Facebook Twitter

ბს-552-530(კ-08) 25 სექტემბერი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე

მარიამ ცისკაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი დაცვის პოლიციის დეპარტამენტი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ ვ. ტ.-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება

სარჩელის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2007 წლის 27 აპრილს ვ. ტ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, 2002 წლის 6 მარტიდან მუშაობდა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტში ...-ის განყოფილების უფროსი ინსპექტორის თანამდებობაზე, ხოლო პოლიციის ორგანოებში მუშაობდა 23 წლის განმავლობაში და ჰქონდა პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკის წოდება. 2007 წლის იანვრის ბოლოს შეიცვალა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელობა, რასაც შედეგად მოჰყვა ამავე დეპარტამენტის 2007 წლის 1 თებერვლის ¹174 ბრძანების გამოცემა (რომლითაც დამტკიცდა ახალი საშტატო განრიგი) და რეორგანიზაცია, რის გამოც მოსარჩელე გადაიყვანეს კადრების განკარგულებაში, თუმცა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტში, ფაქტობრივად, რეორგანიზაცია არ ჩატარებულა, რადგან ...-ის განყოფილება ფუნქციონირებდა იმავე სახით, იმავე ფუნქციებითა და იმავე საშტატო განაკვეთით. ამასთან, ...-ის განყოფილების თანამშრომელთა უმრავლესობა კვლავ დაინიშნა და აგრძელებდა მუშაობას ამავე განყოფილებაში შესაბამის თანამდებობებზე. მოსარჩელის საშტატო განაკვეთი უცვლელად იყო შენარჩუნებული რეორგანიზაციის შემდეგაც და ისევ არსებობდა უფროსი ინსპექტორის თანამდებობის სახით. ამდენად, რეორგანიზაციის შედეგად საშტატო განაკვეთების შემცირება სახეზე არ ყოფილა, არამედ პირიქით _ გაიზარდა უფროს ინსპექტორთა საშტატო შემადგენლობა. ამგვარ ვითარებაში, გაურკვეველი იყო, თუ რის საფუძველზე არ დანიშნეს მოსარჩელე მისსავე თანამდებობაზე და სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2007 წლის 14 მარტის ¹1045 პ/შ ბრძანებით დაითხოვეს შინაგან საქმეთა ორგანოებიდან საქართველოს სამხედრო ძალების თადარიგში, მაშინ, როდესაც “საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების" 61-ე მუხლის თანახმად, უფლება ჰქონდა 60 წლის შესრულებამდე _ გადადგომამდე ემუშავა. აღნიშნული ბრძანების საფუძვლად მიეთითა “საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების" 67-ე მუხლის “ვ" ქვეპუნქტზე, რომელიც ითვალისწინებდა შტატების შემცირებას, ასევე _ “პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტზე, მაშინ, როდესაც არ შემცირებულა უფროსი ინსპექტორების არც ერთი საშტატო განაკვეთი. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან მოსარჩელის დათხოვნისას უხეშად იქნა დარღვეული პოლიციელის სოციალური დაცვის გარანტიები, კერძოდ, სრულად არ აუნაზღაურეს “პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 31-ე მუხლით გათვალისწინებული ფულადი სარგო _ 4 თვის ფულადი სარგოს ნაცვლად, აუნაზღაურეს 1 თვისა და 13 დღის ფულადი სარგო. ამასთან, გასაჩივრებული 2007 წლის 14 მარტის ¹1045 პ/შ ბრძანებითა და იმავე წლის 24 მარტის შეტყობინებით მოსარჩელეს არ განუმარტეს “პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლება, მიემართა სასამართლოსათვის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2007 წლის 14 მარტის ¹1045 პ/შ ბრძანების ბათილად ცნობა, რადგან იგი არღვევდა მის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს, ასევე _ მანამდე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილ განმარტებებში მოსარჩელის წარმომადგენელმა დამატებით მიუთითა, რომ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2007 წლის 1 თებერვლის ¹355პ/შ ბრძანებით მოსარჩელე, როგორც შტატგარეშე დარჩენილი, აყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში ამავე ბრძანების გამოცემის დღიდან.

მოპასუხე სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა თბილისის საქალაქო სასამართლოში წარადგინა შესაგებელი, რომლითაც ვ. ტ.-ის სარჩელი მიიჩნია უსაფუძვლოდ, არ ცნო იგი და აღნიშნა, რომ იმავე დეპარტამენტის 2007 წლის 1 თებერვლის ¹355პ/შ ბრძანებით, შტატების შემცირების გამო, მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში, რასაც საფუძვლად დაედო ამ დეპარტამენტის 2007 წლის 1 თებერვლის ¹174 საორგანიზაციო-საშტატო ბრძანება, რომლითაც დამტკიცდა ახალი საშტატო განრიგი. მანამდე არსებული საშტატო განრიგის მიხედვით, შექმნილი იყო ადმინისტრაციის ...-ის განყოფილება, ხოლო ხსენებული ახალი საორგანიზაციო-საშტატო ბრძანებით შეიქმნა შესაბამისი მთავარი სამმართველოს ინსპექტირებისა და კონტროლის სამმართველო (ახალი სტრუქტურული ერთეული), რომელიც მანამდე არ არსებობდა, ხოლო გაუქმებულ იქნა ადმინისტრაციის ...-ის განყოფილება. ამ შემთხვევაში რეორგანიზაცია განიცადა ამ დეპარტამენტის ადმინისტრაციამ, რომლის საშტატო ერთეულების გაუქმების შემდეგ, ფაქტობრივად, ჩამოყალიბდა მანამდე არარსებული სამსახური. სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2007 წლის 14 მარტის ¹1045პ/შ გასაჩივრებული ბრძანების გამოცემას წინ უძღოდა იმავე დეპარტამენტის 2007 წლის 1 თებერვლის ¹355პ/შ ბრძანება, რომლითაც შტატგარეშე დარჩენილი მოსარჩელე აყვანილ იქნა კადრების სამმართველოს განკარგულებაში. სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2007 წლის 14 მარტის ¹1045პ/შ ბრძანებით კი კადრების განკარგულებაში მყოფი მოსარჩელე დათხოვნილ იქნა შინაგან საქმეთა ორგანოებიდან. მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია ის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც საფუძვლად დაედო აღნიშნული 2007 წლის 14 მარტის ¹1045პ/შ ბრძანების გამოცემას, კერძოდ, არ მოუთხოვია ხსენებული ბრძანების ბათილად ცნობა, მაშინ, როდესაც მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნის ძირითად საფუძვლად მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ შტატების შემცირება სახეზე არ ყოფილა. გაურკვეველი იყო, თუ სახეზე არ იყო შტატების შემცირება, მაშინ, რატომ არ იქნა მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული დასახელებული ბრძანება, რის გამოც მოსარჩელე, ფაქტობრივად, დაეთანხმა ამ ბრძანებას და აღიარა მისი შესაბამისობა არა მარტო კანონმდებლობასთან, არამედ ფაქტობრივ მდგომარეობასთანაც (შტატების შემცირება). მოსარჩელეს არსად გაუსაჩივრებია მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნის შემდეგაც კი, მაშინ, როდესაც ამ შემთხვევაში სამსახურში აღდგენის წინაპირობას წარმოადგენდა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2007 წლის 1 თებერვლის ¹355პ/შ ბრძანების ბათილად ცნობა (თუკი ამის საფუძველი იარსებებდა). ამდენად, არ არსებობდა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2007 წლის 14 მარტის ¹1045პ/შ ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი, ვინაიდან იგი გამოცემული იყო სწორედ იმ ბრძანების საფუძველზე, რომელიც სადავო არ გამხდარა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილებით ვ. ტ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავოდ იყო ქცეული სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2007 წლის 14 მარტის ¹1045პ/შ ბრძანება, რომლითაც იმავე დეპარტამენტის საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს კადრების სამმართველოს განკარგულებაში მყოფი, ამავე დეპარტამენტის ყოფილი ადმინისტრაციის (სამმართველოს უფლებით) ...-ის განყოფილების უფროსი ინსპექტორი, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი ვ. ტ.-ე დათხოვნილ იქნა შინაგან საქმეთა ორგანოებიდან საქართველოს სამხედრო ძალების თადარიგში “პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის, “საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების” 67-ე მუხლის “ვ" პუნქტის (შტატების შემცირებით), “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის, თანამდებობაზე დანიშვნის, თანამდებობიდან გათავისუფლების, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის, სამხედრო და სპეციალური წოდებების მინიჭებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირების შესახებ" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 4 აპრილის ¹303 ბრძანებით დამტკიცებული ნუსხის მე-6 მუხლისა და სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის “ე" ქვეპუნქტის შესაბამისად.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ საქმეში წარმოდგენილი სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2007 წლის 1 თებერვლის ¹174 ბრძანებით დამტკიცდა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის სტრუქტურა და ძალადაკარგულად გამოცხადდა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2005 წლის 5 დეკემბრის ¹472 ბრძანება. საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის ¹139 ბრძანებულებით დამტკიცებული “საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების" მე-12 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტში რეორგანიზაციის ან/და შტატების შემცირების შემთხვევაში, დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით რიგითი შემადგენლობის პირთა კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადა განისაზღვრებოდა ოთხ თვემდე, არა უმეტეს ორი თვის ხელფასის შენარჩუნებით ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისად და ამ ვადაში უნდა გადაწყვეტილიყო შტატგარეშე დარჩენილი თანამშრომლის შრომითი მოწყობის საკითხი. კადრების განკარგულებაში გადაყვანილი პირი წარმოადგენდა შტატგარეშე დარჩენილ თანამშრომელს, რაც არ გამორიცხავდა აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ მის უპირობო გათავისუფლებას, რადგან მოქმედი კანონმდებლობით, კადრების განკარგულებაში მყოფი პირის სამუშაოზე მიღება ან მისი გათავისუფლება ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნებოდა. “საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 127-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სამსახურიდან გათავისუფლებაზე გამოცემული ბრძანების არაკანონიერად აღიარების შემთხვევაში, მოხელე ექვემდებარებოდა აღდგენას გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე. ვ. ტ.-ე სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტიდან გათავისუფლდა მის მიერ დაკავებული _ ადმინისტრაციის (სამმართველოს უფლებით) ...-ის განყოფილების უფროსი ინსპექტორის თანამდებობიდან არა სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, არამედ ამავე დეპარტამენტის 2007 წლის 1 თებერვლის ¹355პ/შ ბრძანების შესაბამისად, კადრების განკარგულებაში გადაყვანით, რომელიც მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია და იმჟამადაც ძალაში იყო, მაშინ, როდესაც სასარჩელო განცხადების ძირითად საფუძვლად მხარე მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ შტატების შემცირება სახეზე არ ყოფილა, თუმცა აღნიშნული ბრძანება არ გაუსაჩივრებია ამ საფუძვლით მისი კადრების განკარგულებაში გადაყვანის დროს.

საქალაქო სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის განმარტება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელე, ფაქტობრივად, დაეთანხმა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2007 წლის 1 თებერვლის ¹355პ/შ ბრძანების შესაბამისობას არა მარტო კანონმდებლობასთან, არამედ ფაქტობრივ მდგომარეობასთანაც, რადგან მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნის შემდეგაც კი.

საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სადავო ბრძანების ბათილად ცნობის წინაპირობები _ იგი არ ეწინააღმდეგებოდა კანონს, რის გამოც ვ. ტ.-ის სასარჩელო განცხადება იყო უსაფუძვლო და შესაბამისად, არ არსებობდა “საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 112-ე და 127-ე მუხლებით გათვალისწინებული სამსახურში აღდგენისა და განაცდური ხელფასის ანაზღაურების წინაპირობებიც.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. ტ.-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით ვ. ტ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2007 წლის 14 მარტის ¹1045პ/შ ბრძანება (ვ. ტ.-ის ნაწილში); სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს დაევალა საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას დარღვეული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა", “ბ" ქვეპუნქტებისა და 394-ე მუხლის “ე" ქვეპუნქტის მოთხოვნები, რაც ამავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა" ქვეპუნქტის თანახმად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი იყო. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, ამასთან, არ დაეთანხმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივ არგუმენტაციას და განმარტა, რომ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის სადავო 2007 წლის 14 მარტის ¹1045პ/შ ბრძანების ძირითადი სამართლებრივი საფუძველი იყო “საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების” 67-ე მუხლის “ვ" პუნქტით განსაზღვრული შტატების შემცირება. საქმეში წარმოდგენილი სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2007 წლის 1 თებერვლის ¹173პ/შ ბრძანებით დამტკიცებული ამავე დეპარტამენტის საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს საშტატო განრიგის ანალიზით ირკვეოდა, რომ ამ ადმინისტრაციულ ორგანოში, მართალია, განხორციელდა რეორგანიზაცია, თუმცა, ფაქტობრივად და სამართლებრივად, რეორგანიზაციის შედეგად შტატების შემცირება სახეზე არ ყოფილა. კადრების განკარგულებაში ყოფნა არ იყო პირის სამუშაოდან დათხოვნის უპირობო საფუძველი, არამედ წარმოადგენდა ისეთ სამართლებრივ რეჟიმს, რომლის დროსაც უნდა გადაწყვეტილიყო პირის შესაძლო დასაქმების ან სამსახურიდან გათავისუფლების საკითხი, რის გამოც სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2007 წლის 1 თებერვლის ¹355პ/შ ბრძანების არსებობა არ ქმნიდა ვ. ტ.-ის შესაძლო დასაქმების და შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დამაბრკოლებელ გარემოებას.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4-5 ნაწილების შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას _ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებისას წერილობით უნდა დაესაბუთებინა ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისთვის და თავისი გადაწყვეტილება დაეფუძნებინა ადმინისტრაციული წარმოების დროს გამოკვლეულ და შესწავლილ გარემოებებზე, ფაქტებსა და მტკიცებულებებზე, რის შედეგადაც შეიძლებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გამოცემულ იქნა კანონმდებლობის მოთხოვნათა, კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 96-98-ე მუხლების დაუცველად, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლისა და გამოკვლევის გარეშე _ შტატგარეშე დარჩენილი თანამშრომლის თანამდებობაზე გადაყვანის ან სამსახურიდან დათხოვნისათვის დადგენილი პროცედურული საკითხების უგულებელყოფით, რაც მისი ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენდა, ხოლო აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნებოდა, რომელსაც ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში უნდა ემსჯელა მოსარჩელისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზეც.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით ნაწილობრივ გაასაჩივრა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა, კერძოდ, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2007 წლის 14 მარტის ¹1045პ/შ ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ამ ნაწილში გაუქმება.

კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მას დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, უკანონოა, დაუსაბუთებელი და უნდა გაუქმდეს. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტი, რომ გასაჩივრებული ბრძანების ბათილად ცნობის შემთხვევაში, მოსარჩელე ჩაითვლებოდა, როგორც კადრების განკარგულებაში მყოფი. ვინაიდან არ არის გასაჩივრებული სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2007 წლის 1 თებერვლის ¹355პ/შ ბრძანება, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია გასაჩივრებული ბრძანების ბათილად ცნობის შემთხვევაშიც, რადგან მის ბათილად ცნობას არ მოჰყვება მოსარჩელისთვის ის სამართლებრივი შედეგი, რასაც მოითხოვს, კერძოდ, მისი სამსახურში აღდგენა, რის გამოც გასაჩივრებული ბრძანების ბათილად ცნობა აზრს კარგავს, თუნდაც არსებობდეს მოსარჩელის ინტერესი. ამდენად, ამ შემთხვევაში გასაჩივრებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება სამართლის ნორმებს და არ გამომდინარეობს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 13 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 13 ივნისის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2008 წლის 24 ივლისამდე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 24 ივლისის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით და მისი განხილვა დაინიშნა 2008 წლის 25 სექტემბერს მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2007 წლის 1 თებერვლის ¹173 ბრძანებით დამტკიცდა ამ დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის სტრუქტურა (ს.ფ. 7-8). სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2007 წლის 1 თებერვლის ¹174 ბრძანებით დამტკიცდა ამ დეპარტამენტის ახალი საშტატო განრიგი (ს.ფ. 9-15). სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2007 წლის 1 თებერვლის ¹355პ/შ ბრძანებით ვ. ტ.-ე, როგორც შტატგარეშე დარჩენილი, აყვანილ იქნა კადრების სამმართველოს განკარგულებაში ამავე ბრძანების გამოცემის დღიდან _ 2007 წლის 1 თებერვლიდან (ს.ფ. 4). სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2007 წლის 14 მარტის ¹1045 პ/შ ბრძანებით ვ. ტ.-ე დაითხოვეს შინაგან საქმეთა ორგანოებიდან საქართველოს სამხედრო ძალების თადარიგში (ს.ფ. 5).

საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსაზრებას, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მას დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, უკანონოა, დაუსაბუთებელი და უნდა გაუქმდეს, ხსენებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება სამართლის ნორმებს და არ გამომდინარეობს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ ვ. ტ.-ის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება და გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა (ვ. ტ.-ის ნაწილში) ძირითადად დაასაბუთა იმით, რომ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის სადავო 2007 წლის 14 მარტის ¹1045პ/შ ბრძანების ძირითადი სამართლებრივი საფუძველი იყო “საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების” 67-ე მუხლის “ვ" პუნქტით განსაზღვრული შტატების შემცირება, საქმეში წარმოდგენილი სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2007 წლის 1 თებერვლის ¹173პ/შ ბრძანებით დამტკიცებული ამავე დეპარტამენტის საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს საშტატო განრიგის ანალიზით კი ირკვეოდა, რომ ამ ადმინისტრაციულ ორგანოში, მართალია, განხორციელდა რეორგანიზაცია, თუმცა, ფაქტობრივად და სამართლებრივად, რეორგანიზაციის შედეგად შტატების შემცირება სახეზე არ ყოფილა.

საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გამოცემულ იქნა კანონმდებლობის მოთხოვნათა, კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 96-98-ე მუხლების დაუცველად, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლისა და გამოკვლევის გარეშე _ შტატგარეშე დარჩენილი თანამშრომლის თანამდებობაზე გადაყვანის ან სამსახურიდან დათხოვნისათვის დადგენილი პროცედურული საკითხების უგულებელყოფით, რაც მისი ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სახეზე არ არის სადავო ბრძანების ბათილად ცნობის კანონით რეგლამენტირებული წინაპირობები _ იგი არ ეწინააღმდეგება კანონს და შესაბამისად, არ არსებობს “საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 112-ე და 127-ე მუხლებით გათვალისწინებული სამსახურში აღდგენისა და განაცდური ხელფასის ანაზღაურების წინაპირობებიც, ხოლო სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს “საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის “დ” ქვეპუნქტზე (2008 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია; 2008 წლის 27 ივნისიდან მოქმედი რედაქციით _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებზე), რომლის თანახმად, ამ კანონის მოქმედება პოლიციის თანამშრომლებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს კონსტიტუციით, სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი.

საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2007 წლის 1 თებერვლის ¹173 და ¹174 ბრძანებების საფუძველზე, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტში განხორციელდა რეორგანიზაცია. “პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის “ე" ქვეპუნქტის თანახმად, პოლიციელი შეიძლება სამსახურიდან დათხოვნილ იქნეს რეორგანიზაციის ან/და შტატების შემცირებისას. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, კადრების განკარგულებაში აყვანილი პოლიციელები განკარგულებაში აყვანის დღიდან ითვლებიან შესაძლო დათხოვნის შესახებ გაფრთხილებულად. “საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების” მე-12 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, შს ორგანოებში ორგანიზაციულ, საშტატო ღონისძიებათა განხორციელებისას, შს მინისტრის ბრძანებით, შტატგარეშე დარჩენილი თანამშრომელი ირიცხება კადრების განკარგულებაში 4 თვემდე ვადით, არა უმეტეს ორი თვის ხელფასის (ფულადი სარგოს) შენარჩუნებით ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისად და აღნიშნული ვადის გასვლამდე უნდა გადაწყდეს თანამშრომლის შრომითი მოწყობის საკითხი. ამავე პუნქტის შენიშვნის მიხედვით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტში რეორგანიზაციის ან/და შტატების შემცირების შემთხვევაში, დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით, რიგითი შემადგენლობის პირთა კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადა განისაზღვრება ოთხ თვემდე, არა უმეტეს ორი თვის ხელფასის (ფულადი სარგოს) შენარჩუნებით ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისად.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ “პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის “ე" ქვეპუნქტის მიხედვით, პოლიციელის სამსახურიდან დათხოვნის საფუძვლებია რეორგანიზაცია ან/და შტატების შემცირება და შესაბამისად, რეორგანიზაცია წარმოადგენს პოლიციელის სამსახურიდან დათხოვნის დამოუკიდებელ საფუძველს, მიუხედავად იმისა, რეორგანიზაციის შედეგად განხორციელდა თუ არა შტატების შემცირება.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისას სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა “პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონი, როგორც კონკრეტული შემთხვევისათვის სპეციალური კანონი.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიიღო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, კერძოდ, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, რის გამოც არსებობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვ. ტ.-ის სარჩელი უსაფუძვლოა, რის გამოც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდეს. საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, რადგან არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ვ. ტ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

ვ. ტ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.