Facebook Twitter

ბს-560-529(2კ-06) 21 ივნისი, 2007წ.

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

სხდომის მდივანი _ ლანა ჭანტურია

კასატორი (მოპასუხე) _ აჭარის ა/რ-ის მთავრობა, წარმომადგენელი ნ. დ.-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ სპს “ს.-ი”, წარმომადგენელი რ. ფ.-ე

თანამოპასუხე _ აჭარის ა/რ-ის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, წარმომადგენელი ი. ს.-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 5 მაისის განჩინება

დავის საგანი _ თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 6 ივლისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა სპს “ს.-მ” მოპასუხეების _ აჭარის ა/რ-ის მთავრობისა და აჭარის ა/რ-ის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა 36792.64 ლარის ანაზღაურება.

სარჩელის საფუძვლები მდგომარეობდა შემდეგში:

სპს “ს.-ი” რეგისტრირებულია არსებული წესით და ეწევა სამეწარმეო საქმიანობას. მოსარჩელესა და აჭარის ა/რ-ის სახელმწიფო ორგანოების დაცვის სამსახურს შორის არსებობდა შეთანხმება, რომლის თანახმად, მოსარჩელე სახელმწიფო ორგანოების დაცვის სამსახურს ვერტმფრენებისათვის აწოდებდა სპეციალური ხარისხის ავიასაწვავს. მხარეთა შორის დადგენილი წესით ფორმდებოდა სასაქონლო ზედნადები, რომელსაც ხელს აწერდა ორივე მხარის წარმომადგენელი. საქონლის მიწოდება მოხდა სხვადასხვა დროს. მიწოდებული საწვავის რაოდენობამ 2004 წლის მარტის თვეში შეადგინა 13458 კგ, ერთი კგ საწვავი ღირდა 0.92 თეთრი, სულ 12381.36 ლარი (სასაქონლო ზედნადებებით ¹005837, ¹005838, ¹055839, ¹055841, ¹055842). აპრილის თვეში მიწოდებული საწვავის ოდენობა იყო 26534 კგ, საწვავის ფასი შეადგენდა 0.92 თეთრს, გადასახდელი თანხა _ 24411 ლარს (სასაქონლო ზედნადებებით ¹055803, ¹055804, ¹055805, ¹055853, ¹055854, ¹055855, ¹055856, ¹055857).

მოსარჩელის მითითებით, ყველა ზემოაღნიშნულ სასაქონლო ზედნადებს თან ერთვოდა აჭარის ა/რ-ის სახელმწიფო ორგანოების დაცვის სამსახურის მიერ შედგენილი მოთხოვნა შესაბამისი ოდენობის საწვავის მიღებაზე. ამ ორგანოს 2004 წლის აპრილის თვის ბოლოს მთლიანად გადასახდელი ჰქონდა 36792.64 ლარი. საზოგადოებამ 2004 წლის 29 ივნისს, 2005 წლის 19 აპრილს და 2005 წლის 25 მაისს განცხადებით მიმართა აჭარის ა/რ-ის მთავრობის თავმჯდომარეს და სთხოვა აღნიშნული დავალიანების გადახდა, მაგრამ პასუხი არ მიუღია. 2004 წლის 22 ნოემბერს იმავე მოთხოვნით მოსარჩელემ მიმართა აჭარის ა/რ-ის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსაც, რაზედაც 2004 წლის 17 დეკემბერს პასუხად მიიღო, რომ მიმდინარეობდა აჭარის ა/რ-ის სახელმწიფო დაცვის სამსახურის ლიკვიდაცია და შესაბამისი ღონისძიებების გატარება ანუ თანხების გადახდა მოხდებოდა სალიკვიდაციო კომისიის დასკვნის საფუძველზე (ს.ფ. 3-4).

2005 წლის 21 სექტემბერს სპს “ს.-მ” დაზუსტებული სასარჩელო განცხადება წარუდგინა სასამართლოს და საბოლოოდ მოითხოვა მოპასუხისათვის 55958.32 ლარის დაკისრება იმის გათვალისწინებით, რომ 2004 წლის აპრილის თვეში მოპასუხეს დამატებით უნდა გადაეხადა 26534 კგ საწვავის ფასი 24411.28 ლარი, რომელიც ასევე არ გადაუხდია (სასაქონლო ზედნადებებით _ ¹055803, ¹055804, ¹055805, ¹055853, ¹055854, ¹055856, ¹055857), რასაც ემატებოდა ზიანის თანხა 17 თვის პერიოდით, დავალიანების ძირითად თანხაზე ყოველთვიურად 3%-ის გადახდის წესით, 24411.28 ლარის შესაბამისად 732.33 ლარი, სულ 12449 ლარი (ს.ფ. 70).

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სპს “ს.-ის” სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: აჭარის ა/რ-ის მთავრობას დაეკისრა 36792.64 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ, მასვე დაეკისრა მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 920 ლარის გადახდა. ზიანის ანაზღაურების სახით მოთხოვნილი თანხის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ საფუძვლებს დაემყარა:

სასამართლომ აღნიშნა, რომ 2004 წლის 26 მარტის ¹055842 სასაქონლო ზედნადებში მითითებულია გამყიდველი _ სპს “ს.-ი” და მყიდველი _ აჭარის ა/რ-ის სახელმწიფო დაცვის სამსახური. საქონელი _ 951 კგ ავიასაწვავი, ჩააბარა სპს “ს.-მ”, ჩაიბარა _ მ. ბ.-მ. ანალოგიურ მონაცემებს შეიცავს: 2005 წლის 25 მარტის ¹055841 ზედნადები 2145 ლარის ღირებულების 232 კგ ავიასაწვავზე; 2004 წლის 13 მარტის ¹055840 ზედნადები 1720 ლარის ღირებულების 2214 კგ საწვავზე; 2004 წლის 2 მარტის ¹055838 ზედნადები 4855 ლარის ღირებულების 5278 კგ საწვავზე; 2004 წლის 1 მარტის ¹055837 ზედნადები 747 ლარის ღირებულების 813 კგ საწვავზე, 2004 წლის 6 აპრილის ¹055804 ზედნადები 2566 ლარის ღირებულების 2812 კგ ავიასაწვავზე; 2005 წლის 5 აპრილის ¹055803 ზედნადები 5755 ლარის ღირებულების 6256 კგ საწვავზე; 2004 წლის 20 აპრილის ¹055854 ზედნადები 665 ლარის ღირებულების 723 კგ საწვავზე; 2004 წლის 22 აპრილის ¹055855 ზედნადები 4989 კგ საწვავზე; 2004 წლის 26 აპრილის ¹055856 ზედნადები 517 ლარის ღირებულების 568 კგ ავიასაწვავზე და 2004 წლის 28 აპრილის ზედნადები 1107 ლარის ღირებულების 1204 კგ ავიასაწვავზე. სულ წარმოდგენილი ზედნადებების მიხედვით სპს “ს.-მ” აჭარის ა/რ-ის სახელმწიფო ორგანოთა დაცვის სამსახურს 2004 წლის მარტსა და აპრილში მიაწოდა 13458 კგ და 26534 კგ, სულ 39992 კგ ავიასაწვავი, რომლის ღირებულებაა 36792,64 ლარი. ამასთან, 2004 წლის 1 აპრილის ¹13 ანგარიშფაქტურის თანახმად, სპს “ს.-მ” აჭარის ა/რ-ის სახელმწიფო ორგანოთა დაცვის სამსახურს მიაწოდა 12381,36 ლარის ღირებულების 13458 კგ ავიასაწვავი, ხოლო 2004 წლის 3 მაისის ანგარიშფაქტურით _ 24411,26 ლარის ღირებულების 26534 კგ ავიასაწვავი. 2004 წლის 15 აპრილს სახელმწიფო ორგანოების დაცვის სამსახურმა გასცა ¹25 მინდობილობა დავით მარკოსიანის სახელზე სპს “ს.-საგან” სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების _ 50000 ლიტრი ნავთი ტს-I-ის ჩასაბარებლად.

სასამართლოს მითითებით, 2004 წლის 17 დეკემბრის აჭარის ა/რ-ის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილის წერილით აღიარებულ იქნა, რომ ვერტმფრენებზე მიწოდებული საწვავის ანაზღაურება უნდა მომხდარიყო დაცვის სამსახურის მიერ, მაგრამ მოხდა აღნიშნული სამსახურის ლიკვიდაცია. სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის წარმომადგენლის მსჯელობა, რომ სპს “ს.-საგან” სახელმწიფო ორგანოების დაცვის სამსახურის მიერ ავიასაწვავის შეძენა არ შეესაბამებოდა “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონის მოთხოვნებს, მხარეებს ერთმანეთთან არ ჰქონდათ გაფორმებული წერილობითი ხელშეკრულება, რომლითაც განსაზღვრული იქნებოდა ხელშეკრულების ყველა პირობა, მათ შორის, ანგარიშსწორება. იმავდროულად, სასამართლომ აღნიშნა, რომ ასეთი ხელშეკრულების არარსებობა არ გულისხმობდა ნასყიდობის არარსებობას. ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო კოდექსი მოძრავი ნივთის ნასყიდობისათვის ხელშეკრულების წერილობით ფორმას არ მოითხოვდა, სპს “ს.-ი” არ იყო ვალდებული, დაეცვა კანონი “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ,” რადგან ასეთი ვალდებულება სახელმწიფო ორგანოთა დაცვის სამსახურს ეკისრებოდა და მის მიერ აღნიშნული წესების დაუცველობა განხორციელებულ ნასყიდობაზე გავლენას ვერ მოახდენდა.

სასამართლოს მითითებით, სპს “ს.-მა”, სამოქალაქო კოდექსის 477.1 მუხლის თანახმად, მყიდველს ანუ აჭარის ა/რ-ის სახელმწიფო ორგანოთა დაცვის სამსახურს გადასცა 39992 კგ ავიასაწვავზე საკუთრების უფლება. სამოქალაქო კოდექსის 477.2 მუხლის თანახმად, მყიდველი მოვალე იყო, გამყიდველისათვის შეთანხმებული ფასი გადაეცა და მიეღო ნაყიდი საქონელი. ის ფაქტი, რომ აჭარის ა/რ-ის სახელმწიფო ორგანოების დაცვის სამსახურმა მიიღო შეძენილი ავიასაწვავი, სასამართლომ საქმეში არსებული საწვავის მიღებისათვის გაცემული მინდობილობის, სასაქონლო ზედდებულებით, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და აჭარის ა/რ-ის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილის წერილის საფუძველზე დადგენილად მიიჩნია. სასამართლოს მითითებით, რამდენადაც აჭარის ა/რ-ის სახელმწიფო ორგანიზაციების დაცვის სამსახური ლიკვიდირებული იყო, მისი ვალდებულებები აჭარის ა/რ-ის მთავრობას უნდა დაკისრებოდა. რაც შეეხებოდა დაზუსტებულ სასარჩელო განცხადებას, თავისი შინაარსით იგი სასამართლომ არა სარჩელის დაზუსტებად, არამედ სარჩელის გაზრდად მიიჩნია და რადგან აღნიშნულს მოპასუხის წარმომადგენელი არ დაეთანხმა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83.3 მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სასამართლომ მისი დაკმაყოფილების საფუძვლებზე არ იმსჯელა (ს.ფ. 85-87).

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ-ის მთავრობამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

აპელანტის მითითებით, საქმეში არ არსებობდა უტყუარი მტკიცებულება, რომ სპს “ს.-სა” და აჭარის ა/რ-ის სახელმწიფო დაცვის სამსახურს შორის “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად დაიდო რაიმე ხელშეკრულება, რომელიც უნდა გაფორმებულიყო წერილობით და მასში მითითებული ყოფილიყო ხელშეკრულების შესრულებისა და ანგარიშსწორების პირობები. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას არასწორად დაედო საფუძვლად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებები, რომლებითაც არ შეიძლებოდა იმის დადგენა, დაცვის სამსახურმა მიიღო თუ არა დასახელებული საწვავი, რადგან სასამართლოს არ დაუდგენია მასზე ხელმომწერის ვინაობა, მათი უმეტესობა კი ხელმოწერილი იყო არაუფლებამოსილი პირის მიერ, ანუ იმ პირის მიერ, რომელსაც არ გააჩნდა მინდობილობა (ს.ფ. 91-92).

სპს “ს.-მა” ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე წარადგინა შეგებებული საპელაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ნაცვლად 55958.32 ლარისა, მოპასუხისათვის 36792 ლარის დაკისრება, ამასთან, სარჩელის დაზუსტების შედეგად სულ 62549.83 ლარის გადახდევინება, ასევე, სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მოპასუხისათვის საპროცენტო სარგებლის დარიცხვა.

აპელანტის მითითებით, დაზუსტებული სასარჩელო განცხადების სასამართლოში წარდგენის დროისათვის დავალიანების გადახდის დღიდან გასული იყო 18 თვე, რის გამოც ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო მოითხოვდა იმ ზიანის ანაზღაურებას, რომელიც მას ვალდებულებების დროულად შეუსრულებლობის გამო მიადგა. სამოქალაქო კოდექსის 394-ე და 403-ე მუხლების თანახმად, აჭარის ა/რ-ის მთავრობას უნდა დაკისრებოდა ზიანის ანაზღაურება 18 თვეზე, დავალიანების ძირითად თანხაზე ყოველთვიურად 3%-ის გადახდით, რაც შეადგენდა 371.4 ლარს (12381.36 ლარის 3%) და შესაბამისად, გადასახდელი თანხა იქნებოდა 6685.93 ლარი. ამასთან, გარდა მითითებულისა, აჭარის ა/რ-ის სახელმწიფო ორგანოების დაცვის სამსახურს მოსარჩელემ 2004 წლის აპრილის თვეში მიაწოდა 24411.28 ლარის ღირებულების 26534 კგ საწვავი სასაქონლო ზედნადებებით ¹055803, ¹055804, ¹055805, ¹055853, ¹055854, ¹055855, ¹055856, ¹055857. მოპასუხეს _ აჭარის ა/რ მთავრობას დაზუსტებული სარჩელის მიხედვით მთლანობაში უნდა გადაეხადა 55958.32 ლარი.

აპელანტის აზრით, მოპასუხისათვის 55958,32 ლარის ნაცვლად 36792.64 ლარის დაკისრებისას ბათუმის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ არასწორად მიიჩნია, რომ ადგილი ჰქონდა სასარჩელო მოთხოვნების გაზრდას. 2005 წლის 21 სექტემბერს, როდესაც ბათუმის საქალაქო სასამართლოში დაზუსტებული სასარჩელო განცხადება წარადგინეს და მოპასუხისათვის 55958, 32 ლარის დაკისრება მოითხოვეს, დამთავრებული არ იყო საქმის მომზადების სტადია. სასამართლომ მიიღო დაზუსტებული სარჩელი და მას ამის თაობაზე რაიმე განჩინება არ გამოუტანია.

აპელანტის მითითებით, დაზუსტებული სარჩელის მიმართ მოქმედებს ყველა ის მოთხოვნა, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177-178-ე მუხლების მიხედვით წარედგინება სასარჩელო განცხადებას. ამავე კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად, სასამართლო ვალდებულია სარჩელის ჩაბარებიდან ხუთი დღის განმავლობაში გამოიტანოს განჩინება ამ სარჩელის მიღების შესახებ. სარჩელი მიღებულად მიიჩნევა მისი მიღების შესახებ განჩინების გამოტანის დღიდან, ხოლო თუ აღნიშნულ ვადაში განჩინება გამოტანილი არ იქნება, მაშინ _ ამ ვადის გასვლის შემდეგ. 2005 წლის 21 სექტემბერს დაზუსტებული სასარჩელო განცხადება მათ წარადგინეს იმავე მხარის წინააღმდეგ და იმგვარად, რომ არ შეუცვლიათ სარჩელის საგანი და საფუძველი. სასამართლომ დაზუსტებული სასარჩელო განცხადება დროულად გადაუგზავნა მოწინააღმდეგე მხარეს და დაზუსტებული სარჩელის წარდგენიდან ერთი თვის შემდგომ _ 2005 წლის 24 ოქტომბერს მიღებულ იქნა სასამართლოს შემაჯამებელი გადაწყვეტილება. პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83.4 მუხლი. ამ მუხლის თანახმად, მოსარჩელეს ჰქონდა სასარჩელო მოთხოვნის ოდენობის როგორც გადიდების, ისე შემცირების უფლება, მაგალითად 1000 ლარის ნაცვლად 2000 ლარის, ან პირიქით, 500 ლარის მოთხოვნის, აგრეთვე ერთი ნივთის ნაცვლად მეორე ნივთის მიკუთვნების ან ამ ნივთის ღირებულების ანაზღაურების უფლება და ეს არ იქნებოდა სარჩელის საგნის შეცვლა. აღნიშნული მოსარჩელეს შეეძლო პროცესის ნებისმიერ სტადიაზე განეხორციელებინა და მოპასუხის თანხმობა ამისათვის საჭირო არ იყო. აპელანტის აზრით, მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა სარჩელში მითითებული გარემოებების დაზუსტებას იმგვარად, რომ სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები უცვლელი იყო. ვინაიდან მოპასუხე ცდილობდა სასამართლო გადაწყვეტლების გასაჩივრებით და სხვადასხვა მოქმედებებით გადახდის ვადის გაჭიანურებას, რითაც მას ადგებოდა ზიანი, დავალიანების გამოთვლა უნდა გაგრძელებულიყო სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. მთლიანობაში მოპასუხეს უნდა დაკისრებოდა 62549.83 ლარი. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხეს დაეკისრა მხოლოდ 36792.64 ლარი (ს.ფ. 103-106).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 5 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ მხარეთა შორის არ ყოფილა სახელშეკრულებო ურთიერთობა. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სამოქალაქო კოდექსის 68-ე მუხლის თანახმად, გარიგების ნამდვილობისათვის საჭიროა კანონით დადგენილი ფორმის დაცვა, თუ ასეთი ფორმა არ არის დაწესებული, მხარეებს შეუძლიათ თვითონ განსაზღვრონ იგი. ავიასაწვავი მოძრავი ნივთია, რომლისათვისაც ნასყიდობის ხელშეკრულების სავალდებულო წერილობით ფორმას სამოქალაქო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. ამიტომ მოცემულ შემთხვევაში სასაქონლო ზედდებულები წარმოადგენდა ნასყიდობის ხელშეკრულების დამადასტურებელ დოკუმენტს. სამოქალაქო კოდექსის 329.1 მუხლის შესაბამისად, სასაქონლო ზედნადები ადასტურებდა ოფერტსა და აქცეპტს. ამდენად, არსებობდა ვალდებულება, რაც ამავე კოდექსის 361.2 მუხლის თანახმად უნდა შესრულებულიყო ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

აპელანტის მოსაზრება, რომ იგი არასათანადო მოპასუხეა, რადგან დაცვის სამსახური აჭარის ა/რ-ის უზენაესი საბჭოს სტრუქტურული ერთეული იყო და დაცვის სამსახურის გაუქმების შემდეგ უფლებამონაცვლეა აჭარის ა/რ-ის უმაღლესი საბჭო, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა და აღნიშნა, რომ საქმეში არსებული მინდობილობით დასტურდებოდა, რომ საწვავი მიწოდებული იყო სახელმწიფო ორგანოების დაცვის სამსახურზე. აქედან გამომდინარე, უფლებამონაცვლეს წარმოადგენდა აჭარის ა/რ-ის მთავრობა, ხოლო რაც შეეხებოდა აჭარის ა/რ-ის უმაღლესი საბჭოს 2004 წლის 18 ნოემბრის დადგენილებას, რომლითაც ძალადაკარგულად გამოცხადდა აჭარის ა/რ-ის 1996 წლის 18 სექტემბრის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის დადგენილება “აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის დაცვის სამსახურის შესახებ,” სასამართლოს განმარტებით, ამ დადგენილებით მხოლოდ ის დასტურდებოდა, რომ არსებობდა უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის დაცვის სამსახური უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის დადგენილებით და ეს დადგენილება გამოცხადდა ძალადაკარგულად, რაც არ გულისხმობდა უმაღლესი საბჭოს _ საკანონმდებლო ორგანოს _ სახელმწიფო ორგანოების დაცვის სამსახურის უფლებამონაცვლეობას.

შეგებებული სააპელაციო საჩივრის მოსაზრება, რომ მოხდა სარჩელის დაზუსტება, სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა და განმარტა, რომ სარჩელი ორი ელემენტისაგან შედგება: საგნისა და საფუძვლისაგან. მოსარჩელის ერთი მოთხოვნა, ანუ სარჩელის საგანი არის გაყიდული საქონლის ფასის გადახდა, რომლის საფუძველი ნასყიდობის ხელშეკრულებაა სასაქონლო ზედნადების სახით. მეორე მოთხოვნა, ანუ სარჩელის საგანი, ზიანის ანაზღაურებაა, რომლის საფუძვლად მოსარჩელემ მიუთითა ვალდებულების დროულად შეუსრულებლობა. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა მოსარჩელემ დააყენა სასამართლოს წინაშე საქმის მომზადების შემდეგ, შესაბამისად, მოხდა დავის საგნის გადიდება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, კი ასეთ შემთხვევაში აუცილებელია მოპასუხის თანხმობა, რასაც ადგილი არ ჰქონია (ს.ფ. 133-139).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 5 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს როგორც სპს “ს.-მ”, ისე აჭარის ა/რ-ის მთავრობამ.

სპს “ს.-მ” მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების იმ ნაწილში გაუქმება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა, ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღება და მოპასუხისათვის 62549.83 ლარისა და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დარიცხული საპროცენტო სარგებლის დაკისრება (ს.ფ. 144-148).

აჭარის ა/რ-ის მთავრობამ მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმნისტრაციულო საქმეთა პალატის 2006 წლის 5 მაისის განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება, შემდეგი მოტივებით:

კასატორის მითითებით, აჭარის ა/რ-ის მთავრობა საქმეში არასათანადო მოპასუხეა და მასზე თანხების დაკისრება არასწორია. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აჭარის ა/რ-ის მთავრობის აღნიშნული მსჯელობა და ძალაში დატოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ისე, რომ არ გამოიკვლია და სათანადოდ არ შეაფასა აჭარის ა/რ-ის მთავრობის პოზიცია მოპასუხის არასათანადო მხარედ ცნობის თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ, რამდენადაც საქმეში არსებული მინდობილობებით დასტურდებოდა სპს “ს.-ის” მიერ აჭარის ა/რ-ის სახელმწიფო ორგანოების დაცვის სამსახურზე სპეციალური ავიასაწვავის მიწოდება, ამდენად, უფლებამონაცვლე იყო აჭარის ა/რ-ის დღევანდელი მთავრობა. საქმის მასალებით არ დგინდებოდა, თუ რა უწყებას წარმოადგენდა აჭარის ა/რ-ის სახელმწიფო ორგანოების დაცვის სამსახური, ვის მიერ და როდის იყო შექმნილი, მოქმედებდა თუ არა დღეისათვის, თუ არ მოქმედებდა, რომელი სახელმწიფო უწყება იყო ანალოგიური უფლებამოსილებით აღჭურვილი და ვინ ფლობდა დღეისათვის აჭარის ა/რ-ის სახელმწიფო ორგანოების დაცვის სამსახურის ქონებას. ყოველივე აღნიშნული მიუთითებდა იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს არ შეეძლო აჭარის ა/რ-ის მთავრობის კონსტიტუციური სტატუსიდან გამომდინარე უდავოდ, ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებების გამოკვლევისა და შესწავლის გარეშე ეცნო იგი აჭარის ა/რ-ის სახელმწიფო ორგანოთა დაცვის სამსახურის უფლებამონაცვლედ.

რაც შეეხებოდა სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში მითითებულ აჭარის ა/რ-ის უმაღლესი საბჭოს 2004 წლის 18 ნოემბრის დადგენლებას, კასატორის განმარტებით, ამ დადგენილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა არა აჭარის ა/რ-ის სახელმწიფო ორგანოთა დაცვის სამსახური, არამედ აჭარის ა/რ-ის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1996 წლის 18 სექტემბრის დადგენილებით შექმნილი აჭარის ა/რ-ის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის დაცვის სამსახური, რომელიც ახორციელებდა აჭარის ა/რ-ის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრების, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ოჯახის წევრების დაცვას და დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. სასამართლოს არ გამოურკვევია, აჭარის ა/რ-ის უმაღლესი საბჭოს 2004 წლის 18 ნოემბრის დადგენილების მიღებამდე რეალურად ფუნქციონირებდა თუ არა აჭარის ა/რ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის დაცვის სამსახური. აღნიშნული საკითხის გამორკვევა მნიშვნელოვანი იყო იმდენად, რამდენადაც 2001 წლის 7 ივლისს აჭარის ა/რ-ის კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე აჭარის ა/რ-ის უზენაესი საბჭო შეიცვალა ორპალატიანი პარლამენტით და შესაბამისად გაუქმდა უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმიც. ამდენად, სასამართლოს უნდა გამოეკვლია, რა უწყებას წარმოადგენდა აჭარის ა/რ-ის სახელმწიფო ორგანოთა დაცვის სამსახური, კანონის საფუძველზე იყო თუ არა იგი აჭარის ა/რ-ის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის დაცვის სამსახურის უფლებამონაცვლე და ამჟამად რომელი ორგანო ახორციელებდა მის ფუნქციებს (ს.ფ. 151-152).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 22 მარტის განჩინებით სპს “ს.-ის” საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ აჭარის ა/რ-ის მთავრობის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 5 მაისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო იზიარებს საპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით, კერძოდ, საქმეში არებული სასაქონლო ზედდებულებით, ანგარიშფაქტურით დასტურდება სპს “ს.-ის” მიერ აჭარის ა/რ-ის სახელმწიფო ორგანოების დაცვის სამსახურისათვის ავიასაწვავის მიწოდება და მასთან შესაბამისი სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობა. იმავდროულად საკასაციო სასამართლო სრულიად დაუსაბუთებლად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ აჭარის ა/რ-ის სახელმწიფო ორგანოების დაცვის აღნიშნული სამსახურის უფლებამონაცვლეს წარმოადგენს აჭარის ა/რ-ის მთავრობა და ამის გამო იგი საქმეზე სათანადო მოპასუხეა. აღნიშნული დასკვნის გამოტანამდე სააპელაციო სასამართლომ არ გამოარკვია, თუ რა სამართლებრივი სტატუსი გააჩნდა სასაქონლო ზედნადებში საქონლის მიმღებად დასახელებულ აჭარის ა/რ-ის სახელმწიფო ორგანოების დაცვის ზემოაღნიშნულ სამსახურს. აჭარის ა/რ-ის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1996 წლის 18 სექტემბრის დადგენილებით, რომელზეც სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, შექმნილი იყო აჭარის ა/რ-ის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის დაცვის სამსახური, რომელიც აღნიშნული დადგენილებით დამტკიცებული დებულების 1.1 მუხლის თანახმად წარმოადგენდა აჭარის სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ქვედანაყოფს. სააპელაციო სასამართლოს არ დაუდგენია შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებები, რომ სპს “ს.-ი” საწვავს სწორედ აღნიშნულ სამსახურს აწოდებდა, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა აღნიშნულ ნაწილში სრულიად დაუსაბუთებელია. ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 25 აპრილის ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის “გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, იმავე პერიოდში შექმნილი იყო და ფუნქციონირებდა საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სტრუქტურული დანაყოფი _ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის აჭარის ქვედანაყოფი. საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური და მისი ქვედანაყოფი _ აჭარის ა/რ-ის დაცვის მთავარი სამმართველო დღესაც არსებობს. სააპელაციო სასამართლოს არ გამოურკვევია, სპეციალური დაცვის რომელი კონკრეტული სამსახური იყო ამ შემთხვევაში ტვირთის მიმღები.

საქმის ხელახალი განხილვისას სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოარკვიოს მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობის დროისათვის რა სამართლებრივი სტატუსის მქონე ორგანიზაციას წარმოადგენდა სპს “ს.-საგან” ტვირთის მიმღები სუბიექტი _ აჭარის ა/რ-ის სახელმწიფო ორგანოების დაცვის სამსახური და რომელი უწყების დაქვემდებარებაში იმყოფებოდა. ამისათვის სააპელაციო სასამართლომ ყურადღება უნდა მიაქციოს იმ გარემოებას, რომ საქმეში არებულ სასაქონლო ზედდებულებზე მითითებულია აღნიშნული სამსახურის საიდენტიფიკაციო ნომერი. სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოარკვიოს, საგადასახადო ორგანოში აღნიშნული საიდენტიფიკაციო ნომერი რომელ სუბიექტს ჰქონდა მინიჭებული და წარდგენილი იყო თუ არა მისი დებულება. სააპელაციო სასამართლომ ასევე ყურადღება უნდა მიაქციოს იმ გარემოებას, რომ საქმეში არსებულ მოთხოვნის ფურცელზე დასმულია ცალკეული საავიაციო ესკადრილიის ბეჭედი (ს.ფ. 9), ამასთან, მხარეთა შორის ურთიერთშედარების აქტი, ისევე როგორც სასაქონლო ზედდებულებზე მიმღები პირის ხელმოწერა, შესრულებულია რუსულ ენაზე (ს.ფ. 6, 8). საქმეში არსებულ ურთიერთშედარების აქტზე აჭარის ა/რ-ის სახელმწიფო ორგანოების დაცვის სამსახურის მხრიდან ხელს აწერს ბუღალტერი გ. კაკაბაძე, ხოლო საქმეში არსებული მინდობილობა ტვირთის ჩაბარებაზე გაცემულია დავით მარკოსიანის სახელზე (ს.ფ. 6, 29). საქმის გარემოებების სრულყოფილად დასადგენად სააპელაციო სასამართლოს შეუძლია მოიწვიოს აღნიშნული პირები და დაკითხოს მოწმის სახით საქმეზე. ყველა ზემოაღნიშნული გარემოების გამორკვევისა და საქმის გარემოებების ერთობლიობაში შეფასების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, თუ რომელი ორგანიზაცია იყო ტვირთის მიმღები, რომელი უწყების დაქვემდებარებაში იმყოფებოდა და რა ადგილი ეჭირა მას აჭარის ა/რ-ის ხელისუფლების ორგანოთა სისტემაში.

ტვირთის მიმღები სუბიექტის სტატუსის სარწმუნოდ გამორკვევის შემდეგ სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს, არსებობს თუ არა ამჟამად აღნიშნული სუბიექტი, ჰყავს თუ არა მას უფლებამონაცვლე და აჭარის ა/რ-ის მთავრობა წარმოადგენს თუ არა სათანადო მოპასუხეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

და ა დ გ ი ნ ა :

1. აჭარის ა/რ-ის მთავრობის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 5 მაისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. სასამართლო ხარჯების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.