ბს-560-538(კ-08) 24 ივლისი, 2008წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მურუსიძე, ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ შ. შ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ახალქალაქის რაიონის ფილიალი (მოპასუხე)
დავის საგანი _ პენსიის დანიშვნა
გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილება.
კასატორის მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება
ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
შ. შ-მა 2005 წლის 13 ოტომბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა ახალქალაქის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ახალქალაქის რაიონის ფილიალის მიმართ და მოითხოვა მოხუცებულობის პენსიის აღდგენა.
შ. შ-მა სასარჩელო განცხადებაში მიუთითა, რომ 2003 წლის 6 მარტიდან ღებულობდა პენსიას მოხუცებულობის გამო. 2004 წლის 1 იანვრიდან მას წარმოეშვა გარდაცვლილი პოლიტიკურად რეპრესირებულის შვილის სტატუსით პენსიის მიღების უფლება. აღნიშნული პენსია, თვეში 45 ლარის ოდენობით, მას დაენიშნა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ახალქალაქის ფილიალის 2004 წლის 18 ივნისის ¹ 288/538 გადაწყვეტილებით. იგივე გადაწყვეტილებით მას შეუწყდა მოხუცებულობის პენსიის გაცემა, თვეში 14 ლარის ოდენობით. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ მოპასუხემ მას მოხუცებულობის პენსია არასწორად შეუწყვიტა, რადგან საქართველოს კანონი “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ”, მას, როგორც გარდაცვლილი რეპრესირებულის შვილს, აძლევს ორი პენსიის მიღების უფლებას, რის გამოც მან მოითხოვა სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ახალქალაქის რაიონული ფილიალის 2004 წლის 18 ივნისის ¹ 288/538 გადაწყვეტილების გაუქმება მისი მოხუცებულობის პენსიის შეწყვეტის ნაწილში, ასევე მეორე სახეობის პენსიის აღდგენა, 2004 წლის 1 იანვრიდან დღემდე უკანონოდ გაუცემელი მოხუცებულობის პენსიის გადახდა სრული ოდენობით. მოსარჩელის მითითებით, მოპასუხეს მისთვის, როგორც გარდაცვლილი პოლიტიკური რეპრესირებულის შვილისათვის 45 ლარიანი პენსიის გაცემა უნდა დაეწყო არა 2004 წლის პირველი იანვრიდან, არამედ 2003 წლის პირველი აგვისტოდან, ვინაიდან მას ამ პენსიის მიღების საფუძველი წარმოეშვა ჯერ კიდევ 2002 წლის 1 იანვრიდან, ხოლო მისი განცხადება აღნიშნული პენსიის მოთხოვნით სოცდაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ახალქალაქის ფილიალში რეგისტრირებული იქნა 2003 წლის 30 ივლისს. ამიტომ მან მოითხოვა ასევე, როგორც რეპრესირებულის შვილისათვის 2003 წლის აგვისტო-დეკემბრის თვეების პენსიის დავალიანების ანაზღაურება 225 ლარის ოდენობით.
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შ. შ-ის სარჩელი საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ახალქალაქის ფილიალის 2004 წლის 18 ივნისის ¹ 288/538 გადაწყვეტილების გაუქმებისა, მოხუცებულობის პენსიის აღდგენისა და ამ პენსიის გაუცემელი თანხის 2004 წლის 1 იანვრიდან 2006 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდის განმავლობაში მთლიანად ანაზღაურებისა და 2003 წლის პირველი აგვისტოდან 2004 წლის პირველ იანვრამდე პერიოდის განმავლობაში გარდაცვლილი პოლიტიკური რეპრესირებულის შრომისუუნარო შვილის პენსიის სახით გაუცემელი თანხის ანაზღაურების თაობაზე, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ახალქალაქის ფილიალის 2004 წლის 18 ივნისის ¹ 288/538 გადაწყვეტილება შ. შ-ის 2004 წლის პირველი იანვრიდან მოხუცებულობის პენსიის შეწყვეტის შესახებ დატოვებულ იქნა უცვლელად; დაევალა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ახალქალაქის ფილიალს გადაუხადოს ერთობლივად შ. შ-ს მის მიერ 2003 წლის აგვისტო-დეკემბრის თვეების პერიოდში გარდაცვლილი პოლიტიკური რეპრესირებულის შრომისუუნარო შვილის მიუღებელ პენსიისა და იგივე პერიოდისათვის მიღებული მოხუცებულობის პენსიის შორის სხვაობა 155 ლარის ოდენობით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დასაბუთებულია იმით, რომ მოსარჩელე შ. შ-ს 2003 წლის მარტიდან დანიშნული ჰქონდა და იგი ღებულობდა პენსიას საპენსიო ასაკის 55 წლის მიღწევის გამო. მას, როგორც მაღალმთიან რეგიონში მუდმივად მცხოვრებს, კანონით ქალებისათვის განსაზღვრული 60-წლიანი საპენსიო ასაკი შეუმცირდა 5 წლით.
სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ 2001 წლის 3 დეკემბერს მას წარმოეშვა, როგორც გარდაცვლილი პოლიტიკური რეპრესირებულის შვილს პენსიის მიღების ფორმალური საფუძველი, რადგან მას შეუსრულდა 55 წელი, ხოლო 2002 წლის 1 იანვრიდან კი _ კანონიერი საფუძველი “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად. მან 2003 წლის 30 ივლისს მიმართა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ახალქალაქის ფილიალს და 2004 წლის პირველი იანვრიდან მას დაენიშნა გარდაცვლილი პოლიტიკური რეპრესირებულის შვილის პენსია 45 ლარის ოდენობით.
სასამართლომ ვერ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის (1998 წლის 29 მაისის რედაქცია) თანახმად, მას ეკუთვნის ორი პენსია: პირველი პენსია აღნიშნული კანონით, როგორც გარდაცვლილი რეპრესირებულის შრომისუუნარო (საპენსიო ასაკით) შვილს და მეორე პენსია, როგორც საპენსიო ასაკს მიღწეულს. სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნული ნორმის შესაბამისად, პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებულ პირს, რომელიც იმყოფებოდა თავისუფლების აღკვეთის ადგილას, გადასახლებაში, გასახლებაში, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, სპეციალურ დასახლებაში, მიუხედავად ასაკისა, შრომის სტაჟისა, დასაქმებისა, აგრეთვე გარდაცვლილი რეპრესირებულის შრომისუუნარო მეუღლეს, მშობელსა და შვილს (ნაშვილევს) მიუხედავად დასაქმებისა, მიეცემა ყოველთვიური პენსია, რომლის ოდენობას და გაცემის წესს ადგენს კანონი. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმის შესახებ, რომ კანონმდებლის მითითება _ მიუხედავად დასაქმებისა ეხება ასევე ისეთ პირსაც მიუხედავად იმისა იგი ღებულობს თუ არა რაიმე სახის პენსიას.
სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ რეპრესირებულთა ან გარდაცვლილ რეპრესირებულთა შვილთა (ნაშვილებთა) სოციალური დაცვის სახით ყოველთვიური პენსიის გაცემის წესი და ოდენობა დადგენილი იყო “საქართველოს 2004 წლის ბიუჯეტის შესახებ” კანონით; რომ ამ კანონით რეპრესირებულთა და მათ შრომისუუნარო შვილთა (ნაშვილებთა) პენსიის ოდენობა განსაზღვრული იყო 45 ლარის ოდენობით და რომ აღნიშნული პენსია მოსარჩელეს უკლებლივ აქვს მიღებული 2004 წლის იანვრიდან _ დღემდე.
სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ შ. შ-ს, როგორც გარდაცვლილი პოლიტიკური რეპრესირებულის შვილს პენსია დანიშნული აქვს სწორად _ 2004 წლის 1 იანვრიდან, საქართველოს სოცდაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის 2004 წლის 11 იანვრის ¹01 გდ/04-20-81 დირექტიული მითითების შესაბამისად. სასამართლოს მოსაზრებით, ზემოთხსენებული დირექტივა განმარტავს, რომ ომის ვეტერანებთან გათანაბრებულ პირებს, მათ შორის გარდაცვლილი პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებულთა შრომისუუნარო შვილებს, რომლებიც რეგისტრირებული იყვნენ 2004 წლის 1 იანვრამდე, პენსიების სხვაობა გადიდებული ოდენობიდან გამომდინარე მიეცემათ 2004 წლის 1 იანვრიდან. სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული დირექტიული მითითებისა და ,,საპენსიო კანონის” 1990 წლის 15 მაისის 104-ე მუხლის თანახმად მოსარჩელემ სოცდაზღვევის ერთიანი ფონდის ახალქალაქის ფილიალს, ვინაიდან ზემოაღნიშნული მოთხოვნით მიმართა 2003 წლის 30 ივლისს, ფილიალს, მისთვის გადიდებული 45 ლარიანი პენსიის დანიშვნის გადაწყვეტილება უნდა მიეღო 2003 წლის პირველი აგვისტოდან, ხოლო 45 ლარიანი პენსიისა და ასაკის პენსიას შორის სხვაობის გაცემა უნდა ეწარმოებინა 2004 წლის პირველი იანვრიდან. ამიტომ სასამართლომ ჩათვალა, რომ ახალქალაქის ფილიალს უნდა დაეკისროს ამ სხვაობის მოსარჩელეზე ერთდროულად გაცემა, რომელიც შეადგენს (45X5) _ (14X5) = 155 ლარს.
სასამართლოს მითითებით, “საქართველოს 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონის მე-2 მუხლით განისაზღვრა 2004 წლის განმავლობაში, 2004 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებულ პოლიტიკურ რეპრესიების მხსვერპლად აღიარებულ პირთა და მათ შრომისუუნარო შვილთა (ნაშვილებთა) პენსიის ოდენობა ომის ინვალიდებისათვის დადგენილი პენსიის დონეზე _ 45 ლარით. ასევე რეპრესირებულთა და მათ შრომისუუნარო შვილთა (ნაშვილებთა) ყოველთვიური პენსიის ოდენობაც 45 ლარით იყო განსაზღვრული.
სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ 2006 წლის პირველი იანვრიდან საქართველოს მოქალაქეთა არცერთი კატეგორია ორი და მეტი სახის პენსიის მიღების უფლებით არ სარგებლობს.
სასამართლოს განმარტებით, “სახელმწიფო პენსიის შესახებ”, 2006 წლის პირველი იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ორი ან მეტი საფუძვლით პენსიის მიღების უფლების წარმოშობის შემთხვევაში პირს პენსია ენიშნება მხოლოდ ერთი საფუძვლით, მისივე არჩევით; იმავე კანონის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილში კი მითითებულია იმ საკანონმდებლო აქტების ჩამონათვალი, რომლებითაც განისაზღვრება ამავე აქტებით რეგულირებული პენსიების მიმღებ პირთა წრე, მათი მიღების უფლების წარმოშობის საფუძვლები და პენსიების ოდენობა. ამ ნორმის “გ” პუნქტის თანახმად, “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებული პირისათვის პენსიის ოდენობა განსაზღვრულია 50 ლარის ოდენობით, ხოლო მისი გარდაცვალების შემთხვევაში მისი შრომისუუნარო შვილისათვის (ნაშვილებისათვის), მეუღლისათვის, მშობლისათვის _ 45 ლარის ოდენობით.
სასამართლომ ჩათვალა, რომ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ახალქალაქის ფილიალმა თავისი 2004 წლის 18 ივლისის ¹ 288/538 გადაწყვეტილებით სწორად შეუწყვიტა მოსარჩელე შ. შ-ს მოხუცებულობის პენსიის გაცემა იმ დროიდან, რა დროიდანაც ამავე გადაწყვეტილებით მას დაუნიშნა პენსია, როგორც გარდაცვლილი რეპრესირებულის შვილს.
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრები შეიტანეს შ. შ-მა და სოციალური სუბსიდიების სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილებით შ. შ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ სოციალური სუბსიდიების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ სოციალური სუბსიდიების სააგენტოს მიერ გასაჩივრებულ ნაწილში შეცვლილ იქნა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილება და ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. შ. შ-ის სარჩელი 2003 წლის აგვისტო-დეკემბრის თვეებში მიუღებელ პენსიასა და მოხუცებულობის პენსიას შორის სხვაობის _ 155 ლარის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა. დანარჩენ ნაწილში ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ იმ ნაწილში, რომლითაც არ დააკმაყოფილა შ. შ-ის სარჩელი, სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390.2 მუხლის “გ” პუნქტის შესაბამისად, ხსენებულ ნაწილში გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, შ. შ-ის სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოდ მიიჩნია და იგი არ დააკმაყოფილა.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა სსიპ _ სოციალური სუბსიდიების სააგენტოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ შ. შ-ს პენსია 2004 წლის 1 იანვრიდან კანონიერად დაენიშნა შემდეგ მოსაზრებათა გამო: “საქართველოს 2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლით პირველად განისაზღვრა პოლიტიკურ რეპრესირებულთა შრომისუუნარო შვილთათვის პენსიის დანიშვნა, რომლის მიხედვითაც 2003 წელს საპენსიო უზრუნველყოფას ექვემდებარებოდნენ 2002 წლის 1 აპრილამდე რეგისტრირებული დაინტერესებული პირები. იმ პირებს, რომლებმაც რეგისტრაცია გაიარეს კანონით გათვალისწინებულ ვადამდე, პენსია უნდა დანიშვნოდათ 2003 წლის 1 ივლისიდან.
საქმის მასალებით დგინდება, რომ შ. შ-მა რეგისტრაცია გაიარა 2003 წლის 30 ივლისს. ამ პერიოდში რეგისტრირებული პირების საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი კი უკვე მოაწესრიგა “საქართველოს 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლმა, რომლითაც პენსიის დანიშვნის უფლება მიიღეს პოლიტრეპრესირებულად ცნობილ პირთა იმ შრომისუუნარო შვილებმა, რომლებმაც რეგისტრაცია გაიარეს 2004 წლის 1 ივნისამდე. ამიტომ სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ ჩათვალა შ. შ-ის სარჩელი 2003 წლის აგვისტო-დეკემბრის თვეებში მიუღებელი პენსიისა და მოხუცებულობის პენსიას შორის სხვაობის _ 155 ლარის ანაზღაურების თაობაზე.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა შ. შ-მა, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება. მისი საკასაციო საჩივარი ეფუძნება იმას, რომ მართალია “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” კანონის (1997 წლის 11 დეკემბრის რედაქციით) მე-12-ე მუხლის მე-2 პუნქტში დადგენილია, რომ გარდაცვლილ რეპრესირებულთა შვილების, რომელთაც მიაღწიეს საპენსიო ასაკს მიეცეს ერთი პენსია ორის სანაცვლოდ საბიუჯეტო სახსრების ეკონომიის მიზნით, მაგრამ 1998 წლის 29 მაისიდან პირები, რომელთაც მიაღწიეს საპენსიო ასაკს და ღებულობენ პენსიას ასაკის მიხედვით, სარგებლობდნენ ასევე როგორც გარდაცვლილ რეპრესირებულთა შვილები პენსიის მიღების უფლებით. კასატორი თვლის, რომ ამ პერიოდიდან დადგინდა 2 პენსიის გაცემა; კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” კანონის (1998 წლის 29 მაისის რედაქციის) მე-12 მუხლის მეორე პუნქტში აღნიშნულია, გარდაცვლილ რეპრესირებულთა შრომისუუნარო შვილებს მათი დასაქმების გათვალისწინების გარეშე უნდა მიეცეს ყოველთვიური პენსია.
კასატორს მიაჩნია, რომ მას ასაკის მიხედვით პენსიის მისაღებად პენსიის დანიშვნის საფუძველი წარმოეშვა 2003 წლის მარტში, ამიტომ მის მიმართ პენსიის გაცემის წესი გათვალისწინებულია საქართველოს კანონის “სახელმწიფო პენსიის შესახებ” მე-15 მუხლის მოთხოვნების შესაბამისად. მისი მითითებით, იმავე კანონის 22-ე მუხლის 2-ე პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტის შესაბამისად ამჟამად პენსიის ოდენობაა 55 ლარი. კასატორი ყურადღებას ამხავილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 30 ივნისის ¹03-242-06 გადაწყვეტილებაზე.
კასატორი აღნიშნავს, რომ “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარების და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონისა და “სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის 2-ე პუნქტის ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტების შესაბამისად გარდაცვლილ რეპრესირებულთა შრომისუუნარო შვილებს, რომელიც ღებულობს სახელმწიფო პენსიას ასაკის მიხედვით, ასევე ეკუთვნის ყოველთვიური პენსიაც. ამიტომ იგი თვლის, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური სუბსიდიების სააგენტომ არასწორად მიუთითა, რომ “სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონში მითითებული ორი ან მეტი საფუძვლით პენსიის მიღების უფლების წარმოშობის შემთხვევაში პირს პენსია ენიშნება მხოლოდ ერთი საფუძვლით, მისივე არჩევით.
იმის გამო, რომ საქართველოს კანონებით დადგენილია 2 პენსიის მიღება, პოლიტიკურ რეპრესირებულთა კატეგორიათათვის 2007 წლის 1 დეკემბრიდან დადგენილია პენსიის მინიმალური რაოდენობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შ. შ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ არის დასაშვები, შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე და განაპირობა არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, შ. შ-ის საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს მიჩნეული შ. შ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2008 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.