¹ბს-547-522(კ-07) 12 სექტემბერი, 2007 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქ. ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 23 მარტის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 29 აგვისტოს ქ. ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა სასარჩელო განცხადებით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების _ ქ. ფოთის მერიისა და ქ. ფოთის საკრებულოს მიმართ.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ქ. ფოთში ფუნქციონირებდა 1996 წლიდან ჯერ განყოფილების, ხოლო 1998 წლიდან _ ცენტრის სტატუსით. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს გააჩნდა თავისი დებულება, რომელიც შეთანხმებული იყო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან და 2002 წლის 30 მაისს დამტკიცებული იყო ქ. ფოთის მერიის მიერ.
მოსარჩელის განმარტებით, ქ. ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ადგილობრივი მუნიციპალური პროგრამების კუთხით ასრულებდა სამუშაოს და 2006 წლის იანვრამდე ფინანსდებოდა ადგილობრივი ბიუჯეტიდან. ქ. ფოთის 2006 წლის ბიუჯეტში კი საერთოდ არ იყო გათვალისწინებული “საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონით გათვალისწინებული საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ღონისძიებებისა და მუნიციპალური პროგრამების დაფინანსება, რაც ეწინააღმდეგებოდა “საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონს.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ქ. ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მუშაობა განისაზღვრა სავალდებულო მუნიციპალური და ცენტრალური (სახელმწიფო) პროგრამების შესრულებით, რის საფუძველსაც წარმოადგენდა სახელმწიფოსთან დადებული შესაბამისი ხელშეკრულებები. ქ. ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს გააჩნდა ლიცენზია, ხოლო მასში დასაქმებულ ყველა ექიმს _ შესაბამისი სამედიცინო საქმიანობის სერტიფიკატი. ამასთან, ქ. ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი აგრძელებდა მუშაობას და ასრულებდა სახელმწიფოს წინაშე აღებულ ვალდებულებებს. მის მიერ ხორციელდებოდა ოთხი სავალდებულო მუნიციპალური პროფილაქტიკური პროგრამა: ეპიდზედამხედველობის განხორციელება და ეპიდსიტუაციის მართვა; ანტირაბიული ღონისძიებანი; მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებანი; მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნებისა და გაუმჯობესების ხელშემწყობი ღონისძიებანი.
მოსარჩელის განმარტებით, ქ. ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს, მისი არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, 2006 წლის იანვრიდან ქ. ფოთის მერიიდან არ მიუღია დაფინანსება _ 28000 ლარი. ამასთან, ქ. ფოთის საკრებულოს მიერ არ ხდებოდა ქ. ფოთის მერიის მიერ 2002 წლის 15 მაისს მიღებული დადგენილებისა და “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” საქართველოს 2002 წლის 22 ნოემბრის კანონის მიხედვით ქ. ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისათვის სტატუსის მინიჭების შესახებ საკითხის განხილვა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ქ. ფოთის მერიისათვის ქ. ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სასარგებლოდ 28000 ლარის სახელფასო დავალიანების გადახდისა და ქ. ფოთის საკრებულოსათვის ქ. ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისათვის სტატუსის მინიჭების შესახებ საკითხის განხილვის დაკისრება მოითხოვა.
მოგვიანებით, ქ. ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების _ ქ. ფოთის მერიისა და ქ. ფოთის საკრებულოს მიმართ, ხოლო მესამე პირად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტზე მიუთითა.
საქალაქო სასამართლოს სხდომაზე ქ. ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა დააზუსტა სარჩელი, გაზარდა სასარჩელო მოთხოვნების ოდენობა და ქ. ფოთის მთავრობისათვის ქ. ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სასარგებლოდ პროგრამული დაფინანსების ფარგლებში გაწეული შრომის ანაზღაურების _ 36000 ლარის დაკისრება, ხოლო ქ. ფოთის საკრებულოსათვის ქ. ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისათვის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვის დაკისრება მოითხოვა.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ქ. ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სარჩელი დაკმაყოფილდა; ქ. ფოთის მთავრობას ქ. ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სასარგებლოდ 36000 ლარის გადახდა, ხოლო ქ. ფოთის საკრებულოს ქ. ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ბაზაზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის შექმნის საკითხის განხილვა დაეკისრა.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოში სანეპიდსადგურების რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის 1995 წლის 14 ივნისის ¹208 ბრძანებითა და ქ. ფოთის მერის 1996 წლის 30 მაისის ¹273 განკარგულებით, ქ. ფოთში შეიქმნა “საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის ფოთის განყოფილება”. 1998 წელს იგი გადაკეთდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრად. ქ. ფოთის მერის 1998 წლის 30 ივლისის ¹162 ბრძანების საფუძველზე კი დამტკიცდა ხსენებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დებულება. 2006 წლამდე ქ. ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დაფინანსება ხდებოდა ადგილობრივი, ბიუჯეტიდან სავალდებულო მუნიციპალური პროგრამების გათვალისწინებით. 2006 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ადგილობრივი სავალდებულო მუნიციპალური პროგრამების დაფინანსება არ იყო განსაზღვრული, მაშინ, როცა საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ღონისძიებების გატარება წარმოადგენდა სახელმწიფო ვალდებულებათა სისტემას, რაც პირდაპირ იყო გათვალისწინებული “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 851-ე, 852-ე და 853-ე მუხლებით. ამასთან, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსების აუცილებლობაზე მიუთითებდა “საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონის მე-4 თავის მე-2 ნაწილის მე-11 პუნქტი, რომლის თანახმად, ადგილობრივი მმართველობის წარმომადგენლობით ორგანოებს ბიუჯეტის დაფინანსებისას უნდა გაეთვალისწინებინათ საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სხვა ჯანდაცვითი ღონისძიებები ადგილობრივი ბიუჯეტის საერთო მოცულობის არა ნაკლებ 3%-ის ფარგლებში.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ, ვინაიდან 2006 წლის იანვრამდე ქ. ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დაფინანსება სავალდებულო მუნიციპალური პროგრამების გათვალისწინებით ქ. ფოთის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ხდებოდა, 2006 წლის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სავალდებულო მუნიციპალური პროგრამების დაუფინანსებლობა ეწინააღმდეგებოდა “საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონის მეოთხე თავის მე-2 ნაწილის მე-11 პუნქტს, ხოლო ქ. ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისათვის შესაბამისი სტატუსის მინიჭების საკითხის ქ. ფოთის საკრებულოს მიერ განუხილველობა ეწინააღმდეგებოდა “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 852-ე მუხლსა და “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლს, ვინაიდან აღნიშნული ნორმები ავალდებულებდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს ადგილობრივი სამსახურებისა და შესაბამისი სამსახურების შექმნას, ლიკვიდაციას, მოსახლეობისათვის სამედიცინო დახმარების, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას, დამტკიცებასა და შესრულებას, რამდენადაც ქ. ფოთის მერიის 2002 წლის 15 მაისის ¹53 დადგენილებით მიზანშეწონილად ჩაითვალა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის (ცენტრის) შექმნა არსებული ცენტრის, ანუ ქ. ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ბაზაზე და აღნიშნული სამსახურის შექმნის საკითხი ქ. ფოთის საკრებულოს უნდა განეხილა. ამდენად, ქ. ფოთის საკრებულო ვალდებული იყო ამ დადგენილებისა და ზემოაღნიშნული კანონების საფუძველზე განეხილა არსებული ცენტრის ბაზაზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის შექმნის საკითხი, რაც არ განუხორციელებია.
საქალაქო სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად მიუთითა იმ გარემოებაზეც, რომ ქ. ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს გააჩნდა შესაბამისი ლიცენზია, ხოლო ხსენებულ ცეტრში დასაქმებულ ექიმებს _ შესაბამისი სამედიცინო საქმიანობის სერტიფიკატები. ამასთან, ქ. ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს შესრულებული ჰქონდა Eსახელმწიფოს მიერ საზოგადოების წინაშე აღებული ვალდებულებები მუნიციპალური პროფილაქტიკური ღონისძიებების კუთხით, რაზეც გაიხარჯა სახელმწიფოსაგან მიღებული საჭირო მედიკამენტები, მაგრამ ხსენებული ცენტრის კოლექტივს მიუღებელი ჰქონდა შესრულებული სამუშაოსათვის შრომის ანაზღაურება, რაც 36000 ლარს შეადგენდა.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება ქ. ფოთის მერიამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა იმ ნაწილში, რომლითაც მას მოსარჩელის სასარგებლოდ 36000 ლარის გადახდა დაეკისრა. აპელანტმა აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით ქ. ფოთის მერიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება ქ. ფოთის მთავრობისათვის ქ. ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სასარგებლოდ 36000 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ქ. ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სარჩელი ქ. ფოთის მერიისათვის 36000 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე ქ. ფოთის მერიისაგან სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას ითხოვდა. საქმის მასალებით კი არ დასტურდებოდა შესაბამისი შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელი იყო მონაწილეთა შორის ხელშეკრულების არსებობა, ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “ზ” ქვეპუნქტის მიხედვით, ადმინისტრაციული ხელშეკრულება წარმოადგენდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით, ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე, სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებულ სამოქალაქო-სამართლებრივ ხელშეკრულებას.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის არ არსებობდა შრომით-სამართლებრივი ან სხვა სახის ხელშეკრულება. ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშობოდა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით, ხოლო იმავე კოდექსის 69-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულება უნდა დადებულიყო მხოლოდ წერილობითი ფორმით.
სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ წინა წლებში ქ. ფოთის მერიის მიერ ქ. ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის საქმიანობის დაფინანსება არ გულისხმობდა მიმდინარე პერიოდში ქ. ფოთის მერიასთან სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი უსაფუძვლოდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ქ. ფოთის მერიასთან შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა არ დასტურდებოდა. კასატორი განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ქ. ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი მასზე დაკისრებულ ფუნქციებს ანხორციელებდა ქვეყნის ჯანდაცვის პოლიტიკის ისეთი პრიორიტეტული მიმართულებით, როგორიც იყო მოსახლეობის ჯანმრთელობის ხელშეწყობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, სახელმწიფო და მუნიციპალური პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა-გატარება.
კასატორის განმარტებით, სახელმწიფოს ძირითად ფუნქციას წარმოადგენდა ის, რომ უზრუნველეყო თითოეული მოქალაქისათვის ჯანსაღი გარემო. ამასთან, შეუძლებელი იყო ადგილობრივი სამსახურების შეუფერხებელი ფუნქციონირება ხელშემწყობი მდგომარეობის შექმნის გარეშე, რომელიც მოცემულ შემთხვევაში განსაზღვრული იყო საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის 1995 წლის 14 მარტის ¹89/ო ბრძანებით, ქ. ფოთის მერის 1996 წლის 30 მაისის ¹273 განკარგულებით, ქ. ფოთის მერის 1998 წლის 30 ივლისის ¹262 ბრძანებით, “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით, “საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონითა და საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 დეკემბრის ¹723 ბრძანებულებით.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ქ. ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისათვის უნდა მიენიჭებინათ კანონით გათვალისწინებული სტატუსი, რაც არ განხორციელებულა. კასატორი აღნიშნავს, რომ არ არსებობდა ქ. ფოთის მერიის ან საკრებულოს მიერ გამოცემული ნორმატიული აქტი, რომელიც დაადასტურებდა ქ. ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ლიკვიდაციას. ამდენად, ქ. ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი სამართლებრივად ისევ არსებობდა და ფუნქციონირებდა.
კასატორი განმარტავს, რომ “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონში შესული შესაბამისი ცვლილების თანახმად, 2002 წლიდან საქართველოს მასშტაბით ყველგან, ქ. ფოთის გარდა, შეიქმნა ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი სამსახურები, რომელთა მეთოდურ ხელმძღვანელობას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ანხორციელებდა. ქ. ფოთის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიამ 2006 წლის 25 აგვისტოს სხდომაზე განიხილა ქ. ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის შესაბამისი წერილი და გადაწყვიტა, რომ ქ. ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ფუნქციონირებდა კანონიერად, იგი შექმნილი იყო საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის 1995 წლის 14 მარტის ¹89/ო ბრძანებისა და ქ. ფოთის მერის 1996 წლის 30 მაისის ¹273 განკარგულებით. ამასთან, ვინაიდან საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ღონისძიებების გატარება წარმოადგენდა სახელმწიფო ვალდებულებათა სისტემას, რაც ასახული იყო ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" საქართველოს კანონში, ზემოხსენებულმა კომისიამ მიზანშეწონილად ჩათვალა ქ. ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის, როგორც სახაზინო-საბიუჯეტო დაწესებულების ფუნქციონირება.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონები, რომლებიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი, ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ" ქვეპუნქტი, იმავე კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილი და 69-ე მუხლი, ვინაიდან არც ერთი ნორმატიული აქტი, რომლის საფუძველზეც შეიქმნა ქ. ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი, არ იყო გაუქმებული.
კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოებაც, რომ ქ. ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ფინანსდებოდა ქ. ფოთის მერიის მხრიდან ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 18 ივნისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2007 წლის 18 ივნისის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2007 წლის 12 სექტემბრამდე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებდა საქმის შედეგზე და განაპირობებდა არასწორი გადაწყვეტილების მიღებას. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ. ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.