟო შეტყობინება. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 21.02.07წ. ნ. წ-ე საბაჟო-გამშვები პუნქტის, “....” გავლით შემოვიდა საქართველოს ტერიტორიაზე. სასამართლომ მიუთითა, რომ საბაჟო სამართალდარღვევის 21.02.07წ. ¹000818 ოქმის თანახმად, მოქალაქე ნ. წ-ე არ დაემორჩილა საბაჟო თანამშრომლის კანონიერ მოთხოვნას, რითაც დაარღვია საბაჟო კოდექსის 245-ე მუხლის I ნაწილი. სასამართლომ აღნიშნა, რომ თავდაპირველად საპრეტენზიო ურთიერთობა მოქალაქესა და მებაჟეებს შორის წარმოიშვა დეკლარაციაში ქალის ბლუზის შეუტანლობით და საქონლის რაოდენობის გასწვრივ ციფრების გადასწორებით. საბაჟო ორგანოს მიერ ნ. წ-ის არ იყო წარდგენილი საბაჟო კოდექსის 240-ე მუხლის (საბაჟო დეკლარაციის შეწვსების წესების დარღვევა) შესაბამისი პრეტენზია, თუ დეკლარაციის შევსების წესების დარღვევისათვის ნ. წ-ის მიმართ საბაჟოს თანამშრომლებს არ გააჩნიათ პრეტენზია, ამ სამართალურთიერთობიდან წარმოშობილი მათი მოთხოვნა ვერ დაკვალიფიცირდება საბაჟო კოდექსის 245-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რადგან, სააპელაციო სასამართლოს განცხადებით, სახეზე არ არის გადაწყვეტილების კანონიერებისა და მოთხოვნის უგულებელყოფის ნიშნები.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.10.07წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რეგიონალურმა საბაჟო “...”. კასატორის განცხადებით, ნ. წ-ემ ჩაიდინა საბაჟო კოდექსის 245-ე მუხლით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევა, რაზეც შედგენილი იქნა ოქმი, რომელიც სამართალდამრღვევმა დახია. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 20.12.06წ. ¹1755 ბრძანების თანახმად, ოქმის ხელმოწერაზე ან მის მიღებაზე სამართალდამრღვევის უარი არ იწვევს ოქმის იურიდიული ძალის დაკარგვას. 28.02.7წ. ოქმის საფუძველზე რეგიონალური საბაჟო “....” უფროსის მოადგილის მიერ მიღებული იქნა ¹601/306/07 გადაწყვეტილება, რომელიც საბაჟო შეტყობინებით გაეგზავნა სამართალდამრღვევს. კასატორის განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ ნ. წ-ის მხრიდან დაუმორჩილებლობად მიიჩნია მხოლოდ დეკლარაციაში მონაცემების არასრული დაფიქსირება, რითაც იგნორირება გაუკეთა დაუმორჩილებლობის სხვა ამსახველ მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 29.01.08წ. განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რეგიონალური საბაჟო “....” საკასაციო საჩივარი ასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული. მხარეებს დასაშვებობის თაობაზე მოსაზრებების წარმოდგენის უფლება მიეცათ და განესაზღვრათ მისი წარმოდგენის ვადა. კასატორმა წარმოადგინა მოსაზრება, რომლის თანახმად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლები არასრულყოფილი და მცდარია, ვინაიდან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ ვერ იქნა ადეკვატურად შეფასებული განსახილველ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით რეგიონალური საბაჟო “....” მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. კასატორის მოსაზრებით, მისი საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს ასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პირობებს. მოწინააღმდეგე მხარე, ნ. წ-ემ, წარმოადგინა, აგრეთვე, მოსაზრება, რომლის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რეგიონალური საბაჟო “....” საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს არც ასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის და არც ამავე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის მოთხოვნებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რეგიონალური საბაჟო “...” საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რეგიონალური საბაჟო “....” საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რეგიონალური საბაჟო “....” საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.