Facebook Twitter

¹ბს-562-531(კ-06) 13 თებერვალი, 2007 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლალი ლაზარაშვილი, ნუგზარ სხირტლაძე

კასატორი (მოსარჩელე) – ი. ჭ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე): აჭარის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების ......... სამმართველო

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება

დავის საგანი – სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

ი. ჭ-ემ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოპასუხის _ აჭარის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების ......... სამმართველოს მიმართ, რომლითაც მოითხოვა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა და სამუშაოზე აღდგენა /იხ.ს.ფ. 2-6/.

საქმის გარემოებები:

მოსარჩელე 2000 წლიდან მუშაობდა აჭარის ა/რ .......... დეპარტამენტში, უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე. 2002 წლის ივნისში გავიდა დეკრეტულ შვებულებაში. კანონით განსაზღვრული სადეკრეტო შვებულების ვადა ამოეწურა 2005 წლის 12 ივლისს და 2005 წლის 8 ივნისს განცხადებით მიმართა ........ დეპარტამენტის ხელმძღვანელობას, რათა მათ დაეშვათ შესაბამისი ბრძანება, მისი დეკრეტული შვებულებიდან დაბრუნების შესახებ.

2005 წლის 13 ივნისს ......... დეპარტამენტიდან მოსარჩელემ მიიღო პასუხი, რომ აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს შესახებ ,,აჭარის ა/რ ორგანულ კანონში ცვილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" 2004 წლის 18 მაისის კანონის საფუძველზე აჭარის ა/რ .......... დეპარტამენტმა განიცადა ლიკვიდაცია, რის გამოც მოსარჩელე გათავისუფლდა ........... დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტის თანამდებობიდან, რაც მოსარჩელეს ეცნობა 2005 წლის 13 ივნისს, ,,აჭარის ა/რ სამინისტროების საჯარო მოსამსახურეთა და მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი განაკვეთების დამტკიცების შესახებ" აჭარის ა/რ მთავრობის 2004 წლის 5 ოქტომბრის დადგენილების საფუძველზე შეიქმნა აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება _ ........ სამმართველო, სადაც გათვალისწინებული არ იყო უფროსი სპეციალისტის თანამდებობა.

სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოცემულია 2004 წლის 27 სექტემბერს ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 96-ე, 108-ე მუხლების, ,,აჭარის ა/რ ........... დეპარტამენტის სალიკვიდაციო კომისიის შექმნის შესახებ" დადგენილებისა და აჭარის ა/რ მთავრობის 2004 წლის 17 აგვისტოს ¹10 განკარგულების შესაბამისად, ისე, რომ მოსარჩელისთვის წინასწარ არ უცნობებიათ მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ. საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 96.4. მუხლის თანახმად, დაწესებულების დაქვემდებარების შეცვლა არ წარმოადგენს მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს, ხოლო, ......... დეპარტამენტი შეიცვალა .......... სამმართველოდ, რის გამოც ........... დეპარტამენტის ხელმძღვანელობას არ ჰქონდა უფლება, ამ მუხლის საფუძველზე მოსარჩელე გაეთავისუფლებინა თანამდებობიდან. ამასთან, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ მისი გათავისუფლების დროს დაირღვა ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 111-ე მუხლი, რომლის თანახმად, მოხელე (ქალი) არ შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან ორსულობის ან ბავშვის 3 (სამ) წლამდე აღზრდის პერიოდში.

საქალაქო სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა ასევე მოითხოვა მოსარჩელისათვის იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება /იხ.ს.ფ. 46, სხდომის ოქმი/.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებით ი. ჭ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ......... დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის 2004 წლის 27 სექტემბრის ბრძანება და ი. ჭ-ე აღდგენილ იქნა სამსახურში გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე. მოსარჩელის მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა, ხოლო ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების მოპასუხისთვის დაკისრების ნაწილში სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს დაეკისრა 200 ლარის გადახდა, რაც საქალაქო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად;

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2004 წლის 17 აგვისტოს განკარგულებით ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ" 2004 წლის 18 მაისის კანონის საფუძველზე ლიკვიდირებულ იქნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ........... დეპარტამენტი, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2004 წლის 17 აგვისტოს ¹18 დადგენილების საფუძველზე, შეიქმნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება _ ........... სამმართველო, ანუ აჭარის ა/რ ......... დეპარტამენტმა განიცადა ლიკვიდაცია. აჭარის არ მთავრობის აღნიშნული განკარგულება მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია, რის გამოც მისი კანონიერება სასამართლო განხილვის საგანს არ წარმოადგენდა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2004 წლის 17 აგვისტოს განკარგულებით შეიქმნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის .......... დეპარტამენტის სალიკვიდაციო კომისია, ამავე დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ მ. ჭ-ის თავმჯდომარეობით. აჭარის ა/რ ......... დეპარტამენტის თავმჯდომარის 2002 წლის 11 აპრილის ¹16 ბრძანების თანახმად მოსარჩელე ი. ჭ-ეს 2002 წლის 5 აპრილიდან გაუფორმდა დეკრეტული შვებულება 2002 წლის 9 აგვისტომდე, ხოლო მხარეთა განმარტებებით დადგენილ იქნა, რომ საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 161-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე მოსარჩელე სარგებლობდა დამატებითი უფასო შვებულებით, ბავშვის სამ წლამდე აღზრდამდე, კერძოდ, 2004 წლის 17 აგვისტომდე. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ........ დეპარტამენტის ლიკვიდაციის დროისთვის, მოსარჩელე ი. ჭ-ე იმყოფებოდა უფასო დეკრეტულ შვებულებაში.

საქალაქო სასამართლომ გამოიყენა შრომის კანონთა კოდექსის 422-ე მუხლი და განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ი. ჭ-ე არ ყოფილა გაფრთხილებული ორგანიზაციის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ, მას ასევე არ ჩაჰბარებია სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ 2004 წლის 27 სექტემბრის ¹36 ბრძანება, რის გამოც ი. ჭ-ის სამსახურიდან გათავისუფლება იყო უკანონო.

სასამართლოს დასკვნით, ასევე კანონის დარღვევით გამოიცა 2004 წლის 29 სექტემბრის ბრძანება ¹36 ი. ჭ-ის გათავისუფლების შესახებ რამდენადაც მასზე ხელს აწერდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ....... დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი მ. ჭ-ე, მაშინ, როცა აჭარის ა/რ მთავრობის 2004 წლის 17 აგვისტოს განკარგულებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის .......... დეპარტამენტი ლიკვიდირებულია, ხოლო მ. ჭ-ე დანიშნული იყო სალიკვიდაციო კომისიის თავმჯდომარედ.

საქალაქო სასამართლომ გამოიყენა ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 112-ე, შრომის კანონთა კოდექსის 206-ე მუხლები და განმარტა, რომ ი. ჭ-ე უკანონოდ გათავისუფლდა სამუშაოდან, რის გამოც მისი სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო, ხოლო ი. ჭ-ის მოთხოვნა იძულებით გაცდენილი ხელფასის ანაზღაურების შესახებ მიჩნეულ იქნა უსაფუძვლოდ, ვინაიდან სასარჩელო განცხადებაში მოსარჩელეს აღნიშნული მოთხოვნა ჩამოყალიბებული არ ჰქონდა და განაცხადა მხოლოდ სასამართლო პაექრობის დასრულების შემდეგ, რეპლიკის წარმოთქმის დროს /იხ.ს.ფ. 47-48/.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების ........... სამმართველომ, რომლითაც მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, შემდეგი მოტივით:

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ ლიკვიდირებულ იქნა აჭარის ა/რ-ის ........... დეპარტამენტი და შეიქმნა აჭარის ა/რ-ის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება _ ......... სამმართველო, რის გამოც ი. ჭ-ის სამსახურიდან გათავისუფლების დროს, სასამართლოს დასკვნით დაირღვა შრომის კანონთა კოდექსის 422-ე მუხლი, მაშინ, როცა სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით, რომლის თანახმადაც 1 თვით ადრე მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ მუშაკის გაუფრთხილებლობა მისი სამუშაოზე აღდგენის საფუძველს არ წარმოადგენდა. ი. ჭ-ე, სხვა მუშაკებთან ერთად, აჭარის ა/რ ......... დეპარტამენტის 2004 წლის 27 აგვისტოს ბრძანების საფუძველზე სიტყვიერად იქნა გაფრთხილებული დეპარტამენტის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით დეპარტამენტის მუშაკთა სამუშაოდან მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ, ამასთან, ბრძანების ჩაბარებაზე ხელის მოწერისაგან თავი შეიკავა რამდენიმე მუშაკმა, მათ შორის _ ი. ჭ-აც, რის გამოც 2004 წლის 31 აგვისტოს შედგა ოქმი (იხ. დანართი ¹9).

აპელანტის მითითებით, ი. ჭ-ე აჭარის ა/რ .......... დეპარტამენტის ლიკვიდაციის დროისათვის უფასო დეკრეტულ შვებულებაში არ იმყოფებოდა, რამდენადაც, შრომის კანონთა კოდექსის 161-ე მუხლის თანახმად, ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო შვებულების გარდა, ქალს, მისი განაცხადის თანახმად, ეძლევა დამატებითი უხელფასო შვებულება ბავშვის მოსავლელად, ვიდრე ის გახდება 3 წლის, მაგრამ ასეთი განცხადებით ი. ჭ-ეს ორგანიზაციისათვის არ მიუმართავს. აგრეთვე, აპელანტის მითითებით, ბათუმის საქალაქო სასამართლომ ი. ჭ-ე აღადგინა სამსახურში, ,,გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე”, ასეთი თანამდებობა კი - ,,უფროსი სპეციალისტი" ახალ საშტატო განრიგში გათვალისწინებული არ იყო /იხ.ს.ფ. 53-54/.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ასევე სააპელაციო წესით გაასაჩივრა (იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში) ი. ჭ-ემ, რომლითაც მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში, შემდეგი მოტივით:

ბათუმის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტის მოთხოვნა იძულებით გაცდენილი ხელფასის ანაზღაურების შესახებ იყო უსაფუძვლო, ვინაიდან სასარჩელო განცხადებაში ამგვარი მოთხოვნა მას არ ჰქონდა ჩამოყალიბებული და აღნიშნულზე სასამართლო პაექრობის დასრულების შემდეგ იქნა მითითებული, რაც, აპელანტის დასკვნით, უსაფუძვლოა, რამდენადაც ბათუმის საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნავს, რომ სასამართლოს აპელანტმა მიმართა 2004 წლის 27 სექტემბრის ¹36 ბრძანების გაუქმების, თანამდებობაზე აღდგენის და მოპასუხისათვის ნაცდური ხელფასის ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნით /იხ.ს.ფ. 88-90/.

სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით აჭარის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების ............. სამმართველოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ი. ჭ-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში, ი. ჭ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:

აჭარის მთავრობის 2004 წლის 17 აგვისტოს განკარგულებით “აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს შესახებ აჭარის ა/რ ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ” 2004 წლის 18 მაისის კანონის საფუძველზე ლიკვიდირებულ იქნა აჭარის ა/რ ........ დეპარტამენტი, ხოლო აჭარის მთავრობის 2004 წლის 17 აგვისტოს ¹18 დადგენილების საფუძველზე შეიქმნა აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების ......... სამმართველო. აჭარის ა/რ მთავრობის 2004 წლის 17 აგვისტოს განკარგულებით შეიქმნა აჭარის ა/რ .......... დეპარტამენტის სალიკვიდაციო კომისია, ამავე დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ მ. ჭ-ის თავმჯდომარეობით. აჭარის ა/რ მთავრობის 2006 წლის 28 თებერვლის ¹7 განკარგულებით აჭარის ა/რ .......... დეპარტამენტის სალიკვიდაციო სამუშაოების დასრულებასთან დაკავშირებით ძალადაკარგულად გამოცხადდა ,,აჭარის ა/რ .......... დეპარტამენტის სალიკვიდაციო კომისიის შექმნის შესახებ" აჭარის ა/რ მთავრობის 2004 წლის 17 აგვისტოს ¹10 განკარგულება. სასამართლოს დასკვნით, აჭარის ა/რ ........ დეპარტამენტმა განიცადა ლიკვიდაცია, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ი. ჭ-ისა და მისი წარმომადგენლის მტკიცება, რომ კონკრეტულ შემთხვევაში დაწესებულების რეორგანიზაციის ნაცვლად მოხდა ლიკვიდაცია. სასამართლოს დასკვნით, დაწესებულების ლიკვიდაციას ადასტურებდა ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ ლიკვიდაციის გამოცხადების შემდეგ, თანამდებობიდან გათავისუფლდნენ აჭარის ა/რ ......... დეპარტამენტის ყველა თანამშრომელი, მათ შორის _ ი. ჭ-ე. ი. ჭ-ეს სხვა თანამშრომლებთან ერთად დაწესებულების ლიკვიდაციის შესახებ ეცნობა გათავისუფლებამდე ერთი თვით ადრე, 2004 წლის 27 აგვისტოს, თუმცა მან სამსახურიდან გათავისუფლების გაფრთხილების ოქმზე ხელი არ მოაწერა, რაზეც შედგა ოქმი.

სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 3.2. 96.1, 108-ე მუხლები და განმარტა, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონი კრძალავდა მოხელის (ქალის) სამსახურიდან გათავისუფლებას ორსულობის ან ბავშვის სამ წლამდე აღზრდის პერიოდში შტატების შემცირების, ხანგრძლივი შრომისუუნარობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, აგრეთვე ატესტაციის შედეგების გამო, მაგრამ, სასამართლოს დასკვნით, მოქმედი კანონმდებლობა ასეთ შეზღუდვას დაწესებულების ლიკვიდაციის შემთხვევაში არ აწესებდა (არ კრძალავდა).

სააპელაციო სასამართლომ განმარტებით, დაწესებულების ლიკვიდაცია ადმინისტრაციას უფლებას აძლევს, მოხელე გაათავისუფლოს დაკავებული თანამდებობიდან, რომელიც ფორმდება ბრძანებით, განკარგულებით ან დადგენილებით (110-ე მუხლი). დაწესებულების ლიკვიდაციის შემთხვევაში მოხელის წინანდელ სამუშაოზე აღდგენა შეუძლებელი იყო, რამდენადაც გაუქმდა არსებული სტრუქტურა და საშტატო განრიგი (რაც მოცემულ შემთხვევაში განხორციელდა), ხოლო რაც შეეხებოდა აჭარის ა/რ მთავრობის დადგენილებით შექმნილ აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება ......... სამმართველოსა და ახალ საშტატო განრიგს, აღნიშნულ თანამდებობაზე სასამართლოს დასკვნით, მოხელის მიღება ხდებოდა ხელახლა დანიშვნით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. ჭ-ემ, რომლითაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება /იხ.ს.ფ. 143-145/.

კასაციის მოტივი:

სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ რეალურად მოხდა არა აჭარის ა/რ ......... დეპარტამენტის ლიკვიდაცია, არამედ რეორგანიაცია, რა დროსაც ........ დეპარტამენტი გარდაიქმნა ........ სამმართველოდ. ამასთან, ბრძანება დაკავებული თანამდებობიდან კასატორის გათავისუფლების შესახებ გამოიცა 2004 წლის 27 სექტემბერს, რის შესახებაც მისთვის არ უცნობებიათ. ამასთან, კასატორი სამსახურიდან გათავისუფლდა ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 96.1. მუხლის საფუძველზე, დაწესებულების ლიკვიდაციის გამო, ამავე მუხლის მე-4 პუნქტი კი პირდაპირ მიუთითებს, რომ დაწესებულების დაქვემდებარების შეცვლა არ წარმოადგენს მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს.

საკასაციო სასამართლოს 2006 წლის 1 დეკემბრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის ა) პუნქტის საფუძველზე ი. ჭ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად /აბსოლუტური კასაცია/.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა_კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ი. ჭ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შესაბამისად, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების ......... სამმართველოს სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 7 აპრილის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრების დასაშვებობის სტადიიდან, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას დარღვეულია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, სსსკ-ის 393.2. და 394 “ე” მუხლების მოთხოვნები. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება არ მისცა საქმის მასალებს, სწორად არ იქნა გამოკვლეული საქმის მასალები და დადგენილი ფაქტები, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით.

საკასაციო სასამართლო იზიარებს კასაციის მოტივს, რომ სააპელაციო სასამართლომ ისე გამოიტანა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რომ არ უმსჯელია სააპელაციო საჩივრის ძირითად მოტივზე _ რეალურად აჭარის ა/რ ........... დეპარტამენტმა, სადაც გათავისუფლებამდე მუშაობდა კასატორი ი. ჭ-ე, განიცადა ლიკვიდაცია, თუ სახეზე იყო დეპარტამენტის რეორგანიზაცია, რა დროსაც ......... დეპარტამენტი გარდაიქმნა ........... სამმართველოდ. აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებაზე სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია და შესაბამისი სამართლებრივი დასკვნა არ გამოუტანია, მით უფრო იმ პირობებში, როცა ი. ჭ-ის სარჩელიც სწორედ ამ ფაქტობრივ გარემოებას ეფუძნება, რის გამოც საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გადაწყვეტილება ამ ნაწილში გამოტანილია სსსკ-ის 394. “ე” მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, კერძოდ, სააპელაციო სასამრთლოს გადაწყვეტილება იმდენად დაუსაბუთებელია, რომ შეუძლებელია მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაწესებულების ლიკვიდაცია წარმოადგენს სტრუქტურულ ცვლილებებას, რომლითაც დაწესებულება როგორც სუბიექტი, წყვეტს საქმიანობას, აღარ განაგრძობს ფუნქციონირებას და მისი უფლებები და მოვალეობები სხვა სუბიექტს არ გადაეცემა. ამასთან, ლიკვიდაცია თავისი არსით დაუშვებლად მიიჩნევს უფლებამონაცვლეობას.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს მტკიცებულებები, დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები და შესაბამისი სამართლებრივი დასკვნა გამოიტანოს იმ ფაქტთთან დაკავშირებით, აჭარის ა/რ ......... დეპარტამენტის ფუნქციები, გადაეცა თუ არა აჭარის ა/რ ............. სამმართველოს, ამასთან იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენის შემდეგ, რეალურად აღნიშნულ სამსახურში ადგილი ჰქონდა ლიკვიდაციას თუ რეორგანიზაციას, შესაბამისად, ასეთის დადგენის შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს, თუ რამდენად წარმოადგენს სამსახურში მიმდინარე რეორგანიზაცია მუშაკის სამსახურიდან უპირობო გათავისუფლების საფუძველს.

საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399.1. და 377.3. მუხლების საფუძველზე განმარტავს, რომ საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყო სასამართლოს აგრეთვე ის განჩინებები, რომლებიც გამოტანილია საქმის სააპელაციო ინსტანციაში განხილვასთან დაკავშირებით და რომელიც წინ უსწრებს სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანას, იმისგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა.

სააპელაციო სასამართლომ ისე მიიღო წარმოებაში და განიხილა აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების ....... სამმართველოს სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებაზე, რომ არ შეუმოწმებია, რამდენად აკმაყოფილებდა სააპელაციო საჩივარი სსსკ-ის 368-ე მუხლის მოთხოვნებს, კერძოდ, სააპელაციო საჩივარი წარდგენილი იყო თუ არა უფლებამოსილი პირის ხელმოწერით /იხ.ს.ფ. 53-54/, ვინაიდან აპელაცია ხელმოუწერელია.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლში რეგლამენტირებულია ის წინაპირობები, რომელსაც უნდა შეიცავდეს სააპელაციო საჩივარი, კერძოდ, სსსკ-ის 368.3. მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ექვემდებარება წარმოებაში მიღებას თუ ამ მუხლში აღნიშნული საფუძვლების გარდა, ის ხელმოწერილია შემტანი პირის ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, ხოლო სააპელაციო სასამართლომ ისე მიიღო აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების ........ სამმართველოს სააპელაციო საჩივარი წარმოებაში /იხ.ს.ფ. 72/, რომ არ გამოუკვლევია, აკმაყოფილებდა თუ არა იგი სსსკ-ის 368-ე მუხლში დადგენილ საფუძვლებს.

ამასთან, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, ასევე სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. ჭ-ემ /სარჩელის დაუკმაყოფილებელ _ იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში/ და ამ ნაწილში მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა, კერძოდ, სსსკ-ის 368-ე მუხლთან მისი შესაბამისობა არ შეუმოწმებია და არც წარმოებაში მიუღია, რითაც სააპელაციო სასამართლოს მიერ დაირღვა სსსკ-ის 374.1. მუხლის მოთხოვნები, კერძოდ, სააპელაციო საჩივრის შესვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლო ვალდებულია შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ.

სააპელაციო სასამართლოს მიერ ი. ჭ-ის სააპელაციო საჩივარი, როგორც სხდომის ოქმებიდან ირკვევა და სააპელაციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაშია აღნიშნული მიჩნეულ იქნა შეგებებულ სააპელაციო საჩივრად, რაც სრულიად დაუსაბუთებელია. ამასთან, იმ პირობებშიც კი, თუ სააპელაციო სასამართლო ჩათვლიდა, რომ ი. ჭ-ის სააპელაციო საჩივარი ფორმალურად წარმოადგენდა შეგებებულ სააპელაციო საჩივარს, სააპელაციო სასამართლოს უნდა შეემოწმებინა შეგებებული სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა, რაც არ განუხორციელებია.

საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 379-ე მუხლის საფუძველზე /1997 წლის 14 ნოემბრის კანონის რედაქცია/ განმარტავს, რომ მითითებული ნორმის თანახმად, მოწინააღმდეგე მხარე აღჭურვილი იყო უფლებით, საქმის ზეპირი განხილვის განმავლობაში წარედგინა შეგებებული სააპელაციო საჩივარი, მიუხედავად იმისა, განაცხადა თუ არა მან უარი სააპელაციო საჩივარზე. 2005 წლის 23 ივნისს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმა ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, რომლის თანახმად, მოწინააღმდეგე მხარეს შეგებებული სააპელაციო საჩივრის წარდგენისათვის განესაზღვრა კანონისმიერი საპროცესო ვადა _ 10 დღე, რომლის ათვლის მომენტად დადგენილ იქნა მოწინააღმდეგე მხარის მიერ სააპელაციო საჩივრის ჩაბარების ფაქტი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის. ამასთან, დადგენილია კანონის მიერ დადგენილ ვადაში მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ, თუ მხარემ კანონით დადგენილ ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი საპროცესო უფლება, სააპელაციო საჩივარზე შეგებებული სააპელაციო საჩივრის წარდგენისა, შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, საპროცესო მოქმედება განახორციელოს კანონით დადგენილ ვადაში.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 379-ე მუხლით დადგენილი კანონისმიერი ვადა წარმოადგენს პროცესის სუბიექტის _ მოწინააღმდეგე მხარისათვის განსაზღვრულ კონკრეტულ ვადას, კონკრეტული საპროცესო უფლების _ შეგებებული სააპელაციო საჩივრის აღძვრის რეალიზაციისათვის.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ამასთან, განსხვავებით სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადისა, რომლის გაგრძელების უფლებამოსილება სასამართლოს გააჩნია მხარეთა თხოვნით ან საკუთარი ინიციატივით, საპროცესო კოდექსით დადგენილი კანონისმერი ვადის გაგრძელება დაუშვებელია.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რაც გულისხმობს, რომ სამართალწარმოების ყოველი მხარე თავად განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო უფლების რეალიზაციის საკითხს. ი. ჭ-ე, როგორც მოწინააღმდეგე მხარე, უფლებამოსილი იყო, აღეძრა შეგებებული სააპელაციო საჩივარი სააპელაციო საჩივრის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში, რაც სააპელაციო სასამართლოს არ შეუმოწმებია.

ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ი. ჭ-ის მიერ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში გასაჩივრდა სააპელაციო წესით, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, რამდენადაც სააპელაციო საჩივარი ფორმალური და პროცესუალური თვალსაზრისით სწორედ ამ ფორმით იქნა წარდგენილი სააპელაციო სასამართლოში. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო საჩივარი ი. ჭ-ის მიერ წარდგენილ იქნა შესაგებელთან ერთად, რის გამოც, მასზე სააპელაციო სასამართლოში დამოუკიდებელი რეგისტრაციის ბეჭედი არ არის, რაც ასევე არ იქნა შემოწმებული სააპელაციო სასამართლოს მიერ.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას ასევე დარღვეულია სსსკ-ის 249.5. მუხლის მოთხოვნები, კერძოდ, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბებებულია არასრულყოფილად, რამდენადაც სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ გააუქმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, მაგრამ არ განმარტა, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლის თუ გაუქმების საფუძველზე მიიღო ახალი გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსსკ-ის 412.2 მუხლის შესაბამისად, სახეზეა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალური საფუძვლები, რის გამოც, სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების ....... დეპარტამენტის და ი. ჭ-ის სააპელაციო საჩივრები დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ი. ჭ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება და აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების ......... სამმართველოს სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 7 აპრილის განჩინება; საქმე სააპელაციო საჩივრების დასაშვებობის სტადიიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.