Facebook Twitter

¹ბს-569-542(კ-07) 14 დეკემბერი, 2007წ.

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი _ შპს «ფ.-ი»

მოწინააღმდეგე მხარე _ გ. კ.-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 30 მარტის განჩინება

დავის საგანი _ მორალური ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2002 წლის 13 მარტს გ. კ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ფ.-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მორალური ზიანის ანაზღაურება 100000 აშშ დოლარის ოდენობით.

მოსარჩელის მითითებით, 1999 წლის 21 აპრილიდან იგი ქ. ფოთის საზღვაო-სავაჭრო ნავსადგურის გასამხედროებული დაცვის ..-ად მუშაობდა. 1999 წლის 23 ნოემბერს, 16:45 საათზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ნავსადგურის ტერიტორიაზე მდგარი რკინიგზის ვაგონის ქვეშ სასუქით სავსე ტომარა შეამჩნია და ... გ. კ.-ს უთხრა, რომ საჭირო იყო მისი გამოტანა და დაცვა, რადგანაც ეს მათ უშუალო მოვალეობაში შედიოდა. ამ მიზნით შევიდა ვაგონის ქვეშ, მაგრამ სანამ ტომარას გამოიტანდა, ვაგონი დაიძრა და გოგორწყვილმა მოკვეთა ფეხი. საწარმოო ტრავმის გამო მიღებული დაზიანებისათვის მკურნალობის ხარჯების, წამლების ხარჯებისა და ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურების მიზნით მიმართა ფოთის სასამართლოს, რომელმაც სარჩელი დააკმაყოფილა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის საოლქო სასამართლოში, რომელმაც ფოთის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უცლვლელად დატოვა. მოპასუხემ საქართველოს უზენაეს სასამართლოში შეიტანა საკასაციო საჩივარი, რომელიც არ დაკმაყოფილდა და დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მისი ჯანმრთელობის დაზიანება ნავსადგურის ბრალით მოხდა.

მოსარჩელის მითითებით, ნავსადგურის ბრალეული მოქმედების შედეგად მან დაკარგა ცალი ფეხი, რომლის რესტიტუცია შეუძლებელია, მოკლებულია შესაძლებლობას, თავისუფლად გადაადგილდეს. სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის თანახმად, მას უფლება აქვს, მოითხოვოს მორალური ზიანის კომპენსაცია ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანისათვის, რაც ფეხის დაკარგვით არის გამოწვეული. ამასთან, დაემართა დეპრესიული ნერვოზი, ხშირი ფობიებით, ღამ-ღამობით თითქმის არ სძინავს, გახდა ახლობლების მიმართ აგრესიული, რის შედეგადაც მეუღლემ ფაქტობრივად მიატოვა.

მოსარჩელის მოსაზრებით, მორალური ზიანისათვის მოთხოვნილი კომპენსაციის ოდენობაში გასათვალისწინებელია მოპასუხის ბრალის ფორმა და ხარისხი, მისი ოჯახის წევრებისადმი მიყენებული ზნეობრივი და მორალური ტანჯვა, მოპასუხის მატერიალური მდგომარეობა, რის გამოც უფლება აქვს, სუბიექტურად განსაზღვროს მიყენებული ზიანი, ამასთან, მორალური ზიანის მატერიალური ანაზღაურების ფორმისა და ოდენობის რეგულირება კანონმდებლობით განსაზღვრული არ არის, რადგან იგი კანონმდებელმა სასამართლოს ნებას მიანდო (ტ. II, ს.ფ. 3-5).

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილებით გ. კ.-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და სსიპ ქ. ფოთის ნავსადგურს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 30000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ გ. კ.-ის მიერ საწარმოო ტრავმის შედეგად მარჯვენა ფეხის დაკარგვა ფოთის ნავსადგურის ადმინისტრაციის ბრალეულობით იყო გამოწვეული. სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ¹73 აქტის თანახმად, გ. კ.-ის ავადმყოფობა _ «დეპრესიული ნერვოზი ხშირი ფობიებით» გამოწვეული იყო მიღებული საწარმოო ტრავმით. აღნიშნული დიაგნოზით გ. კ.-ე 2000 წლის 20 აპრილიდან აღრიცხვაზე იმყოფებოდა ...-ის ფსიქონერვოლოგიურ დისპანსერში. ამბულატორიული სამედიცინო ბარათიდან ამონაწერის თანახმად, იგი საჭიროებდა მარჯვენა ფეხზე შემდგომი პროთეზირების მიზნით ოპერაციას სპეციალიზირებულ კლინიკაში. მოსარჩელე ფაქტობრივად გაშორებული იყო მეუღლესთან მისი ნერვული ავადმყოფობის გამო, რაც დასტურდებოდა სასამართლო სხდომაზე მისი მეუღლის, ბ. ქ.-სა და ძმის _ ი. კ.-ის მოწმის სახით დაკითხვის შედეგად მიცემული ჩვენებებით.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ გ. კ.-ე განიცდიდა მორალურ და ფსიქოლოგიურ ტანჯვას, რაც კომპენსირებული უნდა ყოფილიყო მოპასუხისათვის თანხის დაკისრებით. სასამართლოს მითითებით, მოპასუხისათვის კომპენსაციის დაკისრებისას გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო გ. კ.-სათვის მიყენებული მორალური ზიანის სიმძიმე, მის მიერ განვლილი და გასავლელი ფსიქოლოგიური ტანჯვა, ის, რომ გ. კ.-ე ახალგაზრდაა, საჭიროებს მარჯვენა ფეხის ოპერაციას შემდგომი პროთეზირებისათვის სპეციალიზირებულ კლინიკაში, ასევე საჭიროებს დეპრესიული ნერვოზისაგან განკურნებას, რაც საშუალებას მისცემს, იშოვოს მისთვის შესაძლო სამუშაო ადგილი და საზოგადოების სრულუფლებიან წევრად იგრძნოს თავი. გ. კ.-ის ჯანმრთელობის გაუმჯობესების შემთხვევაში, მისი მეუღლე შესაძლებლად მიიჩნევს შვილთან ერთად ოჯახში დაბრუნებას. სასამართლომ გაითვალისწინა გ. კ.-ის საარსებო წყარო _ 71 ლარის ოდენობით პენსია, ასევე მოპასუხე ორგანიზაციის ფინანსური მდგომარეობა, რომ ის არის მომგებიანი ორგანიზაცია და მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილებულიყო 30000 აშშ დოლარის შესაბამისი კურსით ლარებში.

სასამართლოს მითითებით, აღნიშნული თანხა განსაზღვრულ იქნა იმ მოსაზრებით, რომ მოსარჩელისათვის მიყენებული მორალური ზიანი ძირითადად განპირობებული იყო სამი ერთმანეთთან უდავო მიზეზობრივ კავშირში მყოფი ფსიქოლოგიური მდგომარეობით, რომელთა არსებობის გამო შეფასებულ იქნა მოპასუხისათვის დასაკისრებელი თანხის ოდენობა: მარჯვენა ფეხის დაკარგვა _ 10000 აშშ დოლარად, ნერვოზული ავადმყოფობა _ 10000 აშშ დოლარად, ოჯახის დანგრევა _ 10000 აშშ დოლარად (ტ. II, ს.ფ. 157-161).

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ფ.-მ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა (ტ. II, ს.ფ. 164-168).

გადაწყვეტილება სააპელაციო წეესით გაასაჩივრა ასევე გ. კ.-მ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა (ტ. II, ს.ფ. 171-177).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 30 მარტის განჩინებით გ. კ.-ისა და ფ.-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, 2002 წლისათვის შპს «ფ.-ი» წარმოადგენდა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რის გამოც დავა განხილულ და გადაწყვეტილ იქნა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. ამიტომ არ არსებობდა ამ მოტივით გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. ამასთან, განსჯადობის საკითხი არც მხარეებს გაუხდიათ სადავოდ.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. კ.-ე მუშაობდა ფ.-ში გასამხედროებული დაცვის ...-ად. 1999 წლის 23 ნოემბერს, სამსახურში ყოფნის დროს, რკინიგზის ვაგონის ქვეშ სასუქით სავსე ტომარა შეამჩნია, ...-ს უთხრა, რომ საჭირო იყო მისი გამოტანა, რა მიზნითაც შევიდა ვაგონის ქვეშ, მაგრამ სანამ ტომარას გამოიტანდა, ვაგონი დაიძრა და გოგორწყვილმა მარჯვენა ბარძაყზე გადაუარა. ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2001 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილებით ფ.-ს გ. კ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა მკურნალობის ხარჯები _ 2118 ლარი, ერთჯერადი თანხა _ 1445 ლარი, 2001 წლის აპრილიდან ყოველთვიური სარჩო _ 71,66 ლარი. აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2001 წლის 13 ივლისის განჩინებით. ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2001 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილებაზე ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადება შეიტანა ფ.-მ, მაგრამ იგი განუხილველად იქნა დატოვეული დაუშვებლობის გამო. აღნიშნული განცხადების განხილვის დროს შეჩერებულ იქნა მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე გ. კ.-ის სარჩელზე ფ.-ისა და გ. კ.-ის სააპელაციო საჩივრების განხილვა. საქმის წარმოება განახლდა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ფ.-ის განცხადებაზე საქმის წარმოების დამთავრების შემდეგ.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, რამდენადაც ფ.-ის მიმართ მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ გ. კ.-ის სარჩელი 2001 წელს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით იყო განხილული, ამიტომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ფ.-ის განცხადება განხილულ და გადაწყვეტილ იქნა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, ხოლო მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის შეტანის დროს ფ.-ი საჯარო სამართლის იურიდიულ პირს წარმოადგენდა და ამიტომ მორალური ზიანის ანაზღაურების სარჩელი განხილული და გადაწყვეტილი იქნა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, რის გამოც სააპელაციო საჩივრები უნდა განხილულიყო ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. აღნიშნული კოდექსის 413-ემუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევაში დაზარალებულს შეუძლია, მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისათვისაც.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ფ.-ის მოსაზრება, რომ ზიანის მიყენებაში მას ბრალი არ მიუძღოდა, რასაც ფოთის რეგიონალური ტრანსპორტის პროკურორის 2002 წლის 21 მაისის სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის დადგენილების გაუქმების შესახებ დადგენილება ადასტურებდა. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ამ დადგენილებით გაუქმდა ფოთის რეგიონალური სატრანსპორტო პროკურატურის უფროსი გამომძიებლის 2000 წლის 29 აგვისტოს დადგენილება. გ. კ.-ის სხეულის დაზიანებასთან დაკავშირებით ჩატარდა მოკვლევა, მაგრამ 1999 წლის 10 დეკემბრის დადგენილებით არ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე დანაშაულის შემთხვევის არარსებობის გამო. სისხლის სამართლის საქმე განახლდა, მაგრამ 2000 წლის 29 აგვისტოს დადგენილებით კვლავ არ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე გ. კ.-ის სხეულის დაზიანების ფაქტზე დანაშაულის შემთხვევის არარსებობის გამო.

ამ დადგენილების თანახმად, გ. კ.-ისათვის ყოველ 6 თვეში უნდა ჩაეტარებინათ შრომის დაცვის წესების უსაფრთხოების შესახებ ინსტრუქტაჟი, რაც ნავსადგურის გასამხედროებული დაცვის ხელმძღვანელობას არ შეუსრულებია და წარმოადგენდა მხოლოდ დისციპლინური წესით დასჯადს, იგი არ იწვევდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. გაუქმდა რა 2000 წლის 29 აგვისტოს დადგენილება, კვლავ ჩატარდა მოკვლევა, მაგრამ 2002 წლის 21 ივნისის დადგენილებით არ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე დანაშაულის არარსებობის გამო გ. კ.-ის სხეულის დაზიანების ფაქტზე. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით აღნიშნული დადგენილებით მხოლოდ ირკვეოდა, რომ გ. კ.-ის სხეულის დაზიანების გამო არ არსებობს სისხლის სამართლის პასუხისგებაში რომელიმე პირის მიცემის საფუძველი, რაც არ გამორიცხავდა ნავსადგურის ბრალეულობას მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის გამო.

ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2001 წლის 2 აპრილის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია ფ.-ის ბრალი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის «ბ» ქვეპუნქტის მიხედვით, მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები და შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ესენია ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ. მატერიალური ზიანის ანაზღაურებისა და მორალური ზიანის ანაზღაურების სარჩელებში, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, იგივე მხარეები არიან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლის მიხედვით, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს, არ შეუძლიათ სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი. გ. კ.-ის მიერ მიღებული სულიერი დეპრესია, სულიერი ტრავმა, დადგენილია სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნით, რომლის მიხედვით, მოსარჩელეს აღენიშნება გახანგრძლივებული ნერვოზული მდგომარეობა, ავადმყოფობა «დეპრესიული ნერვოზი ხშირი ფობიებით», გამოწვეული მძიმე საწარმოო ტრავმით. გ. კ.-ის საარსებო წყაროს, მარჯვენა ფეხის დაკარგვის, ნერვოზული ავადმყოფობის, ოჯახის დანგრევისა და ფ.-ის ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, საპელაციო სასამართლოს აზრით, მოპასუხეს სწორად დაეკირა 30000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა (ტ. IV, ს.ფ. 70-74).

აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა შპს «ფ.-მ,» რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და გ. კ.-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის მითითებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის თანახმად, სხეულის დაზიანებისა და ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევაში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც, მაგრამ მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში, გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. მოსარჩელის მიერ მორალური ზიანის კომპენსაცია შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ ნავსადგურის ბრალით მიყენებული საწარმოო ტრავმის შედეგად განცდილი ფსიქიკური ზიანისათვის და არა ოჯახის დანგრევისა და ნავსადგურის ფინანსური მდგომარეობის გამო, რასაც არანაირი მიზეზობრივი კავშირი არ აქვს ქმედებასა და დამდგარ შედეგთან. ამასთან, გ. კ.-ის სხეულის დაზიანებაში ფ.-ის ბრალეულობას გამორიცხავს საქმეში არსებული ქ. ფოთის რეგიონული სატრანსპორტო პროკურატურის 2002 წლის 21 მაისის დადგენილება სისხლის სამართლის საქმის არაღძვრის შესახებ, რომლითაც ერთმნიშვნელოვნად დადგინდა გ. კ.-ის მიერ ...-ის სამსახურებრივი ინსტრუქციების მოთხოვნების დარღვევა და შრომის უსაფრთხოების დაცვის წესების უგულებელყოფა, ანუ აღნიშნული დადგენილების თანახმად, გ. კ.-ის სხეულის დაზიანება გამოწვეულ იქნა თავად დაზარალებულის მხრიდან არსებული შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევით. აღნიშნული საფუძვლით ფ.-მ განცხადებით მიმართა სასამართლოს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2001 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ, მაგრამ განცხადება მიჩნეულ იქნა დაუშვებლად ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო (ტ. IV, ს.ფ. 78-79).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს «ფ.-ის» საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ^ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 30 მარტის განჩინება და საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეცეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ საქმეზე დავის საგანია მორალური ზიანის ანაზღაურება კერძო სამართლის იურიდიული პირის _ შპს «ფ.-ის» მიმართ. დავის საგნის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული საქმე არ განეკუთვნება ადმინისტრაციული კატეგორიის დავას.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საერთო სასამართლოები ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილავენ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებს. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილი აკონკრეტებს, თუ რა შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული დავის საგანს. აღნიშნული მუხლის «გ» ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული დავის საგნად განსაზღვრულია ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე.

მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის «გ» ქვეპუნქტის ზემოაღნიშნული მოთხოვნა დაცული არ არის იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე ითხოვს მორალური ზიანის ანაზღაურებას არა ადმინისტრაციული ორგანოს, არამედ კერძო სამართლის იურიდიული პირის მიმართ. მართალია, სარჩელის აღძვრის მომენტში შპს «ფ.-ი» საჯარო სამართლის იურიდიულ პირს წარმოადგენდა, მაგრამ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს საქმე უკვე აღარ განეკუთვნებოდა ადმინისტრაციული კატეგორიის დავას, რაც ადმინისტრაციულ საქმეთა განმხილველი სასამართლოს განსჯადი იქნებოდა. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით საქმის განმხილველი სასამართლო საქმეზე განსჯად სასამართლოს უნდა წარმოადგენდეს საქმის გადაწყვეტის მომენტშიც.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია დარგობრივი განსჯადობის წესების დარღვევით, რის გამოც დარღვეულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2, 26-ე მუხლების, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის მოთხოვნები.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი საქმე წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის ,,ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ სამოქალაქო დავას, რის გამოც საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 30 მარტის განჩინება და საქმე განსახილველად გადაეცეს განსჯად სასამართლოს _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს «ფ.-ის» საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 30 მარტის განჩინება და საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეცეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.