¹ბს-565-534(კ-06) 31 მაისი, 2007წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ლალი ლაზარაშვილი
კასატორები(მოპასუხები) _ აჭარის ა/რ მთავრობა, აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე(მოსარჩელეები) _ საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფოლკლორის კვლევის ცენტრის თანამშრომლები ლ. გ-ი და სხვათა, სულ 17 პირი
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.05.06წ. განჩინება
დავის საგანი _ ნორმატიული ადმინისტრაციული აქტის გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 23.12.05წ. აჭარის ა.რ. მთავრობისა და აჭარის ა.რ. განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიმართ სასარჩელო განცხადებით მიმართა სსიპ ,,ფოლკლორის კვლევითი ცენტრის" ჩვიდმეტმა თანამშრომელმა მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ აჭარის ა.რ. მთავრობის 05.07.05წ. ¹67 დადგენილებით შეიქმნა სსიპ ,,ფოლკლორის კვლევის ცენტრი" და დამტკიცდა მისი დებულება. აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარის 29.11.05წ. ¹115 დადგენილებით ლიკვიდირებულ იქნა სსიპ ,,ფოლკლორის კვლევის ცენტრი" და ძალადაკარგულად ჩაითვალა ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ფოლკლორის კვლევითი ცენტრის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ" აჭარის ა.რ. მთავრობის 02.09.04წ. ¹24 დადგენილება. მოსარჩელეთა აზრით აჭარის ა.რ. მთავრობას არ ჰქონდა უფლება მიეღო მსგავსი შინაარსის დადგენილება, ვინაიდან ფოლკლორის კვლევის ცენტრი შეიქმნა 05.07.05წ. ¹67 დადგენილებით, რომელიც მოსარჩელეთა განცხადებით კვლავინდებურად ძალაშია.
მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ გასაჩივრებული აქტი უშუალოდ ეხება მოსარჩელეთა კანონიერ უფლებებს, ვინაიდან ამ აქტით ლიკვიდირებული იქნა ორგანიზაცია, რომელშიც ისინი მუშაობდნენ და მიმდინარეობს სამსახურიდან მათი გათავისუფლების პროცესი. სადავო აქტი გამოცემულია ზაკ-ის 52.2 მუხლის მოთხოვნათა დარღვევით ვინაიდან მასში მითითებული არ არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების წესი და ვადა, ზაკ-ის 53-ე მუხლის დარღვევით აქტი არ შეიცავს დასაბუთებას. სადავო აქტის გამოცემის პროცესში ჩართულნი არ იყვნენ მოსარჩელეები, რომლებსაც არ მიეცათ აზრის გამოთქმის საშუალება, რითაც მოსარჩელეთა აზრით, ადმინისტრაციულმა ორგანომ დაარღვია ზაკ-ის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას დაირღვა ასევე ზაკ-ის 96-ე, 97-ე და 116-ე მუხლების მოთხოვნები.
მოსარჩელეებმა აღნიშნეს აგრეთვე, რომ აჭარის ა.რ. განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრის მიერ 01.12.05წ. მიღებული იქნა ¹465 ბრძანება, რომლითაც შეიქმნა სსიპ ,,ფოლკლორის კვლევის ცენტრის სალიკვიდაციო კომისია”, ხოლო ამავე დღის ¹466 ბრძანებით ცენტრის დირექტორი ი. ე-ი გაფრთხილებული იქნა თანამდებობიდან მოსალოდნელი განთავისუფლების შესახებ. მოსარჩელეების აზრით, ზემოაღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
მოსარჩელეებმა აჭარის ა.რ. მთავრობის 29.11.05წ. ¹115 დადგენილების, აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 01.12.05წ. ¹465 და ¹466 ბრძანებების ბათილად ცნობა და სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო აქტების მოქმედების შეჩერება მოითხოვეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 10.01.06წ. განჩინებით უარი ეთქვათ მოსარჩელეებს აჭარის ა.რ. მთავრობის 29.11.05წ. ¹115 დადგენილების და აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 01.12.05წ. ¹465 და ¹466 ბრძანებების მოქმედების შეჩერებაზე. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 03.02.06წ. გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, მიღების დღიდან ბათილად იქნა ცნობილი აჭარის ა.რ. მთავრობის 29.11.05წ. ¹115 დადგენილება საჯარო სამართლის იურიდიული პირის ,,ფოლკლორის კვლევითი ცენტრის" ლიკვიდაციის ნაწილში, მიღების დღიდან ბათილად იქნა ცნობილი აგრეთვე აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 01.12.05წ. ¹465 და ¹466 ბრძანებები.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 03.02.06წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 27.04.06წ. განჩინებით დაკმაყოფილდა სსიპ ,,ფოლკლორის კვლევითი ცენტრის" თანამშრომლების კერძო საჩივარი გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 10.06.06წ. განჩინება და შეჩერდა სადავო აქტების მოქმედება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე (ს.ფ. 190-192).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 11.05.06წ. განჩინებით აჭარის ა.რ. მთავრობის და აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აჭარის ა.რ. მთავრობის 29.11.05წ. ¹11 დადგენილება მიღებული იქნა ზაკ-ის 32-ე, 34-ე, 55-ე, 56-ე, 210-ე, 211-ე და 213-ე მუხლების მოთხოვნათა დარღვევით. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო აქტი ნორმატიულ აქტს წარმოადგენდა და მიღებული უნდა ყოფილიყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით, შესაბამისად _ აქტის გამოცემასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოება უნდა დაწყებულიყო ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის უფლების მქონე ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) გადაწყვეტილებით.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა აპელანტების მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ,,ნორმატიული აქტების შესახებ” აჭარის ა.რ. კანონის თანახმად, აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გააჩნდა გასაჩივრებული ნორმატიული აქტის პროექტის მომზადებისა და მთავრობის სხდომაზე გატანის უფლებამოსილება. ამასთანავე, სააპელაციო პალატის აზრით, სადავო დადგენილება მიღებულ იქნა ზაკ-ის 213-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, კერძოდ, აქტის პროექტი და მასთან ერთად ცნობა ადმინისტრაციული წარმოების შესახებ არ გამოქვეყნებულა.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ აჭარის ა.რ. მთავრობა წარმოადგენს კოლეგიურ საჯარო დაწესებულებას, რის გამოც ზაკ-ის 32-ე მუხლის საფუძველზე იგი ვალდებული იყო სხდომები ღიად და საჯაროდ წარემართა, ხოლო ამავე კოდექსის 34-ე მუხლის შესაბამისად ევალებოდა ერთი კვირით ადრე საჯაროდ გამოეცხადებინა მომავალი სხდომის, მისი ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე, ხოლო შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას _ ასევე მისი დახურვის შესახებ. განსახილველ შემთხვევაში არ არსებობდა რაიმე გადაუდებელი აუცილებლობა, რის გამო სხდომა არ უნდა ჩატარებულიყო ზაკ-ის 34-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული წესების დაუცველად. აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატამ ზემოთ მთითებული გარემოება მიიჩნია ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას დაშვებულ არსებით დარღვევად.
სააპელაციო სასამართლოს აზრით, აპელანტებმა ვერ დაადასტურეს, რომ სსიპ ,,ფოლკლორის კვლევის ცენტრის" ლიკვიდაცია მისი საქმიანობის მიზნის მიუღწევლობის გამო იყო აუცილებელი.
სააპელაციო სასამართლოს 27.04.06წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს აჭარის ა.რ. მთავრობამ და აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ. კასატორებმა აღნიშნეს, რომ ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი შეიძლება შეიქმნას მხოლოდ ისეთი საჯარო მიზნებისა და ფუნქციების შესასრულებლად, რომელთა განხორციელება უშუალოდ არ შედის სახელმწიფო მმართველობის ორგანოების კომპეტენციაში. საქართველოს მეცნიერების აკადემიასთან არსებული სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის საქმიანობის ერთ-ერთ მიმართულებას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ფოლკლორის მეცნიერული კვლევა წარმოადგენს. ამასთანავე, ფოლკლორის კვლევა შესაძლებელია განახორციელონ მეცნიერებათა აკადემიაში შემავალმა სხვა დაწესებულებებმა ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაბამის ფაკულტეტებთან არსებულმა სამეცნიერო ცენტრებმა. აღნიშნულის გათვალისწინებით სსიპ ,,ფოლკლორის კვლევის ცენტრის" არსებობა კანონსაწინააღმდეგო და მიზანშეუწონელი იყო.
კასატორები თვლიან, რომ სადავო ¹115 დადგენილება მიღებულ იქნა კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით. ზაკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას გამოიყენება საჯარო ადმინსტრაციული წარმოებისათვის დადგენილი წესები იმ შემთხვევაში, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. ,,აჭარის ა.რ. სტატუსის შესახებ" საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, აჭარის ა.რ. მთავრობის სტრუქტურა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება აჭარის ა.რ. რესპუბლიკის კანონით. აღნიშნულ კანონთან ერთად დადგენილების მიღების წესები დადგენილია აჭარის ა.რ. მთავრობის რეგლამენტით, რომელიც განსაზღვრავს და არეგულირებს მთავრობის სამართლებრივი აქტების მომზადების, გაფორმების, მიღების და გამოცემის, მთავრობის სხდომების, მთავრობის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე პროექტების მომზადების ორგანიზაციას, პროცედურას და ვადებს. ,,აჭარის ა.რ. ნორმატიული აქტების შესახებ" აჭარის ა.რ. კანონის III თავით განსაზღვრულია ნორმატიული აქტების მომზადების, მიღების, გამოქვეყნებისა და მოქმედების წესები. კასატორები თვლიან, რომ სადავო დადგენილების კანონიერების შემოწმება უნდა განხორციელებულიყო სწორედ ზემოთმითითებული სამართლებრივი აქტების საფუძველზე.
კასატორები არ იზიარებენ სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ზაკ-ის შესაბამისად აჭარის ა.რ. მთავრობა, როგორც კოლეგიური ორგანო, ვალდებული იყო ღიად და საჯაროდ წარემართა სხდომები და მიუთითებენ, რომ ,,აჭარის ა.რ. მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილების და საქმიანობის წესის შესახებ" აჭარის ა.რ. კანონის მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მთავრობის სხდომა, როგორც წესი, დახურულია.
კასატორთა განცხადებით, სააპელაციო პალატამ სამართლებრივი შეფასების გარეშე დატოვა ის ფაქტი, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლომ დადგენილების ბათილად ცნობის საფუძვლად მიუთითა ზაკ-ის ის მუხლები, რომლებიც ეხება ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის მიღების წესებს. ,,აჭარის ა.რ. ნორმატიული აქტების შესახებ" აჭარის ა.რ. კანონის მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, აჭარის ა.რ. მთავრობის დადგენილება წარმოადგენს მთავრობის ნორმატიულ აქტს.
კასატორები თვლიან, რომ მათი საკასაციო საჩივარი ასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტის საფუძველზე დასაშვებად უნდა იქნეს მიჩნეული, ვინაიდან, მათი აზრით, საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლოს 31.10.06წ. განჩინებით საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული. მხარეებს უფლება მიეცათ წარმოედგინათ მოსაზრება საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით.
სსიპ ,,ფოლკლორის კვლევითი ცენტრის" თანამშრომლებმა წარმოადგინეს მოსაზრება, რომელშიც აღნიშნეს, რომ საკასაციო საჩივარი ვერ აკმაყოფილებს ასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით წარმოდგენილ მოსაზრებაში აღნიშნა, რომ მისი საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს ასკ-ის 34-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა" და ,,გ" ქვეპუნქტებით დადგენილ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის კრიტერიუმებს, რის გამოც დასაშვებად უნდა იქნეს მიჩნეული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 22.02.07წ. განჩინებით აჭარის ა/რ მთავრობის და აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეული იქნა დასაშვებად და განხილული იქნა მხარეთა დასწრებით.
საკასაციო პალატის სხდომაზე კასატორების წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს მათ საკასაციო საჩივარს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება. მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა საკასაციო საჩივრის მოტივები არ ცნო და ითხოვა საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა საკასაციო საჩივრის უსაფუძვლობის გამო. მხარეთა შორის მორიგება ვერ შედგა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ფოლკლორის კვლევის ცენტრის ლიკვიდაციის შესახებ" აჭარის ა/რ მთავრობის 29.11.05წ. ¹115 დადგენილების პირველი პუნქტის თანახმად მოხდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფოლკლორის კვლევის ცენტრის ლიკვიდაცია, ხოლო მეორე მუხლით ძალადაკარგულად გამოცხადდა აჭარის ა/რ მთავრობის 02.09.04წ. ¹24 დადგენილება. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ" საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქმიანობის შეწყვეტის აქტი არ შეიძლება იყოს დაფუძნების აქტზე ნაკლები იურიდიული ძალის მქონე. სადავო აქტით, აჭარის ა/რ მთავრობის 29.11.05წ. ¹115 დადგენილებით, ძალადაკარგულად ცნობილი აჭარის ა.რ. მთავრობის 02.09.04წ. ¹24 დადგენილება ეხება არა საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფოლკლორის კვლევის ცენტრის დაფუძნებას, არამედ აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების _ გეოლოგიისა და სამთო საქმის დეპარტამენტის დაარსებას და მისი დებულების დამტკიცებას. საჯარო სამართლის იურიდიული პირი ფოლკლორის კვლევის ცენტრი დაფუძნებული იყო აჭარის ა/რ მთავრობის არა 02.09.04წ. ¹24, არამედ 05.07.05წ. ¹67 დადგენილებით, რომელიც აჭარის ა/რ მთავრობის ნორმატიული აქტით არ გაუქმებულა. “აჭარის ა.რ. ნორმატიული აქტების შესახებ” აჭარის ა.რ. კანონის მე-18 მუხლის ,,ა" ქვეპუნქტის, მე-19 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ნორმატიული აქტის დასკვნითი დებულებანი უნდა შეიცავდეს იმ ნორმატიული აქტების ჩამონათვალს, რომლებიც ძალას კარგავენ მოცემული ნორმატიული აქტის ამოქმედების მომენტიდან. ამდენად, ხსენებული საკანონმდებლო აქტის თანახმად, ნორმაშემოქმედებითი საქმიანობის სავალდებულო წესს წარმოადგენს ნორმატიულ აქტში იმ ნორმატიულ აქტზე მითითება, რომელიც ძალას კარგავს ახალი ნორმატიული აქტის ამოქმედების მომენტიდან. მიუხედავად აღნიშნულისა, სადავო ნორმატიული აქტი არ შეიცავს მითითებას სსიპ ფოლკლორის კვლევის ცენტრის სადამფუძნებლო აქტის, აჭარის ა/რ მთავრობის 05.07.05წ. ¹67 დადგენილების გაუქმებაზე, რომლითაც დაფუძნდა ცენტრი და დამტკიცდა ცენტრის დებულება. სადავო აქტით ძალადაკარგულად ცნობილი 02.09.04წ. ¹24 დადგენილებას არ აქვს რაიმე კავშირი სსიპ ფოლკლორის კვლევის ცენტრის დაფუძნებასთან, მიუხედავად ამისა საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ მოპასუხეს აჭარის ა/რ მთავრობას არ შეუტანია ცვლილება სადავო აქტში.
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ" კანონის მე-15 მუხლის ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად საჯარო სამართლის იურიდიული პირი წყვეტს არსებობას დასახული მიზნის მიღწევის ან მიზნის მიღწევის შეუძლებლობის შემთხვევაში. სსიპ ფოლკლორის კვლევის ცენტრის დებულების მე-2 პუნქტის თანახმად ცენტრის მიზანს წრმოადგენს ეროვნული ფოლკლორის ყველა დარგის და ჟანრის ნიმუშების მოძიება და დამუშავება, ფოლკლორული ექსპედიციების მოწყობა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, ფოლკლორული არქივის შექმნა, ფოლკლორული ფესტივალების ორგანიზება, ძველი ხალხური რეწვის ნიმუშების შეგროვება და რესტავრაცია, საჯარო ლექციების მოწყობა საქართველოს ცნობილ სპეციალისტთა მონაწილეობით, ფოლკლორის მუზეუმის შექმნა და ა.შ. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნის, ასევე მისი ლიკვიდაციის მიზანშეწონილობის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ დასახული მიზნის მიღწევის ან მიზნის მიღწევის შეუძლებლობის, მთავრობის მიერ შექმნილი სტრუქტურული ერთეულის ეფექტურობის საკითხის გადაწყვეტა განეკუთვნება აჭარის ა/რ მთავრობის დისკრეციული უფლებამოსილების სფეროს. კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების გადასინჯვის განსხვავებული წესი, მისი მხოლოდ კანონიერების თვალსაზრისით შემოწმება, კოლეგიური ორგანოს განსაკუთრებული სტატუსის და მისი დისკრეციული უფლებამოსილების შეზღუდვის მიზანშეუწონლობის გამო კოლეგიური ორგანოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს სასამართლო ამოწმებს მხოლოდ კანონიერების თვალსაზრისით. ამდენად, აჭარის ა/რ მთავრობა უფლებამოსილი იყო საჯარო და კერძო ინტერესების შეფასების საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამოდენიმე გადაწყვეტილებიდან შეერჩია ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება, მათ შორის გადაწყვეტილება სსიპ ფოლკლორის კვლევის ცენტრის ლიკვიდაციის შესახებ. ამასთანავე, ზემოაღნიშნული არ გამორიცხავს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას დაიცვას ნორმატიული აქტის გამოცემისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესები. აღმასრულებელი ორგანოსათვის სამართლებრივი ნორმების დამოუკიდებელი გამოცემის, ადმინისტრაციული ნორმაშემოქმედების უფლებამოსილების მინიჭება არის ნებისმიერი ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენციის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, რაც განაპირობებს ასეთი უფლებამოსილების რეალიზაციის პროცედურის ზედმიწევნითი დაცვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას.
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ" კანონის მე-2 მუხლის, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ" ქვეპუნქტის თანახმად ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირი იქმნება ნორმატიული აქტით. ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ" კანონის მე-11 მუხლის, ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" კანონის მე-9 მუხლის თანახმად დადგენილება არის მთავრობის ნორმატიული აქტი. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აჭარის ა/რ მთავრობის სადავო დადგენილება არ ახდენს ნორმატიული აქტებისათვის დამახასიათებელ საყოველთაო აბსტრაქტულ მოწესრიგებას, თავისი შინაარსიდან გამომდინარე, სადავო ნორმატიული აქტი უშუალოდ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გარეშე, ეხება ფოლკლორის ცენტრის თანამშრომელთა ინტერესებს, რაც დამატებით ადასტურებს ადმინისტრაციული ორგანოს ვადებულებას აქტის მიღებისას დაეცვა ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი პროცედურა, მიეცა მოსარჩელეებისათვის თავიანთი მოსაზრებების წარმოდგენის შესაძლებლობა.
სასკ-ის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალადაკარგულად ცხადდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი წესით. სზაკ-ის 210-ე მუხლის მიხედვით ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას (მიღებისას) გამოიყენება საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი წესები. საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სადავო ნორმატიული აქტი მიღებულია ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემასთან დაკავშირებით სზაკ-ით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოების წესების გაუთვალისწინებლად, სადავო აქტი მიღებულია სზაკ-ის 211-ე, 213-ე მუხლების მოთხოვნათა დარღვევით, კერძოდ ადმინიტსრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემასთან დაკავშირებით არ გამოცემულა ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ცნობა ადმინისტრაციული წარმოების შესახებ და ნორმატიული აქტის პროექტი კანონმდებლობით დადგენილი წესით არ გამოქვენებულა, სზაკ-ის 216-ე მუხლის დარღვევით მოსარჩელეებს არ მიეცათ შესაძლებლობა წარედგინათ საკუთარი მოსაზრებები ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტთან, შესაბამისად პროექტთან დაკავშირებული მოსაზრება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ განხილულა. ამდენად საკასაციო პალატა თვლის, რომ სადავო ნორმატიული აქტი მიღებულია შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების სახეობის უგულებელყოფით. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა, აგრეთვე კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევა, სზაკ-ის 601 მუხლის თანახმად, იწვევს აქტის ბათილობას.
სახეზეა აგრეთვე სზაკ-ის 601 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ისეთი საფუძველი, როგორიცაა სხდომის ჩატარება სზაკ-ის 32-ე და 34-ე მუხლებით გათვალისწინებული წესის დარღვევით. საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისას, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების მსგავსად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია გამართოს ზეპირი მოსმენა. ამ თვალსაზრისით საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებაში შემოტანილია ფორმალური ადმინიტსრაციული წარმოების ელემენტები. ზეპირი მოსმენის გამართვა იძლევა საზოგადოების აზრის გათვალისწინების საუკეთესო შესაძლებლობას. ზაკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას (მიღებისას) გამოიყენება საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი წესები. ამავე კოდექსის 120-ე მუხლის 1 ნაწილის მიხედვით, საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისას უნდა გაიმართოს ზეპირი მოსმენა, რომლის დროსაც გამოიყენება კოდექსის 110-112-ე მუხლების დებულებები. აღნიშნული დებულებით საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებაში შემოტანილია ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების ელემენტები. კოდექსის 110-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს მხოლოდ ზეპირი მოსმენის გამართვის საფუძველზე, მე-2 ნაწილის თანახმად, დაინტერესებულ მხარეებს უნდა ეცნობოთ ზეპირი მოსმენის შესახებ მის გამართვამდე 7 დღით ადრე მაინც და მოწვეული იქნენ ზეპირ მოსმენაში მონაწილეობის მისაღებად, ხოლო 111-ე მუხლის 1 ნაწილით დადგენილია, რომ სხდომა ზეპირ მოსმენასთან დაკავშირებით საჯაროა. სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია სხდომა დახურულად გამოაცხადოს სახელმწიფო, კომერციული, პროფესიული ან მხარის პირადი საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ამდენად, გადაწყვეტილების მიღების წინ ნორმატიული აქტის პროექტის ზეპირი მოსმენა უნდა გამართულიყო. აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოების მოსაზრებას იმის შესახებ, რომ აჭარის ა/რ მთავრობა ვალდებული იყო სადავო საკითხთან დაკავშირებით სხდომები წარემართა ღიად და საჯაროდ. აღნიშნულს არ ცვლის საკასაციო საჩივარში მოყვანილი მოსაზრება იმის შესახებ, რომ ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" აჭარის ა/რ კანონის მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ,,მთავრობის სხდომა როგორც წესი დახურულია”. ამავე ნორმის თანახმად, “კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აგრეთვე მთავრობის გადაწყვეტილებით სხდომა შეიძლება გამოცხადდეს საჯაროდ". საკასაციო პალატა თვლის, რომ ადმინისტრაციული წარმოების სახეობა, კერძოდ საჯარო წარმოების წესები, რომლის მიხედვითაც უნდა მომხდარიყო გადაწყვეტილების მიღება, განაპირობებდა ზეპირი მოსმენის ჩატარების საჭიროებას. სზაკ-ის 32-ე და 34-ე მუხლების დარღვევა ყოველთვის მიიჩნევა არსებით დარღვევად, გადაწყვეტილების ამ წესების დარღვევით მიღება მისი ბათილად ცნობის საფუძველია.
კანონმდებლობის მოთხოვნებს არ ემყარება კასატორთა მოსაზრება იმის შესახებ, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმები არ ვრცელდება აჭარის ა/რ მთავრობის საქმიანობის მიმართ. ის გარემოება, რომ კანონმდებლობა ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემასთან დაკავშირებით შედგება არა მხოლოდ სზაკ-ის, არამედ საქართველოს კონსტიტუციის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ" კანონის, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, სხვა საკანონმდებლო, აგრეთვე მათ საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტებისაგან(სზკ-ის 210.1 მუხ.), არ ნიშნავს სადავო ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შესაძლებლობას სზაკ-ის ნორმების მოთხოვნათა დაუცველად. ,,აჭარის ა/რ ნორმატიული აქტების შესახებ" კანონი განსაზღვრავს აჭარის ა/რ ნორმატიული აქტების სახეებს, მათ იერარქიას, ნორმატიული აქტების მომზადების, მიღების, გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვის და სისტემატიზაციის ზოგად წესებს. ნორმატიული აქტის მიღების კონკრეტულ პროცედურებს კანონი არ აწესრიგებს. ,,აჭარის ა/რ ნორმატიული აქტების შესახებ" კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად მთავრობის დადგენილების პროექტის მომზადების, გამოცემის, გამოქვეყნებისა და მოქმედების წესი აჭარის ა/რ ნორმატიულ აქტებთან ერთად უპირველეს ყოვლისა განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი ნორმატიული აქტებით. აღნიშნული კანონით აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ნორმაშემოქმედებითი პროცესის ცალკეული საკითხების მოწესრიგება არ გამორიცხავს აჭარის ა/რ ადმინისტრაციული ორგანოების, მათ შორის აჭარის ა/რ მთავრობის მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმების, კერძოდ კოდექსის მე-15 თავის (ადმინისტრაციული წარმოება ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემასთან დაკავშირებით) დებულებების დაცვის საჭიროებას. ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" კანონის მე-16 მუხლის მე-6 პუნქტის მითითება იმის შესახებ, რომ მთავრობის მუშაობის, მთავრობის სხდომის მომზადების, წარმართვისა და სხდომაზე საკითხის განხილვის წესი განისაზღვრება მთავრობის მიერ დამტკიცებული მთავრობის რეგლამენტით, ვერ გამორიცხავს აჭარის ა/რ მთავრობის საქმიანობის მიმართ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმების მოქმედებას, ხსენებული კანონის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად მთავრობა თავის უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ" საქართველოს კონსტიტუციური კანონის, საქართველოს კანონების და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტების საფუძველზე. ანალოგიურ დებულებას შეიცავს ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" კანონის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტი. კოლეგიურ ორგანოში, რომელსაც წარმოადგენს მთავრობა, გადაწყვეტილების მიღების სპეციფიკა განაპირობებს მთავრობის რეგლამენტით აქტის მიღების დამატებითი წესების შემოღებას, რაც ასევე არ გამორიცხავს სზაკ-ის ნორმების მოთხოვნების დაცვის საჭიროებას.
ამდენად სახეზეა სადავო აქტის მომზადების და მიღების რამდენიმე არსებითი დარღვევა, სახელდობრ: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებულია შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების წესების უგულებელყოფით, სადავო აქტი მიღებულია სხდომის საჯაროობის მოთხოვნის დარღვევით. სადავო ნორმატიული აქტი მიღებულია აგრეთვე ნორმაშემოქმედებითი წესების დარღვევით, კერძოდ სადავო აქტით გაუქმდა დადგენილება, რომელსაც არ აქვს რაიმე კავშირი სსიპ ფოლკლორის კვლევის ცენტრთან. ზემოაღნიშნული გარმოებები, საკასაციო პალატის აზრით, ქმნიან სადავო ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის და მის საფუძველზე მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის საფუძველს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატის 11.05.06წ. გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, საკასაციო საჩივარში მითითებულ კანონის დარღვევას არ აქვს ადგილი, რაც სსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. აჭარის ა/რ მთავრობის და აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.05.06წ. განჩინება;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.