Facebook Twitter

ბს-570-548(კ-08) 17 ივლისი, 2008წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ი. ჩ-ა (მოსარჩელე)

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 28 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ი. ჩ-ამ 2007 წლის 16 ოქტომბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა აბაშის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ და მოითხოვა აბაშის მუნიციპალიტეტის სარებულოს 2006 წლის 22 დეკემბრის ¹23 განკარგულების ნაწილობრივ და შესაბამისად, აღნიშნული სადავო აქტიდან გამომდინარე სამართლებრივი შედეგების ბათილად ცნობა.

სარჩელის საფუძვლები მდგომარეობდა შემდეგში:

მოსარჩელემ განმარტა, რომ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2006 წლის 22 დეკემბრის ¹23 განკარგულებით ძალადაკარგულად გამოცხადდა, მისთვის, სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის იჯარით გადაცემის თაობაზე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარით გამცემი მუდმივმოქმედი კომისიის დადგენილებათა დამტკიცების შესახებ, აბაშის რაიონის გამგეობის 2004 წლის 19 ივლისის ¹59-ე, 2003 წლის 31 მარტის ¹22-ე, 2003 წლის 23 ივნისის ¹39-ე, 2004 წლის 13 აპრილის ¹25-ე დადგენილებები. ამავე განკარგულებით ი. ჩ-ას შეუწყდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების იჯარით სარგებლობის უფლება. მოსარჩელის მოსაზრებით, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2006 წლის 22 დეკემბრის ¹23 განკარგულება მიღებულ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევით, კერძოდ, აქტი მიღებულ იქნა ადმინისტრაციული წარმოების გახსნის გარეშე, იმ გარემოებებზე, ფაქტებსა და მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სათანადო წესით გამოკვლეული და შესწავლილი არ ყოფილა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ საიჯარო ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი გახდა საიჯარო ქირის გადაუხდელობა, მაშინ როცა გასული არ იყო საიჯარო ქირის გადახდის ვადა. ადმინისტრაციულმა ორგანომ არ დაიცვა საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხელშეკრულების მოშლის სამთვიანი ვადა და ამ ვადის გასვლამდე შესაბამისი წერილობითი გაფრთხილების გარეშე შეწყვიტა საიჯარო ხელშეკრულება.

მოსარჩელის განმარტებით, სადავო განკარგულების მიღებით მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ მას მიაყენა პირდაპირი და უშუალო ზიანი, იმდენად რამდენადაც იჯარით აღებული მიწის ნაკვეთებზე მის მიერ გაწეული იქნა შრომატევადი სამუშაო, გაშენებულ იქნა თხილის პლანტაცია. მოსარჩელის მითითებითვე მას არ დაურღვევია ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრების ერთთვიანი ვადა, რადგან აქტის არსებობის შესახებ მისთვის ცნობილი გახდა 2007 წლის 4 ოქტომბერს, როცა აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჩააბარეს სადავო განკარგულება.

საქმის რაიონული სასამართლოს მთავარ სხდომაზე განხილვისას მოსარჩელემ დააზუსტა თავისი სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა მისთვის, სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის იჯარით გადაცემის შესახებ, აბაშის რაიონის გამგეობის 2004 წლის 19 ივლისის ¹59-ე, 2003 წლის 31 მარტის ¹22-ე, 2003 წლის 23 ივნისის ¹39-ე, 2004 წლის 13 აპრილის ¹25-ე დადგენილებების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ი. ჩ-ის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების იჯარით სარგებლობის უფლების შეწყვეტის ნაწილში, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2006 წლის 22 დეკემბრის ¹23 განკარგულების ბათილად ცნობა.

აბაშის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2006 წლის 22 დეკემბრის ¹23 განკარგულება, ი. ჩ-ის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის იჯარით გადაცემის შესახებ, აბაშის რაიონის გამგეობის 2004 წლის 19 ივლისის ¹59-ე, 2003 წლის 31 მარტის ¹22-ე, 2003 წლის 23 ივნისის ¹39-ე, 2004 წლის 13 აპრილის ¹25-ე დადგენილებების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ი. ჩ-ის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების იჯარით სარგებლობის უფლების შეწყვეტის ნაწილში; აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დაევალა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული გარემოებების სათანადო გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციული აქტი.

რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. ჩ-ას აბაშის რაიონის გამგეობის 2002 წლის 27 დეკემბრის ¹53 დადგენილებისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე, აბაშის რაიონის სოფელ კეთილარში გადაეცა 10,3 ჰა მიწის ნაკვეთი, 49 წლის ვადით. აბაშის რაიონის გამგეობის 2003 წლის 31 მარტის ¹22 დადგენილებისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე ი. ჩ-ას აბაშის რაიონის სოფელ კეთლარში გადაეცა 11,3 ჰა მიწის ნაკვეთი, 49 წლის ვადით; აბაშის რაიონის გამგეობის 2003 წლის 31 მარტის ¹22 დადგენილებისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე ი. ჩ-ას აბაშის რაიონის სოფელ კეთილარში გადაეცა 12.1 ჰა მიწის ანკვეთი, 49 წლის ვადით; 2003 წლის 23 ივნისის ¹39 დადგენილებითა და საიჯარო ხელშეკრულებების საფუძველზე, ი. ჩ-ას აბაშის რაიონის სოფელ გეზათსა და სოფელ ...... გადაეცა 15.0 ჰა მიწის ნაკვეთი, 49 წლის ვადით; ქ. აბაშაში ,,......” მასივიდან 9,6 ჰა , 49 წლის ვადით, სოფელ ..... და სოფელ ..... 40 ჰა მიწის ნაკვეთი, 49 წლის ვადით; აბაშის რაიონის გამგეობის 2004 წლის 13 აპრილის ¹25 დადგენილებითა და 2004 წლის 13 აპრილის ¹7 ხელშეკრულებით ი. ჩ-ს სოფელ ...... გადაეცა 7,5 ჰა მიწის ნაკვეთი, 20 წლის ვადით. აბაშის რაიონის გამგეობის 2004 წლის 19 ივლისის ¹59 დადგენილებისა და იმავე თარიღის ¹23 საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე, ი. ჩ-ას გადაეცა აბაშის რაიონის სოფელ ნაესაკოვოში 16,9 ჰა მიწის ნაკვეთი, 20 წლის ვადით. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საიჯარო ხელშეკრულებები სათანადო წესის დაცვით რეგისტრირებულ იქნა საჯარო რეესტრში. აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2006 წლის 22 დეკემბრის ¹23 განკაგულებით, იჯარით გაცემულ მიწებზე გადასახადის გადაუხდელობის მოტივით, ძალადაკარგულად გამოცხადდა ი. ჩ-ის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარით გადაცემის თაობაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარით გამცემი მუდმივმოქმედი კომისიის დადგენილებათა დამტკიცების შესახებ, აბაშის რაიონის გამგეობის 2002 წლის 27 დეკემბრის ¹54-ე, 2003 წლის 31 მარტის ¹22-ე, 2003 წლის 23 ივნისის ¹39-ე, 2004 წლის 13 აპრილის ¹25 და 2004 წლის 19 ივლისის ¹59-ე დადგენილებები და ი. ჩ-ას შეუწყდა იჯარით სარგებლობის უფლება. აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2006 წლის 22 დეკემბრის ¹23-ე განკარგულებას საფუძვლად დაედო აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2006 წლის 20 დეკემბრის წერილი, რომლის თანახმად, ი. ჩ-ას ერიცხებოდა დიდი ოდენობით საიჯარო გადასახადი 2005-2006 წლების მდგომარეობით.

სასამართლომ, საქმის განხილვისა და წარმოდგენილ მტკიცებულებათა განხილვის შედეგად მიიჩნია, რომ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2006 წლის 22 დეკემბრის ¹23 განკაგულება მიიღო საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების სათანადო წესით გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, კერძოდ: აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სათანადოდ არ გამოუკლევია ი. ჩ-ას რეალურად ერიცხებოდა თუ არა საიჯარო გადასახადის დავალიანება და რას შეადგენდა ეს დავალიანება.

სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოპასუხის მტკიცება იმის თაობაზე, რომ ი. ჩ-ას საიჯარო დავალიანება 2006 წლის დეკემბრის მდგომარეობით, შეადგენდა 9079 ლარს, რადგან აღნიშნული არ დასტურდება საქმეში არსებული მიწის გადასახადის ქვითრებითა და ფოთის საგადასახადო ინსპექციის მიერ გაცემული ინფორმაციით.

სასამართლომ აღნიშნა, რომ აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2006 წლის 20 დეკემბრის ¹781 წერილითა და მის საფუძველზე, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებული სადავო განკარგულებით დასტურდება, რომ ი. ჩ-ან ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი გახდა საიჯარო ქირის გადაუხდელობა, მათ შორის საიჯარო ქირის გადაუხდელობა აბაშის რაიონის სოფელ ..... მდებარე 100 ჰექტარი საძოვრის დანიშნულების მიწის ნაკვეთისათვის.

სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ მხარეთა განმარტებებითა და წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ აბაშის რაიონის გამგეობის 2004 წლის 19 ივლისის ¹59-ე დადგენილებით, ი. ჩ-ას მართალია, გამოეყო 100 ჰა საძოვრის დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მაგრამ ეს ნაკვეთი ი. ჩ-ას რეალურად არ გადაცემია, ის ამ ნაკვეთით სარგებლობას არ შედგომია და ამ ნაკვეთთან დაკავშირებით მხარეთა შორის საიჯარო ხელშეკრულება არ გაფორმებულა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ი. ჩ-ას საიჯარო ქირა 100 ჰა საძოვართან მიმართებაში ერიცხებოდა არასწორად.

სასამართლომ მიუთითა, რომ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ი. ჩ-ან ვადამდე ისე შეწყვიტა სხვადასხვა დროს გაფორმებული ყველა საიჯარო ხელშეკრულება, რომ არ გაურკვევია, კონკრეტულად რომელი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება იქნა დარღვეული მის მიერ. ასევე არ გამოუკვლევია გასული იყო თუ არა საიჯარო გადასახადის გადახდის ვადა. მხარეთა შორის დადებულ საიჯარო ხელშეკრულებათა 2.3 პუნქტის თანახმად, მიწის იჯარის ქირა შეიტანება ყოველი წლის 15 აგვისტომდე – 15%-ის ოდენობით, დანარჩენი ნაწილი კი ყოველი წლის 1 ნოემბრამდე. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საიჯარო ხელშეკრულებათა 4.1 პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, მეიჯარე უფლებამოსილია იჯარის ვადის გასვლამდე შეწყვიტოს იჯარის ხელშეკრულება, თუ მოიჯარე არ იხდის იჯარის ქირას ხელშეკრულებით დადგენილი ვადის გასვლიდან 3 თვის განმავლობაში.

სასამართლოს განმარტებით, მოპასუხე აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, 2006 წლის 22 დეკემბრის ¹23 განკარგულებით, ვადამდე შეწყვიტა რა ი. ჩ-ან გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულებები, არ დაიცვა ხელშეკრულებათა 4.1 პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტით დადგენილი ვადები. მოპასუხის მიერ ასევე დარღვეულ იქნა ხელშეკრულების მე-7 პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტით ნაკისრი ვალდებულება. იჯარის ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში, მოიჯარის წერილობითი შეტყობინების თაობაზე.

სასამართლომ მიუთითა, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 13-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება აქვს განიხილოს და გადაწყვიტოს საკითხი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებულ მხარეს, რომლის უფლება ან კანონიერი ინტერესი იზღუდება ადმინიტსრაციულ-სამართლებრივი აქტით, მიეცა საკუთარი მოსაზრებების წარდგენის შესაძლებლობა. გამონაკლის ადგენს კანონი, აღნიშნულ პირს უნდა ეცნობოს ადმინისტრაციული წარმოების შესახებ და უზრუნველყოფილ უნდა იქნეს მისი მონაწილეობა საქმეში. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. იგივე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. სასამართლომ განმარტა, რომ რამდენადაც მოსარჩელეს არ ეცნობა ადმინისტრაციული წარმოების შესახებ, მას არ მიეცა მტკიცებულებებისა და შუმდგომლობების წარდგენის თაობაზე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე მუხლის პირველი ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელების შესაძლებლობა; მოსარჩელეს ასევე არ მიეცა შესაძლებლობა გაცნობოდა ადმინიტსრაციული წარმოების მასალებს, რითაც უხეშად დაირღვა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნა, ადმინისტრაციული მასალების წარმოების შესახებ.

სასამართლომ ასევე განმარტა, რომ ვინაიდან მოსარჩელე მიწვეული არ იყო სადავო საკითხის განხილვაში, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეული იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 32-ე და 34-ე მუხლებით გათვალისწინებული საჯაროობის პრინციპი, რაც აქტის მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების არსებით დარღვევას წარმოადგენს.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლომ ვერ გაიზიარა მოპასუხის მითითება სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე, რადგან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობიდან ერთი თვის ვადაში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დაინტერესებული მხარისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობა ნიშნავს, მისთვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გადაცემას ან ფოსტის მეშვეობით გადაგზავნას.

სასამართლოს მხარეთა განმარტებებითა და წარმოდგენილი მტკიცებულებით დადასტურებულად მიაჩნია, რომ მოსარჩელე ი. ჩ-ას სადავო აქტი გადაეცა 2007 წლის 4 ოქტომბერს, ხოლო ი. ჩ-ამ სასამართლოს სარჩელით მიმართა 16 ოქტომბერს.

აბაშის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულომ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 28 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა აბაშის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ი. ჩ-ას აბაშის რაიონის გამგეობის 2002 წლის 27 დეკემბრის ¹54, 2003 წლის 31 მარტის ¹22, იმავე წლის 23 ივნისის ¹39, 2004 წლის 13 აპრილის ¹25, იმავე წლის 19 ივლისის ¹59 დადგენილებებისა და საიჯარო ხელშეკრულებების საფუძველზე რაიონის სხვადასხვა ტერიტორიაზე გადაეცა სულ 122.7 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ხოლო 2004 წლის 19 ივლისის ¹59 დადგენილებით სოფელ წყემის ტერიტორიაზე 100 ჰა ჩაის პლანტაციის გადაცემის თაობაზე საიჯარო ხელშეკრულება გაფორმებული არ არის. აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2006 წლის 22 დეკემბრის ¹23 განკარგულებით ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის, 44-ე მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 62-ე მუხლის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 60-ე მუხლის თანახმად, აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის წერილის (20.12.2006წ ¹781) და აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიწის და აგრარულ საკითხთა კომისიის დადგენილების საფუძველზე აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 70-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ძალადაკარგულად გამოცხადდა ფიზიკურ პირ ი. ჩ-სა და მიწის იჯარით გაცემაზე აბაშის რაიონის გამგეობის მიერ დადებული ხელშეკრულებები იჯარით გაცემულ მიწებზე გადასახადის გადაუხდელობის გამო.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2006 წლის 22 დეკემბრის ¹23 განკარგულება გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე. აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2006 წლის 20 დეკემბრის ¹781 წერილის შედგენისა და ამავე მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2006 წლის 22 დეკემბრის ¹23 განკარგულების გამოცემისას უტყუარად დადგენილი არ იყო იჯარით გაცემულ მიწებზე ი. ჩ-ას ერიცხებოდა თუ არა საიჯარო გადასახადის დავალიანება და დადებით შემთხვევაში რა ოდენობის თანხას შეადგენდა ეს დავალიანება, რადგან ფოთის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 25 დეკემბრის ¹01/14-3/5359 წერილით, რომელზეც აპელირებს აპელანტი (მოპასუხე) პასუხი გაეცა აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2006 წლის 20 დეკემბრის ¹778 წერილით, რაზეც თანდართული იყო სია მიწის ფართობების მითითებით. ამ წერილის შინაარსიდან ირკვევა, რომ წარმოდგენილი დანართის შესაბამისად, ზოგიერთ გადამხდელს არ გააჩნდა საიდენტიფიკაციო ნომერი და არ იყო დარეგისტრირებული სარეგისტრაციო ბაზაში გადასახადის გადამხდელად, ასევე წარმოდგენილი სიიდან ზოგი გადამხდელი არ იყო გატარებული. საიჯარო დარიცხვები ნაწარმოები იყო სავარაუდოდ 2004 წლის ნარჩენების გათვალისწინებით. ამ წერილს არ ეწინააღმდეგება ამავე საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 3 დეკემბრის მოწერილობა, სადაც აღნიშნულია, რომ ი. ჩ-ა საგადასახადო ინსპექციაში ფიზიკურ პირად დარეგისტრირდა 2007 წლის 18 ივნისს, მანამდე შეუძლებელი იყო მისი იდენტიფიცირება. ქსელური პროგრამით 2004, 2005 წლებში გადასახადების დარიცხვა ი. ჩ-ას პირად ბარათზე არ განხორციელებულა. მის მიერ 2005 წელს გადახდილი თანხები ნაესაკავოს, გეზეთის, კეთილარის და ქალაქ აბაშის საკრებულოს კოდით ვერ ჰპოვებდა ასახვას მის პირად ბარათზე. სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ ი. ჩ-ე მოყვანილი მონაცემები საიჯარო ქირის გადაუხდელობის თაობაზე სავარაუდო ხასიათისაა და მისი გაზიარება შეუძლებელია. სააპელაციო პალატის ასეთი დასკვნა გამომდინარეობს ასევე საქმეზე მოწმის სახით დაკითხული საგადასახადო ინსპექციის მთავარი სპეციალისტის თ. კვირკველიას განმარტებიდან.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მსჯელობა აბაშის რაიონის სოფ. ..... არსებული 100 ჰა საძოვრის დანიშნულების მიწის ნაკვეთის ი. ჩ-ის რეალურად გადაუცემლობის თაობაზე. რადგან, როგორც გაირკვა, (ამას აპალენტიც არ უარყოფს) ადმინისტრაციულ ორგანოსა და ი. ჩ-ას შორის საიჯარო ხელშეკრულება არ გაფორმებულა და მას საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულება არ წარმოშობია.

სააპელაციო პალატამ ასევე მართებულად მიიჩნია რაიონული სასამართლოს მითითება იმის შესახებ, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე გამოსცა სადავო ¹23 განკარგულება, რომ არ გაურკვევია 2006 წლის 22 დეკემბრისათვის რომელი საიჯარო ხელშეკრულებისათვის ეკისრებოდა დავალიანება და 4.1 პუნქტის ,,გ ქვეპუნქტის შესაბამისად, გასული იყო თუ არა დადგენილი ვადის გასვლიდან 3 თვე, რამეთუ მას მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ყოველი წლის აგვისტოში უნდა გადაეხადა საიჯარო ქირის 25%, ხოლო 1 ნოემბრამდე დარჩენილი ნაწილი. საქმიდან ირკვევა, რომ მეიჯარეს მოიჯარისათვის ხსენებული ხელშეკრულების მე-7 პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის თაობაზე წერილობითი შეტყობინება არ გაუგზავნია.

სააპელაციო პალატამ ასევე გაიზიარა რაიონული სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ი. ჩ-ას მიმართ ადმინისტრაციული ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეული იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13 მუხლი, 32-ე, 34-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 96-ე, 98-ე, 99-ე მუხლების პირველი ნაწილები და აღნიშნა, რომ მოცემული შემთხვევა, სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ზემოაღნიშნული მუხლების მოთხოვნების შესრულების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 28 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულომ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კასატორმა აღნიშნა, რომ სასამართლომ არ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 61-ე და 62-ე მუხლებით, კერძოდ, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ძალადაკარგულად გამოაცხადოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ დაინტერესებულმა მხარემ არ შეასრულა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ვალდებულება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შესაბამისად, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 28 მარტის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას დარღვეულია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმების, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნები; სასამართლომ სწორი შეფასება არ მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია არასრულად და გადაწყვეტილება იურიდიული თვალსაზრისით დაუსაბუთებულია.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლომ 2008 წლის 28 მარტის განჩინებით არ დააკმაყოფილა აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დატოვა აბაშის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც დავის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი აბაშის რაიონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2006 წლის 22 დეკემბრის ¹23 განკარგულება, ი. ჩ-ის სასოფლო_სამეურნეო მიწის ნაკვეთის იჯარით გადაცემის შესახებ, აბაშის რაიონის გამგეობის 2004 წლის 19 ივლისის ¹59-ე, 2003 წლის 31 მარტის ¹22-ე, 2003 წლის 23 ივნისის ¹39-ე, 2004 წლის 13 აპრილის ¹25-ე დადგენილებების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ი. ჩ-ის სასოფლო_სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების იჯარით სარგებლობის უფლების შეწყვეტის ნაწილში. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ აბაშის რაიონის გამგეობის 2004 წლის 19 ივლისის ¹59 დადგენილებით ი. ჩ-ას გადაეცა სოფელ წყემში 100 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, თუმცა, როგორც სააპელაციო სასამართლოს მიერ არის დადგენილი არ გაფორმებულა არც ხელშეკრულება და არც მიღება_ჩაბარების აქტი, უფრო მეტიც, საქმეში წარმოდგენილია თავად ი. ჩ-ას 2007 წლის 25 სექტემბრის წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ იგი საერთოდ არ იყო ინფორმირებული ამ ნაკვეთის მისთვის გადაცემის თაობაზე და აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობისგან ითხოვს საკითხის გარკვევას (ს.ფ. 139), ამიტომ სააპელაციო სასამართლოს უნდა გაერკვია ითხოვდა თუ არა მოსარჩელე აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2006 წლის 22 დეკემბრის ¹23 განკარგულების ბათილად ცნობას აბაშის რაიონის გამგეობის 2004 წლის 19 ივლისის ¹59 დადგენილების ძალადაკარგულად ცნობის ნაწილში (ი. ჩ-ის სოფელ წყემში 100 ჰექტარი მიწის ნაკვეთის გადაცემის ნაწილში) და იმ შემთხვევაში, თუ ითხოვდა რამდენად საფუძვლიანია სარჩელი ამ ნაწილში, თუ ძალადაკარგულად ცნობილი აქტი საერთოდ არ აღსრულებულა. აღნიშნულის გასარკვევად საქმის ხელახალი განხილვისას სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოითხოვოს შესაბამისი მტკიცებულებები და დაადგინოს რეალურად ჰქონდა თუ არა ი. ჩ-ას გადაცემული სოფელ წყემში 100 ჰექტარი მიწის ნაკვეთი აბაშის რაიონის გამგეობის 2004 წლის 19 ივლისის ¹59 დადგენილების საფუძველზე და თუ იყო ვალდებული გადაეხადა შესაბამისი იჯარის ქირა.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს არ გამოურკვევია იხდიდა თუ არა ი. ჩ-ა იჯარის ქირას. საქმეში წარმოდგენილი სალაროს შემოსავლის ორდერებში თანხის გადახდის საფუძველში ზოგ შემთხვევაში აღნიშნულია “მიწის იჯარის გადასახადი”, ზოგ შემთხვევაში კი – “იჯარის ქირა” (ს.ფ. 108-130). საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვისას უნდა ისარგებლოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილებით, რომლითაც ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად. ამავე კოდექსის მე-19 მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების გარდა, სასამართლო უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივითაც შეაგროვოს ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები. მხარეს უფლება აქვს ამ ფაქტობრივი გარემოებების გამოყენებამდე და მტკიცებულებების შემოწმებამდე წარადგინოს საკუთარი მოსაზრება მათ თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლომ უნდა მოიპოვოს შესაბამისი მტკიცებულებები და გამოიკვლიოს, ი. ჩ-ა ასრულებდა საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებას, თუ იხდიდა შესაბამისი საიჯარო ხელშეკრულებით განსაზღვრულ საიჯარო ქირას. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საიჯარო ხელშეკრულებებში განსაზღვრულია მეიჯარის საბანკო ანგარიში (აბაშის ..... ბანკი, ანგარიშის ¹....), რომელზეც უნდა მომხდარიყო იჯარის ყოვლწლიური ქირის შეტანა. სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაარკვია იხდიდა თუ არა მოიჯარე შესაბამის თანხას მითითებულ ანგარიშზე და თუ არ იხდიდა, სხვა რა ფორმით ასრულებდა საიჯარო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს.

საქმეში წარმოდგენილია აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელის ბ. ჩ-ას 2006 წლის 20 დეკემბრის ¹781 წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ ი. ჩ-ას 2005-2006 წლებში იჯარით აღებული მიწის ნაკვეთები მთლიანად არ ჰქონდა დამუშავებული, ასევე ერიცხება ამ წლების დიდი რაოდენობით მიწის გადასახადი (ს.ფ. 137-138). სწორედ აღნიშნული წერილი დაედო საფუძვლად მოსარჩელის მიერ გასაჩივრებულ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2006 წლის 22 დეკემბრის ¹23 განკარგულებას. ამიტომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვისას ასევე უნდა გაარკვიოს იყენებდა, თუ არა მოიჯარე იჯარით აღებული მიწის ნაკვეთებს მიზნობრივად, როგორც ეს გათვალისწინებული იყო შესაბამის საიჯარო ხელშეკრულებაში.

ამდენად, აღნიშნული გარემოებების დადგენის შემდეგ, სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოიტანოს დასკვნა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების არსებობის ან არარსებობის შესახებ, კერძოდ, იყენებდა, თუ არა ი. ჩ-ა იჯარით აღებული მიწის ნაკვეთებს მიზნობრივად, რა ოდენობის იჯარის ქირა ჰქონდა გადასახდელი მოიჯარეს აბაშის რაიონის გამგეობასთან დადებული იჯარის ხელშეკრულებების საფუძველზე და ასრულებდა, თუ არა იგი ამ ვალდებულებებს. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მხოლოდ ზემომითითებული გარემოებების გამოკვლევის შედეგად იყო უფლებამოსილი სასამართლო გამოეტანა დასკვნა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლიანობის თაობაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსსკ-ის 412 მუხლის შესაბამისად კონკრეტულ შემთხვევაში არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალური და სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც, სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია. შესაბამისად, სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენებით კანონიერი და ობიექტური გადაწყვეტილების დადგენის მიზნით, სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს ზემომითითებული გარემოებები და დავა გადაწყვიტოს მოქმედი საპროცესო და მატერიალური სამართლის კანონმდებლობის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივარი;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 28 მარტის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. სასამართლო ხარჯები გადანაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოო და არ საჩივრდება.