Facebook Twitter

¹ბს-550-521(კ-06) 20 თებერვალი, 2007წ.

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),

ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეამოწმა დ. მ-ის საკაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 28 აპრილის განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 18 ივლისს დ. მ-ემ სასარჩელო განცხადებით, ხოლო 8 აგვისტოს დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის აჭარა-გურიის სამმართველოს მიმართ და მოითხოვა: ა. “ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” კანონის მე-11 მუხლის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათების მასზე გავრცელება; ბ. მორალური ზიანის ანაზღაურება 10000 ლარის ოდენობით.

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 1973 წელს საბჭოთა არმიაში სამსახურის პერიოდში საბრძოლო სწავლებისას პარაშუტით გადმოხტომის დროს მიიღო დაზიანება. 1991 წელს დაუდგინდა ინვალიდობა, 2004 წლის 26 ოქტომბრის სამედიცინო შემოწმებით არის მეორე ჯგუფის ინვალიდი. 2004 წლამდე სარგებლობდა ყველა შეღავათით, რაც გათვალისწინებულია “ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” კანონის მე-11 მუხლით, რომლის თანახმად, იგი მიეკუთვნება სამხედრო მოსამსახურეებთან გათანაბრებულ შესაბამისი კატეგორიის მუშებსა და მოსამსახურეებს, რომლებიც დაინვალიდდნენ მეორე მსოფლიო ომისა და შემდგომ პერიოდში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიღებული ჭრილობების, კანტუზიის, დასახიჩრების ან დაავადების შედეგად. 2005 წლის 4 ივნისს განცხადებით მიმართა ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტს ვეტერანთა მოწმობის გაცემისა და შესაბამისი შეღავათების დაწესების მოთხოვნით, რაზედაც 24 ივნისს მიიღო პასუხი, რომ იგი არ განეკუთვნებოდა იმ კატეგორიის ინვალიდებს, რომლებზეც ვრცელდება ზემოაღნიშნული კანონით დაწესებული შეღავათები. მოსარჩელის მოსაზრებით, მასზე ვრცელდებოდა “ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” კანონის მე-11 და მე-14 მუხლებით გათვალისწინებული შეღავათები (ს.ფ. 2-3, 20-21).

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო (ს.ფ. 43-44).

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. მ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება (ს.ფ. 47-48).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 28 აპრილის განჩინებით დ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე მსახურობდა საბჭოთა კავშირის შეიარაღებულ ძალებში. 1973 წელს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას მიიღო ტრამვა, რის შემდეგაც 1991 წელს დაუდგინდა ინვალიდობის ჯგუფი. საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ხელვაჩაურის ფილიალის სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის ბიუროს 2004 წლის 26 ოქტომბრის დასკვნით 2005 წლის 1 ნოემბრამდე მას განესაზღვრა შესაძლებლობის მნიშვნელოვანი შეზღუდვა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა “ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლზე, რომელიც ადგენს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა ოთხ კატეგორიას. აღნიშნული მუხლის “დ” ქვეპუნქტში ერთ-ერთ ასეთ კატეგორიად გათვალისწინებულია სამხედრო ძალების ვეტერანები. ამავე კანონის მე-10 მუხლი იძლევა იმ პირთა ჩამონათვალს, რომლებიც მიეკუთვნებიან სამხედრო ძალების ვეტერანების კატეგორიას: ყოფილი საბჭოთა კავშირის, საქართველოს სამხედრო ძალების სამხედრო მოსამსახურეები, შინაგანი ჯარების, სასაზღვრო ჯარების, სახელმწიფო უშიშროების ჯარების, სამხედრო პროკურატურისა და სამხედრო სასამართლოების სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც დაჯილდოებულნი არიან ორდენებითა და მედლებით ან საუწყებო წარჩინების ნიშნებით და აქვთ წელთა ნამსახურებისათვის სახელმწიფო კომპეტენციის მიღების უფლება, მათ შორის, სამხედრო სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილები, აგრეთვე ყოფილი სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც დაინვალიდნენ სამხედრო სამსახურის დროს მიღებული ჭრილობების, კონტუზიის, დასახიჩრების ან დაავადების შედეგად.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ტრამვა, რომელსაც ინვალიდობა მოჰყვა, დ. მ-ემ მიიღო ყოფილი საბჭოთა კავშირის შეიარაღებულ ძალებში სამსახურის დროს. ამ კატეგორიის ვეტერანთა სოციალურ დაცვას კი ითვალისწინებდა ზემოაღნიშნული კანონის მე-17 მუხლი, რომლის თანახმად, სამხედრო ძალების ვეტერანებზე სოციალური დაცვის ღონისძიებები ვრცელდება მოხუცებულობის გამო საპენსიო ასაკის მიღწევისას, ხოლო დ. მ-ე საპენსიო ასაკს ჯერ არ იყო მიღწეული.

რაც შეეხებოდა “ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” კანონის მე-11 მუხლის “ბ” ქვეპუნქტით განსაზღვრული კატეგორიისადმი აპელანტის მიკუთვნებას, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული არ გამომდინარეობდა კანონის მოთხოვნებიდან, ვინაიდან ხსენებული მუხლი აწესებდა მეორე მსოფლიო ომისა და სხვა სახელწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სოციალური დაცვის ღონისძიებებს. დ. მ-ე არ დაინვალიდებულა მეორე მსოფლიო ომში და არც სხვა სახელმწიფო ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების დროს (ს.ფ. 63-66). ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. მ-ემ, რომელმაც შემდეგი საფუძვლით მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება:

კასატორმა აღნიშნა, რომ 2005 წლის აპრილამდე ჰქონდა მეორე ჯგუფის ინვალიდობის მოწმობა და ითვლებოდა ომის მონაწილეებთან გათანაბრებულ პირად, როგორც სამხედრო სამსახურის შესრულების დროს ტრამვირებული პირი. ახალი კანონით “ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” 22-ე მუხლის შესაბამისად ეძლეოდა 104 ლარი, მოსთხოვეს საბუთების თავიდან მიტანა ახალი ინვალიდობის მოწმობის გასაცემად, ხოლო შემდეგ უთხრეს უარი მოწმობის შეცვლაზე და თვითნებურად ამოიღეს შეღავათების სიიდან. კასატორის მითითებით სააპელაციო სასამართლომ ზემოაღნიშნული კანონის მე-11 მუხლის “ბ” ქვეპუნქტიდან თვითნებურად ამოიღო სიტყვა “შესრულება”, რითაც იგნორირება გაუკეთა მის სარჩელს (ს.ფ. 71-73).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 22 სექტემბრის განჩინებით დ. მ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად; მხარეებს განესაზღვრათ ვადა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე მხარეებს მოსაზრებები არ წარმოუდგენიათ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ არის დასაშვები შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე და განაპირობა არასწორი განჩინების გამოტანა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას დ. მ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ. მ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 28 აპრილის განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.