ბს-56-56(კ-08) 16 აპრილი, 2008 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა დ. კ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 5 ნოემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2007 წლის 3 მაისს დ. კ-მა და ლ. ბ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართ სამუშაოზე აღდგენისა და განაცდური ხელფასის ანაზღაურების თაობაზე.
მოსარჩელეები სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდნენ, რომ დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდნენ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში. დ. კ-ი – ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტის ეკონომიკური განყოფილების მთავარ სპეციალისტად, ხოლო ლ. ბ-ე – მინისტრის აპარატის კანცელარიის მთავარ სპეციალისტად.
მოსარჩელეები აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2007 წლის 10 აპრილის ¹პ-6 ბრძანებებით გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობიდან.
მათი სამუშაოზე აღდგენა მოხდა სასამართლოს 2004 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით.
დ. კ-ი სამსახურში აღდგენის შემდეგ მუშაობდა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტის .... განყოფილების მთავარ სპეციალისტად. 2007 წლის 10 აპრილს მისთვის ცნობილი გახდა, რომ იგი გადაიყვანეს სხვა თანამდებობაზე, კერძოდ, ..... განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე. ვინაიდან აღნიშნული შტატი შემცირდა, იგი გათავისუფლებულ იქნა თანამდებობიდან. მოსარჩელის განმარტებით, მისი სხვა თანამდებობაზე გადაყვანა მოხდა მისი თანხმობის გარეშე და არც შესაბამისი ბრძანება ჩაჰბარებია, რითაც დაირღვა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლი.
ლ. ბ-ე გათავისუფლებულ იქნა დაკავებული თანამდებობიდან სტრუქტურული რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების გამო, მაგრამ მისი შტატი არ შემცირებულა, სადაც გადაყვანილ იქნა სხვა, უფრო დაბალი კვალიფიკაციის მქონე მოხელე, რითაც დაირღვა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მოთხოვნები. ამასთან, მისი გათავისუფლების ბრძანებაში არ არის დასაბუთებული თუ რის საფუძველზე მოხდა მისი ჩანაცვლება სხვა კადრით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაცული კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს დასაბუთებას. მოსარჩელეების განმარტებით კი მათი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებები არ შეიცავდა დასაბუთებას თუ რატომ მოხდა მათი სამუშაოდან გათავისუფლება, მაშინ როცა, ის თანამდებობები, რომლებზედაც ისინი მუშაობდნენ, ფაქტობრივად არ შემცირებულა, რითაც ასევე დაირღვა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 97-ე მუხლის მოთხოვნები.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეები ითხოვდნენ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2006 წლის 1 მაისის ბრძანების, დ. კ-ის სხვა სამუშაოზე გადაყვანის შესახებ და ამავე მინისტრის 2007 წლის 10 აპრილის ბრძანების, მათი სამსახურიდან გათავისუფლების ნაწილში ბათილად ცნობას, მოპასუხის დავალდებულებას მათი სამუშაოზე აღდგენის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე და განაცდური ხელფასის ანაზღაურებას.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 8 მაისის განჩინებით ლ. ბ-ის სასარჩელო განცხადება გამოიყო ცალკე წარმოებად.
მოპასუხე აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ სასარჩელო განცხადება არ ცნო და მოითხოვა მოსარჩელეებისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით დ. კ-ის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება იმის თაობაზე, რომ სხვა საშტატო თანამდებობაზე მისი გადაყვანა მოპასუხემ მისგან ფარულად განახორციელა და ამის შესახებ თითქოს მისთვის უცნობი იყო, ვინაიდან მოსარჩელე დ. კ-ი თითქმის 1 წლის განმავლობაში მუშაობდა მონიტორინგის განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე, იღებდა შესაბამის ანაზღაურებას ხელფასის სახით. რეორგანიზაციასთან დაკავშირებით მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ დ. კ-ი სწორედ მიზნობრივი პროგრამების მონიტორინგის განყოფილების მთავარი საპეციალისტის თანამდებობიდან გათავისუფლებაზე იქნა გაფრთხილებული. მოსარჩელეს სხვა სამუშაოზე გადაყვანასთან დაკავშირებით მოპასუხის მიმართ პრეტენზია არ განუცხადებია და არც ამის შესახებ გამოცემული ბრძანება გაუხდია სადავოდ.
"აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2004 წლის 17 აგვისტოს ¹11 დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 6 მარტის ¹21 დადგენილების საფუძველზე, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განხორციელდა სტრუქტურული რეორგანიზაცია, რასაც თან სდევდა შტატების შემცირება, კერძოდ, სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა რიცხოვნობა 92-დან 61 საშტატო ერთეულამდე შემცირდა, რაც მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია.
სამინისტროში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად გაუქმებულ იქნა სამინისტროს სტრუქტურული ერთეულის, ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტის ორივე ის განყოფილება, სადაც მუშაობდა მოსარჩელე დ. კ-ი სხვა სამუშაოზე გადაყვანამდე და მას შემდეგ, კერძოდ, როგორც ეკონომიკური განვითარების განყოფილება, ისე მიზნობრივი პროგრამების მონიტორინგის განყოფილება. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტროს 2007 წლის 10 აპრილის ¹17 ბრძანებით დამტკიცდა სამინისტროს ახალი სტრუქტურა, შესაბამისი საშტატო ერთეულებით.
ის ფუნქციური დატვირთვა, რაც რეორგანიზაციამდე სამინისტროს ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტის ამ ორ განყოფილებას გააჩნდა, რეორგანიზაციის შედეგად შექმნილ ახალ განყოფილებებზე გადანაწილდა.
"საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 96-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, როდესაც დაწესებულების რეორგანიზაციას თან სდევს შტატების შემცირება, მოხელე შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან ამავე კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე. კანონის 97-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად კი მოხელე შეიძლება გათავისუფლებულ იქნეს სამსახურიდან დაწესებულების შტატით გათვალისწინებული თანამდებობის შემცირების შემთხვევაში.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. კ-მა.
აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, როდესაც მიიჩნია, რომ "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 43-ე მუხლი ადმინისტრაციას უფლებას აძლევდა გადაეყვანა იგი სხვა თანამდებობაზე, თუმცა არ შეაფასა ფაქტობრივი გარემოება, კერძოდ, დაცული იყო თუ არა კანონის მოთხოვნები მისი სხვა თანამდებობაზე გადაყვანის შესახებ ბრძანების გამოცემისას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, იმისათვის, რომ აქტის გამოცემის ფორმა დაცულად ჩაითვალოს, წერილობით გამოცემული აქტი უნდა აკმაყოფილებდეს ამ კანონის 52-58-ე მუხლების მოთხოვნებს.
აპელანტის განმარტებით, მოპასუხემ ვერ დაადასტურა, რომ მას ოფიციალურად ჩაჰბარდა ბრძანება მისი სხვა თანამდებობაზე გადაყვანის შესახებ. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად, აქტი ძალაში შედის მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობის ან გამოქვეყნების დღეს.
ამავე კოდექსით ინდივიდუალურ ადმინისტრაციული აქტის ოფიციალური გაცნობა ნიშნავს პირისათვის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის გადაცემას ან ფოსტით გაგზავნას. Kკანონის მითითებული მოთხოვნაც მოპასუხის მიერ დარღვეულ იქნა.
ამასთან, აპელანტის მითითებით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მისი ეკონომიკური განვითარების განყოფილების მთავარი სპეციალისტის შტატიდან მიზნობრივი პროგრამების მონიტორინგის განყოფილების მთავარი სპეციალისტის შტატზე გადაყვანის თაობაზე არ შეიცავს სათანადო დასაბუთებას, თუ რატომ მოახდინა ადმინისტრაციამ მისი ამ თანამდებობაზე გადაყვანა, რითაც დაირღვა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მოთხოვნები. კონკრეტულ შემთხვევაში მისი სხვა თანამდებობაზე გადაყვანამდე უნდა გამოკვლეულიყო ფაქტობრივი გარემოებები, გადაყვანის მიზეზი და აპელანტის სურვილი. სხვა შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანო არ იყო უფლებამოსილი, მიეღო აღნიშნული გადაწყვეტილება. თანხმობა ამ თანამდებობაზე გადაყვანის შესახებ არც ზეპირად და არც წერილობით მოსარჩელეს არ გამოუთქვამს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მეორე პუნქტის თანახმად თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი ეკისრება იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
მოპასუხის მიერ კი არ იქნა წარმოდგენილი ის მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა, რომ აქტი გამოცემულ იქნა კანონის დაცვით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
ხოლო, რაც შეეხება აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონიმიკის მინისტრის 2007 წლის 10 აპრილის ¹პ-6 ბრძანებას მისი სამსახურიდან გათავისუფლების ნაწილში, აპელანტის განმარტებით, არამართებულია, ვინაიდან მისი ეკონომიკური განვითარების განყოფილების მთავარი სპეციალისტის შტატიდან მიზნობრივი პროგრამების მონიტორინგის განყოფილების მთავარი სპეციალისტის შტატზე გადაყვანა არ მომხდარა, რის გამოც მიზნობრივი პროგრამების მონიტორინგის განყოფილების მთავარი სპეციალისტის შტატიდან მისი გათავისუფლებაც ვერ მოხდებოდა.
"საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 96-ე მუხლის თანახმად, დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნის საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად. როდესაც დაწესებულების რეორგანიზაციას თან სდევს შტატების შემცირება, მოხელე შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან ამ კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე.
დაწესებულების რეორგანიზაციისას, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება, დაწესებულების ხელმძღვანელი უფლებამოსილია, გაითვალისწინოს ატესტაციის შედეგები.
ამავე კანონის 97-ე მუხლის თანახმად, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დაწესებულების შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებისას ან არაკანონიერად გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენისას. 2007 წლის 10 აპრილის საშტატო განრიგით და სამინისტროს დებულებით დასტურდება, რომ ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტი უცვლელად იქნა დატოვებული.
საფუძველსაა მოკლებული სასამართლოს მოტივაცია იმის შესახებ, რომ რეორგანიზაციის შედეგად მანამდე არსებული თანამდებობის გაუთვალისწინებლობა და ამ თანამდებობასთან ფუნქციურად შესაბამისი სხვა თანამდებობის შექმნა არ ნიშნავს რეორგანიზაციამდე არსებული თანამდებობის შენარჩუნებას, რაც დასტურდება ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2006 წლის 31 მაისის ¹33 ბრძანებითა და აჭარის ა/რ მთავრობის 2007 წლის 1 მაისის ¹44 დადგენილებით დამტკიცებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულებების ურთიერთშედარებით. ორივე ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტის ფუნქციები იდენტურია და მხოლოდ განყოფილებების სახელწოდებებშია ცვლილება.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 5 ნოემბრის განჩინებით დ. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, როგორც საქმის მასალებით დასტურდება, 2006 წლის 1 მაისის ბრძანებით დ. კ-ი დაინიშნა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტის მიზნობრივი პროგრამების მონიტორინგის განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე.
აღნიშნული ბრძანების მიღების შემდგომ დოდო კიკალაშვილთან შრომითსამართლებრივი ურთიერთობის დამადასტურებელი ყველა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია, როგორც სამინისტროს ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტის მიზნობრივი პროგრამების მონიტორინგის განყოფილების მთავარ სპეციალისტთან დაკავშირებით.
"საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 43-ე მუხლის თანახმად, სხვა თანამდებობაზე ან სხვა ადგილმდებარეობის სამუშაოზე მოხელის გადაყვანა, აგრეთვე მისთვის დაკავებული თანამდებობით გაუთვალისწინებელი დავალების დაკისრება დასაშვებია მხოლოდ მოხელის თანხმობით.
მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ დოდო კიკალაშვილი გაფრთხილებულ იქნა 2007 წლის 9 მარტს. აღნიშნული გაფრთხილება მიეცა მას, როგორც ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტის მიზნობრივი პროგრამების მონიტორინგის განყოფილების მთავარ სპეციალისტს.
საქმეში წარმოდგენილია შედგენილი მიზნობრივი პროგრამების მონიტორინგის განყოფილების მთავარი სპეციალისტის დ. კ-ის 2006 წლის 02 ოქტომბრის განცხადება შვებულებიდან დაბრუნების შესახებ. 2006 წლის 23 ოქტომბრის ¹193 ბრძანებით, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტის მიზნობრივი პროგრამების მონიტორინგის განყოფილების მთავარი სპეციალისტი დ. კ-ი ჩაითვალა კუთვნილი შვებულებიდან დაბრუნებულად 2006 წლის 2 ოქტომბრიდან.
აჭარის ა/რ მთავრობის 2007 წლის 6 მარტის ¹21 დადგენილების საფუძველზე განხორციელდა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში სტრუქტურული რეორგანიზაცია, რასაც თან სდევდა შტატების შემცირება. რეორგანიზაციის შედეგად გაუქმდა სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულში ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტში შემავალი ორივე ის განყოფილება, სადაც დ. კ-ი იყო დასაქმებული 2006 წლის 1 მაისის ბრძანების გამოცემამდე და მას შემდეგაც (ეკონომიკური განვითარების განყოფილება და მიზნობრივი პროგრამების მონიტორინგის განყოფილება). მინისტრის 2007 წლის 10 აპრილის ¹17 ბრძანებით დამტკიცდა სამინისტროს ახალი სტრუქტურა, შესაბამისი საშტატო ერთეულებით. ამდენად, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა დ. კ-ის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ეკონომიკური განვითარების განყოფილებას არ შეხებია რეორგანიზაცია. 2007 წლის 10 აპრილიდან გაუქმდა ის საშტატო ერთეულები, რომლებიც დ. კ-ს ეკავა როგორც ეკონომიკური განვითარების განყოფილებაში, ისე მიზნობრივი პროგრამების მონიტორინგის განყოფილებაში.
"საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 96.2 მუხლით მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დაწესებულების რეორგანიზაციისას, თუ მას თან სდევს შტატების შემცირება ამ კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე.
იმავე კანონის 97-ე მუხლის პირველი ნაწილით მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დაწესებულების შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებისას, ხოლო მესამე ნაწილით, მოხელე სამსახურიდან თავისუფლდება ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, გაფრთხილების ვადის გასვლის პირველსავე დღეს.
დ. კ-ის სამუშაოდან გათავისუფლებისას დაცულია "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 108.1 მუხლის მოთხოვნა მოსალოდნელი გათავისუფლების თაობაზე ერთი თვით ადრე გაფრთხილების თაობაზე.
მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. კ-მა.
Kკასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 5 ნოემბრის განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.
კასატორი საკასაციო საჩივარს ძირითადად აფუძნებდა იმავე გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდა სასარჩელო და სააპელაციო საჩივრებში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 1 თებერვლის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული დ. კ-ის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 1 თებერვლის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით.
2008 წლის 26 თებერვალს დ. კ-მა მოსაზრებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა მისი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა, ვინაიდან წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” და ,,გ” ქვეპუნქტების მოთხოვნებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, დ. კ-ის საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ დ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევის გარეშე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს დ. კ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც აღნიშნულ საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. უარი ეთქვას დ. კ-ს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.