¹ბს-555-529(კ-07) 11 დეკემბერი, 2007 წელი.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
გ. ილინას მდივნობით
კასატორები – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ნ. ვ.-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება
დავის საგანი – სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
ნ. ვ.-მ სარჩელი აღძრა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების _ ოზურგეთის რაიონის გამგეობისა და ოზურგეთის რაიონის სამობილიზაციო შტაბის მიმართ, რომლითაც მოითხოვა სამსახურში აღდგენა /იხ. ს.ფ. 2-3/.
საქმის გარემოებები:
მოსარჩელე 2001 წლის 17 სექტემბრიდან მუშაობდა ოზურგეთის რაიონის სახალხო კომისარიატში ... ქვეგანყოფილების ...-ად. 2002 წლის 3 სექტემბერს იგი გავიდა დეკრეტულ შვებულებაში, რომლის დამთავრების შემდეგ, სამსახურში გამოცხადებისას, მას განუმარტეს, რომ ორგანიზაციაში მოხდა რეორგანიზაცია და გაუქმდა მისი თანამდებობა. მოსარჩელე არ გაუფრთხილებიათ სამხედრო კომისარიატში მიმდინარე რეორგანიზაციისა და საშტატო სამსახურების გაუქმების შესახებ, რის გამოც არ მიუღია ბრძანება სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე.
საქმის ფაქტობრივი გარემოებები:
მოსარჩელემ განცხადებით მიმართა თავდაცვის სამინისტროს და მოითხოვა სამსახურში აღდგენა, რაზეც 2005 წლის 21 იანვარს მიიღო უარი იმ საფუძვლით, რომ: «სამხედრო კომისარიატში მოხდა სტრუქტურული და საშტატო რეორგანიზაცია, რომლის შედეგადაც სამხედრო კომისარიატების ფუნქციები და მოვალეობები გადაეცა სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს, რომელთა მიერაც მოხდა ახალი საშტატო ნუსხის მომზადება და დამტკიცება». აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს განემარტა, რომ საკითხის გადასაწყვეტად უნდა მიემართა ადგილობრივი მმართველობის ორგანოსათვის, რომელსაც უნდა უზრუნველეყო მოსარჩელის სამსახურში აღდგენა. მოსარჩელემ მიმართა ოზურგეთის რაიონის გამგეობას, რომლის მიერაც განემარტა, რომ თავდაცვის სამინისტროში (კომისარიატში) დარჩა სამობილიზაციო შტაბი არსებული საშტატო ერთეულებით. ამასთან, შრომის დავებზე გადაწყვეტილების მიღება რაიონის გამგეობის უფლებებში არ შედიოდა. ამდენად, მოსარჩელეს უნდა მიემართა სასამართლოსათვის.
სარჩელის სამართლებრივი საფუძვლები:
მოსარჩელის გათავისუფლების დროს დარღვეულია «შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლი, რომლის თანახმად, მუშაკთა რაოდენობის ან შტატების შემცირების დროს, სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლება ენიჭებათ იმ მუშაკებს, რომლებსაც ჰყავთ 3 წლამდე ასაკის ბავშვები.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 18 მარტის განჩინებით ოზურგეთის რაიონის სამობილიზაციო შტაბი ცნობილ იქნა არასათანადო მოპასუხედ და შეიცვალა სათანადო მოპასუხით – საქართველოს თავდაცვის სამინისტროთი. შესაბამისად, საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს /იხ.ს.ფ. 38-41/.
საქალაქო სასამართლოში წარდგენილ სარჩელში მოსარჩელემ მოითხოვა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, იმ საფუძვლით, რომ მისი გათავისუფლების დროს ადმინისტრაციის მიერ დაირღვა შრომის კანონთა კოდექსის 41-ე, 422-ე, 423-ე და საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 111-ე და 112-ე მუხლების მოთხოვნები, რის გამოც სარჩელი ექვემდებარება დაკმაყოფილებას /იხ.ს.ფ. 57-61/.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. ვ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც საქალაქო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:
ნ. ვ.-ე მუშაობდა ოზურგეთის რაიონის სახალხო კომისარიატში ... ქვეგანყოფილების ...-ად. 2002 წლის 3 სექტემბერს იგი გავიდა დეკრეტულ შვებულებაში, ხოლო 2003 წლის 7 იანვრიდან უხელფასო შვებულებაში. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა 2003 წლის 6 იანვარს მიიღო ბრძანება სამხედრო კომისარიატების, განყოფილებებისა და ეროვნული გვარდიის რეორგანიზაციის შესახებ, რომლის თანახმად, გურიის მხარის და ოზურგეთის რაიონის მე-2 თანრიგის სამხარეო და რაიონის გაერთიანებულ სამხედრო კომისარიატში გაუქმდა მუშა-მოსამსახურის 5 საშტატო ერთეული. ოზურგეთის რაიონის სამხედრო კომისარიატის ბაზაზე რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბდა სამობილიზაციო განყოფილება, რომელიც დაექვემდებარა ეროვნული გვარდიის სამობილიზაციო რეზერვების მთავარ სამმართველოს. ოზურგეთის რაიონის სამხედრო კომისარიატის 2001 წლის 17 სექტემბრის ბრძანებით ნ. ვ.-ე დაინიშნა სამხედრო კომისარიატის ... ქვეგანყოფილების ...-ად. 2003 წლის 21 თებერვლის ¹7 ბრძანებით იგი გათავისუფლდა სამუშაოდან რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების გამო. ამასთან, ნ. ვ.-ს ბრძანება სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე დღემდე არ ჩაჰბარებია.
საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 96.2. მუხლის თანახმად, დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნის საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად; ამავე კანონის 97.2. მუხლის შესაბამისად, მოხელე არ შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან, თუ ის თანახმაა დაინიშნოს სხვა თანამდებობაზე. კანონის 111.2. მუხლის თანახმად, შტატების შემცირების მოტივით არ შეიძლება მოხელე ქალის სამსახურიდან გათავისუფლება, თუ ის არის ორსული ან ჰყავს სამ წლამდე ასაკის ბავშვი, მით უფრო, რომ ანალოგიურ აკრძალვას ითვალისწინებდა შრომის კანონთა კოდექსის 36.2. მუხლი.
საქალაქო სასამართლოს დასკვნით, სამხედრო კომისარიატის რეორგანიზაციის შედეგად, მეორე განყოფილება, სადაც დეკრეტულ შვებულებაში გასვლამდე ნ. ვ.-ე მსახურობდა და წვევამდელთა გაწვევის აღრიცხვიანობას აწარმოებდა, გაუქმდა და «სამხედრო ვალდებულების და სამხედრო სამსახურის შესახებ» კანონის თანახმად, წვევამდელთა აღრიცხვიანობა დაევალა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, სადაც შეიქმნა სამხედრო განყოფილება. ამდენად, აღნიშნულ განყოფილებაში უნდა დასაქმებულიყვნენ კომისარიატის ის თანამშრომლები, რომლებიც შტატების შემცირების ან რეორგანიზაციის შედეგად სარგებლობდნენ კანონით მინიჭებული სამსახურში დატოვებისა და დასაქმების უპირატესი უფლებით. კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელე როგორც «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის, ისე შრომის კანონთა კოდექსის თანახმად, აღჭურვილი იყო სამსახურში დარჩენისა და დასაქმების უპირატესი უფლებით, რის გამოც სარჩელი ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას /იხ. ს.ფ. 123-126/.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ოზურგეთის რაიონის გამგეობამ, რომლითაც მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი მოტივით:
გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და მიღებულია საქმის არსებითი გარემოებების გამოკვლევის, ოზურგეთის რაიონის გამგეობის 2003 წლის 22 იანვრის დადგენილების, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2003 წლის 6 იანვრის ბრძანებისა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13, 84-ე მუხლების გათვალისწინების გარეშე, რამდენადაც ოზურგეთის რაიონის სამხედრო კომისარიატში განხორციელდა ლიკვიდაცია 2003 წლის 1 მარტს, რაც დადასტურებულია ოზურგეთის რაიონის სამხედრო კომისიის 2003 წლის 21 თებერვლის ¹7 ბრძანებით. კომისარიატის მუშაობის პროცესში პარალელურად საქმიანობა დაიწყო რაიონის გამგეობის სამხედრო განყოფილებამ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2003 წლის 6 იანვრის ¹4 ბრძანების თანახმად, ქალაქებისა და რაიონების ყოფილი სამხედრო კომისარიატებისა და განყოფილებების გამწვევი ქვეგანყოფილებების პირადი შემადგენლობა უნდა მივლინებულიყო ადგილობრივი მმართველობის ორგანოების განკარგულებაში, წვევამდელთა გაწვევის ორგანიზებაში პრაქტიკული დახმარების აღმოჩენის მიზნით, განსაკუთრებულ განკარგულებამდე, მაგრამ აღნიშნული ბრძანება არ შესრულდა კომისარიატისა და რაიონის გამგეობის სამხედრო განყოფილების პარალელურად მუშაობის გამო.
აპელანტის მითითებით, ოზურგეთის რაიონის სამხედრო კომისრის 2003 წლის 21 თებერვლის ¹7 ბრძანების შესაბამისად, თანამდებობიდან გათავისუფლდნენ მეორე განყოფილების თანამშრომლები, მათ შორის, ნ. ვ.-ე. ამ პერიოდში რაიონის გამგეობის სამხედრო განყოფილება უკვე დაკომპლექტებული იყო და საქმის წარმოებას ახორციელებდა. აპელანტმა ასევე მიიჩნია, რომ ნ. ვ.-ის დეკრეტში გასვლა განხორციელდა უკანონოდ, რამდენადაც არ არსებობს მისი დეკრეტულ შვებულებაში გასვლის დამადასტურებელი ბრძანებები.
აპელანტმა განმარტა, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 96.2. მუხლის თანახმად, დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნის საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად, მაგრამ ამავე მუხლის 1-ლი ნაწილით, დაწესებულების ლიკვიდაცია არის მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების უპირობო საფუძველი. რაიონის გამგეობის სამხედრო განყოფილების შექმნა არ განხორციელებულა რეორგანიზაციით, არამედ კომისარიატი ლიკვიდირებულ იქნა, ფაქტობრივად, ჩამოყალიბდა განსხვავებული სამსახური – ოზურგეთის რაიონის გამგეობის სამხედრო განყოფილების სახით, რომელიც წარმოადგენს სამოქალაქო სამსახურს, განსხვავებით სამხედრო კომისარიატისა /იხ. ს.ფ. 129-130/.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. ვ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი გურიის მხარისა და ოზურგეთის რაიონის სამხედრო კომისრის 2003 წლის 21 თებერვლის ¹7 ბრძანება ნ. ვ.-ის თანამდებობიდან გათავისუფლების ნაწილში და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა ყოველმხრივი და სრული გამოკვლევის შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში, ხოლო ნ. ვ.-ის სარჩელი სამუშაოზე აღდგენის ნაწილში არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:
ნ. ვ.-ე მუშაობდა ოზურგეთის რაიონის სახალხო კომისარიატში ... ქვეგანყოფილების ...-ად. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2003 წლის 6 იანვრის ¹5 ბრძანებით, სამხედრო კომისარიატების, განყოფილებებისა და ეროვნული გვარდიის რეორგანიზაციის, მართვის სტრუქტურის დახვეწის მიზნით, გაუქმდა სამხედრო კომისარიატები, მათ შორის, გურიის მხარისა და ოზურგეთის რაიონის მე-2 თანრიგის სამხარეო და რაიონის გაერთიანებული სამხედრო კომისარიატი. ამავე ბრძანების მე-2 პუნქტით გაუქმებული საშტატო სტრუქტურების ბაზაზე ჩამოყალიბდა სამობილიზაციო შტაბები და განყოფილებები, რომლებიც დაექვემდებარა ეროვნული გვარდიის სამობილიზაციო რეზერვების მთავარ სამმართველოს. «სამხედრო ვალდებულების და სამხედრო სამსახურის შესახებ» კანონის თანახმად, წვევამდელთა აღრიცხვიანობა დაევალა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, სადაც შეიქმნა სამხედრო განყოფილებები. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2003 წლის 6 იანვრის ¹4 ბრძანებულებით საქართველოს სამხედრო კომისარიატებისა და განყოფილებების პირადი შემადგენლობა 2003 წლის 1 იანვრიდან გადაყვანილ იქნა კადრების მთავარი სამმართველოს განკარგულებაში. ავტონომიური რესპუბლიკების, ქალაქებისა და რაიონების ყოფილი სამხედრო კომისარიატებისა და განყოფილებების გამწვევი ქვეგანყოფილებების პირადი შემადგენლობა მივლინებულ იქნენ ადგილობრივი მმართველობის ორგანოების განკარგულებაში, წვევამდელთა გაწვევის ორგანიზაციებში პრაქტიკული დახმარების აღმოჩენის მიზნით, განსაკუთრებულ განკარგულებამდე, ხოლო ამავე ბრძანებით განისაზღვრა სამხედრო კომისარიატებისა და განყოფილებების პირადი შემადგენლობის შემდგომი სამხედრო სამსახურისა და შრომითი დასაქმების საკითხის განხილვა პერსონალურად საშემოდგომო გაწვევის შედეგების მიხედვით. გურიის მხარისა და ოზურგეთის რაიონის სამხედრო კომისრის 2003 წლის 21 თებერვლის ¹7 ბრძანებით ნ. ვ.-ე გათავისუფლდა თანამდებობიდან. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, თავდაცვის სამინისტროს სისტემაში განხორციელდა რეორგანიზაცია.
სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის ¹609 ბრძანებულების «სამხედრო სამსახურის გავლის წესის შესახებ» დებულების მე-9 თავის მე-6 პუნქტი, «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ» კანონის 21.2. «გ» მუხლი, «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 11.2. «თ» მუხლი და განმარტა, რომ სპეციალური კანონმდებლობა არ ადგენდა რეორგანიზაციის პირობებში მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნის წესს, რის გამოც სადავო სამართალურთიერთობის მიმართ გამოყენებული უნდა ყოფილიყო საჯარო სამსახურის შესახებ კანონი.
სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97.1. და 97.2. მუხლები და განმარტა, რომ გათავისუფლებისას თავდაცვის სამინისტროს ნ. ვ.-ისათვის არ შეუთავაზებია სხვა თანამდებობა, რითაც დარღვეულ იქნა მითითებული ნორმებით დადგენილი მოთხოვნები. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მოსაზრება, რომ ნ. ვ.-ის გათავისუფლების შესახებ ბრძანების გამოცემისას დაირღვა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 111.2. მუხლის მოთხოვნა, რომლის თანახმად, მოხელე (ქალი) არ შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან ორსულობის ან 3 წლამდე ასაკის ბავშვის აღზრდის პერიოდში შტატების შემცირების, ხანგრძლივი შრომისუუნარობის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის, აგრეთვე ატესტაციის შედეგების გამო, ხოლო მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალების თანახმად, ნ. ვ.-ს ჰყავდა მცირეწლოვანი შვილი.
სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 და 96.2. მუხლები და განმარტა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არა აქვს უფლება, კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, მათ შორის, გამოსცეს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევა-შეფასების გარეშე. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სადავო ბრძანება მიღებული იყო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლებისათვის «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონით დადგენილი პროცედურული საკითხების უგულებელყოფით, რაც მისი ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენდა. ამავე დროს აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, სცილდებოდა სასამართლოს კომპეტენციას და იგი ადმინისტრაციის დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენდა. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრძანება ნ. ვ.-ის გათავისუფლების შესახებ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4. მუხლის საფუძველზე ექვემდებარებოდა ბათილად ცნობას /იხ.ს.ფ. 68-73, ტ.II/.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი მოტივით:
კასაციის მოტივი:
გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, რამდენადაც სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და კამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. ნ. ვ.-ე მუშაობდა მთავარი სპეციალისტის (სამოქალაქო შტატი) თანამდებობაზე და მისი კადრების განკარგულებაში გადაყვანა შეუძლებელი იყო, რამდენადაც ეს უკანასკნელი სამხედრო მოსამსახურეს არ წარმოადგენდა. ამდენად, სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ» საქართველოს კანონი და 1998 წლის 26 ოქტომბრის ¹609 ბრძანებულებით დამტკიცებული «სამხედრო სამსახურის გავლის წესის შესახებ» დებულებით განსაზღვრული პირობები. სასამართლომ ასევე არასწორად გამოიყენა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 127-ე მუხლის ახალი რედაქცია, როცა საკითხი ეხებოდა 2003 წლის 21 თებერვლის ბრძანების ბათილობას, რომლის არსებობაც მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა 2004 წლის 6 იანვარს, ხოლო სასამართლოს სარჩელით მიმართა იმავე წლის 17 თებერვალს. ამდენად, სასამართლოს უნდა გამოეყენებინა მითითებული კანონის 127-ე მუხლის ძველი რედაქცია, აგრეთვე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 180.2. მუხლი და უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე ხანდაზმულობის გამო. სასამართლოს ასევე უნდა გაეთვალისწინებინა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 96.1. მუხლის მოთხოვნები /იხ.ს.ფ. 82-83/.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა აგრეთვე, ნათელა ვ.-მ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება, შემდეგი მოტივით:
კასაციის მოტივი:
გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, რამდენადაც სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და კამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. ასევე, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არ მოხდა ფაქტობრივი გარემოებების სულყოფილი გამოკვლევა და არ მიეცა შეფასება იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რაზეც მიუთითებდა კასატორი.
«სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ» კანონში შეტანილი ცვლილებებისა და დამატებების თანახმად, 2003 წლის 6 იანვარს გამოიცა საქართველოს თავდაცვის მინისტრის ¹4 და ¹5 ბრძანებები, რომელთა შესაბამისად გატარდა რეორგანიზაცია და ყოფილი სამხედრო კომისარიატის გამწვევი განყოფილება გადაეცა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, რომლებსაც ეწოდა «სამხედრო განყოფილება». ოზურგეთის რაიონის სამხედრო კომისარიატის დანარჩენი სამი განყოფილება დარჩა თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურებში და ეწოდა «სამობილიზაციო შტაბი». კასატორის განმარტებით, მისთვის არ უცნობებიათ სამსახურში მოსალოდნელი რეორგანიზაციისა და სტრუქტურული ცვლილებების შესახებ შტატების შემცირების შესაძლებლობაზე. ამასთან, მისთვის არ გაუგზავნიათ და შესაბამისად, არც ჩაჰბარებია ბრძანება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.
რეორგანიზაციის შესაბამისად, ოზურგეთის რაიონის გამგეობა თავის ახლად შექმნილ სამხედრო განყოფილებასთან ერთად წარმოადგენს რაიონის სამხედრო კომისარიატის II განყოფილების უფლებამონაცვლეს, რაც სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატა ვალდებული იყო მიეთითებინა მოპასუხეთათვის, რომ ამჟამად მოქმედი შრომის კანონთა კოდექსის 36.1. მუხლის თანახმად, შრომითი ურთიერთობის შეჩერება არის შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს დროებით შეუსრულებლობა, რომელიც არ იწვევს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას.
სააპელაციო სასამართლომ საფუძვლიანად ცნო ბათილად სადავო სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება, თუმცა არ დააკმაყოფილა სარჩელი სრულად, რომლითაც კასატორი ითხოვდა იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას და სამუშაოზე აღდგენას მაშინ, როცა სასამართლოს, «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 111.2. მუხლის თანახმად, კასატორი უნდა აღედგინა თანამდებობაზე. სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გამოიყენა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 96.2. მუხლი, რომლის თანახმად, დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნის საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად, ხოლო, როდესაც დაწესებულების რეორგანიზაციას თან სდევს შტატების შემცირება, მოხელე შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან ამავე კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე.
სააპელაციო სასამართლომ შეფასება არ მისცა ოზურგეთის რაიონის სამხედრო კომისრის ¹7 ბრძანებას, კერძოდ, აღნიშნულ ბრძანებას ხელს აწერს ოზურგეთის რაიონის სამობილიზაციო შტაბის უფროსი ა. ჩანტლაძე მაშინ, როცა ამ პერიოდისთვის, მინისტრის ბრძანების მიხედვით, კომისარიატი აღარ არსებობდა. ამდენად, ფაქტობრივად 1 თებერვლიდან ნ. ვ.-ე აგრძელებდა მუშაობას და სამუშაოდან გათავისუფლდა რეორგანიზაციის შედეგად.
საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის გ) პუნქტის საფუძველზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და ნ. ვ.-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დასაშვებად /პროცესუალური კასაცია/.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:L
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების მოტივების კანონიერება-დასაბუთებულობისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და ნ. ვ.-ის საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და შესაბამისად, უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მოცემული საქმის განხილვისა და გადაწყვეტისას არ დაურღვევია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, სსსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნები. სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორად განმარტა კანონი, საპროცესო ნორმები არ დარღვეულა, სწორი შეფასება მიეცა საქმის მასალებს და დავა გადაწყვეტილია არსებითად სწორად მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმებისას საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსსკ-ის 407.2. მუხლის მიხედვით კასატორთა მიერ წარმოდგენილი არ არის დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს მიერ დადასტურებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, კერძოდ: სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ნ. ვ.-ე მუშაობდა ოზურგეთის რაიონის სახალხო კომისარიატში ... ქვეგანყოფილების ...-ად. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2003 წლის 6 იანვრის ¹5 ბრძანებით, სამხედრო კომისარიატების, განყოფილებებისა და ეროვნული გვარდიის რეორგანიზაციის, მართვის სტრუქტურის დახვეწის მიზნით, გაუქმდა სამხედრო კომისარიატები. ამავე ბრძანების მე-2 პუნქტით გაუქმებული საშტატო სტრუქტურების ბაზაზე ჩამოყალიბდა სამობილიზაციო შტაბები და განყოფილებები, რომლებიც დაექვემდებარა ეროვნული გვარდიის სამობილიზაციო რეზერვების მთავარ სამმართველოს. «სამხედრო ვალდებულების და სამხედრო სამსახურის შესახებ» კანონის თანახმად, წვევამდელთა აღრიცხვიანობა დაევალა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, სადაც შეიქმნა სამხედრო განყოფილებები. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2003 წლის 6 იანვრის ¹4 ბრძანებულებით საქართველოს სამხედრო კომისარიატებისა და განყოფილებების პირადი შემადგენლობა 2003 წლის 1 იანვრიდან გადაყვანილ იქნა კადრების მთავარი სამმართველოს განკარგულებაში. ავტონომიური რესპუბლიკების, ქალაქებისა და რაიონების ყოფილი სამხედრო კომისარიატების და განყოფილებების გამწვევი ქვეგანყოფილებების პირადი შემადგენლობა მივლინებულ იქნა ადგილობრივი მმართველობის ორგანოების განკარგულებაში, წვევამდელთა გაწვევის ორგანიზაციებში პრაქტიკული დახმარების აღმოჩენის მიზნით, განსაკუთრებულ განკარგულებამდე, ხოლო ამავე ბრძანებით განისაზღვრა სამხედრო კომისარიატებისა და განყოფილებების პირადი შემადგენლობის შემდგომი სამხედრო სამსახურისა და შრომითი დასაქმების საკითხის განხილვა პერსონალურად საშემოდგომო გაწვევის შედეგების მიხედვით. გურიის მხარისა და ოზურგეთის რაიონის სამხედრო კომისრის 2003 წლის 21 თებერვლის ¹7 ბრძანებით ნ. ვ.-ე გათავისუფლდა თანამდებობიდან. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, თავდაცვის სამინისტროს სისტემაში განხორციელდა რეორგანიზაცია.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სპეციალური კანონმდებლობა არ ადგენდა რეორგანიზაციის პირობებში მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნის წესს, რის გამოც სადავო სამართალურთიერთობის მიმართ გამოყენებული უნდა ყოფილიყო «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონი.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ. ვ.-ე თანამდებობიდან გათავისუფლდა სრულიად უკანონოდ, კერძოდ, «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის შესაბამისი ნორმების უგულებელყოფით, რამდენადაც «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 96.2. მუხლის თანახმად, დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნის საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად, ხოლო, როცა რეორგანიზაციას თან სდევს შტატების შემცირება, მოხელე შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე.
საკასაციო სასამართლო «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97.2. მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ მითითებული ნორმა ამკრძალავი ხასიათისაა და დაუშვებლად მიიჩნევს მოხელის გათავისუფლებას, თუ იგი თანახმაა, რომ სხვა თანამდებობაზე დაინიშნოს, ამგვარი თანხმობა კი თავისთავად განაპირობებს ადმინისტრაციის მხრიდან შეთავაზების აუცილებლობას, აღნიშნული პირობა საჯარო მოხელეთათვის კანონით დადგენილი გარანტიების ერთ-ერთი სახეა, რაც ადმინისტრაციის მხრიდან ექვემდებარება დაცვას.
«საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97.2. მუხლის თანახმად, ნებისმიერ შემთხვევაში ასეთ პირობებში პირის გათავისუფლება არ შეიძლებოდა, თუ იგი თანახმა იყო სხვა თანამდებობაზე დანიშვნისა, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ნ. ვ.-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების მიღებისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეულ იქნა კანონის ზემოაღნიშნული იმპერატიული დანაწესი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გასათავისუფლებელი პირისთვის სხვა თანამდებობის შეთავაზების თაობაზე, რაც, თავის მხრივ, მუშაკის უფლებათა დაცვის გარანტიაა და უზრუნველყოფს მოსამსახურეთა ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი დაცვის, მოსამსახურეთა კადრების სტაბილურობისა და ა.შ. როგორც საჯარო სამსახურის ძირითადი პრინციპების შესრულებას.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეულ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი მოთხოვნები, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1. მუხლის თანახმად, ცალსახად არის განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია ადმინისტრაციული აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული. მოცემულ შემთხვევაში, კანონმდებლობის აღნიშნული მოთხოვნები ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო ბრძანების გამოცემისას უგულებელყოფილ იქნა. ამდენად, სადავო ბრძანება მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონით მუშაკის გათავისუფლებისას დადგენილი პროცედურული საკითხების უგულებელყოფით, რაც მისი ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს.
კონკრეტულ შემთხვევაში, კასატორის – ნ. ვ.-ის გათავისუფლებისას, თავდაცვის სამინისტროს ნ. ვ.-ისათვის არ შეუთავაზებია სხვა თანამდებობაზე დანიშვნა, რითაც დარღვეულ იქნა მითითებული ნორმებით დადგენილი მოთხოვნები. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ნ. ვ.-ის გათავისუფლების შესახებ ბრძანების გამოცემისას დაირღვა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 111.2. მუხლის მოთხოვნა, რომლის თანახმად, მოხელე (ქალი) არ შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან ორსულობის ან 3 წლამდე ასაკის ბავშვის აღზრდის პერიოდში შტატების შემცირების, ხანგრძლივი შრომისუუნარობის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის, აგრეთვე ატესტაციის შედეგების გამო, ხოლო მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალების თანახმად, ნ. ვ.-ს ჰყავდა მცირეწლოვანი შვილი.
საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის მოტივს სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე და განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 127.1. მუხლი, რომლის თანახმად, მოხელეს უფლება აქვს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთი თვის განმავლობაში გაასაჩივროს სასამართლოში სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანება, განკარგულება, გადაწყვეტილება, აგრეთვე მოქმედება. ამავე მუხლის მე-21 პუნქტით სამართლებრივი აქტის გასაჩივრების ხანდაზმულობის ვადის ათვლა უკავშირდება კანონმდებლობით დადგენილი წესით აქტის გაცნობას. ამასთან, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 58.1. მუხლის შესაბამისად, აქტის გაცნობა ნიშნავს დაინტერესებული პირისათვის აქტის გადაცემას ან ფოსტის მეშვეობით გაგზავნას, რაც მოცემულ შემთხვევაში არ განხორციელებულა, კერძოდ, მოსარჩელეს მითითებული ნორმით დადგენილი წესის დაცვით არ ჩაჰბარებია სადავო ბრძანება. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნულ ნაწილშიც კასაციის მოტივი სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ნ. ვ.-ის კასაციის მოტივს სამსახურში აღდგენის თაბაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127.5 მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ სასამართლოს მიერ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების არაკანონიერად აღიარების შემთხვევაში მოხელე ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღდგენას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი უარს ამბობს აღდგენაზე. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მოხელე აღდგენილ უნდა იქნეს მხოლოდ გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე.
სამხედრო კომისარიატის რეორგანიზაციის შედეგად, ... განყოფილება, სადაც დეკრეტულ შვებულებაში გასვლამდე ნ. ვ.-ე მსახურობდა და წვევამდელთა გაწვევის აღრიცხვიანობას აწარმოებდა, გაუქმდა და «სამხედრო ვალდებულების და სამხედრო სამსახურის შესახებ» კანონის თანახმად, წვევამდელთა აღრიცხვიანობა დაევალა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, სადაც შეიქმნა სამხედრო განყოფილება. აღნიშნულ განყოფილებაში უნდა დასაქმებულიყვნენ კომისარიატის ის თანამშრომლები, რომლებიც შტატების შემცირების ან რეორგანიზაციის შედეგად სარგებლობდნენ კანონით მინიჭებული სამსახურში დარჩენისა და დასაქმების უპირატესი უფლებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აღარ არსებობს ის თანამდებობა, რომელიც გათავისუფლებამდე ეკავა კასატორს, ხოლო «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 127.1. მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე მოხელე ექვემდებარება აღდგენას მხოლოდ გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე, რაც მოცემულ შემთხვევაში რეორგანიზაციის გამო გაუქმდა.
რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ, აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო შრომის კანონთა კოდექსის 207.1 მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ იძულებით გაცდენილი დროის ხელფასი ანაზღაურდება სამუშაოდან უკანონო გათავისუფლებისა და წინანდელ სამუშაოზე აღდგენის შემთხვევაში.
მოცემულ შემთხვევაში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ნ. ვ.-ის მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა, ამ ნაწილში ნ. ვ.-ის მიერ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა, შესაბამისად საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ამ ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში. სააპელაციო სასამართლომ შესაბამისად იმსჯელა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებაზე სააპელაციო საჩივრის ფარგლებში. ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ იმსჯელებს ნ. ვ.-ის მოთხოვნაზე იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონშეუსაბამობის თაობაზე, შესაბამისად, სსსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დაკმაყოფილებისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
საკასაციო სასასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის საფუძველზე თვლის, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასამართლო ხარჯების სახით უნდა დაეკისროს 100 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 257-ე, 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ნ. ვ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
3. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება;
4. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასამართლო ხარჯების სახით დაეკისროს 100 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.