ბს-567-540(კ-07) 14 ნოემბერი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე
კასატორი _ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობა
მოწინააღმდეგე მხარე – დ. ქ-ე
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 20 თებერვლის განჩინება
დავის საგანი – სამუშაოზე აღდგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 20 აპრილს დ. ქ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ზესტაფონის რაიონის სოფ. ......... თემის საკრებულოს მიმართ სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ მუშაობდა ....... თემის საკრებულოს .........-ად, საიდანაც გათავისუფლდა საკრებულოს თავმჯდომარის 2006 წლის 22 მარტის ¹13/2 განკარგულებით.
მოსარჩელის განმარტებით, ზემოაღნიშნული განკარგულება არამართებულია, ვინაიდან ბრძანებაში გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 99-ე მუხლი, ხოლო ამ მუხლის რომელი ნაწილით იქნა გათავისუფლებული, ბრძანებაში აღნიშნული არ არის. ასევე გაურკვეველია თუ რაში გამოიხატა მის მიერ დისციპლინური გადაცდომა. ამასთან, განკარგულებით სამუშაოდან გათავისუფლების თარიღად მითითებულია ბრძანების გამოცემამდე წარსული დრო – 2006 წლის 17 მარტი.
,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლის შესაბამისად: ,,საქართველოს შრომის კანონმდებლობა მოხელეებსა და დამხმარე მოსამსახურეებზე ვრცელდება ამ კანონით განსაზღვრულ თავისებურებათა გათავალისწინებით. საჯარო სამსახურთან დაკავშირებული ის ურთიერთობა, რაც ამ კანონით არ წესრიდგება, რეგულირდება შესაბამისი კანონმდებლობით”.
ამავე კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად: ,,იმ საწარმოში, დაწესებულებასა და ორგანიზაციაში, სადაც არსებობს პროფკავშირი, დაუშვებელია ადმინისტრაციის ინიციატივით შრომის ხელშეკრულების (კონტრქატის) მოშლა პროფკავშირის თანხმობის გარეშე. შრომის ხელშეკრულების მოშლა ადმინისტრაციის მიერ უნდა მოხდეს პროფკავშირის თანხმობის მიღებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა”. მოსარჩელის განმარტებით, მისი სამსახურიდან გათავისუფლება მოხდა პროფკავშირის თანხმობის გარეშე, რაც არამართებულია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა სოფელ ....... თემის საკრებულოს თავმჯდომარის 2006 წლის 22 მარტის ¹13/2 განკარგულების ბათილად ცნობას, სამუშაოზე აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 13 ივნისის საოქმო განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება ა. ბ-ე.
მოპასუხე სოფელ ........ თემის საკრებულოს წარმომადგენელმა სასარჩელო განცხადება არ ცნო და მოითხოვა მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სარჩელი არ ცნო არც მესამე პირმა ა. ბ-ემ და მოითხოვა მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით დ. ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ......... თემის საკრებულოს თავმჯდომარის 2006 წლის 22 მარტის ¹13/2 განკარგულება. დ. ქ-ე აღდგენილ იქნა ......... თემის საკრებულოს .........-ად. მასვე აუნაზღაურდა იძულებით განაცდური დროის ხელფასი დავაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების დროის ჩათვლით.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ........ თემის საკრებულომ.
აპელანტის განმარტებით, მოსარჩელე დ. ქ-ე არ იყო პროფკავშირის წევრი და არც ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი ითხოვს საჯარო მოსამსახურის სამუშაოდან გათავისუფლების შემთხვევაში არარსებული პროფკავშირის თანხმობას, რის გამოც, აპელანტის განმარტებით, მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლება მოხდა კანონის სრული დაცვით.
აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 20 თებერვლის განჩინებით ......... თემის საკრებულოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლო განჩინებაში მიუთითებდა, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 99-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დისციპლინური გადაცდომისათვის. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების გარეშეც, თუ იგი უხეშად დაარღვევს სამსახურებრივ მოვალეობებს.
ამავე კანონის 78-ე მუხლის ,,ა” და ,,ბ” პუნქტების შესაბამისად, დისციპლინური გადაცდომა წარმოადგენს სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას, დაწესებულებისათვის ქონებრივი ზიანის მიყენებას, ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნას.
სააპელაციო პალატის განმარტებით, ის ფაქტი, რომ მოსარჩელე სისტემატურად ეზიდებოდა თვითმართველობის სამშენებლო მასალებს, არ დასტურდება საქმეში არსებული მასალებით. აღნიშნული კანონის 78-ე მუხლის ,,ბ” პუნქტის შესაბამისად კი, დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენს ზიანის მიყენება ბრალეულად.
მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობამ.
კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ 2007 წლის 20 თებერვალს, გასაჩივრებული განჩინების მიღების დროს, მოპასუხე ........ თემის საკრებულო არ არსებობდა, ......... თემის საკრებულო ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 651-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ლიკვიდირებული იყო (,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის ამოქმედების დღიდან ლიკვიდირებულია ,,ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული ადგილობრივი მნიშვნელობის ორგანო და რაიონის შემადგენლობაში შემავალი თვითმმართველი ერთეული”). ხოლო ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონი ამავე კანონის 68-ე მუხლის შესაბამისად, ამოქმედდა თვითმმართველობის წარმომადგელობითი ორგანოების არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან. ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის” საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს ამტკიცებს და ოფიციალურად აქვეყნებს საოლქო საარჩევნო კომისია. ზესტაფონის ¹51 საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების შედეგები ოფიციალურად გამოქვეყნდა და ძალაში შევიდა 2006 წლის 9 ოქტომბერს ანუ არჩევნების შედგების ოფიციალურად გამოქვეყნების დღიდან ლიკვიდირებულია ......... თემის საკრებულო და, კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს უფლება არ ჰქონდა, საქმე განეხილა ........ არარსებული საკრებულოს მონაწილეობით.
კასატორის განმარტებით, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 65-ე მუხლის შესაბამისად, მუნიციპალიტეტი არის თვითმმართველი ერთეულების სამართალმემკვიდრე. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობა ითვლება მოპასუხის – ......... თემის საკრებულოს სამართალმემკვიდრედ და სააპელაციო სასამართლოს საქმე უნდა განეხილა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მონაწილეობით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 20 თებერვლის განჩინების გაუქმებასა და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და ექვემდებარება დაკმაყოფილებას, შემდეგ გარამოებათა გამო:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს Gგანჩინებით ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის “გ" პუნქტის საფუძველზე, როგორც პროცესუალური კასაცია. კერძოდ, კასატორი მიიჩნევდა, რომ საქმე განხილული იყო მისი მონაწილეობის გარეშე, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლომ კასატორის მოთხოვნის საფუძველზე შეამოწმა სააპელაციო სასამართლოს მხრიდან საპროცესო ნორმების დარღვევის ფაქტი, რის შედეგადაც მიიჩნევს, რომ სახეზეა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ბ' პუნქტით განსაზღვრული აბსოლუტური საფუძველი.
“ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 651-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის ამოქმედების დღიდან ლიკვიდირებულია “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული ადგილობრივი მმართველობის ორგანო და რაიონის შემადგენლობაში შემავალი თვითმმართველი ერთეული.
იმავე კანონის 68-ე მუხლის შესაბამისად, “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" კანონი, გარდა 64-ე-67-ე მუხლებისა, ამოქმედდა 2006 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან, ხოლო 64-ე 67-ე მუხლები ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება მიღებულია 2007 წლის 20 თებერვალს, ანუ იმ პერიოდში, როდესაც საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე ლიკვიდირებული იყო ......... თემის საკრებულო.
იმავე ორგანული კანონის 65-ე მუხლის შესაბამისად, მუნიციპალიტეტი წარმოადგენს თვითმმართველი ერთეულის სამართალმემკვიდრეს. აღნიშნული მუხლის ანალიზი საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს მიიჩნიოს, რომ ადგილი აქვს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევას, რომლის შესაბამისადაც, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყველა სტადიაზე.
გამომდინარე იქიდან, რომ სახეზეა კანონისმიერი-უფლებამონაცვლეობა, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს ......... თემის საკრებულო უნდა შეეცვალა მისი სამართალმემკვიდრით _ ზესტაფონის მუნიციპალიტეტით, რომელსაც, როგორც პროცესის მონაწილე სუბიექტს, მიეცემოდა საკუთარი საპროცესო უფლებების რეალიზების საშუალება.
აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადგილი აქვს საქმის განხილვას ერთ-ერთი მხარის დაუსწრებლად, რაც იწვევს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს.
გარდა ზემოაღნიშნული საპროცესო დარღვევისა, საკასაციო სასამართლო ყუდრადღებას მიაქცევს საქმის არსებით მხარეზე: “საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, მოხელე არის პირი, რომელიც ინიშნება ან აირჩევა სახაზინო დაწესებულებაში საშტატო (შტატით გათვალისწინებულ) თანამდებობაზე.
საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს რა დ. ქ-ის ფუნქციურ დატვირთვას (ის იყო .........-ი), თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ ყუდარღება უნდა მიაქციოს იმ გარემოებას, რამდენად წარმოადგენდა დ. ქ-ე საჯარო მოსამსახურეს, ხომ არ სარგებლობდა დამხმარე მოსამსახურის სტატუსით, რომელთანაც საკრებულოს გაფორმებული ჰქონდა შრომითი ხელშეკრულება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პროცესუალური დარღვევების აღმოფხვრა და ზემოაღნიშნული გარემოებების დადგენა-გამოკვლევა ხელს შეუწყობს საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილების მიღებას, რა მიზნითაც საქმე განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და'
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 20 თებერვლის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.