Facebook Twitter

ბს-56-54(კ-07) 5 ივლისი, 2007წ.

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ნ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 22 ნოემბრის განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2002 წლის 6 ივნისს ახალციხის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ნ. გ-მ მოპასუხეეების: სამცხე-ჯავახეთის მხარის სასკოლო ოლქის სამმართველოს უფროსის უ. ბ-ის, განათლების განყოფილების გამგის ნ. ი-ის, .... საშუალო სკოლის დირექტორის მ. ი-ის მიმართ და მოითხოვა სამცხე-ჯავახეთის მხარის სასკოლო ოლქის სამმართველოს 2001 წლის 1 ოქტომბრის ¹40 ბრძანების, ... საშუალო სკოლის დირექტორის 2002 წლის 22 მარტის ¹23 ბრძანების გაუქმება, სკოლის ...ად და მასწავლებლად აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

ნ. გ-ე თავის მოთხოვნებს შემდეგ გარემოებებზე ამყარებდა:

ახალციხის განათლების განყოფილების მხრიდან 14 წლის განმავლობაში განიცდიდა დევნას და მისი სამუშაოზე აღდგენა სასამართლოს გადაწყვეტილებებით ხდებოდა. 1998 წელს დაინიშნა .... სკოლის ...ად. 2001 წლის 1 ოქტომბერს სამცხე-ჯავახეთის მხარის სასკოლო ოლქის სამმართველოს უფროსმა უ. ბ-მა შეუჩერა უფლებამოსილება, რისი უფლებაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მას არ ჰქონდა.

მოსარჩელე ასევე მიუთითებდა, რომ გასაჩივრებული ¹40 ბრძანება გამოცემული იყო 2001 წლის 1 ოქტომბერს, განათლების სამინისტროს ¹139/კ ბრძანება, რომლითაც იგი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, პირადი განცხადების საფუძველზე დაიწერა 24 დეკემბერს, მაგრამ გათავისუფლებულად ჩაითვალა 5 ნოემბრიდან. მოსარჩელეს მიაჩნდა, რომ სამინისტროს ბრძანება ეყრდნობოდა უ. ბ-ის მიერ წარდგენილ ყალბ მასალებს და მიღებული იყო შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის “ბ” და “ლ” პუნქტებზე მითითებით. 2002 წლის 22 მარტის ¹23 ბრძანებით გათავისუფლდა მასწავლებლობიდანაც.

მოსარჩელეს მიაჩნდა, რომ გათავისუფლებული იყო კანონმდებლობის უხეში დარღვევით, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, რის გამოც ითხოვდა სარჩელის დაკმაყოფილებას (ტომი 1, ს.ფ. 2-5).

რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვისას მოსარჩელემ გაზარდა სასარჩელო მოთხოვნა და თავდაპირველ მოთხოვნებთან ერთად დამატებით მოითხოვა საქართველოს განათლების სამინისტროს 2001 წლის 24 დეკემბრის ¹134 ბრძანების და ახალციხის განათლების განყოფილების 2001 წლის 30 დეკემბრის ¹124 ბრძანების გაუქმება.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 2 ივლისის განჩინებით საქმეზე მოპასუხედ ჩაება საქართველოს განათლების სამინისტრო, ამასთან, სასარჩელო განცხადება ნაწილობრივ შეიცვალა და მოპასუხეებად ჩაებნენ: სამცხე-ჯავახეთის სასკოლო ოლქის სამმართველო და ახალციხის რაიონის განათლების განყოფილება (ტომი 1, ს.ფ. 38-39).

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის გამო (ტომი 1, ს.ფ. 93-100).

რაიონული სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. გ-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება (ტომი 1, ს.ფ. 102-104).

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003 წლის 18 თებერვლის განჩინებით ნ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება (ტომი 1, 140-147).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. გ-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება (ტომი 1, ს.ფ. 152-155).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2003 წლის 8 მაისის განჩინებით ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003 წლის 18 თებერვლის განჩინება (ტომი 1, ს.ფ. 206-210).

2004 წლის 10 ივნისს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მიმართა ნ. გ-მ და მოითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილების, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003 წლის 18 თებერვლის განჩინებისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2003 წლის 8 მაისის განჩინების გადასინჯვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო და საქმის წარმოების განახლება შემდეგი საფუძვლებით:

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტით, ყოველი პირი უნდა განსაჯოს იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება საქმე. მისი სარჩელი ეხებოდა საქართველოს განათლების მინისტრის მიერ უკანონოდ გამოცემული ¹139 ბრძანების გაუქმებას და, შესაბამისად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-5 და მე-6 მუხლების “გ” პუნქტით იგი იყო არა რაიონული სასამართლოს, არამედ საოლქო სასამართლოს განსჯადი პირველი ინსტანციით.

სასარჩელო განცხადებით იგი ითხოვდა სასამართლოსათვის მიმართვის გაშვებული ვადის საპატიოდ ჩათვლას იმ მოტივით, რომ სამუშაოდან დათხოვნის დღიდანვე საჩივრით მიმართა შრომის კანონთა კოდექსის 204-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ზემოდგომ სახელმწიფო ორგანოებს და შემდგომ სასამართლოს. მოსამართლემ ასევე არ გაითვალისწინა სამოქალაქო კოდექსის 180-ე და 138-ე მუხლების მოთხოვნები.

სასამართლო პროცესზე გამოძახებულ და დაკითხულ იქნა მოპასუხე მხარე, მისი კი არც ერთი მოწმე არ იქნა დაკითხული თხოვნის მიუხედავად. ჰონონარის უქონლობის გამო, მოკლებული იყო კვალიფიციურ იურიდიულ დახმარებას, რა მოთხოვნაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა, მოპასუხე მხარეს კი ადვოკატი ჰყავდა (ტომი 3, ს.ფ. 4-5).

საქართველოს უზენაესი სასამართლო ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004 წლის 24 ივნისის განჩინებით ნ. გ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე დასაშვებობის საკითხის გადასაწყვეტად გადაეცა უფლებამოსილ ახალციხის რაიონულ სასამართლოს (ტომი 3, ს.ფ. 6-8).

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 15 ივლისის განჩინებით ნ. გ-ის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, განმცხადებელს უარი ეთქვა ახლად აღმოჩენილ გარემოებებზე მითითებით, 2001 წლის ოქტომბრის თვეში ... საშუალო სკოლის ...ის თანამდებობიდან გადაყენებისა და დათხოვნის ფაქტზე დავის ნაწილში ახალციხის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილების, ამავე გადაწყვეტილების შესახებ თბილისის საოლქო სასამართლოს 2003 წლის 18 თებერვლის განჩინებისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003 წლის 18 თებერვლის განჩინებისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003 წლის 8 მაისის განჩინების გაუქმების მოთხოვნასთან დაკავშირებით დავის დასაშვებობაზე; ახლად აღმოჩენილ გარემოებათა მხედველობაში მიღებით გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება, ამავე გადაწყვეტილების შესახებ თბილისის საოლქო სასამართლოს 2003 წლის 18 თებერვლის განჩინება და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003 წლის 8 მაისის განჩინება ნ. გ-ის სოფელ ... საშუალო სკოლაში ... მასწავლებლობიდან დათხოვნის ნაწილში და ხსენებულ ნაწილში განახლდა საქმის წარმოება.

აღნიშნული განჩინების მიღებისას რაიონულმა სასამართლომ იხელმძღვანელა შემდეგი მოსაზრებებით:

ნ. გ-მ სასამართლოს წარუდგინა წერილობითი საბუთები, რომელთა არსებობა ადასტურებდა ხელქვეითობის წესით მისი გათავისუფლების ბრძანების გასაჩივრებას გათავისუფლებიდან ერთთვიან ვადაში. საქართველოს პარლამენტის 2002 წლის 28 ივნისის ¹გ-1716/66-61 წერილით განათლების სამინისტროსამი დადასტურებულად იქნა მიჩნეული ის გარემოება, რომ ნ. გ-ე თანამდებობიდან გათავისუფლდა შრომის კანონთა კოდექსის მე-40 მუხლის დარღვევით. სასამართლოს საქმის პირველი ინსტანციით განხილვისას არ უმსჯელია იმ გარემოებაზე, თუ როდის ჩაბარდა ნ. გ-ს 2002 წლის 22 მარტის ბრძანება. სასამართლოს ასევე არ უმსჯელია ხელქვეითობის წესით გათავისუფლების ბრძანების გასაჩივრებისას ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის ან არშეწყვეტის თაობაზე, რაც სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლის, შრომის კანონთა კოდექსის 204-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, უნდა შეფასებულიყო საქმის არსებითი განხილვის შემთხვევაში (ტომი 4, ს.ფ. 163-167).

რაიონული სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. გ-მ, რომელმაც მოითხოვა მისი მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება (ტომი 4, ს.ფ. 171-173).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 22 ნოემბრის განჩინებით ნ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 15 ივლისის განჩინება.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში (ნ. გ-ის ... საშუალო სკოლის ....ად აღდგენის მოთხოვნის ნაწილში) არსებითად სწორია. თბილისის საოლქო სასამართლოს და საქართველოს უზენაეს სასამართლოს თავიანთ გადაწყვეტილებებში უკვე ნამსჯელი ჰქონდათ ხანდაზმულობაზე, ხოლო ნ. გ-ს სასამართლოსათვის არ წარუდგენია ახალი მტკიცებულებები და არ მიუთითებია რაიმე ისეთ გარემოებებზე, რომლებიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის თანახმად, მიჩნეულ იქნებოდა ახლად აღმოჩენილ გარემოებებად (ტომი 4, ს.ფ. 194-198).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. გ-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი განცხადების სრულად დაკმაყოფილება.

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს მოცემული დავის გადაწყვეტისას უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლით, რასაც ამ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. არასწორია სააპელაციო სასამართლოს მჯელობა ნ. გ-ის სკოლის ...ად აღდგენის მოთხოვნის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების სისწორის თაობაზე, იგი სასარჩელო განცხადებით ითხოვდა როგორც მასწავლებლობიდან, ასევე ... გათავისუფლების ბრძანების გაუქმებას, აქედან გამომდინარე, ორივე ამ მოთხოვნაზე უნდა განახლებულიყო წარმოება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო (ტომი 4, ს.ფ. 208-210).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე და განაპირობა არასწორი განჩინების გამოტანა. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, ვერ ასაბუთებს მისი მოთხოვნის არსებით საფუძვლიანობას.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 22 ნოემბრის განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.