ბს-570-543(კ-07) 21 ნოემბერი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
მიხეილ ჩინჩალაძე (თავმჯდომარე)
ნუგზარ სხირტლაძე (მომხსენებელი), ნინო ქადაგიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა კ. ფ-ოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
კ. ფ-ომ 01.11.05წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ქ. ბათუმის შს სამმართველოს მოსახლეობის რეგისტრაციის განყოფილების მიმართ და ქ. ბათუმის შს სამმართველოს მოსახლეობის რეგისტრაციის განყოფილების 16.07.04წ. დასკვნის ბათილად ცნობა, მოპასუხისათვის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის მის სახელზე გაცემისა და აღრიცხვიანობასა და კომპიუტერულ ელექტრონულ ბაზებში სათანადო ცვლილებების შეტანის უზრუნველყოფის დავალება მოითხოვა.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ 16.07.04წ. მოპასუხის მიერ შედგენილი დასკვნით ქ. ბათუმის შს სამმართველოს მოსახლეობის რეგისტრაციის განყოფილებაში არსებულ აღრიცხვიანობაში შეტანილ იქნა გარკვეული ცვლილებები, კერძოდ, კ. ფ-ზე გაცემული საქართველოს მოქალაქის პირადობის ¹გ ........ მოწმობა ამოღებული და გაუქმებულია, რის შემდეგ მოპასუხემ კ. ფ-ო, ადრე მინიჭებული პირადი ნომრის ......... შენარჩუნებით, რეგისტრაციაში გაატარა, როგორც მოქალაქეობის არმქონე პირი და მასზე გასცა ბინადრობის მოწმობა. მოსარჩელის აზრით, ზემოაღნიშნული დასკვნა შედგენილ იქნა ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნათა უხეში დარღვევით, რის გამოც მოსარჩელემ თავისი კანონიერი უფლებების დასაცავად არაერთხელ მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამის სამსახურს, შემდეგ თავად მოპასუხეს სთხოვა გაერკვია მისი საქართველოს მოქალაქეობის საკითხი თუ რამდენად კანონიერი იყო მათ მიერ შედგენილი დასკვნა, მოპასუხის მიერ 29.01.05წ. გაგზავნილ იქნა ¹7/1-14 წერილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობის, სამოქალაქო მდგომარეობის რეგისტრაციისა და მიგრაციის საკითხთა დეპარტამენტში, თუმცა პასუხი არ მიუღია. იგი ითვლება მოქალაქეობის არმქონე პირად, რის გამოც მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი ადგება. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს, თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, იმის გამო, რომ მოპასუხის მიერ უხეშად დაირღვა მის, კანონიერი უფლებების აღდგენა, რის გამოც იძულებული გახდა, მიემართა სასამართლოსთვის.
მოსარჩელის აზრით, მოპასუხის მიერ შედგენილი დასკვნა არ არის სწორი, კ. ფ-ო დაიბადა ქ. ბათუმში ......... წ. 1988 წელს დაამთავრა ქ. ბათუმის ......... სახელობის ¹....... საშუალო სკოლა, შემდეგ 1988-1990 წლებში სწავლის გაგრძელების მიზნით, ჩაეწერა და ცხოვრობდა ქ. ლენინგრადში, საიდანაც ამოეწერა 12.02.1990წ. და დაბრუნდა მშობლიურ ქალაქში, სადაც ნებისმიერ დროს ჰქონდა კანონიერი უფლება ჩაწერილიყო და რეგისტრაციაში გატარებულიყო მშობლების საცხოვრებელ ბინაში, რასაც მოპასუხეც არ უარყოფს. რუსეთის ფედერაციის კანონი _ რუსეთის მოქალაქეობის შესახებ სამოქმედოდ შემოიღეს 28.11.1971წ. იმ დროისათვის რუსეთის ტერიტორიიდან კ. ფ-ო უკვე ამოწერილი იყო და რუსეთის მოქალაქეობა არ მოუპოვებია, მაგრამ იმის გამო, რომ პასპორტის მონაცემებით მოსარჩელე მშობლების ბინაში ჩაწერილი იყო 31.12.1993წ. მოპასუხემ მიიჩნია, რომ ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის სამოქმედოდ შემოღების დღისათვის (25.03.1993წ.) კ. ფ-ო საქართველოში არ ცხოვრობდა და ამავე კანონის მე-3 მუხლის ,,ე” ქვეპუნქტის საფუძველზე მიიჩნია, რომ მოსარჩელე არ შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე. შესაბამისად, ქ. ბათუმის შსს სამმართველოს მოსახლეობის რეგისტრაციის განყოფილებაში 12.02.02წ. შესრულებული რეგისტრაცია საქართველოს მოქალაქეობის სტატუსით გაუქმდა და კ. ფ-ზე გაიცა მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის მოწმობა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მოპასუხე დაეყრდნო იმდროინდელი პასპორტის მონაცემებს, რომ კ. ფ-ო ჩაწერილი იყო მშობლების ბინაში 31.12.1993წ. მოპასუხეს არ გაურკვევია ის ფაქტი, რომ იგი საქართველოში არ ცხოვრობდა ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" ორგანული კანონის სამოქმედოდ შემოღების დროს 25.03.1993წ. მოპასუხეს კანონით დადგენილი წესით არ გაურკვევია, მოცემულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება შედიოდა თუ არა მის კომპეტენციაში, ასეთ შემთხვევაში მოქალაქეობის საკითხებს განიხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. ამდენად, მოპასუხის მიერ დაირღვა ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 33-42-ე მუხლებით დადგენილი მოთხოვნები.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 06.03.06წ. განჩინებით საქმეში არასათანადო მოპასუხე ქ. ბათუმის შს სამმართველოს მოსახლეობის რეგისტრაციის განყოფილება შეიცვალა სათანადო მოპასუხით სამოქალაქო რეესტრის ბათუმის სამსახურით.
ბათუმის საქალაქო სასამრთლოს 30.06.06წ. გადაწყვეტილებით კ. ფ-ოს სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა. რაც სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა კ. ფ-ომ, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.03.07წ. განჩინებით კ. ფ-ოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 30.06.06წ. გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი საფუძვლები, რომ კ. ფ-ო დაიბადა ქ. ბათუმში ......... წელს, ხოლო 1988 წელს ამოეწერა ქ. ბათუმიდან და საცხოვრებლად გადავიდა ქ. ლენინგრადში, სადაც ჩაეწერა კიდეც. 1990 წელს ამოეწერა და დაბრუნდა ქ. ბათუმში. 12.02.02წ. მასზე გაიცა საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა. 16.07.04წ. მოპასუხემ შეადგინა დასკვნა, რომლის თანახმად, ბათუმის შს სამმართველოს მოსახლეობის რეგისტრაციის განყოფილებაში არსებულ მონაცემებში შეტანილ იქნა ცვლილებები, კერძოდ, კ. ფ-ზე გაცემული საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ამოღებულ და გაუქმებული იქნა, ხოლო მასზე გაიცა ბინადრობის მოწმობა, როგორც მოქალაქეობის არმქონე პირზე.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" კანონის თანახმად, სწორად გაიცა ბათუმის შს სამმართველოს მოსახლეობის რეგისტრაციის განყოფილების მიერ კ. ფ-ზე ბინადრობის მოწმობა, ვინაიდან აღნიშნული კანონის მესამე მუხლში მითითებულია ის პირები, რომლებიც ითვლებიან საქართველოს მოქალაქეებად, კერძოდ: ა) პირი, რომელიც მუდმივად ცხოვრობდა საქართველოში არანაკლებ 5 წელი და ცხოვრობდა ამ კანონის სამოქმედოდ შემოღების დღისათვის, თუ ექვსი თვის ვადაში წერილობით არ განაცხადებს უარს საქართველოს მოქალაქეობაზე; ბ) საქართველოში დაბადებული პირი, რომელმაც 21.12.91წ. შემდეგ დატოვა საქართველო და ამდენად, ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლის ,,ა” პუნქტის მოთხოვნებს, თუ მას არა აქვს სხვა ქვეყნის მოქალაქეობა; გ) პირი, რომელიც საქართველოს მოქალაქეობას შეიძენს ამ კანონის შესაბამისად. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ 1988 წელს დატოვა საქართველო და დაბრუნდა მხოლოდ 1993 წელს. სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" კანონის შემოღების დღისათვის, ანუ 25.09.93წ. კ. ფ-ო არ ცხოვრობდა საქართველოში და, ამდენად, იგი ვერ აკმაყოფილებს მოქალაქეობის მინიჭებისათვის კანონით დადგენილ წესს. ამავე დროს სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტმა ვერ დაასაბუთა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას საპროცესო სასამართლის ნორმების დარღვევა, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგებზე და განაპირობა არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა. აპელანტმა სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და დასკვნები. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 22.03.07წ. განჩინებაზე 22.05.07წ. საკასაციო საჩივარი წარმოადგინა კ. ფ-ომ, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის მთლიანად დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის მოსაზრებით, გასაჩივრებული განჩინება არის უკანონო, იგი ზღუდავს მის უფლებას, იყოს იმ ქვეყნის მოქალაქე, სადაც დაიბადა და გაიზარდა. სასამართლომ არ გაიზიარა კ. ფ-ოს განმარტება იმის თაობაზე, რომ მასალებში მითითებული თარიღი იყო არასწორი, ვინაიდან მომკვლევმა დაკითხვის ოქმი შეადგინა თავისი ხელით, იგი არის ეროვნებით რუსი და არასაკმარისად ფლობს ქართულ ენას, ხოლო მომკვლევმა არ ისურვა განემარტა მისთვის დაკითხვის ოქმის შინაარსი და მოაწერინა ხელი მის ნამდვილობაზე, რაც არასწორია. აღნიშნულის თაობაზე კ. ფ-თვის ცნობილი გახდა მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე. სინამდვილეში კი, ლენინგრადიდან სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, 1990 წელს დაბრუნდა და იმ დროიდან ცხოვრობს მშობლების ბინაში ქ. ბათუმში, ........ ¹17-ში 1990-იანი წლების დასაწყისში დაიწყო მცირე ბიზნესის წარმოება, დროგამოშვებით გადიოდა საქართველოს ფარგლებს გარეთ, რაზეც არანაირი პრობლემა არ შეჰქმნია, ჩამოჰქონდა საქონელი და რეალიზაციას ახდენდა ქ. ბათუმის ცენტრალურ ბაზარში, რასაც მოწმეებიც დაადასტურებენ, მაგრამ სააპელაციო სასამართლომ, ისევე, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლომ უარი თქვა მოწმის დაკითხვაზე, რის გამოც დადგინდა ისე, რომ ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" კანონის მიღების დღეს 25.03.93წ. არ ცხოვრობდა საქართველოში, რამაც განაპირობა გასაჩივრებული განჩინებით პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება, რომლითაც უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე. ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" ორგანული კანონის მე-3 მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქედ ჩაითვლება პირი, რომელიც მუდმივად ცხოვრობდა საქართველოში არანაკლებ ხუთი წელი და ცხოვრობს ამ კანონის სამოქმედოდ შემოღების დღისათვის, თუ ექვსი თვის განმავლობაში არ განაცხადებს უარს საქართველოს მოქალაქეობაზე. ამავე კანონის 32-ე მუხლის თანახმად, პირი კარგავს საქართველოს მოქალაქეობას თუ საქართველოს კომპეტენტური ორგანოების უნებართვოდ შევა უცხო სახელმწიფოს სამხედრო სამსახურში, პოლიციაში, იუსტიციის ორგანოებში და მმართველობის სხვა ორგანოებში ან სახელმწიფო ორგანოებში, მუდმივად ცხოვრობს სხვა სახელმწიფოში და არასაპატიო მიზეზით არ დადგა საკონსულო აღრიცხვაზე 2 წლის განმავლობაში, საქართველოს მოქალაქეობას მოიპოვებს ყალბი დოკუმენტების წარდგენის გზით და/ან მიიღებს სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობას. ამასთან დაკავშირებით, კასატორმა მიუთითა, რომ იგი მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში ისევე, როგორც ყველა სსრკ მოქალაქე: ქართველი, რუსი, ბერძენი, სომეხი და სხვ. სხვა ქვეყნის მოქალაქეობა არ მიუღა და არც სახელმწიფო სამსახურში ყოფილა დასაქმებული. ამდენად, მისთვის გაუგებარი მიზეზით დაკარგა საქართველოს მოქალაქეობის უფლება, როცა ყველა მონაცემით აკმაყოფილებდა კანონის მოთხოვნას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, საკასაციო საჩივარს და თვლის, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მიჩნეულ უნდა იქნეს დასაშვებად. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეს მნიშვნელობა აქვს ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, რის გამო საკასაციო საჩივარი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის საფუძველზე განსახილველად უნდა იქნეს დაშვებული და განხილულ იქნეს მხარეთა დასწრებით 2007 წლის 5 დეკემბერს 12:00 საათზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კ. ფ-ოს საკასაციო საჩივარი მიჩნეული იქნეს დასაშვებად და განხილული იქნეს მხარეთა დასწრებით 2007 წლის 5 დეკემბერს 12:00 საათზე;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.