ბს-561-535(კ-07) 26 ივლისი, 2007წ.
თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 14 მაისის განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 20 დეკემბერს თ. ჯ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიმართ და და მოითხოვა 1998-2001წწ. მიუღებელი სახელფასო დავალიანების _ 2207,89 ლარის ანაზღაურება (ს.ფ. 1-2).
ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა თ. ჯ-ის სარჩელი, მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს მის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების ანაზღაურება 2207 ლარის ოდენობით (ს.ფ. 20-21).
ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ს.ფ. 25-26).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 14 მაისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი, უცვლელად დარჩა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება (ს.ფ. 41-44).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორმა აღნიშნა, რომ ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა ვერ გასცა სახელფასო დავალიანებები იმის გამო, რომ ბიუჯეტში აღნიშნული თანხები რამოდენიმეჯერ იქნა სეკვესტრირებული. სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხარჯზე შეუძლებელია იმ მიზეზის გამო, რომ “სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონის თანახმად წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დასაფ-დ თანხა გამოყოფილი აქვს ფინანსთა სამინისტროს, ხოლო შემოსავლების სამსახურისათვის გამოყოფილი ზღვრული ასიგნებანი არ მოიცავს გასულ წლებში წარმოქმნილ დავალიანებების დაფარვისათვის გათვალისწინებულ თანხას.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მეორე ნაწილის და 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის მოთხოვნები, კერძოდ, არასწორად განმარტა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და გამოიტანა დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გამოიყენა 2006 წლის “საქართველოს ბიუჯეტის შესახებ” კანონის მე-6, მე-8 და მე-40 მუხლები, რომელთა თანახმად ფინანსთა სამინისტროს გამოყოფილი აქვს თანხა სახელფასო დავალიანებების აღსასრულებლად და შესაბამისად, აღნიშნული დავალიანებების ანაზღაურება წარმოადგენს ფინანსთა სამინისტროს კომპეტენციას.
რაც შეეხება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს, კასატორმა მიუთითა, რომ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დასაშვებობის პირობებს, ვინაიდან სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეებზე კუთვნილი თანხის გაცემასთან დაკავშირებით სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციების მიმართ მიმდინარეობს ათეულობით სასამართლო დავა და ამჟამად ამ საკითხთან მიმართებაში არ არის ჩამოყალიბებული ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. ასევე, სასამართლოს განვითარებისთვის ფრიად მნიშვნელოვანია გადაწყდეს _ გამოყენებულ იქნეს შრომის კანონთა კოდექსის აღნიშნული ნორმები, თუ სპეციალური ნორმა, კერძოდ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 1341-ე მუხლი, რომლის თანახმად, 2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეზე კუთვნილი თანხის გაცემა უნდა განხორციელდეს წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად, ანუ “საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონით დადგენილი წესით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების გამოყოფის შემთხვევაში გახდება შესაძლებელი დავალიანების გასტუმრება იმგვარად, რომ არ მოხდეს სხვა მიზნებისათვის განკუთვნილი ასიგნებების არადანიშნულებისამებრ გახაჯვა (ს.ფ. 48-50).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ არის დასაშვები შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე და განაპირობა არასწორი განჩინების გამოტანა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 14 მაისის განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.