Facebook Twitter

¹ბს-545-516(კ-06) 22 მაისი, 2007წ.

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორები _ ი. ო-ე, მ. ყ-ე, ი. გ-ე, ნ. ყ-ი (მოსარჩელეები)

მოწინააღმდეგე მხარეები _ ზესტაფონის რაიონის გამგეობა, ზესტაფონის რაიონის საკრებულო (მოპასუხეები)

მესამე პირი _ ზესტაფონის რაიონის საფინანსო განყოფილება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 4 მაისის გადაწყვეტილება

დავის საგანი _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2005 წლის 8 ივლისს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართეს ქ. ზესტაფონის ¹....., ¹......, ¹......, ¹..... და ¹....... საბავშვო ბაგა-ბაღების მუსიკის მასწავლებლებმა ი. ო-ემ, მ. ყ-ემ, ი. გ-ემ, ნ. ტ-ამ და ნ. ყ-მა მოპასუხე ზესტაფონის რაიონის გამგეობისა და ზესტაფონის რაიონის საკრებულოს, მესამე პირის _ ზესტაფონის რაიონის საფინანსო განყოფილების მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს: ა. ზესტაფონის რაიონის გამგეობისათვის რაიონის ბიუჯეტიდან მოსარჩელეთა საფინანსო უზრუნველყოფის შესახებ დადგენილების მიღების დავალება; ბ. ზესტაფონის რაიონის საკრებულოსათვის რაიონის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის შესახებ დადგენილების გამოცემის დავალება; გ. ზესტაფონის რაიონის საფინანსო განყოფილებისათვის ზემოთ მითითებული დადგენილებებით გათვალისწინებული თანხების ფარგლებში მათი ფინანსური უზრუნველყოფის დავალება ყოველთვიური ხელფასის გაცემის გზით.

სარჩელის დაკმაყოფილებას მოსარჩელეები ითხოვდნენ შემდეგი საფუძვლებით:

“სკოლამდელ დაწესებულებათა მუშაობის მოწესრიგების ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს განათლების მინისტრის 1997 წლის 30 სექტემბრის ¹469 ბრძანების შესაბამისად, ზესტაფონის რაიონის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში მუსიკის მასწავლებელთა მუშაობა წარიმართა თვითდაფინანსების პრინციპით, მშობელთა შენატანების ხარჯზე. განათლების მინისტრის აღნიშნული ბრძანება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 1998 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით არ ჩათვალა ნორმატიულ აქტად. ამის შესაბამისად, ზესტაფონის რაიონის საკრებულოს 1999 წლის 15 თებერვლის პირველი მოწვევის მეათე სხდომის ¹37 დადგენილებით, 1999 წლის 1 სექტემბრიდან აღდგა ქალაქის საბავშვო ბაღებში გაუქმებული საშტატო ერთეულები და იმავე დადგენილებით რაიონის საფინანსო განყოფილებას ეთხოვა მათი ფინანსური უზრუნველყოფა. მოსარჩელეები მუშაობენ მუსიკის მასწავლებელთა საშტატო ერთეულებზე, თუმცა რაიონის ბიუჯეტიდან არ ხდება მათი ფინანსური უზრუნველყოფა და არიან მშობელთა თვითდაფინანსების ხარჯზე. საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სკოლამდელ აღზრდას უზრუნველყოფს სახელმწიფო. “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის “გ” პუნქტის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ექსკლუზიურ უფლებამოსილებას განეკუთვნება ადგილობრივი ბიუჯეტის ფორმირება, დამტკიცება და სხვა. სწორედ ამ ნორმით გათვალისწინებული უფლებამოსილებით მიიღო ზესტაფონის რაიონის საკრებულომ 1999 წლის 15 თებერვალს დადგენილება მათი ფინანსური უზრუნველყოფის შესახებ, რომელიც არ გაუქმებულა და დღესაც ძალაშია. რაიონის საკრებულო და გამგეობა, საქართველოს სხვა რაიონებისგან განსხვავებით, არღვევენ საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის მესამე ნაწილის მოთხოვნას, აგრეთვე გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებულ “ბავშვთა უფლებათა კონვენციას”, რომელიც რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის მიერ 1994 წელს. ამ კონვენციის მონაწილე თითოეულ ქვეყანაში ბავშვის უფლებათა პრიორიტეტულობა განმტკიცებულია საკანონმდებლო და აღმასრულებელ სფეროში კონკრეტული ღონისძიებებით. საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის მე-3 ნაწილის დებულება ცალსახად გულისხმობს ექვს წლამდე ასაკის ბავშვთა ფიზიკური, გონებრივი, ზნეობრივი, შრომითი და ესთეტიკური აღზრდის ერთიანობას სკოლამდელ დაწესებულებებში. ამ შემთხვევაში, მოპასუხეების მიერ სახელმწიფო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, ზიანი ადგება მოსარჩელეთა კანონიერ უფლებებს, ასევე მრავალრიცხოვან მშობელთა და სკოლამდელ ბავშვთა ინტერესებს, რადგან ისედაც მწირ შემოსავალზე მყოფ მშობლებს უჭირთ თვითდაფინანსების პრინციპით ხარჯების გაღება. მუსიკის მასწავლებლის სამუშაო ბავშვის აღზრდა-განვითარების აუცილებელ ნაწილს წარმოადგენს, რომელიც სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს. აქედან გამომდინარე, მოსარჩელეებმა მოითხოვეს ზესტაფონის რაიონის გამგეობისათვის რაიონის ბიუჯეტიდან მათი საფინანსო უზრუნველყოფის შესახებ დადგენილების მიღების დავალება ¹......, ¹......, ¹........., ¹........ და ¹........ ბაგა-ბაღებში ყოველთვიურად შესაბამისად 38, 50, 40, 50 და 45 ლარით, გარდა ამისა, ზესტაფონის რაიონის საკრებულოსათვის რაიონის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის შესახებ დადგენილების გამოცემის დავალებას და ზესტაფონის რაიონის საფინანსო განყოფილებისათვის ზემომითითებული დადგენილებებით გათვალისწინებული თანხების ფარგლებში მათი ფინანსური უზრუნველყოფის დავალება ყოველთვიური ხელფასის გაცემის გზით (ს.ფ. 1-3).

მოპასუხე ზესტაფონის რაიონის გამგეობამ სარჩელი არ ცნო და მის მიერ წარდგენილ შესაგებელში განმარტა, რომ “სკოლამდელ დაწესებულებათა მუშაობის მოწესრიგების შესახებ” საქართველოს განათლების მინისტრის 1997 წლის 30 სექტემბრის ¹469 ბრძანება, რომლითაც 1997 წლის დეკემბრიდან სკოლამდელ დაწესებულებებში მუსიკის მასწავლებელთა შრომის ანაზღაურება განისაზღვრა, თვითდაფინანსების პრინციპით ძალაში იყო. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 1998 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით საქართველოს პარლამენტის წევრთა კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს განათლების სამინისტროს წინააღმდეგ “სკოლამდელ დაწესებულებათა მუშაობის მოწესრიგების ღონისძიებათა შესახებ” 1997 წლის 30 სექტემბრის ¹469 ბრძანებით საქართველოს პარლამენტის კომპეტენციის დარღვევის თაობაზე უარყოფილ იქნა, იმის გამო, რომ ბრძანება არ ჩაითვალა ნორმატიულ აქტად. ამდენად, მინისტრის მითითებული ბრძანება არც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი და არც ძალადაკარგულად გამოცხადებულა. იგი რეგისტრირებულია საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში და მინიჭებული აქვს სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი, რასაც ადასტურებს იუსტიციის სამინისტროს ნორმატიული აქტების სისტემატიზაციისა და ადგილობრივ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის წერილი. მინისტრის ბრძანებას უპირატესი იურიდიული ძალა გააჩნია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, კერძოდ, ზესტაფონის საკრებულოს 1999 წლის 15 თებერვლის ¹37 დადგენილებასთან მიმართებაში. “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით, ნორმატიულ აქტებს შორის წინააღმდეგობის წარმოქმნისას უპირატესობა ენიჭება იერარქიის უფრო მაღალ საფეხურზე მყოფ ნორმატიულ აქტს. ამდენად, განათლების მინისტრის ბრძანება საკრებულოს დადგენილებაზე უპირატესი იურიდიული ძალის მქონეა, შესაბამისად, მოსარჩელეთა მოთხოვნა არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას (ს.ფ. 30-31).

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით ი. ო-ის, მ. ყ-ის, ი. გ-ის, ნ. ტ-ასა და ნ. ყ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე ზესტაფონის რაიონის გამგეობას დაევალა მიეღო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელეთა საფინანსო უზრუნველყოფის შესახებ, კერძოდ, ¹......, ¹......., ¹......, ¹....... და ¹...... ბაგა-ბაღებში ყოველთვიურად 30, 50, 40, 50 და 45 ლარის ოდენობით, მოპასუხე ზესტაფონის რაიონის საკრებულოს დაევალა ადგილობრივ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა, ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტით მითითებული ფინანსური უზრუნველყოფის შესახებ.

რაიონული სასამართლოს განმარტებით, “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” ორგანული კანონის მე-7 მუხლის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ექსკლუზიურ უფლებამოსილებას განეკუთვნებოდა ადგილობრივი ბიუჯეტის ფორმირება, დამტკიცება. სასამართლოს მოსაზრებით, მართალია, “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, განათლების მინისტრის ბრძანება საკრებულოს დადგენილებასთან შედარებით უპირატესი იურიდიული ძალის მქონე იყო, მაგრამ სასამართლომ მოცემულ დავაში გადამწყვეტი მნიშვნელობა მიანიჭა იმ გარემოებას, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ განათლების მინისტრის 1999 წლის 30 სექტემბრის ¹469 ბრძანება არ მიიჩნია ნორმატიულ აქტად მისი მომზადების, გამოქვეყნების, რეგისტრაციისა და ძალაში შესვლის წესების დარღვევის გამო. ასეთ შემთხვევაში, სასამართლოს აზრით, გამოირიცხებოდა სარჩელის კანონიერი საფუძველი, საკრებულოს ¹37 დადგენილების შესრულების ვალდებულება. სასამართლოს მითითებით, აღნიშნულზე გავლენას ვერ მოახდენდა მინისტრის ბრძანების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაცია და შესაბამისი კოდის მინიჭება, რადგან საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით დადგენილი იყო ფაქტობრივი გარემოება, სახელმწიფო რეესტრში მითითებული ბრძანების დაგვიანებით შეტანა (ს.ფ. 69-72).

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზესტაფონის რაიონის გამგეობამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.

აპელანტის მითითებით, სასამართლომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაუდო ზესტაფონის რაიონის საკრებულოს 1999 წლის 15 თებერვლის ¹37 დადგენილება, ხოლო მისი განათლების მინისტრის 1997 წლის 30 სექტემბრის ¹469 ბრძანებასთან უპირატესი იურიდიული ძალის შესახებ აღნიშნა, რომ საქართველოს განათლების მინისტრის ბრძანება არანორმატიული აქტი იყო (საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით) და არ გაიზიარა მოპასუხის შესაგებლის არგუმენტი ბრძანების საკრებულოს დადგენილებასთან მიმართებაში უპირატესი იურიდიული ძალის შესახებ.

აპელანტის მოსაზრებით, სასამართლოს ზემოაღნიშნული მოტივაცია არასწორი იყო, რადგან საქართველოს განათლების მინისტრის 1997 წლის 30 სექტემბრის ¹469 ბრძანება რეგისტრირებული იყო საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში და მინიჭებული ჰქონდა სარეგისტრაციო კოდი, რაც “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 44-ე მუხლის თანახმად, გამორიცხავდა მის არანორმატიულ აქტად მიჩნევას. ამდენად, მინისტრის ბრძანება იყო მოქმედი აქტი და მას შესასრულებლად უპირატესი იურიდიული ძალა გააჩნდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს _ ზესტაფონის რაიონის საკრებულოს 1999 წლის 15 თებერვლის ¹37 დადგენილებასთან შედარებით (ს.ფ. 76-77).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 4 მაისის გადაწყვეტილებით ზესტაფონის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება, ი. ო-ის, მ. ყ-ის, ი. გ-ის, ნ. ტ-ას და ნ. ყ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მოტივები მდგომარეობს შემდეგში:

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ ზესტაფონის რაიონის საკრებულოს პირველი მოწვევის მეათე სხდომის 1999 წლის 15 თებერვლის ¹37 დადგენილებით აღდგენილ იქნა 1999 წლის 1 სექტემბრიდან ქალაქის საბავშვო ბაგა-ბაღებში გაუქმებული საშტატო ერთეულები; ეთხოვა საფინანსო განყოფილებას, განათლების განყოფილებას 1999 წლის 1 სექტემბრიდან უზრუნველეყოთ ქალაქის ბაგა-ბაღებში გაუქმებული საშტატო ერთეულების როგორც ფინანსური უზრუნველყოფა, ისე სამსახურებრივი მოწყობა. “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” ორგანული კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის “გ” ქვეპუნქტის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ექსკლუზიურ უფლებამოსილებას განეკუთვნებოდა ადგილობრივი ბიუჯეტის ფორმირება, დამტკიცება. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, უსაფუძვლო იყო მოსარჩელეთა მოთხოვნა, სასამართლოს მიერ საკრებულოსათვის მათი დაფინანსების შესახებ გამგეობის მიერ წარდგენილი დადგენილების დამტკიცების დავალდებულება. ბიუჯეტის ფორმირება და დამტკიცება წარმოადგენდა საკრებულოს უფლებამოსილებას და ხელისუფლების დანაწილების პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლოს უფლება არ ჰქონდა, ჩარეულიყო წარმომადგენლობითი ორგანოს ფუნქციებში. ამასთან. გამგეობის უფლებამოსილებას განეკუთვნებოდა ბიუჯეტის პროექტის შემუშავება და “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” ორგანული კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის “გ” ქვეპუნქტისა და კონსტიტუციის მე-5 მუხლიდან გამომდინარე, სასამართლოს უფლება არ ჰქონდა, გამგეობისათვის დაევალებინა, მიეღო დადგენილება ბიუჯეტის პროექტში ცვლილებების შეტანის შესახებ მოსარჩელეთა დაფინანსების თაობაზე (ს.ფ. 115-118).

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ი. ო-ემ, მ. ყ-ემ, ი. გ-ემ, ნ. ტ-ამ და ნ. ყ-მა, რომელთაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მათი სარჩელის დაკმაყოფილება.

კასატორთა განმარტებით, ზესტაფონის საკრებულოს 1999 წლის 15 აპრილს დადგენილება მათი ფინანსური უზრუნველყოფის შესახებ დღესაც ძალაშია, თუმცა რაიონის საკრებულო და გამგეობა უსაფუძვლოდ არ ასრულებენ მას, რითაც ზიანი ადგება მათ კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს. დავის გადაწყვეტისას სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლი, აგრეთვე “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” ორგანული კანონის მე-7 მუხლის “გ” პუნქტი, რამაც საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება განაპირობა (ს.ფ. 129).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 17 ნოემბრის განჩინებით ნ. ტ-ას საკასაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული (ს.ფ. 155-157).

საკასაციო სასამართლოში ი. ო-ის, მ. ყ-ის, ი. გ-ის, ნ. ყ-ის საკასაციო საჩივრის განხილვისას, 2007 წლის 21 მაისს კასატორებმა შუამდგომლობით მომართეს საკასაციო სასამართლოს და მიუთითეს, რომ მოპასუხემ მათი მოთხოვნა დააკმაყოფილა, თითოეული პედაგოგი დააფინანსა დღევანდელი მინიმალური ხელფასის ოდენობის ფარგლებში, რის გამოც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტის საფუძველზე საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კასატორთა შუამდგომლობის განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და შეწყდეს საქმის წარმოება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები.

მოცემულ შემთხვევაში კასატორებმა _ ი. ო-ემ, მ. ყ-ემ, ი. გ-ემ და ნ. ყ-მა სარჩელზე უარის თქმით მოახდინეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ზემოაღნიშნული მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლების რეალიზაცია, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, როგორც პროცესის მონაწილე მხარის ნების გამოვლენა, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის საფუძველზე სასამართლოს უფლებამოსილება განსაზღვრულია მხარეთა მოთხოვნის ფარგლებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ამავე კოდექსის 272-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტის საფუძველზე მიიჩნევს, რომ ი. ო-ის, მ. ყ-ის, ი. გ-ისა და ნ. ყ-ის სარჩელზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება, სარჩელზე უარის თქმის გამო, ვინაიდან ადმინისტრაციული საპროცესო კოდესის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა ვრცელდება ადმინისტრაციული ორგანოს და არა ფიზიკური პირის მიერ სარჩელზე უარის თქმის შემთხვევაზე.

საკასაციო სასამართლო განუმარტავს მხარეებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა იმავე დავაზე, იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. ო-ის, მ. ყ-ის, ი. გ-ისა და ნ. ყ-ის შუამდგომლობა სარჩელზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 4 მაისის გადაწყვეტილება;

3. ი. ო-ეს, მ. ყ-ეს, ი. გ-ეს, ნ. ყ-სა და ზესტაფონის გამგეობას შორის არსებულ დავაზე საქმის წარმოება შეწყდეს;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.