Facebook Twitter

ბს-558-536(კ-08) 19 ნოემბერი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მარიამ ცისკაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ახალციხის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ი/მ ,,ზ. მ-მა”, ი/მ ,,ლ. ჩ-მა”, ი/მ ,,ა. ი-მა”, ი/მ ,,მ. ო-მა” და ი/მ ,,ო. პ-მა” სასარჩელო განცხადებით მიმართეს ახალქალაქის რაიონულ სასამართლოს.

მოსარჩელე ი/მ ,,ზ. ს-მა” აღნიშნა, რომ 15.11.04წ. გადასახადის გადამხდელთა ახალქალაქის განყოფილების უფროსის, იმავე განყოფილების ინსპექტორის და ადმინისტრირების განყოფილების მთავარი ინსპექტორის მიერ შედგენილი იქნა მისი კუთვნილი პურის საცხობის ინვენტარიზაციისა და გაზომვის შესახებ აქტი. აღნიშნული აქტის საფუძველზე დააკისრეს 16 802 ლარის გადახდა. მოსარჩელის განმარტებით, ინვენტარიზაციის აქტი და საცხობი ღუმლის მონაცემები სინამდვილეს არ შეესაბამება. მოსარჩელე უკანონოდ მიიჩნევდა დეკლარაციის დაგვიანებით წარდგენისათვის დაკისრებულ ჯარიმას. მოსარჩელის აზრით, იმ შემთხვევაში, თუ საგადასახადო ორგანო მიიჩნევდა, რომ დეკლარაცია გადასახადის გადამხდელმა დაგვიანებით წარადგინა, საჯარიმო თანხა უნდა დაეკისრებინა 2 თვეში და არ მიმდინარე წლის ბოლოს. ი/მ ,,ო. ჩ-მა”, ი/მ ,,ა. ი-მა”, ი/მ ,,ო. პ-მა” იდენტური ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი შეფასებების შემცველი სასარჩელო განცხადებებით მიმართეს ახალქალაქის რაიონის სასამართლოს. ი/მ ,,ლ. ჩ-მა” და ი/მ ,,ო. პ-მა” დამატებით აღნიშნეს, რომ ინვენტარიზაციის აქტები ყალბია, მეწარმეებს ხელი არ მოუწერიათ და მათი შედგენის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.

ახალქალაქის რაიონულ სასამართლოს 04.05.05წ. განჩინებით სასარჩელო განცხადებები ერთ წარმოებად გაერთიანდა.

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 15.09.05წ. გადაწყვეტილებით ზ. მ-ის, ა. ი-ის, ლ. ჩ-ის, ო. პ-ის და მ. ო-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელეთა მიმართ შედგენილი 15.11.04წ. პურის საცხობების ინვენტარიზაციის აქტები, დეკლარაციის წარუდგენლობისათვის დაკისრებული ჯარიმებისაგან გათავისუფლებაზე მოსარჩელეებს ეთქვათ უარი, კამერალური შემოწმების შედეგად დარიცხული გადასახადი მიჩნეული იქნა უკანონოდ და გაუქმდა მათ სამარათლებრივ შედეგებთან ერთად. სასამართლომ აღნიშნა, რომ მეწარმეების შემოწმება განხორციელდა ისე, რომ მათ არ განემარტათ შემოწმების საგანი. განმარტების შემთხვევაში მეწარმეები მიუთითებდნენ, რომ ღუმელების ნაწილს კონსერვირება გაუკეთეს, ხოლო ნაწილი რეკონსტრუქტურებული იყო. სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხემ აღიარა სარჩელის საფუძვლიანობა, ხოლო ახალციხის საგადასახადო ინსპექციის წარმომადგენელმა სარჩელი არ სცნო. სასამართლომ მიუთითა საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლის ,,ვ” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საცხობებისათვის ფიქსირებული გადასახადი იყო ჯამური ფართი მოქმედი ღუმელებისა, რომელთაგან თითოეული არ აღემატებოდა 3 კვ.მ-ს. თონე განისაზღვრებოდა მოსახლეობის რაოდენობით და 50 000 მაცხოვრებელზე 20 ლარს შეადგენდა. სასამართლომ აღნიშნა, რომ საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტის თანახმად, უმოქმედო თონე გადამხდელის მოთხოვნის საფუძველზე ექვემდებარებოდა კონსერვაციის რეჟიმში გადაყვანას. ასეთ შემთხვევაში ღუმლის ფართი გადასახადის დარიცხვის დროს მხედველობაში არ მიიღებოდა. სასამართლომ მიუთითა საგადასახადო კოდექსის 273.63 მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტზე და აღნიშნა, რომ პურ-ფუნთუშეულის წარმოებაზე იმ საცხობებისათვის, რომელთა ფართი 20 კვ.მ არ აღემატებოდა, დადგენილი იყო 200 ლარის ფიქსირებული გადასახადი. სასამართლომ მართებულად მიიჩნია მოსარჩელეებისათვის დეკლარაციების წარუგენლობისათვის დაკისრებული ჯარიმა და აღნიშნა, რომ საგადასახადო კოდექსის 253-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, გადამხდელებს, რომლებმაც დროულად არ წარადგინეს დეკლარაცია, ფინანსური სანქციის სახით გადახდებათ ჯარიმა, 5%-ი იმ თანხისა, რომელიც უნდა ყოფილიყო დეკლარაციაში ასახული.

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 15.09.05წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ახალციხის რეგიონალურმა ცენტრმა. საგადასახადო ორგანომ გადაწყვეტილების იმ ნაწილის გაუქმება მოითხოვა, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელეთა მოთხოვნა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.08წ განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 15.09.05წ. გადაწყვეტიოლება. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მთითებული გარემოებანი არ ქმნიდნენ გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს. პალატამ გაიზიარა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და აღნიშნული გარემოებების სამართლებრივი შეფასება. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერი და დასაბუთებულია და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საგადასახადო ორგანომ და აღნიშნა, რომ საქმეზე სრულყოფილად გამოკვლეული არ არის მტკიცებულებები, სასამართლომ არ გაითვალისწინა საგადასახადო ინსპექციის კამერალური შემოწმების აქტი, არ გამოიკვლია გადასახადის გადამხდელთა თანდასწრებით შედგენილი საინვენტარიზაციო აზომვის აქტები, რომლებიც მოსარჩელეებს სადავოდ არ გაუხდიათ. აღნიშნულით დაირღვა საპროცესო სამართლის ნორმები, რაც უკანონო გადაწყვეტილების მიღებას დაედო საფუძვლად. კასატორის განცხადებით, კამერალური შემოწმების აქტი კანონიერია და არ არსებობდა მისი გაუქმების საფუძველი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ახალციხის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ახალციხის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ახალციხის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.