¹ბს-566-539(კ-07) 18 ოქტომბერი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე, (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ლალი ლაზარაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
დ. ს-ემ 10.02.06წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს შსს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მიმართ და მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ ერთჯერადი თანხის _ 27807,36 ლარისა და ყოველთვიური სარჩოს 622.08 ლარის (გარემოებათა შეცვლამდე) დაკისრება მოითხოვა.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ მისი მამა, გ. ს-ე, გარდაიცვალა 95.02.93წ. საბრძოლო შვეულმფრენ «...» ..... ავიაკატასტროფის შედეგად. იგი, როგორც შვეულმფრენის ...., ასრულებდა თავის სამსახურებრივ მოვალეობას, კერძოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დავალებით ასრულებდა რეისს ოჩამჩირე-კოპიტნარი-ქუთაისი. შვეულმფრენის ავტოკატასტროფის მიზეზი იყო რთული მეტეოროლოგიური პირობები, რაც გამორიცხავს ეკიპაჟის ბრალეულობას დამდგარი შედეგის გამო. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, მოსარჩელის ოჯახი, ქუთაისის აეროპორტის ხელმძღვანელობის შესაბამისი ბრძანებით, 2000 წლამდე იღებდა მარჩენლის გარდაცვალების გამო ყოველთვიურ სარჩოს. ქუთაისის აეროპორტის სამართალმემკვიდრემ შპს ,,....»-მა, მოსარჩელისათვის გაუგებარი მიზეზების გამო, შეწყვიტა სარჩოს გადახდა, რის გამოც მას მოსარჩელის სარჩელის საფუძველზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 04.09.01წ. გადაწყვეტილებით დაეკისრა მოსარჩელის დედის _ ლ. ჭ-ის სასარგებლოდ 100 ლარისა და 53 თეთრის გადახდა, თუმცა აღნიშნული თანხა მათ არ მიუღიათ. საქართველოს შსს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის საკადრო პოლიტიკის უზრუნველყოფის სამმართველოს 29.12.04წ. ¹2/5-511 წერილით მოსარჩელისთვის ცნობილი გახდა შპს ,,....»-ის ლიკვიდაციის თაობაზე, რომლის ქონებაც 26.08.02წ. აქტის შესაბამისად გადაეცა საზღვრის დაცვის დეპარტამენტს, თუმცა დაზარალებული ოჯახებისათვის ზიანის ანაზღაურების საკითხი არ განხილულა. საზღვრის დაცვის დეპარტამენტი ეჭვქვეშ არ აყენებს მოსარჩელის უფლებებს ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, მაგრამ მიაჩნია, რომ სასამართლომ უნდა დაადგინოს ამ მოვალეობის შესრულების სუბიექტი. ამასთან, მოსარჩელემ მიუთითა, რომ «შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 09.02.99წ ¹48 ბრძანებულების 35-ე მუხლის თანახმად, მარჩენლის გარდაცვლებასთან დაკავშირებით, ზიანის ანაზღაურების უფლებით სარგებლობენ გარდაცვლილის შვილები, რომლებიც არიან სტუდენტები (სასწავლებლის დამთავრებამდე) მაგრამ არა უმეტეს 23 წლის ასაკისა. აღნიშნული ბრძანებულების 36-ე მუხლის შესაბამისად, მარჩენლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ზიანის ანაზღაურების მქონე პირებს ზიანი აუნაზღაურდებათ ყოველთვიური სარჩოს გადახდით, გარდაცვლილის იმავე ან იმავე თანრიგის ნებისმიერი სპეციალობის მუშაკის ბოლო სამი თვის სრულად ნამუშევარი, ფაქტობრივად მიღებული საშუალო ხელფასიდან. ბრძანებულების 42-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ლიკვიდაციის, რეორგანიზაციის (შერწყმა, შეერთება, გაყოფა, გამოყოფა, გარდაქმნა) ან პრივატიზაციის შემთხვევაში განცხადება შეიტანება მის უფლებამონაცვლე, ან მის ბაზაზე დაფუძნებულ ან შექმნილ ორგანიზაციაში, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზარალი, ხოლო მე-14 მუხლის თანახმად, დაზარალებულს ან მის კმაყოფაზე მყოფ პირებს, დაწესებული ყოველთვიური სარჩო ეძლევა მთლიანად, მიუხედავად იმისა, იღებენ თუ არა პენსიას, ხელფასს, შემოსავალს) ან სტიპენდიას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის აზრით, საქართველოს შსს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტი ვალდებული იყო, მოსარჩელისათვის, როგორც აწ გარდაცვლილი დ. ს-ის შვილისათვის, რომელიც იმყოფებოდა მის კმაყოფაზე და იყო 18 წლის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, აენაზღაურებინა მარჩენლის გარდაცვალებით მიყენებული ზიანი 26.08.02 წლიდან და შემდგომში ყოველთვიურად, სარჩოს გადახდით, რაც მოპასუხის 20.01.06წ. ცნობით წარმოადგენდა: ყოველთვიურ სარჩოს გარემოებების შეცვლამდე - 622.08 ლარს, 26.08.02 წლიდან (42 თვის) - 27807.36 ლარს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 24.05.06წ. განჩინებით ადმინისტრაციული საქმე დ. ს-ის სარჩელის გამო შპს ,,...» და საქართველოს შსს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მიმართ, მარჩენლის გარდაცვალების გამო თანხის დაკისრების თაობაზე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 27.10.06წ. გადაწყვეტილებით დ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქართველოს შსს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტს დაეკისრა დ. ს-ის სასარგებლოდ მიუღებელი ყოველთვიური სარჩოს თანხის 21150,72 (ოცდაერთი ათას ას ორმოცდაათი ლარი და სამოცდათორმეტი თეთრი) და 10.02.06წ-დან 29.05.10წ-მდე ყოველთვიუირი სარჩო 622,08 (ექვსას ოცდაორი ლარი და რვა თეთრი) ლარის გადახდა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სარჩელზე თანდართული ამავე სასამართლოს 04.09.01წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დადგენილად მიიჩნია, რომ დ. ს-ის მეუღლემ, მარჩენლის გარდაცვალების გამო, ყოველთვიური სარჩოს დანიშვნის მოთხოვნით სარჩელი აღძრა შპს ,,...» მიმართ, რაც დაკმაყოფილდა და შპს-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ყოველთვიური სარჩოს გადახდა 100,53 ლარის ოდენობით. ამასთან, დეპარტამენტის საკადრო პოლიტიკის უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის 29.12.04წ. წერილი ადასტურებს მოსარჩელის მტკიცებას იმის შესახებ, რომ დეპარტამენტი სადავოს ხდიდა ,,...» სამართალმემკვიდრედ ყოფნას, რის გამოც დაღუპული მფრინავის ოჯახებისათვის დანიშნული სარჩოს გადახდისაგან თავს იკავებდა. ქალაქ ქუთაისის საწარმოების რესტრუქტურიზაციისა და სახელმწიფო ქონებით შექმნილი საწარმოების ბალანსზე ჩამოწერისა და პრივატიზების საკითხების განმხილველი კომისიის 20.03.02წ. ¹4 სხდომის ოქმის და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს უფროსის 27.04.04წ. ¹467 წერილის საფუძველზე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დეპარტამენტის თავმჯდომარის 06.02.02წ. ¹11-9-68 მიმართვისა და ხსენებული ¹4 ოქმის საფუძველზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შპს ,,...» ლიკვიდაციისა და ლიკვიდირებული ქონების სახელმწიფო საზღვრის დეპარტამენტზე სამართალმემკვიდრეობის პრინციპით გადაცემის თაობაზე, რის გამოც დეპარტამენტი წარმოადგენს შპს ,,....» ქონების სამართალმემკვიდრეს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 27.10.06წ. გადაწყვეტილება 12.12.06წ. სააპელაციო წესით გაასაჩივრა შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწვეტილებით სასაზღვრო პოლიციის არასათანადო მოპასუხედ ცნობა მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.03.07წ. განჩინებით საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 27.10.06წ. გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ს-ე .... გარდაიცვალა და დ. ს-ე არის მისი შვილი. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ «შრომითი მოვალეობების შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის» 35-ე პუნქტის მიხედვით ზიანის ანაზღაურების უფლებით სარგებლობს შრომისუუნარო პირი, რომელიც გარდაცვლილის კმაყოფაზე იმყოფებოდა. შრომისუუნაროდ კი ითვლება 18 წლამდე არასრულწლოვანი, ხოლო სტუდენტი არა უმეტეს 23 წლისა. ამავე წესის 36-ე პუნქტის ,,ა» ქვეპუნქტით მარჩენლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ზიანის ანაზღაურების უფლების მქონე პირებს ზიანი უნაზღაურდებათ ყოველთვიური სარჩოს გადახდით, გარდაცვლილის იმავე ან იმავე თანრიგის ნებისმიერი სპეციალობის მუშაკის ბოლო სამი თვის სრულად ნამუშევარი ფაქტობრივად მიღებული საშუალო ხელფასიდან. შვეულმფრენის მეორე პილოტის ბოლო სამი თვის ხელფასი შეადგენს 622,08 ლარს. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, იმის შესახებ, რომ ის არ იყო სამართალმემკვიდრე. შპს ,,....» ქონება მიიღო საზღვრის დაცვის დეპარტამენტმა. მართალია, ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის ცნობით, შპს ,,....» მიმართ არ მიმდინარეობს რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის პროცესი, მაგრამ საქმეში არსებული მიღება-ჩაბარების აქტით შპს ,,....» მთელი ქონება გადაცემული აქვს საზღვრის დაცვის დეპარტამენტს. ამასთან, ქუთაისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს 20.03.02წ. ოქმით მთელი ქონება გადაეცა საზღვრის დაცვის დეპარტამენტს. ამ ოქმის დადგენილებითი ნაწილის მეორე პუნქტის მიხედვით გამოეყო შპს ,,....» ქონებიდან «....» ტიპის თვიმფრინავი შემდგომში მისი პრივატიზების მიზნით, ხოლო დანარჩენი ლიკვიდირებული ქონება მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე გადაეცა საზღვრის დაცვის დეპარტამენტს (სამართალმემკვიდრეობის პრინციპით). სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული პირდაპირ მიუთითებს, რომ მთელი ლიკვიდირებული ქონება გადაეცა საზღვრის დაცვის დეპარტამენტს სამართალმემკვიდრეობით. იგივეა აღნიშნული საზღვრის დაცვის დეპარტამენტის 2004 წლის ცნობაში, რომ იგი არის შპს ,,...» სამართალმემკვიდრე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.03.07წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს საქართველოს ... პოლიციამ, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და მის სასარგებლოდ ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.
კასატორმა მიუთითა, რომ საქმეში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია ცნობა, რომლის მიხედვითაც შპს ,,...» ამორიცხული არ არის სამეწარმეო რეესტრიდან, რაც მიუთითებს, რომ იგი იურიდიულად ჯერ კიდევ არსებობს და მისი ლიკვიდაციის პროცესი დასრულებული არ არის. ამდენად, სათანადო მოპასუხედ უნდა დარჩენილიყო შპს ,,....» და არა საქართველოს სასაზღვრო პოლიცია. მიუხედავად იმისა, რომ შპს ,,...» ქონების ძირითადი ნაწილი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე გადაეცა საზღვრის დაცვის დეპარტამენტს (სასაზღვრო პოლიციას) და იმის გამო, რომ სარეესტრო ჩანაწერებით შპს ,,...» ლიკვიდირებული არ არის, ხოლო ¹4 ოქმის საფუძველზე მას დარჩა ქონების გარკვეული წილი, იგი უნდა ჩაითვალოს სათანადო მოპასუხედ და დაეკისროს მოსარჩელის მიერ წამოყენებული მოთხოვნების დაკმაყოფილება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.