¹ბს-572-540(კ-06) 16 იანვარი, 2007 წელი
ქ. თბილისი
მიღების ადგილი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლალი ლაზარაშვილი, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) _ ბათუმის საგადასახადო ინსპექცია
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ ი/მ “ხ. ქ-ე”
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა სააპელაციო პალატის 2006 წლის 8 მაისის გადაწყვეტილება
დავის საგანი _ ადმინისტრაციული აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა და დავალიანების ამორიცხვა
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
ი/მ “ხ. ქ-ემ” სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოპასუხის _ აჭარის ა/რ საგადასახადო დეპარტამენტის მიმართ, რომლითაც მოითხოვა ჯარიმის _ 1500 და 4000 ლარის ნაწილში 2005 წლის 25 მაისის აქტის მე-4 და მე-5 პუნქტების ბათილად ცნობა და მოპასუხის დავალდებულება აღნიშნულ ნაწილში მოსარჩელის მიმართ დავალიანების ამორიცხვის თაოაზე /იხ.ს.ფ. 1-2/
საქმის გარემოებები:
აჭარის ა/რ საგადასახადო დეპარტამენტის და კონტროლის პალატის მიერ 2003 წლის მაისში ჩატარდა ი/მ “ხ. ქ-ის” გეგმური შემოწმება. აღნიშნული აქტით მოსარჩელეს საკონტროლო-სალარო აპარატის გარეშე მუშაობისათვის დაერიცხა ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით, რამდენადაც სალარო აპარატი მოსარჩელეს არ გააჩნდა სამ სხვადასხვა ობიექტზე.
სარჩელის სამართლებრივი საფუძველი:
საქართველოს საგადასახადო კოდექსი და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი არ ითვალისწინებს სახდელთა შეჯამებას, რის გამოც ჯარიმის დაკისრება 1500 ლარის ოდენობით უსაფუძვლოა, ხოლო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1532-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელეს ასევე დაეკისრა შრომის 200 მინიმალური ოდენობის გადახდა, რამაც შეადგინა 4000 ლარი, რაც ასევე უსაფუძვლოა, რამდენადაც მითითებული ნორმა გაუქმებულია. ამასთან, იმ პირობებშიც კი, თუ მითითებული ნორმა ძალაში იქნებოდა ადმინისტრაციული სახდელის დადებისას, შრომის ერთი მინიმალური ოდენობა ითვლება 1,5 ლარი, ნაცვლად 20 ლარისა, საიდანაც მოხდა შეჯამება.
მოპასუხე ბათუმის საგადასახადო ინსპექციის წარმომადგენელმა რაიონულ სასამართლოში წარდგენილ შესაგებელში ნაწილობრივ ცნო ი/მ “ხ. ქ-ის” სარჩელი, კერძოდ, 4000 ლარის დაკისრების ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი მოტივით:
მოსარჩელეს სალარო აპარატი არ გააჩნდა სამ სხვადასხვა ობიექტზე, ხოლო საკასო აპარატით მომხმარებელთან ფულადი ანგარიშსწორება უნდა ხორციელდებოდეს იურიდიული თუ ფიზიკური პირის არა ერთ რომელიმე სავაჭრო ობიექტზე, არამედ მის ქვემდებარეობაში მყოფ ყველა ობიექტზე, თანახმად საგადასახადო კოდექსის 2551-ე მუხლისა. ამასთან, საგადასახადო კოდექსის 126-ე მუხლის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევათა ერთობლიობისას, საგადასახადო სანქცია გამოიყენება თითოეული სამართალდარღვევისათვის ცალ-ცალკე.
მოპასუხის განმარტებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1532.2. მუხლის თანახმად, ი/მ “ხ. ქ-ეს” დაერიცხა ჯარიმა შრომის ანაზღაურების 200 მინიმალური ოდენობით, რაც იყო მართებული, მაგრამ აქტში მითითებული თანხა არ იყო ზუსტი, რამდენადაც საჯარიმო სანქციებთან დაკავშირებით გამოიყენებოდა 1,50 ლარი, ნაცვლად 20 ლარისა, როგორც ეს აქტშია ასახული, რის გამოც მოსარჩელეს 4000 ლარის ნაცვლად უნდა დაკისრებოდა 300 ლარის გადახდა, რაც იყო კანონიერი საგადასახადო კოდექსის 125.4. მუხლის საფუძველზე /იხ.ს.ფ. 9-10/.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით ი/მ “ხ. ქ-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: აჭარის ა/რ საგადასახადო დეპარტამენტის მიერ 2003 წლის 25 მაისის აქტიდან ამოირიცხა ხუსეინ ქამადაძეზე დარიცხული ჯარიმის თანხა 4000 ლარის ოდენობით, ხოლო დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, რაც საქალაქო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:
აჭარის ა/რ საგადასახადო დეპარტამენტისა და აჭარის კონტროლის ინსპექციის წარმომადგენლებმა 2003 წლის 19 მაისს, ¹7 დროებითი მოწმობის საფუძველზე, ჩაატარეს ი/მ “ხ. ქ-ის” შემოწმება, რის საფუძველზეც 2003 წლის 25 მაისს შედგა აქტი. აღნიშნული აქტის მე-4 და მე-5 პუნქტების თანახმად, ი/მ “ხ. ქ-ეს” დაეკისრა ჯარიმა საკონტროლო-სალარო აპარატის გარეშე მუშაობისათვის 1500 ლარი, ხოლო მოსახლეობასთან საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების გარეშე ფულადი ანგარიშსწორებისათვის _ 4000 ლარი. 1500 ლარის დაკისრება მოხდა იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელეს 3 სხვადასხვა ობიექტზე არ გააჩნდა საკასო აპარატი, რაც საგადასახადო კოდექსის 2551-ე მუხლის თანახმად, ითვალისწინებდა ჯარიმას 500 ლარის ოდენობით, ხოლო 4000 ლარის ჯარიმა მოსარჩელეს დაეკისრა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1532-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევისათვის, რაც ითვალისწინებდა 2003 წლის 25 მაისისათვის ჯარიმას შრომის ანაზღაურების 200 მინიმალური ოდენობით. მოსარჩელისათვის გასაჩივრებული აქტით დარიცხული ჯარიმის თაობაზე ცნობილი გახდა 2005 წლის 23 მაისს, საგადასახადო შეტყობინების ჩაბარების საფუძველზე.
საქალაქო სასამართლომ არ გაზიარა მოსარჩელის მოსაზრება, რომ საკონტროლო-სალარო აპარატის გარეშე მუშაობისათვის საგადასახადო კოდექსის თანახმად, არასწორად დაეკისრა ჯარიმა, 1500 ლარის ოდენობით და განმარტა, რომ საგადასახადო კოდექსის 2551.1. მუხლის საფუძველზე, ვინაიდან ი/მ “ხ. ქ-ის” მიერ მითითებული ნორმით დადგენილი მოთხოვნა დაირღვა 3 სხვადასხვა ობიექტზე, ჯარიმის დარიცხვაც მითითებული ნორმის საფუძველზე განხორციელდა სამივე ობიექტზე ცალ-ცალკე, რის გამოც სარჩელი ამ ნაწილში, სასამართლოს დასკვნით, იყო უსაფუძვლო.
ამასთან, საქალაქო სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 4 ივნისის ¹351 ბრძანებულების თანახმად, შრომის ანაზღაურების მინიმალურ ოდენობად ჯარიმისათვის ითვლებოდა 1,5 ლარი, ნაცვლად 20 ლარისა, როგორც ეს დაანგარიშებულ იქნა სადავო აქტში, ამასთან, სასამართლომ მიუთითა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1532-ე მუხლი 2004 წლის 29 დეკემბრის საკანონმდებლო ცვლილებით ამოღებულ იქნა, ხოლო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ ან გამაუქმებელ აქტებს გააჩნდა უკუქცევითი ძალა, რის გამოც აჭარის ა/რ საგადასახადო დეპარტამენტის წარმომადგენელთა მიერ, 2003 წლის 25 მაისის აქტით ი/მ “ხ. ქ-ის” დაკისრებული ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით ექვემდებარებოდა ამორიცხვას საგადასახადო დავალიანებიდან /იხ. ს.ფ. 27-31/.
საქალაქო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სარჩელის დაუკმაყოფილებლ ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი/მ “ხ. ქ-ემ”, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში და ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილება, შემდეგი მოტივით:
საგადასახადო ინსპექციის 2003 წლის 25 მაისის აქტით, აპელანტს საგადასახადო კოდექსის 2551-ე მუხლის საფუძველზე დაეკისრა ჯარიმის გადახდა, ხოლო მითითებული ნორმა ჯარიმას ითვალისწინებს 500 ლარის ოდენობით, შესაბამისად, საგადასახადო ინსპექციის მიერ შემოწმებისას თითოეულ ობიექტზე ხუთასი ლარის დაკისრება, რამაც ჯამში შეადგინა 1500 ლარი, იყო უკანონო /იხ. ს.ფ. 34-35/.
სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებით ი/მ “ხ. ქ-ის” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და სააპელაციო სასამართლოს მიერ ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ი/მ “ხუსეინ ქამადაძის” სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი აჭარის ა/რ საგადასახადო დეპარტამენტის 2005 წლის 25 მაისის შემოწმების აქტის მე-4 პუნქტი, მოსარჩელისათვის საკონტროლო-სალარო აპარატების გარეშე მუშაობისათვის 1500 ლარის დარიცხვის შესახებ და მოსარჩელეს საკონტროლო-სალარო აპარატის გარეშე მუშაობისათვის ჯარიმის სახით დაერიცხა 500 ლარი, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:
აჭარის ა/რ საგადასახადო დეპარტამენტის 2003 წლის 25 მაისის შემოწმების აქტით, ი/მ “ხ. ქ-ეს” საკონტროლო-სალარო აპარატის გარეშე მუშაობისათვის დაეკისრა ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით. საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებულია, რომ მოსარჩელეს არ გააჩნდა სალარო აპარატები სამ სხვადასხვა ობიექტზე, რაც გახდა მეწარმის 1500 ლარით დაჯარიმების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა საგადასახადო კოდექსის 2551.2 მუხლი და განმარტა, რომ ი/მ “ხ. ქ-ე” საკონტროლო-სალარო აპარატის გარეშე საქმიანობას ახორციელდებდა სანტექნიკური საშუალებებითა და სამშენებლო მასალებით ვაჭრობისას, რომელთა რეალიზაციას ახდენდა ქ. ბათუმში, .... ქ. ¹34-ში მდებარე მაღაზიიდან, აგრეთვე, .... ქუჩასა და დაბა ხელვაჩაურში განთავსებული სამეურნეო საწყობებიდან.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა, რომ სალარო-აპარატით მომხმარებელთან ფულადი ანგარიშსწორება უნდა ხორციელდებოდეს იურიდიული თუ ფიზიკური პირის არა ერთ რომელიმე სავაჭრო ობიექტზე, არამედ მის დაქვემდებარებაში მყოფ ყველა ობიექტზე, ასევე გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა, რომ საგადასახადო კოდექსის 126-ე მუხლის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევათა ერთობლიობისას, თითოეული სამართალდარღვევისათვის გამოიყენება ცალ-ცალკე საგადასახადო სანქცია, მაგრამ არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს სამართლებრივი დასკვნა და განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო არა საგადასახადო სამართალდარღვევათა ერთობლიობა, არამედ, მეწარმე სუბიექტის მიერ ერთი სახის, კერძოდ, საკონტროლო-სალარო აპარატის გარეშე მუშაობის ფაქტი, რა დროსაც საგადასახადო კოდექსის 2551-ე მუხლი ითვალისწინებდა ჯარიმას 500 ლარის ოდენობით /იხ.ს.ფ. 51-56/.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის საგადასახადო ინსპექციამ, რომლითაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა /იხ.ს.ფ. 62-64/.
კასაციის მოტივი:
არასწორი იყო სასამართლოს დასკვნა, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო არა საგადასახადო სამართალდარღვევათა ერთობლიობა არამედ, მეწარმე სუბიექტის მიერ ერთი სახის კერძოდ, საკონტროლო-სალარო აპარატის გარეშე მუშაობის ფაქტი, რა დროსაც საგადასახადო კოდექსის 2551-ე მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას 500 ლარის ოდენობით, რამდენადაც საგადასახადო კოდექსის 126.3. მუხლის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევათა ერთობლიობისას საგადასახადო სანქცია გამოიყენება თითოეული სამართალდარღვევისათვის ცალ-ცალკე, ხოლო ი/მ “ხ. ქ-ის” მიერ სამართალდარღვევა ჩადენილია სამ სხვადასხვა ობიექტზე, რის გამოც სანქციის სახით მას კანონიერად დაეკისრა 1500 ლარის გადახდა /იხ. ს.ფ.62-64/.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 18 დეკემბრის განჩინებით ბათუმის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 34.3 “ა” პუნქტის შესაბამისად /აბსოლუტური კასაცია/ /იხ. ს.ფ./.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის და გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ბათუმის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 8 მაისის გადაწყვეტილება და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, ი/მ “ხ. ქ-ის” სარჩელი არ დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას დარღვეულია მატერიალური სამართლის ნორმები, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393.2 და 394.,,ე” მუხლების მოთხოვნები. სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებები სააპელაციო სასამართლოს მიერ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშეა დადგენილი და საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, რის გამოც საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407.2. მუხლის საფუძველზე იზიარებს სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგებს და დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
აჭარის ა/რ საგადასახადო დეპარტამენტის 2003 წლის 25 მაისის შემოწმების აქტით, ი/მ “ხ. ქ-ეს” საკონტროლო-სალარო აპარატის გარეშე მუშაობისათვის დაეკისრა ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით. საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებულია, რომ მოსარჩელეს არ გააჩნდა სალარო აპარატები სამ სხვადასხვა ობიექტზე, რაც გახდა მეწარმის 1500 ლარით დაჯარიმების საფუძველი. ი/მ “ხ. ქ-ე” საკონტროლო-სალარო აპარატის გარეშე საქმიანობას ახორციელებდა სანტექნიკური საშუალებებითა და სამშენებლო მასალებით ვაჭრობისას, რომელთა რეალიზაციას ახდენდა ქ. ბათუმში, .... ქ. ¹34-ში მდებარე მაღაზიიდან, აგრეთვე ..... ქუჩასა და დაბა ხელვაჩაურში განთავსებული სამეურნეო საწყობებიდან.
საკასაციო სასამათლო იზიარებს კასაციის მოტივს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, კერძოდ, საგადასახადო კოდექსის 126.3. მუხლი, რომლის საფუძველზეც სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა არასწორი სამართლებრივი დასკვნა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სახეზე იყო არა საგადასახადო სამართალდარღვევათა ერთობლიობა, არამედ მეწარმე სუბიექტის, ი/მ “ხ. ქ-ის” მიერ ერთი სახის, კერძოდ, საკონტროლო-სალარო აპარატის გარეშე მუშაობის ფაქტი, რა დროსაც საგადასახადო კოდექსის 2551-ე მუხლი ითვალისწინებდა ჯარიმას 500 ლარის ოდენობით.
საკასაციო სასამართლო საგადასახადო კოდექსის 255I.1. “ა” მუხლის /კანონის 1997 წლის რედაქცია/ საფუძველზე განმარტავს, რომ მოსახლეობასთან ფულადი ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოები მეურნე სუბიექტებს ახდევინებენ ჯარიმას _ 500 ლარის ოდენობით. საგადასახადო კოდექსის 126.3. მუხლის თანახმად /კანონის 2005 წლის რედაქცია/ საგადასახადო სამართალდარღვევათა ერთობლიობისას საგადასახადო სანქცია გამოიყენება თითოეული სამართალდარღვევისათვის ცალ-ცალკე.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო ერთი კონკრეტული სამართალდარღვევა _ მეურნე სუბიექტის მიერ სალარო-საკასო აპარატის გარეშე ფუნქციონირების ფაქტი, რამდენადაც კონკრეტულ შემთხვევაში სახეზეა სამეწარმეო სუბიექტის მიერ სამ სხვადასხვა ობიექტზე ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევათა ერთობლიობა _ საკონტროლო-სალარო აპარატის გარეშე ფუნქციონირება, რა დროსაც მეწარმე სუბიექტი ჯარიმდება თითოეულ ობიექტზე ჩადენილი სამართალდარღვევისათვის ცალ-ცალკე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ი/მ “ხ. ქ-ე” დაჯარიმდა რა 1500 ლარით სამ სხვადასხვა ობიექტზე სალარო აპარატის გარეშე საქმიანობის გამო, აღნიშნული ქმედება არ წარმოადგენს საგადასახადო სამართალდარღვევათა შეჯამებას, არამედ კონკრეტულ შემთხვევაში სახეზეა საგადასახადო სამართალდარღვევათა ერთობლიობა, რა დროსაც საგადასახადო კოდექსი, 126.3 მუხლის თანახმად ცალ-ცალკე სანქციას /პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის// ითვალისწინებს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ პირობებში, როცა სადავო არ არის, რომ ი/მ “ხ. ქ-ის” მიერ საკონტროლო-სალარო აპარატის გარეშე საქმიანობა /საგადასახადო სამართალდარღვევა/ სამ სხვადასხვა ობიექტზე, კერძოდ, ბათუმში, ..... ქ. ¹34-ში მდებარე მაღაზიიდან, აგრეთვე ..... ქუჩასა და დაბა ხელვაჩაურში განთავსებული სამეურნეო საწყობებიდან, საგადასახადო კოდექსის 126.3. მუხლის საფუძველზე, მას სწორად დაეკისრა თითოეული სამართალდარღვევისათვის ჯარიმის სახით ცალ-ცალკე 500 ლარის გადახდა, რაც ჯამში შეადგენს 1500 ლარს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით განსაზღვრული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ბათუმის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების, სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღების პროცესუალური და მატერიალური საფუძვლები.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ი/მ “ხ. ქ-ეს” სსსკ-ის 53.1. მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის სახით უნდა დაეკისროს 75 ლარის გადახდა, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1. 257-ე, 372-ე, 399-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ბათუმის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა სააპელაციო პალატის 2006 წლის 8 მაისის გადაწყვეტილება და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ი/მ “ხ. ქ-ის” სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. ი/მ “ხ. ქ-ეს” სახელმწიფო ბაჟის სახით დაეკისროს 75 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.