ბს-554-528(კ-07) 17 ოქტომბერი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ვ. თ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 23 მარტის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 20 მარტს ვ. თ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიმართ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2006 წლის 20 თებერვლის ¹105-კ ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების თაობაზე.
მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ იგი მუშაობდა საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალურ საბაჟო ,,....” ადმინისტრირებისა და სამართლებრივ საკითხთა განყოფილების .... თანამდებობაზე. 2006 წლის 20 თებერვალს საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელის ¹105-კ ბრძანებით გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან.
აღნიშნულ ბრძანებას, მოსარჩელის მითითებით, საფუძვლად დაედო საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 17 დეკემბრის ¹409 ბრძანების ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის წესის ჩატარების შესახებ” მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტი და 2006 წლის 14 თებერვლის სხდომის ოქმი ¹9 – დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამობა.
მოსარჩელის მითითებით, ატესტაცია ატარებდა ფორმალურ ხასიათს, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ არ იქნა გათვალისწინებული მისი პროფესიული ჩვევები, შესაძლებლობები და კვალიფიკაცია. ატესტაციის ჩატარებისას დარღვეულ იქნა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 17 დეკემბრის ¹409 ბრძანებით გათვალისწინებული ატესტაციის ჩატარების წესი, კერძოდ, 34-ე მუხლის მე-6 პუნქტი, რაც ითვალისწინებდა 10-ბალიანი სისტემით შეფასებას, ასევე, ამავე მუხლის მე-7 პუნქტის ,,გ’’ და ,,ე” ქვეპუნქტები.
მოსარჩელის აღნიშვნით, დარღვეულ იქნა დასახელებული ბრძანების მე-17 მუხლის მოთხოვნა, რაც ითვალისწინებდა კომისიისათვის ორი კვირით ადრე სტრუქტურული ხელმძღვანელის მიერ დახასიათების წარდგენის ვალდებულებას, რომელშიც ასახული უნდა ყოფილიყო მოხელის ყოველმხრივი შეფასება და შესრულებულ სამუშაოთა ანალიზი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ვ. თ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 23 მარტის განჩინებით ვ. თ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ. თ-ი მუშაობდა რეგიონალური საბაჟო «...." ადმინისტრირებისა და სამართლებრივ საკითხთა განყოფილების .... შემსრულებლად. იგი გათავისუფლებულ იქნა თანამდებობიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟოO დეპარტამენტის თავმჯდომარის 2006 წლის 20 თებერვლის ¹105-კ ბრძანებით. გათავისუფლების საფუძველი გახდა ჩატარებული ატესტაცია, 2006 წლის 14 თებერვლის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომის ოქმი ¹9, რომლითაც მოსარჩელე გათავისუფლდა თანამდებობიდან.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟოO დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის" დებულებიდან გამომდინარე, ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საკონკურსო-საატესტაციო კომისია არ წარმოადგენს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის «ა" ქვეპუნქტით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ორგანოს. კომისია იქმნება ადმინისტრაციულ ორგანოში, ფინანსთა სამინისტროს საბაჟოO დეპარტამენტში და გააჩნია კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილება, კერძოდ, საკონკურსო-საატესტაციო კომისია ახორციელებს საბაჟო დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარებას, რეზერვის ფორმირებას. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიზანია კანდიდატთა და მოხელეთა კონკურსის ან/და ატესტაციის ჩატარება, გასაუბრების დადგენილი წესებისა და პროცედურების დაცვის უზრუნველყოფა, გასაუბრების კანდიდატებთან და მოხელეებთან ჩატარება, დაწესებულების ხელმძღვანელისათვის კონკურსისა და ატესტაციის შედეგების წარდგენა, ანუ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომის გადაწყვეტილება ცალკე აღებული არ წარმოშობს რაიმე სამართლებრივ შედეგს, ისინი ატარებენ სარეკომენდაციო ხასიათს და სავალდებულო ძალას იძენენ მხოლოდ საამისოდ უფლებამოსილი პირის, მოცემულ შემთხვევაში, საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში.
სააპელაციო სასამართლოს აღნიშვნით, «საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 17 დეკემბრის ¹409 ბრძანების მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ითვალისწინებს სტრუქტურული ხელმძღვანელის მიერ, ორი კვირით ადრე დახასიათების წარდგენის ვალდებულებას.
საქმეში წარმოდგენილია რეგიონალური საბაჟო «..." ადმინისტრირებისა და სამართლებრივ საკითხთა განყოფილების .... მიერ გაცემული ვ. თ-ის დახასიათება, რომელიც ზოგადად მოიცავდა ამ უკანასკნელის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხს, ანუ წარმოდგენილია მის მიერ გაწეული სამუშაოს შეფასება. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება ზემოაღნიშნული მუხლის დარღვევის თაობაზე.
სააპელაციო პალატამ ასევე არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება და მიიჩნია, რომ დარღვეული არ არის დასახელებული მუხლის მე-3 პუნქტი, ვინაიდან აღნიშნულით რეგლამენტირებულია არა ადმინისტრაციის ვალდებულება, არამედ მოხელის უფლება, გაეცნოს მის თაობაზე გაცემულ დახასიათებას.
დასახელებული ბრძანების მე-17 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულია ატესტაციის ჩატარების ფორმა და იგი ითვალისწინებს მის ჩატარებას ტესტირების გზით. მე-7 პუნქტის თანახმად კი, ატესტაციის ეტაპების და შეფასების მეთოდიკის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისია.
აღნიშნულ ნორმებზე მითითებით, სააპელაციო პალატამ გაიზიარა სასამართლოს მოსაზრება და უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტის მითითება ატესტაციის ჩატარების ფორმის დარღვევის თაობაზე.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება და მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი გამოსაცდელი პირისათვის დასმული კითხვების და მასზე გაცემული პასუხების ოქმი, აგრეთვე დახასიათება გამორიცხავს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ ფინანსთა მინისტრის ¹409 ბრძანების 33-ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების დარღვევის ფაქტს.
სააპელაციო პალატამ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელირება «საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ" ¹409 ბრძანების 34-ე მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნის დარღვევის თაობაზე, ვინაიდან აღნიშნული ბრძანება არ ადგენს 10 ბალიან შეფასების ოქმში დაფიქსირების ვალდებულებას.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საბაჟოO დეპარტამენტის თავმჯდომარის გასაჩივრებული ბრძანება ვ. თ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ამასთან არ არსებობს მისი ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ «საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის და საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 21 აპრილის ¹244 ბრძანებულებით დამტკიცებული «საბაჟო ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ" დებულების 9.2 «ე" მუხლის შესაბამისად, საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს სადავო ურთიერთობებზე გადაწყვეტილების მიღება და ბრძანების გამოცემა, რომლის გამოცემისას არ დარღვეულა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 96-ე მუხლებით დადგენილი მოთხოვნები.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ვ. თ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
კასატორი მიუთითებდა, რომ ატესტაცია, რომელიც ერთჯერად ხასიათს ატარებდა და მხოლოდ გასაუბრების სახით ჩატარდა, ფინანსთა სამინისტროს ¹409 ბრძანების მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი, მის ჩატარებამდე ორი კვირით ადრე იმპერატიულად ითვალისწინებდა დახასიათების გამოთხოვას მოხელის სტრუქტურული ხელმძღვანელობისაგან. ამასთან, დახასიათება უნდა ასახავდეს მოხელის ყოველმხრივ შეფასებას.
დახასიათება, ამავე ¹409 ბრძანების აღნიშნული მუხლის იმპერატიული მოთხოვნის შესაბამისად, ასევე უნდა მოიცავდეს მოხელის მიერ შესრულებული სამუშაოს ანგარიშის ანალიზს. მოხელეს კი უფლება აქვს ატესტაციამდე დადგენილი წესით გაეცნოს მასზე შედგენილ დახასიათებას და მისი არასრულყოფილების შემთხვევაში, საშუალება ეძლევა, დროულად აღმოფხვრას ხარვეზი და მოხდეს მისი სრულყოფა, მაგრამ საატესტაციო კომისიის მიერ დაირღვა რა აღნიშნული მუხლის მოთხოვნები, დახასიათების შინაარსი მისთვის ცნობილი არ იყო.
კასატორი აღნიშნავდა, რომ მითითებული ბრძანებით, ატესტაციის დროს მოხელის პროფესიული ჩვევების, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების უკეთ და ყოველმხრივ შეფასება, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, უნდა ჩატარებულიყო სპეციალიზებული მეთოდიკის მიხედვით და მოხელის საქმიანობის უკეთ შეფასების მიზნით.
ბრძანების მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით «პროფესიული ტესტირების და ან გასაუბრების თემატიკის (პროგრამა) გამოქვეყნება უნდა მომხდარიყო ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში - «საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში", რათა მოხელე გაცნობოდა შესაძლებელ კითხვებს და გაეცა მასზე სრულყოფილი პასუხები, რაც მოცემულ შემთხვევაში, ფაქტობრივად, არ მომხდარა.
ატესტაციის პროცესში, კასატორის მითითებით, არ იქნა დაცული ბრძანების არც ერთი მუხლის მოთხოვნები და იგი ჩატარდა კანონმდებლობის სრული დარღვევით.
კასატორი ასევე აღნიშნავდა, რომ საატესტაციო კომისიის მიერ დარღვეულ იქნა რა ¹409 ბრძანების მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები, არ იქნა სტრუქტურული ხელმძღვანელობიდან გამოთხოვილი სრულყოფილი დახასიათება, რომელშიც ასახული იქნებოდა მის მიერ შესრულებული სამუშაოს ანგარიშის ანალიზი, რითაც, პრაქტიკულად, გამოირიცხებოდა კომისიის შეფასებაში არასწორი დასკვნა.
კასატორის აზრით, ასეთი ხარვეზის აღმოფხვრა შესაძლებელი იქნებოდა, თუკი ატესტაციამდე მასზე შედგენილი დახასიათების შინაარსის გაცნობის საშუალება მიეცემოდა, რაც არ მომხდარა და რითაც დარღვეულ იქნა ატესტაციის შესახებ ზემოთ აღნიშნული ბრძანების მე-17 მუხლის 3 პუნქტის მოთხვნები.
კასატორის აღნიშვნით, გასაუბრებისას ასევე უხეშად დაირღვა 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის და მე-4 პუნქტის მოთხოვნები მისი პროფესიული ჩვევების, ცოდნისა და კვალიფიკაციის დონის შეფასების თაობაზე.
კასატორის მითითებით, ადმინისტრაციას კომისიის დასკვნის საფუძველზე უფლება ჰქონდა, მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლებასთან ერთად, ემსჯელა მისი სხვა თანამდებობაზე დასაქმების თაობაზე და არა მხოლოდ მიეღო ერთადერთი გადაწყვეტილება მისი სამსახურიდან დათხოვნის შესახებ.
კასატორი ასევე აღნიშნავდა, რომ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემის საფუძველი - ატესტაცია, აშკარად კანონის დარღვევით იყო ჩატარებული და სარჩელზე ზერელე და დაუსაბუთებელი სახის ასეთ მსჯელობას არ ექნებოდა ადგილი. უფრო მეტიც, არასწორი შეფასება მიეცა რა მისი სამუშაოდან დათხონის საფუძვლის კანონიერებას, სასამართლომ არასწორად განმარტა კანონის მოთხოვნები და მიუთითა, რომ თითქოს სხვაგვარი გადაწყვეტილება - მისი სამსახურიდან დათხოვნის გარდა, ვერ იქნებოდა მიღებული.
კასატორი აღნიშნავდა, თუკი ატესტაციის შეფასება სავალდებულო არ იყო შესასრულებლად, რატომ არ შეეძლო ადმინისტრაციას სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღება, გარდა მისი სამსახურიდან დათხოვნისა და მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის «ბ" ქვეპუნქტის თანახმად, რატომ არ შეიძლებოდა, თუნდაც დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამობის გამო, სხვა თანამდებობაზე გადაყვანა ან ჩამოქვეითება.
კასატორის აღნიშვნით, საატესტაციო ფურცელი, რომელსაც თარიღიც კი არ აქვს დასმული, მას დაუყოვნებლივ უნდა გასცნობოდა ბრძანებულების 39-ე მუხლის შესაბამისად, აქედან გამომდინარე, დასკვნა მისთის ცნობილი უნდა ყოფილიყო ორი კალენდარული დღის ვადაში, რასაც ადგილი არ ჰქონია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას და სარჩელის დაკმაყოფილებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, ვ. თ-ის საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ ვ. თ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან და ამდენად, სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევის გარეშე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ვ. თ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც აღნიშნულ საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. უარი ეთქვას ვ. თ-ს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.