¹ბს-564-533(კ-06) 12 აპრილი, 2007წ.
თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე
სხდომის მდივანი _ ლანა ჭანტურია
კასატორი (მოპასუხე) _ აჭარის ა/რ-ის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, წარმომადგენელი ი. ს-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ დ. დ-ე, წამომადგენელი ვ. გ-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 27 აპრილის განჩინება
დავის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2005 წლის 19 სექტემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა დარეჯან დოლიძემ მოპასუხე აჭარის ა/რ-ის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა აჭარის ა/რ-ის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2005 წლის 6 სექტემბრის ¹446 ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ქ. ბათუმში, ... ქ. ¹7-ში მდებარე 229,3კვ.მ არასაცხოვრებელ ფართზე საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის დავალება.
სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლები შემდეგში მდგომარეობდა:
1999 წლის 1 თებერვალს აჭარის ა/რ-ის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და დ. დ-ეს შორის გაფორმდა იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულება, რომლითაც ქ. ბათუმში, .... ქ. ¹7-ში მდებარე 229,3კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი მოსარჩელეს გადაეცა პირდაპირ მფლობელობაში. ხელშეკრულებით განისაზღვრა საიჯარო ქირისა და ქონების ღირებულების გადახდის გრაფიკი. ხელშეკრულების მოქმედების ვადა იყო 5 წელი _ 1999 წლის 20 იანვრიდან 2004 წლის 20 იანვრამდე. მოსარჩელემ მითითებულ ვადაში გადაიხადა შეთანხმებული ფასის ძირითადი ნაწილი, ხოლო 2004 წლის ბოლოს გადაიხადა დარჩენილი თანხაც 11 397 აშშ დოლარის ოდენობით. 2005 წლის 20 მაისს დ. დ-ემ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის მიღების თხოვნით განცხადებით მიმართა აჭარის ა/რ-ის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს. აჭარის ა/რ-ის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2005 წლის 6 სექტემბრის ¹446 ბრძანებით გაუქმდა 1999 წლის 7 იანვრის აჭარის ა/რ-ის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ ქ. ბათუმში, ..... ქ. ¹7-ში მდებარე 229,3კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის იჯარა-გამოსყიდვის ფორმით პრივატიზაციის თაობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები, ძალადაკარგულად გამოცხადდა აჭარის ა/რ-ის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1999 წლის 12 იანვრის ¹1-07/04 ბრძანება, მოიშალა მხარეთა შორის დადებული საიჯარო ხელშეკრულება, ამავე ბრძანებით დადგინდა დ. დ-ის მიერ გადახდილი თანხების დაუბრუნებლობა.
მოსარჩელის მოსაზრებით, მოპასუხემ ხელშეკრულება მოშალა სამოქალაქო კოდექსის 399-ე მუხლისა და 405-ე მუხლის მე-2 ნაწილის, აგრეთვე საიჯარო ხელშეკრულების 3.6 პუნქტის მოთხოვნათა დარღვევით. აჭარის ა/რ-ის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მოსარჩელე ჯერ უნდა გაეფრთხილებინა წერილობით, დაეჯარიმებინა და მიეცა ვადა დარღვევის აღმოსაფხვრელად, რომლის შეუსრულებლობის შემდეგაც უფლებამოსილი იქნებოდა ცალმხრივად მოეშალა ხელშეკრულება. მოსარჩელე თავისი მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად ასევე მიუთითებდა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლზე (ს.ფ. 2-7).
2005 წლის 13 ოქტომბერს აჭარის ა/რ-ის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ შეგებებული სარჩელი შეიტანა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე დ. დ-ის მიმართ, რომლითაც მოითხოვა სადავო საცხოვრებელი ფართის სახელმწიფოსათვის დაბრუნება, შემდეგი საფუძვლებით:
1999 წლის 1 თებერვალს აჭარის ა/რ-ის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და დ. დ-ეს შორის გაფორმდა იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულება ქ. ბათუმში, .... ქ. ¹7-ში მდებარე 229.3კვ.მ არასაცხოვრებელ ფართზე. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, მოიჯარე დ. დ-ე ვალდებული იყო 2004 წლის 20 იანვრამდე დაეფარა ობიექტის საპრივატიზებო ღირებულება 39 200 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით და გადაეხადა საიჯარო ქირა ნარჩენი გამოსასყიდი ქონების ღირებულების წლიური 10%-ის ოდენობით. საიჯარო ხელშეკრულების ვადის ამოწურვის მომენტისათვის (2004 წლის 20 იანვარი) მოიჯარეს გადასახდელი დარჩა ობიექტის გამოსასყიდი ღირებულების ნაწილი, კერძოდ, 9 604 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი, საიჯარო ქირის დავალიანება 1427 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი და ხელშეკრულების შესაბამისად დარიცხული საურავი 367 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით. 2004 წლის 30 აპრილს ქ. ბათუმის მერიის მთავარმა ეკონომიკურმა სამმართველომ, როგორც აჭარის ა/რ-ის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს უფლებამონაცვლემ, ¹1-10-90 წერილით დ. დ-ეს მისცა 20 დღის ვადა აღნიშნული დავალიანების დასაფარად, რაც მოიჯარის მიერ არ შესრულდა და ობიექტზე რიცხული დავალიანება ეტაპობრივად იქნა გადახდილი 2004 წლის დეკემბერში ანუ ხელშეკრულების ვადის გასვლიდან 11 თვის დაგვიანებით. აქედან გამომდინარე, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება საიჯარო ხელშეკრულების გაუქმებისა და ობიექტის სახელმწიფოსათვის (კანონიერი მესაკუთრისათვის) დაბრუნების შესახებ. მხარეებს შორის გაფორმებულ საიჯარო ხელშეკრულებაში ზუსტად იყო განსაზღვრული ყოველწლიურად გადასახდელი თანხის ოდენობა, ანუ გადახდა წარმოებდა მხარეების მიერ წინასწარ განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით და შეცდომა გამორიცხული უნდა ყოფილიყო (ს.ფ. 51-53).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით დ. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი აჭარის ა/რ-ის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2005 წლის 6 სექტემბრის ¹446 ბრძანება მისი გამოცემის მომენტიდან, აჭარის ა/რ-ის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაევალა ქ. ბათუმში, .... ქ. ¹7-ში მდებარე 229,3კვ.მ არასაცხოვრებელ ფართზე საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემა, აჭარის ა/რ-ის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს მითითებით, საიჯარო ხელშეკრულების 3.6 პუნქტით მხარეებმა განსაზღვრეს ხელშეკრულების მოშლის პირობა, რომ მოიჯარე უნდა გაფრთხილებულიყო წერილობითი ფორმით. იგი შეიძლებოდა დაჯარიმებულიყო ხელშეკრულების პირობათა შეუსრულებლობისათვის. განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში მეიჯარეს ენიჭებოდა ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის უფლება. ხელშეკრულების მოშლის ეს პირობა შესაბამისობაში იყო სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლთან, რომლის მიხედვით, ხელშეკრულებაზე უარის თქმა ერთი მხარის მიერ ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების დარღვევის დროს დასაშვები იყო ვალდებულების შესრულებისათვის დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. ვინაიდან მხარეებმა დათქვეს ხელშეკრულების მოშლის პირობა, ხელშეკრულების მოშლა დასაშვები იყო ამ პირობათა დაცვით. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მტკიცება იმასთან დაკავშირებით, რომ მან დაიცვა ხელშეკრულების მოშლის მითითებული პირობა, კერძოდ, 2004 წლის 30 აპრილის ¹1-10-90 წერილით დ. დ-ეს გაეგზავნა შეტყობინება მის მიერ ვალდებულების დარღვევის შესახებ და მიეცა 20-დღიანი ვადა ვალის დასაფარად, რასაც დ. დ-ის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია. ასეთი წერილის გაგზავნა წარმოადგენდა მოპასუხე მხარის ნების გამოვლენას, რომელიც ნამდვილი იქნებოდა თუ იგი მიუვიდოდა მეორე მხარეს. დ. დ-ე უარყოფდა შეტყობინების მიღებას.
ზემოაღნიშნული გარემოებები სასამართლომ შეაფასა, როგორც ხელშეკრულების გაგრძელება სამინისტროს მხრიდან და ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილება დ. დ-ის მხრიდან. ამასთან, სასამართლოს მითითებით, სამოქალაქო კოდექსის 404-ე მუხლის საფუძველზე, სამინისტროს უფლება ჰქონდა მოეთხოვა ზიანის ანაზღაურება, რაც გამოწვეული იყო ვადის გადაცილებით (ს.ფ. 75-78).
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ-ის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.
აპელანტის მითითებით, სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ აჭარის ა/რ-ის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულების მოშლის დროს დაირღვა სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლითა და მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 3.6 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების მოშლის პირობები. ამასთან დაკავშირებით სასამართლომ არ გაიზიარა მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულება, რომლითაც დ. დ-ეს მიეთითა ხელშეკრულების პირობების დარღვევაზე და მიეცა 20-დღიანი ვადა დარღვევის აღმოსაფხვრელად. სასამართლომ მიიჩნია, რომ სამინისტროს ნების გამოვლენა არ მიუღია მეორე მხარეს და ამასთან დაკავშირებით არ გაიზიარა მათი მსჯელობა, რომ დ. დ-ეს მიღებული ჰქონდა სამინისტროს მიერ გაგზავნილი შეტყობინება. ის ფაქტი, რომ დ. დ-ის ცნობილი იყო გაფრთხილების შესახებ, დასტურდებოდა მის მიერ 11 397 აშშ დოლარის ოდენობით თანხის გადახდით (ს.ფ. 81-83).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 27 აპრილის განჩინებით აჭარის ა/რ-ის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების მოტივები მდგომარეობს შემდეგში:
სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ 1998 წლის ნოემბერში აჭარის ა/რ-ის ქონების მართვის სამინისტროს მიერ გაზეთ “აჭარის” მეშვეობით გამოცხადდა კონკურსი ქ. ბათუმში, ... ქ. ¹7-ში მდებარე 229,3კვ.მ არასაცხოვრებელ ფართზე. ქონების საწყისი ფასი განისაზღვრა 39 200 აშშ დოლარით. აჭარის ა/რ-ის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს საკონკურსო კომისიის 1999 წლის 7 იანვრის ¹1 ოქმით კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდა დ. დ-ე. აღნიშნული ოქმი დამტკიცდა აჭარის ა/რ-ის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1999 წლის 12 იანვრის ¹1-07/04 ბრძანებით. 1999 წლის 1 თებერვალს გაფორმდა იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრა საიჯარო ქირისა და ქონების ღირებულების გადახდის გრაფიკი. ხელშეკრულების მოქმედების ვადა იყო 5 წელი _ 1999 წლის 20 იანვრიდან 2004 წლის 20 იანვრამდე ვადით. ხელშეკრულების 2.6 მუხლის თანახმად, საპრივატიზაციო ობიექტის მთლიანი გამოსასყიდი თანხის 51% ანუ 19 992 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში მოიჯარეს უნდა დაეფარა ხელშეკრულების ხელმოწერიდან ერთი წლის განმავლობაში, ხოლო დანარჩენი 19 208 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი უნდა გადაეხადა დარჩენილი 4 წლის განმავლობაში, ყოველწლიურად 4 802 აშშ დოლარის ოდენობით. მოიჯარე დ. დ-ემ ხელშეკრულების ვადის გასვლამდე სრულად ვერ შეასრულა ვალდებულება, თუმცა 2004 წლის დეკემბრისათვის მთლიანად დაფარა საპრივატიზებო ობიექტის მთლიანი გამოსასყიდი თანხა.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად ცნო ბათილად გასაჩივრებული ბრძანება, რადგან ამ შემთხვევაში მეიჯარემ დაარღვია საიჯარო ხელშეკრულების 3.6 მუხლით გათვალისწინებული პირობა, რომლის მიხედვით საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობათა შეუსრულებლობის შემთხვევაში მოიჯარე გაფრთხილებას აძლევს მეიჯარეს წერილობითი სახით და აჯარიმებს საიჯარო ქონების საბოლოო ფასის 10%-ით. ამასთან, მოიჯარე ვალდებული იყო 3 თვის განმავლობაში აღმოეფხვრა დარღვევები, ხოლო საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობათა დაუცველობის განმეორებითი გამოვლენის შემთხვევა განიხილებოდა, როგორც საიჯარო ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის ინიციატივა. საქმეში არ მოიპოვებოდა იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ დ. დ-ეს ჩაჰბარდა 2004 წლის 30 აპრილის ¹1-10-90 წერილი, რომლითაც ვალის დასაფარად მიეცა 20-დღიანი ვადა. ასეთ ვითარებაში სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულების ის პუნქტი, რომელიც მას ავალდებულებდა წერილობითი გაფრთხილება მიეცა მოიჯარისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობათა ჯეროვნად შეუსრულებლობისათვის.
გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აჭარის ა/რ-ის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა თავისი ბრძანებით ისე სცნო ძალადაკარგულად სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მოშალა ადმინისტრაციული ხელშეკრულება (საიჯარო ხელშეკრულება), რომ მოიჯარე დ. დ-, როგორც დაინტერესებული მხარე, არ ჩააბა ადმინისტრაციულ წარმოებაში, შესაბამისად, მას წაერთვა შესაძლებლობა წარედგინა მტკიცებულებები და შუამდგომლობები საიჯარო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემისას დაარღვია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმები, რომლის დაცვის შემთხვევაში მოცემულ საკითხებზე შესაძლებელი იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღება (ს.ფ. 112-120).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ-ის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ დ. დ-ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხემ საიჯარო ხელშეკრულების მოშლისას დაარღვია სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილისა და აღნიშნული ხელშეკრულების 3.6 მუხლის მოთხოვნები. ხელშეკრულების 3.6 პუნქტის მიხედვით, საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობათა შეუსრულებლობის გამოვლენის შემთხვევაში მოიჯარე ღებულობს გაფრთხილებას წერილობითი სახით. სააპელაციო სასამართლომ არასწორად გაიზიარა დ. დ-ის პოზიცია და უსაფუძვლოდ მიიჩნია, რომ დ. დ-ის მიერ წერილის მიღების ფაქტი არ მტკიცდებოდა. ამას ისიც ადასტურებდა, რომ 2004 წლის დეკემბერში დ. დ-ემ გადაიხადა 11 397 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი, სწორედ ის თანხა, რაც წერილში იყო აღნიშნული. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ჩნდებოდა კითხვა, თუ დ. დ-ეს მითითებული წერილი არ მიუღია, მაშინ რის საფუძველზე გადაიხადა ზუსტად ის თანხა, რაც წერილში იყო აღნიშნული. 11 397 აშშ დოლარის გადახდის მოთხოვნა გათვლილი იყო წერილის გაგზავნის დროისათვის, 2004 წლის 30 აპრილისათვის დარიცხული საურავის გათვალისწინებით. მოსარჩელის მიერ წერილის მიუღებლობის შემთხვევაში გამორიცხული იქნებოდა გადახდილი და მოთხოვნილი თანხების თანხვედრა. ამასთან, მართალია, მოიჯარემ 2004 წლის დეკემბრისათვის გადაიხადა აღნიშნული თანხა, მაგრამ ეს არ იყო ის სრული თანხა, რაც მას უნდა გადაეხადა, ვინაიდან სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს კანონით განსაზღვრული პროცენტი, თუკი კრედიტორს სხვა საფუძვლებიდან გამომდინარე უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.
კასატორმა არ გაიზიარა სასამართლოს მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ სადავო ბრძანების გამოცემის დროს დაირღვა კანონის მოთხოვნები, კერძოდ, არ იქნა დაცული ადმინისტრაციული წარმოება, მოსარჩელეს არ მიეცა შესაძლებლობა, წარედგინა საკუთარი მოსაზრებები ადმინისტრაციულ ორგანოში. კასატორის მოსაზრებით, მათ მიერ დამაჯერებლად იქნა დამტკიცებული იმის შესახებ, რომ დ. დ-ემ მიიღო ქ. ბათუმის მერიის ეკონომიკური სამმართველოს უფროსის 2004 წლის 30 აპრილის ¹1-10-90 წერილობითი გაფრთხილება. შესაბამისად, მას სრული უფლება ჰქონდა წარედგინა საკუთარი მოსაზრებები სამინისტროში, რაც არ განუხორციელებია. ამდენად, უსაფუძვლო იყო სასამართლოს მითითება ადმინისტრაციული წარმოების წესების დარღვევის შესახებ.
კასატორი ასევე არ დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ ადმინისტრაციული ორგანო არ არის უფლებამოსილი ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის გამოცემით ცალმხრივად მოაწესრიგოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. ხელშეკრულება დაიდო აჭარის ა/რ-ის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და დ. დ-ეს შორის. ხელშეკრულება გაფორმდა აჭარის ა/რ-ის სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 1999 წლის 12 იანვრის ¹1-07/04 ბრძანების საფუძველზე, რომელიც, თავის მხრივ, წარმოადგენდა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. აჭარის ა/რ-ის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს უფლებამონაცვლეს წარმოადგენდა აჭარის ა/რ-ის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, რომლის მუშაობასაც ერთპიროვნულად წარმართავდა მინისტრი და თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას უფლებამოსილი იყო გამოეცა ბრძანება. ამდენად, სამინისტროს ნება, ცალმხრივად შეეწყვიტა ხელშეკრულება, გაფორმდა მინისტრის ბრძანებით. თუკი სააპელაციო სასამართლო სადავო ბრძანებას არ განიხილავდა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად და მიიჩნევდა, რომ ის არ არის გამოცემული საჯარო სამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელების დროს, მაშინ გაუგებარია, რატომ განიხილა სასამართლომ აღნიშნული საქმე ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.
კასატორის აზრით, სადავო ბრძანება კანონდარღვევითაც რომ იყოს მიღებული, ეს ვერ გახდება საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის საფუძველი, ვინაიდან სასამართლოს არ უმსჯელია და არ უცვნია დადასტურებულად ის ფაქტი, რამდენად სრულად შეასრულა დ. დ-ემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, სრულად გადაიხადა თუ არა მან საპრივატიზებო ობიექტის ღირებულება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმებისა და სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლით გათვალისწინებული ფულადი ვალდებულების შესრულების გადაცილებული დროის შესაბამისი პროცენტების ჩათვლით. (ს.ფ. 127-133).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ აჭარის ა/რ-ის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 27 აპრილის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ დ. დ-ე გამარჯვებულად გამოცხადდა 1998 წელს აჭარის ა/რ-ის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ ქ. ბათუმში, .... ქ. ¹7-ში მდებარე 229,3 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის იჯარა-გამოსყიდვის ფორმით პრივატიზების მიზნით გამართულ კონკურსში. 1999 წლის 1 თებერვალს დ. დ-ესა და აჭარის ა/რ-ის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს შორის დაიდო საიჯარო ხელშეკრულება, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრა 1999 წლის 20 იანვრიდან 2004 წლის 20 იანვრამდე. ხელშეკრულების თანახმად, კონკურსის შედეგად დადგენილი, არასაცხოვრებელი ფართის საპრივატიზებო ფასი შეადგენდა 39200 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარებში. დადგენილია, რომ ხელშეკრულების ვადის გასვლის მომენტისთვის დ. დ-ეს სრულად არ ჰქონდა შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი თანხის გადახდის ვალდებულება. მან საპრივატიზებო ობიექტის მთლიანი გამოსასყიდი თანხა სრულად დაფარა 2004 წლის დეკემბერში. დადგენილია, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ აჭარის ა/რ-ის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და დ. დ-ეს შორის გაგრძელდა სახელშეკრულებო ურთიერთობა, აჭარის ა/რ-ის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს დ. დ-ის არ მოუთხოვია ხელშეკრულების შეწყვეტა, ფართის გამოთავისუფლება, აღნიშნული ფართით სარგებლობას კვლავ აგრძელებდა დ. დ-ე. სადავო 2005 წლის 6 სექტემბრის ბრძანების გამოცემამდე აჭარის ა/რ-ის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და შემდგომ მისი უფლებამონაცვლე უფლებამონაცვლე აჭარის ა/რ-ის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ არ მომხდარა სახელშეკრულებო ვალდებულებათა შეუსრულებლობის გამო დ. დ-ის გაფრთხილება, დაჯარიმება ან ხელშეკრულების შეწყვეტის მოთხოვნა. საქმეზე დადგენილია და სადავო არ არის, რომ დ. დ-ემ ქონების გამოსასყიდი თანხა სრულად დაფარა 2004 წლის დეკემბერში, რაც მოიჯარის მხრიდან მიღებულია.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობათა შეუსრულებლობის გამო მოპასუხის მიერ დ. დ-ის 2004 წლის 20 აპრილის წერილის გაგზავნის ფაქტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის 2004 წლის 30 აპრილის წერილის არსებობა, სადაც საუბარია დ. დ-ის მიერ დარჩენილი გადასახდელი ქონების გამოსასყიდ დავალიანებაზე, საიჯარო ქირის დავალიანებასა და საურავის გადახდაზე, ხოლო აღნიშნული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის შესახებ გაფრთხილებაზე, თავის მხრივ, ასევე ადასტურებს კასატორსა და მოსარჩელეს შორის 2004 წლის იანვრის შემდგომ სახელშეკრულებო ურთიერთობათა გაგრძელებას. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლოს დასკვნა აღნიშნული წერილის მოსარჩელისათვის გაგზავნისა და ჩაბარების დაუდასტურებლობის შესახებ მცდარია. კასატორმა ვერც ერთი ინსტანციის სასამართლოში ვერ დაადასტურა აღნიშნული წერილის მოსარჩელისათვის გაგზავნა და ჩაბარება. კასატორის ერთადერთი არგუმენტი მოსარჩელისათვის აღნიშნული წერილის ჩაბარების დასადასტურებლად არის ის გარემოება, რომ მოსარჩელემ 2004 წლის დეკემბერში გადაიხადა სწორედ იმდენი თანხა, რამდენიც ამ წერილშია მითითებული. საკასაციო სასამართლო მხოლოდ აღნიშნულ არგუმენტს ვერ მიიჩნევს სარწმუნოდ კასატორის მიერ ზემოღნიშნული წერილი გაგზავნისა და ჩაბარების ფაქტის დასადასტურებლად. კასატორს, რომელიც ადმინისტრაციული ორგანოა და საქმისწარმოების მკაცრი წესებით ხელმძღვანელობს, უნდა შეეძლოს მის მიერ საქმიანი კორესპონდენციის გაგზავნისა და ჩაბარების ნამდვილობის დასადასტურებლად დოკუმენტური მტკიცებულების წარმოდგენა, რაც კასატორმა ვერ ერთი ინსტანციის სასამართლოში ვერ შეძლო. ამასთან, აღნიშნული წერილის არსებობა არ ცვლის შედეგთან მიმართებაში საქმის ვითარებას. სამინისტროს არ გამოუყენებია აღნიშნულ წერილში მითითებული უფლება, კვლავ არ დაუკისრებია დ. დ-ის მითითებული ვადაში თანხის გადაუხდელობის გამო საურავი და არ გაუუქმებია მასთან ხელშეკრულება. აღნიშნული წერილის შემდგომ, 2004 წლის დეკემბერში სამინისტრომ მიიღო დ. დ-ის მიერ გადახდილი იჯარის გამოსასყიდი თანხა, ისე რომ სახელშეკრულებო ვალდებულების შეწყვეტაზე კვლავ არაფერი უცნობებია. აღნიშნული ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება სამინისტრომ მიიღო მხოლოდ 2005 წლის 6 სექტემბრის სადავო ბრძანებით.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის განმარტებას სადავო ბრძანების კანონშესაბამისობის შესახებ. კასატორი ვერ ადასტურებს ადმინისტრაციული სამართალწარმოების ჩატარების გზით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად აღნიშნული ბრძანების გამოცემას. ამასთან, აღნიშნული ბრძანებით კონკურსის შედეგების გაუქმებისა და იჯარის ხელშეკრულების მოშლის საფუძველია მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა, რასაც კასატორი ასევე ვერ ასაბუთებს.
სადავო ხელშეკრულების დადების მომენტისათვის მოქმედი “სახელმწიფო ქონების იჯარა-გამოსყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ” სახელწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1997 წლის 8 სექტემბრის ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით, საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების შემდეგ მოიჯარე განცხადებით მიმართავს მეიჯარეს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის თაობაზე. მოსარჩელესთან დადებული იჯარის ხელშეკრულების 4.4 მუხლის თანახმად, მეიჯარე ვალდებულია, მოიჯარის მიერ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობათა დაცვისა და საპრივატიზებო ფასის სრულად დაფარვის შემდეგ გასცეს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა.
დადგენილია და სადავო არ არის, რომ დ. დ-ემ ქონების გამოსასყიდი თანხა სრულად დაფარა 2004 წლის დეკემბერში, რაც მოიჯარის მხრიდან მიღებულია. კასატორი ვერ ადასტურებს მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებიდან გამომდინარე რაიმე დავალიანების არსებობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სადავო ბრძანების ძალაში დატოვებისა და მოსარჩელისათვის მის მიერ გამოსყიდულ ფართზე საკუთრების მოწმობის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები, რის გამოც საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და დაკმაყოფილებას არ ექვემდებარება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
და ა დ გ ი ნ ა :
1. აჭარის ა/რ-ის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 27 აპრილის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.