ბს-546-521(კ-07) 2 ოქტომბერი,2007 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძესაქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ზ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 27 მარტის განჩინებაზე.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2005 წლის 26 აგვისტოს ზ. ბ-ემ სარჩელი აღძრა ქობულეთის რაიონულ სასამართლოში ქობულეთის რაიონის გამგეობის მიმართ და მოითხოვა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება (იხ. ს.ფ. 1-12).
ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 12 სექტემბრის განჩინებით მხარეთა შორის მორიგების გამო საქმის წარმოება შეწყდა (იხ. ს.ფ. 30).
2005 წლის 22 ნოემბერს ქობულეთის რაიონულ სასამართლოს კერძო საჩივრით მიმართა ქობულეთის რაიონის გამგეობამ და მოითხოვა მორიგების აქტის დამტკიცების შესახებ ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 12 სექტემბრის განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განხილვა (იხ. ს.ფ. 33-34).
ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 22 ნოემბრის განჩინებით კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა და გაუქმდა ამავე სასამართლოს 2005 წლის 12 სექტემბრის განჩინება (იხ. ს.ფ. 35).
ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით ზ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო (იხ. ს.ფ. 78-81).
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. ბ-ემ (იხ. ს.ფ. 84-88).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 27 მარტის განჩინებით ზ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 17 და 22 ნოემბრის განჩინებები (იხ. ს.ფ. 106-108).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. ბ-ემ და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 27 მარტის განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის (იხ. ს.ფ. 112-115).
საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 27 ივნისის განჩინებით ზ. ბ-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღე საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის პირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 132-133).
საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით მოსაზრება წარმოადგინა ზ. ბ-ემ და მოითხოვა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა შემდეგი მოტივით:
მოსაზრების ავტორის მითითებით, მოცემული საქმის განხილვა მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, ასევე სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, განჩინება გამოტანილია საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების შესწავლისა და სამართლებრივი შეფასების გარეშე, სააპელაციო სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია აჭარის ა/რ ცენტრალური სახელმწიფო არქივის ცნობაზე, არ დაუდგენია ზ. ბ-ის ოჯახის მიერ მიწის ნაკვეთების ფაქტობრივად ფლობის ფაქტი. სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, თუმცა არ მიუთითებია, რომელი მოქმედების გასაჩივრების ხანდაზმულობის ვადა იქნა გაშვებული. სასამართლოს დასკვნა, რომლითაც უარყოფილია ზ. ბ-ის ბაბუის სამკვიდრო ქონებაში აღნიშნული უძრავი ქონების არსებობის ფაქტი, არ არის გამყარებული არც ერთი ფაქტობრივი გარემოებებით და სამართლებრივი შეფასებით.
მოსაზრების ავტორის მითითებით, ასევე მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით არის გამოტანილი ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 22 ნოემბრის განჩინება.
მოსაზრების ავტორის მითითებით, მოცემული საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკისთვის.
მოსაზრების ავტორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და უკანონოა, რადგან სასამართლომ არ იმსჯელა მორიგების აქტსა და მასთან დაკავშირებულ გარემოებებზე, სარჩელის მოთხოვნაზე უარის თქმის მოტივად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა საკუთრების უფლებისა და მემკვიდრეობის მიღების დამადასტურებელი მტკიცებულებები. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლოში წარდგენილ იქნა საარქივო ცნობები, ახსნა-განმარტებები და სხვა მტკიცებულებები, რომლებითაც დასტურდება საკუთრების უფლება და ქონების მემკვიდრეობით ფაქტობრივად მიღება. გარდა აღნიშნულისა, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის ფაქტიც, რომ გამგეობა მოსარჩელეს მოურიგდა, რის საფუძველზეც საჯარო რეესტრში ქონება რეგისტრირებულია საკუთრების უფლებით ზ. ბ-ის სახელზე (იხ. ს.ფ. 142-143).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლოს 2005 წლის 27 ივნისის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ზ. ბ-ის საკასაციო საჩივარი; მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 132-133).
კასატორის _ ზ. ბ-ის წარმომადგენლის მიერ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მოსაზრებები არ შეიცავს დასაბუთებას, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, ასევე არ შეიცავს დასაბუთებას, თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ ზ. ბ-ის მიერ არ იქნა სრულყოფილად რეალიზებული მისი საპროცესო უფლება, კერძოდ, ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ზ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ზ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.