ბს-555-533(კ-08) 24 ივლისი, 2008წ.
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ თ. ღ-ი, ი. ლ-ი და მ. კ-ე
(მოსარჩელეები)
მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების
სამსახური (მოპასუხეები)
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 6 მარტის განჩინება
დავის საგანი _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და სამუშაოზე აღდგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ი. ლ-მა, ვ. მ-მა, თ. ღ-მა და მ. კ-ემ 2006 წლის მარტში სარჩელი აღძრეს სასამართლოში მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიმართ და მოითხოვეს საკონკურსო საატესტაციო კომისიის 2006 წლის 14 თებერვლის ¹9 სხდომის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა ი. ლ-ის, ვ.მ-ის, თ.ღ-ისა და მ. კ-ის ნაწილში; 2006 წლის 20 თებერვლის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საპრეტენზიო კომისიის სხდომის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოსარჩელეების ნაწილში; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2006 წლის 24 თებერვლის ¹131-კ ბრძანების ბათილად ცნობა მოსარჩელეების გათავისუფლების ნაწილში; მათ ასევე მოთხოვეს: ა) ი. ლ-ის აღდგენა რეგიონალური საბაჟო “....." ინფორმატიკისა და სტატისტიკის განყოფილების ინსპექტორის თანამდებობაზე. ბ) ვ. მ-ის აღდგენა რეგიონალური საბაჟო “....." ინფორმატიკისა და სტატისტიკის განყოფილების ინსპექტორის თანამდებობაზე. გ) თ. ღ-ის აღდგენა რეგიონალური საბაჟო "....." ინფორმატიკისა და სტატისტიკის განყოფილების უფროსი ინსპექტორის თანამდებობაზე; დ) მ. კ-ის აღდგენა რეგიონალური საბაჟო "....." ინფორმატიკისა და სტატისტიკის განყოფილების უფროსი ინსპექტორის თანამდებობაზე და საბაჟო დეპარტამენტისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრება მათი გათავისუფლებიდან, ე.ი. 2006 წლის 24 თებერვლიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
მოსარჩელეთა მოთხოვნები დასაბუთებულ იქნა იმით, რომ ისინი მუშაობდნენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს რეგიონალურ საბაჟო "....." სხვადასხვა თანამდებობებზე, კერძოდ: ი. ლ-ი _ ინფორმატიკისა და სტატისტიკის განყოფილების ინსპექტორის მოვალეობის შემსრულებლად; ვ. მ-ი _ ინფორმატიკისა და სტატისტიკის განყოფილების ინსპექტორის მოვალეობის შემსრულებლად; თ. ღ-ი _ ინფორმატიკისა და სტატისტიკის განყოფილების უფროსი ინსპექტორის მოვალეობის შემსრულებლად; მ. კ-ე _ ინფორმატიკისა და სტატისტიკის განყოფილების უფროსი ინსპექტორის მოვალეობის შემსრულებლად. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ 2006 წლის 14 თებერვალს ჩატარდა ატესტაცია გასაუბრების ფორმით, რომლის საფუძველზედაც შედგა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომის ოქმი ¹9 14-02-06წ. და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მოსარჩელეების დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ 2006 წლის 24 თებერვალს გამოცემულ იქნა ბრძანება ¹131-კ დაკავებული თანამდებობიდან ი. ლ-ის, ვ. მ-ის, თ. ღ-სა და მ. კ-ის გათავისუფლების შესახებ. მოსარჩელეების განმარტებით, აღნიშნული ბრძანება, აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2006 წლის 14 თებერვლის ოქმი ¹9, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საპრეტენზიო კომისიის 20 თებერვლის სხდომის ¹6 ოქმი წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად ბათილია. მოსარჩელეების მითითებით, ზემოთ ჩამოთვლილი სადავო ადმინისტრაციული აქტების მიღებისას უდავოდ დარღვეულია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემის მოთხოვნები, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლებით დადგენილი მოთხოვნები, სადავო ადმინისტრაციული აქტები არ არის დასაბუთებული და მისი გამოცემისას არ არის გამორკვეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება. მართალია, საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ გასაუბრების შედეგად, სხდომის ოქმი ¹9 14.02.06წ. შესაბამისად მიიღო გადაწყვეტილება დაკავებული თანამდებობიდან მოსარჩელეთა გათავისუფლების შესახებ, მაგრამ მოსარჩელეთა აზრით, გაურკვეველი და დაუსაბუთებელია, რა კრიტერიუმით ისარგებლა კომისიამ ამ გადაწყვეტილების მიღების დროს. ასევე ბუნდოვანი და დაუსაბუთებელია საპრეტენზიო კომისიის 2006 წლის 20 თებერვლის ¹6 ოქმით მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელეებს უარი ეთქვათ განცხადების დაკმაყოფილებაზე. ასეთი მოქმედებით საპრეტენზიო კომისიამ ზემოთ აღნიშნული ნორმების გარდა, დაარღვია ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის” შესახებ დებულების მე-7 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნა, განიხილოს პრეტენზიები განსაზღვრულ დროში და კომისიას წარუდგინოს სამართლებრივად სრულყოფილი დასკვნა. ი. ლ-მა, ვ. მ-მა, თ. ღ-მა და მ. კ-ემ განმარტეს, რომ მათი თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლად მითითებული იყო 2002 წლის 17 დეკემბრის ¹409 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესი. აღნიშნული დებულება უდევს სამართლებრივ საფუძვლად აგრეთვე საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2006 წლის 14 თებერვლის ¹9 სხდომის ოქმს. მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ სწორედ ზემოთ მითითებული დებულების მოთხოვნები და პრინციპებია უგულებელყოფილი როგორც საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ გასაუბრების ჩატარებისა და გადაწყვეტილების მიღების, ასევე დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ გადაწყვეტილების მიღების დროს. მოსარჩელეებმა განმარტეს, რომ ატესტაციის ჩატარების წესის მე-17 მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, ატესტაცია შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ გასაუბრების გზით, მაგრამ ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, გასაუბრების გზით ხდება მოხელის მხოლოდ ცოდნისა და კვალიფიკაციის შემოწმება, რაც შეეხება მოხელის პროფესიული ჩვევების, შესაძლებლობისა და პიროვნული თვისებების შეფასებას, დებულების მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, იგი უნდა მოხდეს სპეციალური მეთოდიკის მიხედვით, რაც მოსარჩელეების შემთხვევაში არ მომხდარა. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2006 წლის 14 თებერვლის ¹9 ოქმი, საპრეტენზიო კომისიის 2006 წლის 20 თებერვლის ¹6 ოქმი შედგენილია მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების დებულების უგულებელყოფით და არც ერთი მათგანი არ შეიძლებოდა საფუძვლად სდებოდა მოსარჩელეების გათავისუფლებას. ატესტაციის ჩატარების წესის 34-ე მუხლის შესაბამისად, გასაუბრების შემდეგ კომისია ახდენს მოხელის შეფასებას მის დაუსწრებლად, მოხელის პროფესიული ჩვევების, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შეფასება ხდება გამოყენებული მეთოდიკის მიხედვით ერთეტაპიანი ატესტაციის ჩატარებისას, კომისიის თითოეული წევრი მოხელეს აფასებს 10- ბალიანი სისტემით, რის შემდეგაც ხდება საშუალო ქულის გამოთვლა, რომელიც ენიჭება მოხელეს. 10-ბალიანი სისტემა შედგება 2 კომპონენტის ჯამით: მოხელის პროფესიული ცოდნის დონის შეფასება 5 ქულა და მოხელის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების ხარისხისა და პროფესიული ცოდნის დონის შეფასება 5 ქულა. ზემოთ ჩამოთვლილი არც ერთი მოთხოვნა საკონკურსო საატესტაციო კომისიას 2006 წლის 14 თებერვალს არ გაუთვალისწინებია, ისე გაუწია რეკომენდაცია საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელობას დაკავებული თანამდებობიდან მოსარჩელეების გათავისუფლების შესახებ, თუმცა მოსარჩელეებმა ჩათვალეს, რომ ოქმის მიხედვით შეუძლებელია დადგინდეს თუ რა შეფასება მისცეს კომისიის წევრებმა თითოეულ მოხელეს და რამდენი ქულა მიენიჭათ მათ გასაუბრების დროს. ასევე ყოველგვარი დასაბუთებისა და განმარტების გარეშე ეთქვათ უარი მოსარჩელეებს განცხადების დაკმაყოფილებაზე საპრეტენზიო კომისიის მხრიდან 2006 წლის 20 თებერვალს, რითაც დარღვეულ იქნა დებულების მე-7 მუხლის მოთხოვნები. მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 83-ე მუხლის შესაბამისად, თუ მოხელე 6 თვეზე ნაკლები ვადით ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას ატესტაციამდე უკანასკნელი წლის მანძილზე, იგი ატესტაციას ექვემდებარება მომავალ წელს. ადმინისტრაციამ უკანონოდ დაუქვემდებარა ი. ლ-ი, ვ. მ-ი, თ. ღ-ი და მ. კ-ე ატესტაციას, რაც სადავო აქტების ბათილობის კიდევ ერთ დამოუკიდებელ საფუძველს წარმოადგენს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით ი. ლ-ს, ვ. მ-ს, თ. ღ-ა და მ. კ-ეს უარი ეთქვათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2006 წლის 4 თებერვალს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტში ჩატარებულ იქნა საჯარო მოხელეთა ატესტაცია. იმავე წლის 14 თებერვალს ჩატარდა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომა, რომლის გადაწყვეტილებით რეკომენდაცია გაეწია საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარეს მოსარჩელეთა თანამდებობიდან განთავისუფლების თაობაზე. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საპრეტენზიო კომისიაში, რომლის 2006 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით მოსარჩელეებს უარი ეთქვათ განცხადების დაკმაყოფილებაზე. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2006 წლის 24 თებერვლის ¹131-კ ბრძანებით მოსარჩელეები გათავისუფლებულ იქნენ დაკავებული თანამდებობებიდან "საქართველოს საბაჟო ორგანოში სამსახურის გავლის წესის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 21 აპრილის ¹244 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების 21-ე მუხლის პირველი პუნქტის "ე" ქვეპუნქტის, მე-2 პუნქტის "ა" ქვეპუნქტის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2005 წლის 13 ოქტომბრის ¹1019 ბრძანების, "საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 17 დეკემბრის ¹409 ბრძანების მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის, "საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 25 აპრილის ¹285 ბრძანებით დამტკიცებული საბაჟო დეპარტამენტის დებულების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის "ე” ქვეპუნქტის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2006 წლის 14 თებერვლის სხდომის ოქმი ¹9-სა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საპრეტენზიო კომისიის 20 თებერვლის ოქმი ¹6-ის საფუძველზე.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. ამავე კოდექსის 32-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით, იმ შემთხვევაში გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ დავის საგანს უნდა წარმოადგენდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან. სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ ¹9 კომისიის სხდომის ოქმი არ წარმოადგენს ზაკ-ის მე-2 მუხლის "დ" ქვეპუნქტით გასაზღვრულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ვინაიდან იგი ასახავს კომისიის მოქმედებათა მიმდინარეობას და მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლითაც არ დგება დამოუკიდებელი სამართლებრივი შედეგი კანდიდატისათვის. სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას აქვს სარეკომენდაციო ხასიათი, რომლის საფუძველზეც მოხელის შემდგომი შრომითი მოწყობის საკითხს წყვეტს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარე თავისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ¹409 ბრძანებით დამტკიცებული "საბაჟო დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა კონკურსის და ატესტაციის ჩატარების წესის" მე-40 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კომისიის რეკომენდაციის შესაბამისად დაწესებულების ხელმძღვანელი იღებს გადაწყვეტილებას მოხელის დაკავებულ თანამდებობაზე დატოვების, დაწინაურების, ჩამოქვეითების, გათავისუფლების ან სხვა თანამდებობაზე გადაყვანის შესახებ. სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ვინაიდან ზაკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “დ" ქვეპუნქტით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრცაიული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის, ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულმა კოლეგიამ მიიჩნია, რომ საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილება, რომელიც წარმოადგენს ერთგვარ შუალედურ დოკუმენტს და რაც საფუძველი გახდა ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების _ მოსარჩელის სამუშაოდან დათხოვნის ბრძანების მიღების, განხილულ უნდა იქნეს როგორც სარჩელის საფუძველი და არა როგორც დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნა. შესაბამისად, სასამართლომ ჩათვალა, რომ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის ¹9 სხდომის ოქმი არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად და უსაფუძვლოა მისი ბათილად ცნობის მოთხოვნა, ვინაიდან არ არსებობს აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საპროცესო ნორმებით გათვალისწინებული საფუძველი.
სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ¹409 ბრძანებით დამტკიცებულ იქნა "საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესი". მითითებული ნორმატიული აქტის 2.1-ე მუხლის თანახმად, საბაჟო ორგანოში ატესტაციის ჩატარებას უზრუნველყოფს საკონკურსო-საატესტაციო კომისია. ბრძანების მე-4.1 მუხლის "ა" ქვეპუნქტით კომისია ატესტაციის ჩატარების მიზნით უზრუნველყოფს ტესტირების და გასაუბრების დადგენილი წესის და პროცედურის დაცვას, ხოლო ამავე მუხლის "ზ" ქვეპუნქტით ატარებს გასაუბრებას კანდიდატებთან და მოხელეებთან, აფასებს მათ შესაბამისობას თანამდებობით დადგენილ მოთხოვნებთან, ამ დებულების 33-ე მუხლის შესაბამისად. ამავე წესის 33.4-ე მუხლის შესაბამისად, თუ ატესტაციის დროს პროფესიული ტესტირება არ ტარდება, გასაუბრების მიზანია დადგინდეს მოხელის პროფესიული ცოდნისა და კვალიფიკაციის დონე და მისი პრაქტიკაში რეალიზების უნარი. შესაბამისად, სასამართლომ ჩათვალა, რომ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიზანს წარმოადგენს მოხელის არა მარტო პროფესიული ცოდნის დონის შეფასება, არამედ ზოგადად, კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის დადგენა. ამ გარემოების დადგენის შემდეგ, დებულების 39-ე მუხლის შესაბამისად, კომისია იღებს გადაწყვეტილებას, რაც მოტივირებული დასკვნის სახით შეიტანება საატესტაციო ფურცელში. პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ კომისიის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, რისი საფუძველიც გახდა მისი შეუსაბამობა საქართველოს ფინანსთა მინისტრის ¹437 და ¹79 ბრძანებით დადგენილ მოთხოვნებთან. აღნიშნული მსჯელობის საფუძველზე ნათელია, რომ მოხელის თანამდებობასთან შესაბამისობის დადგენა წარმოადგენს კომისიის კომპეტენციას და შესაბამისად, სასამართლო ვერ იმსჯელებს ამ საკითხზე, ვერ შეაფასებს თითოეულ მოხელეს. იგი, ახორციელებს რა მართლმსაჯულებას, მხოლოდ ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვას და არ არის უფლებამოსილი, შეიჭრას ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციის სფეროში.
სასამართლოს მითითებით, მოსარჩელეთა მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის საფუძვლად მითითებულ იქნა ასევე ის გარემოება, რომ "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 83-ე მუხლის შესაბამისად, თუ მოხელე 6 თვეზე ნაკლები ვადით ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას ატესტაციამდე უკანასკნელი წლის მანძილზე, იგი ატესტაციას ექვემდებარება მომავალ წელს. შესაბამისად, მათი ატესტაციას დაქვემდებარება ადმინისტრაციის მხრიდან წარმოადგენდა უკანონობას. სასამართლომ ვერ გაიზიარა აღნიშნული პოზიცია იმ მოტივით, რომ "საქართველოს საბაჟო ორგანოში სამსახურის გავლის წესის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 21 აპრილის ¹244 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის თანახმად, ატესტაციას ექვემდებარება საბაჟო ორგანოს თანამშრომელი სამ წელიწადში ერთხელ, აღნიშნულ პერიოდში სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების ვადის მიუხედავად. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და საბაჟო დეპარტამენტის მიერ შესწავლილ იქნა საკითხის გადაწყვეტისთვის საჭირო ყველა გარემოება, დაცულ იქნა კანონმდებლობის მოთხოვნები და არ არსებობდა მათი მხრიდან ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული დარღვევები, რაც გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი შეიძლებოდა გამხდარიყო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ი. ლ-მა, თ. ღ-მა, მ. კ-ემ და ვ. მ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 6 მარტის განჩინებით ი. ლ-ის, თ. ღ-ის, მ. კ-სა და ვ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცველელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სააპელაციო პალატა დაეთანხმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება კანონიერია და შესაბამისად, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს თ. ღ-მა, ი. ლ-მა და მ. კ-ემ.
კასატორთა მოსაზრებით,Gგანჩინება გამოტანილია სამართლის ნორმების დარღვევით, რადგან სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასაწორად განმარტა კანონი, რის შედეგადაც სასამართლომ გამოიტანა არასწორი და უკანონო გადაწყვეტილება.
ამასთანავე, სააპელაციო სასამართლომ არ დაასაბუთა თუ რატომ არ დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი. თავის განჩინებაში მხოლოდ ზოგადად მიუთითა, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
კასატორები თვლიან, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 6 მარტის განჩინება უნდა გაუქმდეს და გამოტანილი უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება მათი სარჩელის დაკმაყოფილებით; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ 2006 წლის 14 თებერვალს ჩატარდა ატესტაცია გასაუბრების ფორმით, რომლის საფუძველზედაც შედგა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომის ოქმი ¹9 14.02.06 წელი და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მოსარჩელეების დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. 2006 წლის 24 თებერვალს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ გამოცემულ იქნა ბრძანება ¹131-კ დაკავებული თანამდებობიდან ი. ლ-ის, თ. ღ-ისა და მ. კ-ის გათავისუფლების შესახებ. კასატორები თვლიან, რომ მოცემული ბრძანების, აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკონკურსო საატესტაციო კომისიის 2006 წლის 14 თებერვლის ოქმი ¹9-ის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საპრეტენზიო კომისიის 20 თებერვლის სხდომის ოქმი ¹6-ის გამოცემისა და გამოყენებისას დარღვეულია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოზადებისა და გამოცემის მოთხოვნები, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლებით დადგენილი მოთხოვნები, სადავო ადმინისტრაციული აქტები არ არის დასაბუთებული და მისი გამოცემისას არ არის გამორკვეული საქმისათვის არსებითი მნიშვენლობის მქონე ყველა გარემოება. აღნიშნული კი არც პირველი და არც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული.
მართალია, საკონკურსო საატესტაციო კომისიამ გასაუბრების შედეგად 2006 წლის 14 თებერვლის ¹9 სხდომის ოქმის შესაბამისად მიიღო გადაწყვეტილება დაკავებული თანამდებობიდან მოსარჩელეთა გათავისუფლების შესახებ, მაგრამ გაურკვეველი და დაუსაბუთებელია თუ რა კრიტერიუმით იხელმძღვანელა კომისიამ ამ გადაწყვეტილების მიღების დროს. ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნიეს კასატორებმა საპრეტენზიო კომისიის 2006 წლის 20 თებერვლის ¹6 ოქმით მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც მათ უარი ეთქვათ განცხადების დაკმაყოფილების შესახებ. ასეთი მოქმედებით საპრეტენზიო კომისიამ ზემოაღნიშნული ნორმების გარდა, დაარღვია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის შესახებ დებულების მე-7 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნა, განიხილოს პრეტენზიები განსაზღვრულ დროში და კომისიას წარუდგინოს სამართლებრივად სრულყოფილი დასკვნა, რაც ასევე უგულებელყოფილ იქნა ორივე ინსტანციის სასამართლოს მიერ.
კასატორთა განმარტებით, მათი თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია 2002 წლის 17 დეკემბრის ¹409 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესი. აღნიშნული დებულება უდევს სამართლებრივ საფუძვლად აგრეთვე საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2006 წლის 14 თებერვლის ¹9 სხდომის ოქმს. სწორედ ზემოთ მითითებული დებულების მოთხოვნები და პრინციპებია უგულებელყოფილი, როგორც საკონკურსო საატესტაციო კომისიის მიერ გასაუბრების ჩატარებისა და გადაწყვეტილების მიღების დროს, ასევე დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ გადაწყვეტილების მიღების დროს და რაც ასევე არ იქნა გათვალისწინებული არც პირველი და არც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ. კასატორებმა განმარტეს, რომ სააპელაციო სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია იმ ფაქტს, რომ ატესტაციის ჩატარების წესის მე-17 მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, ატესტაცია შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ გასაურების გზით, მაგრამ ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, გასაუბრების გზით ხდება მოხელის მხოლოდ ცოდნისა და კვალიფიკაციის შემოწმება, რაც შეეხება მოხელის პროფესიული ჩვევების, შესაძლებლობისა და პიროვნული თვისებების შეფასებას, დებულების მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უნდა მოხდეს სპეციალური მეთოდიკის მიხედვით, რაც მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა და ამაზე არც სასამართლომ არ გააკეთა სწორი შეფასება.
კასატორებმა მიუთითეს, რომ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2006 წლის 14 თებერვლის ¹9 ოქმი, საპრეტენზიო კომისიის 2006 წლის 20 თებერვლის ¹6 ოქმი შედგენილია მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების შესახებ დებულების უგულებელყოფით და არც ერთი მათგანი არ შეიძლებოდა მოსარჩელეების გათავისუფლების საფუძველი გამხდარიყო. აღნიშნული ყურადღების მიღმა დარჩა პირველ და სააპელაციო სასამართლოს. ატესტაციის ჩატარების წესის 34-ე მუხლის შესაბამისად, გასაუბრების შემდეგ კომისია ადგენს მოხელის შეფასებას მის დაუსწრებლად. მოხელის პროფესიული ჩვევების, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შეფასება ხდება გამოყენებული მეთოდიკის მიხედვით ერთეტაპიანი ატესტაციის ჩატარებისას, კომისიის თითოეული წევრი მოხელეს აფასებს 10-ბალიანი სისტემით, რის შემდეგადაც ხდება საშუალო ქულის გამოთვლა, რომელიც ენიჭება მოხელეს. 10-ბალიანი სისტემა შედგება 2 კომპონენტის ჯამით: მოხელის პროფესიული ცოდნის დონის შეფასება _ 5 ქულა და მოხელის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების ხარისხისა და პროფესიული ცოდნის დონის შეფასება _ 5 ქულა. ზემოთ ჩამოთვლილი არც ერთი მოთხოვნა საკონკურსო საატესტაციო კომისიას 2006 წლის 14 თებერვალს არ გაუთვალისწინებია ისე გაუწია რეკომენდაცია საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელობას დაკავებული თანამდებობიდან მოსარჩელეების გათავისუფლების შესახებ, თუმცა ოქმის მიხედვით შეუძლებელია დადგინდეს თუ რა შეფასება მისცეს კომისიის წევრებმა თითოეულ მოხელეს და რამდენი ქულა მიენიჭა მათ გასაუბრების დროს. ასევე ყოველგვარი დასაბუთებისა და განმარტების გარეშე ეთქვათ უარი მოსარჩელეებს განცხადების დაკმაყოფილებაზე საპრეტენზიო კომისიის მხრიდან 2006 წლის 20 თებერვალს, რითაც დარღვეულ იქნა დებულების მე-7 მუხლის მოთხოვნები. ასევე დაირღვა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 83-ე მუხლი, რადგანაც თუ მოხელე 6 თვეზე ნაკლები ვადით ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას ატესტაციამდე უკანასკნელი წლის მანძილზე, იგი ატესტაციას ექვემდებარება მომავალ წელს. კასატორთა მითითებით, აღნიშნულის გასაბათილებლად სასამართლოებმა მიუთითეს პრეზიდენტის ბრძანებულებაზე, მაგრამ ,,ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის თანახმად, კანონი უფრო მაღლა დგას პრეზიდენტის ბრძანებულებაზე და აღნიშნული არ უნდა გამოეყენებინა სასამართლოს ადმინისტრაციის უკანონო ბრძანების კანონიერად მისაჩნევად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ღ-ის, ი. ლ-ისა და მ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ არის დასაშვები, შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე და განაპირობა არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, თ. ღ-ის, ი. ლ-ისა და მ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს მიჩნეული თ. ღ-ის, ი. ლ-ისა და მ. კ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 6 მარტის განჩინებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.