¹ბს-547-518(კ-06) 10 იანვარი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ნინო ქადაგიძე (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე
სხდომის მდივანი – გ. ილინა
კასატორი – მ. ბ-ე, ადვოკატი – ლ. მ-ე
მოწინააღმდეგე მხარეები - ქ. ბათუმის მერია, წარმომადგენელი – რ. შ-ე; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახური
მესამე პირი – ს. მ-ა, ადვოკატი – თ. მ-ე
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 2 ივნისის განჩინება
დავის საგანი – მინაშენის რეგისტრაციაში გატარება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2004 წლის 4 მარტს მ. -ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ქ. ბათუმის მერიის მიმართ მინაშენის რეგისტრაციაში გატარების თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ ქ. ბათუმში, .... ქ. ¹19-ში მდებარე საერთო საკუთრებაში არსებული სახლის 1/3 იყიდა მისმა მეუღლემ, აწ გარდაცვლილმა – ა. ბ-ემ 1982 წელს ნ. თ-ან. იმავე წელს სახლზე განახორციელეს რეკონსტრუქცია-მიშენება როგორც მათ, ასევე სახლის 2/3-ის მესაკუთრემ – თ. ბ-ემ, რაც სადავო არასდროს გამხდარა არც თ. ბ-ის და არც ქ. ბათუმის მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ.
2003 წლის 20 ივნისს მან განცხადებით მიმართა ქ. ბათუმის მერიის შესაბამის არქიტექტურულ სამსახურს მიშენებული ფართის დაკანონების თაობაზე, რაზედაც 2003 წლის 17 ივლისს მიიღო პასუხი, რომ ,,შემოწმებულ იქნა ქ. ბათუმში, ... ქ. ¹19-ში მდებარე სავხოვრებელი სახლი. მასზე მიშენებული სათავსების სამართლებრივ რეგისტრაციაში გატარების საკითხი განხილულ უნდა იქნეს ტექკომისიის სხდომაზე, რომლის ფუნქციონირება დროებით შეჩერებულია”.
მოსარჩელის განმარტებით, მან არაერთხელ მიმართა მოპასუხე ორგანიზაციას მისი განცხადების დაკმაყოფილების თაობაზე, რაზედაც მიიღო უარი.
მოსარჩელის მითითებით, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ საერთო საკუთრებაში არსებული სახლის იმ ნაწილზე, რომელიც ამჟამად ეკუთვნის ს. მ-ას, წარმოებულია მიშენებები ყოველგვარი ნებართვებისა და სპეციალური სამშენებლო საპროექტო დოკუმენტაციის გარეშე, რომელიც ქ. ბათუმის მერიის 1999 წლის 25 თებერვლის ¹65 განკარგულებით დაკანონებულ იქნა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა მის მიერ საერთო საკუთრებაში არსებულ სახლზე მიშენებული ფართის სამართლებრივ რეგისტრაციაში გატარებასა და ასევე, საკუთრებაში არსებული სახლის წილების გადაანგარიშებას.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 16 აპრილის განჩინებით საქმეში თანამოპასუხეებად ჩაებნენ ქ. ბათუმის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახური და ქალაქმშენებლობის სამსახური, ხოლო მესამე პირად – ს. მ-ა.
2005 წლის 14 ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას, სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე მ. ბ-ის წარმომადგენელმა შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს საქმეში თანამოპასუხედ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის ჩაბმის თაობაზე.
ამავე სასამართლოს 2005 წლის 14 ივლისის საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა მ. ბ-ის წარმომადგენლის შუამდგომლობა და საქმეში თანამოპასუხედ ჩაება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახური.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 14 ივლისის განჩინებით დაკმაყოფილდა ქ. ბათუმის მერიის ქალაქგეგმარებისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის წარმომადგენლის შუამდგომლობა და ქ. ბათუმის მერიის ქალაქგეგმარებისა და სივრცითი მოწყობის სამსახური ამოირიცხა საქმიდან როგორც არასათანადო მოპასუხე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით მ. ბ-ის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის მოტივით.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ბ-ემ.
აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 2 ივნისის განჩინებით მ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლო განჩინებაში მიუთითებდა, რომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 16 მარტის ¹156 დადგენილებით შესაძლებელია უკანონო მიშენების სამართლებრივი რეგისტრაცია, მაგრამ აღნიშნულის შესახებ მოსარჩელეს 2003 წლამდე არ მოუთხოვია. სახლთმფლობელობა წარმოადგენს მრავალბინიან სახლს და მასზე არსებობს საერთო საკუთრება, სამოქალაქო კოდექსის 208-ე მუხლისა და სამოქალაქო კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბინის მესაკუთრის წილი საერთო საკუთრებაში განისაზღვრება მის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართობის შეფარდებით ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებულ მთელ ფართობთან. როგორც აღინიშნა, სახლთმფლობელობის 2/7 მ. ბ-აა, ხოლო 5/7 – ს. მ-ი.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საერთო საკუთრების მართვა, თანახმად სამოქალაქო კოდექსის 224-ე მუხლის პირველი ნაწილისა, ეკისრებათ ბინის მესაკუთრეებს ერთობლივად. უკანონო მიშენების მოშლის შესახებ ს. მ-ამ სარჩელი შეიტანა სასამართლოში და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. ჯ-ეს დაევალა თანასაკუთრების ეზოში მის მიერ უკანონოდ მინაშენის მოშლა.
სამოქალაქო კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საჯარო რეესტრში ბინის საკუთრების რეგისტრაციის მასალებს თან უნდა დაერთოს სამშენებლო უწყების მიერ დადასტურებული სამშენებლო მოწმობა, შენობის იმ ნაწილების მდებარეობა და შენობის პროექტი, აგრეთვე ზომები, რომლებიც საერთო საკუთრებაშია.
მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ბ-ემ.
კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაშია უფლებამოსილი მხარის დაუსწრებლად გამოიტანოს გადაწყვეტილება, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, ამასთან, მხარის დაუსწრებლად საქმის განხილვა და გადაწყვეტილების გამოტანა უნდა მოხდეს ამ კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლების დებულებათა გათვალისწინებით.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ განჩინების გამოტანისას არსებითად დაარღვია საპროცესო კანონის ზემოაღნიშნული მოთხოვნები. სასამართლო პროცესზე მათი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, მოსარჩელე – მ. ბ-ის ავადმყოფობით და სტაციონალურ მკურნალობაზე ყოფნით, რის შესახებაც დეპეშით აცნობეს სასამართლოს, მაგრამ სააპელაციო სასამართლოს არ გაუთვალისწინებია ეს გარემოება და მათი დასწრების გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივარი და მიიღო განჩინება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდესის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით. აღნიშნული ნორმა კი ადგენს, რომ მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ იგნორირება გაუკეთა საპროცესო კანონის ამ მოთხოვნებს, რითაც შეილახა მათი უფლებები და დაირღვა შეჯიბრობითობის პრინციპი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 2 ივნისის განჩინების გაუქმებასა და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დასაშვებად მიიჩნია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის ,,გ” პუნქტის საფუძველზე. კასატორი მიუთითებდა, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, კერძოდ, საქმე განიხილა მხარის დაუსწრებლად, მაშინ, როდესაც ამ უკანასკნელს ჰქონდა პროცესზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი.
საკასაციო სასამართლომ, კასატორის პრეტენზიის საფუძველზე, შეამოწმა ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის ფაქტი და მიიჩნია, რომ პრეტენზია უსაფუძვლოა და არ ექვემდებარება გაზიარებას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად, მხარეებს და მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი.
ამდენად, ზემოაღნიშნული მუხლის საფუძველზე, სასამართლო ვალდებულია, მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს შეატყობინოს საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი, რაც არ ნიშნავს იმას, რომ მხარეებს ეკისრებათ იურიდიული ვალდებულება, გამოცხადდნენ პროცესზე. აღნიშნული წარმოადგენს მათ უფლებას, თუმცა მხარეთა მხრიდან მითითებული უფლების რეალიზაციაზე უარი ვერ დააპრკოლებს სასამართლოს, განახორციელოს საპროცესო მოქმედება ან განიხილოს საქმე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არსებობს მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი.
საკასაციო სასამართლომ შეამოწმა რა საქმეში დაცული მტკიცებულებები, მიაჩნია, რომ არ არსებობდა საქმეზე გადაწყვეტილების მიღების დამაბრკოლებელი კანონისმიერი გარემოება.
საქმეში, ს.ფ. 56-ზე, წარმოდგენილია რწმუნება, რომლის საფუძველზეც კასატორი მ. ბ-ე წარმომადგენლობით უფლებამოსილებას ანიჭებს ლ. მ-ეს. საგულისხმოა, რომ რწმუნება გაცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, რომელიც შეიცავს მითითებას ლ. მ-ის სპეციალური უფლებამოსილებით აღჭურვის თაობაზე.
იმავე საპროცესო კოდექსის 93.2 მუხლის შესაბამისად, მხარეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით.
წარმომადგენელი ეს არის პირი, რომელიც მარწმუნებლის სახელით და მისი ინტერესების შესაბამისად ასრულებს სასამართლოში ყველა იმ საპროცესო მოქმედებას, რაც გათვალისწინებულია კანონით და მარწმუნებლის მიერ გაცემული მინდობილობით.
როგორც აღინიშნა, კასატორი მ. ბ-ე სასამართლოში საქმეს აწარმოებდა წარმომადგენლის _ ლ. მ-ის მეშვეობით.
საქმეში (ს.ფ.116; ს.ფ.118) დაცულია გზავნილების დასტური, რომელთა მეშვეობითაც დგინდება, რომ კასატორ მ. ბ-ეს და მის წარმომადგენელს _ ლ. მ-ეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ეცნობათ სასამართლო სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, კერძოდ, 2006 წლის 31 მაისი.
იმავე საქმეში წარმოდგენილია ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 31 მაისის სხდომის ოქმი, რომელიც შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, რომ მ. ბ-ის წარმომადგენლის, ლ. მ-ის მოთხოვნის საფუძველზე სხდომა გადაიდო 2006 წლის 2 ივნისის 14 საათისთვის, რის გამოც მისი გამოუცხადებლობა სასამართლომ მიიჩნია საპატიოდ. აქვე მითითებულია, რომ უწყებები წარმომადგენელმა მხარეებზე გადასაცემად წაიღო პირადად.
აღნიშნულ მითითებას ადასტურებს საქმეში დაცული ხელწერილი, რომლის საფუძველზეც ლ. მ-ე კისრულობს ვალდებულებას, უწყება ჩააბაროს მხარეებს,
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების საფუძველზე საკასაციო სასამართლო უდავოდ მიიჩნევს, რომ მხარისათვის ცნობილი იყო სასამართლო სხდომის ჩატარების დრო და ადგილი.
რაც შეეხება კასატორის მითითებას პროცესზე მისი გამოუცხადებლობის საპატიდ მიჩნევის თაობაზე, აღნიშნული საკასაციო სასამართლოს მხრიდან ვერ იქცევა გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად, ვინაიდან, როგორც აღინიშნა, მ. ბ-ე სასამართლოში საქმეს აწარმოებდა წარმომადგენლის მეშვეობით, რომელიც სასამართლო პროცესზე დაბარებული იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, მას მარწმუნებლის მხრიდან მინიჭებული ჰქონდა სრული საპროცესო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება და სასამართლოსთვის არ იყო ცნობილი მისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სააპელაციო სასამართლო მ. ბ-ის გამოუცხადებლობას ჩათვლიდა საპატიოდ (თუმცა, სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი არ ყოფილა საავადმყოფო ფურცელი, რაც სააპელაციო სასამართლოს მისცემდა გამოუცხადებლობის მიზეზის შეფასების საშუალებას), მითითებული ვერ იქცეოდა პროცესის გადადების საფუძვლად, ვინაიდან მხარე საკუთარ უფლებამოსილებას აწარმოებდა წარმომადგენლის მეშვეობით, რა შემთხვევაშიც საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს პროცესში მხარის სავალდებულო მონაწილეობას.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივარში მითითებული მოტივით გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
აქვე საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დებულებებს, რომლის შესაბამისადაც, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას მხოლოდ საკასაციო საჩივრის ფარგლებში და განმარტავს, იმის გათვალისწინებით, რომ წარმომადგენელმა, საკასაციო სასამართლოს არაერთი მითითების მიუხედავად, კასაციის საფუძვლად მიიჩნია მხოლოდ საპროცესო დარღვევის ფაქტი, საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნული მუხლის საფუძველზე მოკლებულია პროცესუალურ შესაძლებლობას, გასცდეს კასაციის ფარგლებს და იმსჯელოს მოთხოვნის კანონიერების საფუძვლებზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 2 ივნისის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.