¹ბს-572-550(კ-08)
2 ოქტომბერი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე: მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები:ნინო ქადაგიძე
ლევან მურუსიძე
სხდომის მდივანი _ ქეთევან მაღრაძე
კასატორი (მოპასუხე) _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ ნ. კ-ი
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 მარტის განჩინება
სარჩელის საგანი _ დავალიანების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2007 წლის 2 ოქტომბერს ნ. კ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მისი მეუღლე, აწ გარდაცვლილი ვიცე-პოლკოვნიკი, მ. შ-ე მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, ...... სამმართველოს უფროს ოფიცრად. 2004 წლის 23 ნოემბერს მალხაზ შუბითიძე მივლინებულ იქნა ოსიაურში, ¹10248 სამხედრო ნაწილში. მივლინებაში მიმავალს, თბილისი-სენაკის ტრასაზე, ქალაქ გორთან შეემთხვა ავტოსაგზაო შემთხვევა, რის შედეგადაც იგი დაიღუპა.
მოსარჩელის განმარტებით, მისი მეუღლე 1997-2000 წლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაგზავნილ იქნა ქ. მოსკოვში, ..... სახელობის სამხედრო აკადემიაში. ხსენებულ სასწავლებელში სწავლების დროს მალხაზ შუბითიძისათვის ხელფასი სრულად არ მიუციათ, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მის მიმართ გააჩნდა 5866,44 ლარის დავალიანება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მის სასარგებლოდ 5866,44 ლარის დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ნ. კ-ის სასარგებლოდ მისი აწ გარდაცვლილი მეუღლის _ მ. შ-ის კუთვნილი სახელფასო დავალიანების _ 5866,44 ლარის ანაზღაურება დაეკისრა.
საქალაქო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამმართველოს მიერ 1998 წლის 20 მარტს გაცემული ქორწინების მოწმობის საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. კ-ი იყო მ. შ-ის მეუღლე, რომელიც გარდაიცვალა 2004 წლის 23 ნოემბერს. ნოტარიუს მ. ხ-ის მიერ 2005 წლის 31 მარტს (რეესტრში რეგისტრაციის ¹2-2) გაცემული სამკვიდრო მოწმობის თანახმად კი დასტურდებოდა, რომ მ. შ-ის მემკვიდრედ ცნობილ იქნა მისი მეუღლე ნ. კ-ი.
საქალაქო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 31 დეკემბრის ¹1/1493 ბრძანების თანახმად, ვიცე-პოლკოვნიკი მ. შ-ე _ ...... სამმართველოს უფროსი ოფიცერი 2004 წლის 23 ნოემბრიდან ამორიცხულ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობიდან გარდაცვალების გამო. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის 2005 წლის 23 მარტის ¹214 ცნობით კი დასტურდებოდა, რომ მ. შ-ეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის საფინანსო სამსახურში ერიცხებოდა სახელფასო დავალიანება _ 5866,44 ლარი.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ მ. შ-ე მუშაობდა რა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში, იმყოფებოდა შრომით ურთიერთობაში ადმინისტრაციულ ორგანოსთან და ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად, წარმოადგენდა მოხელეს, ხოლო ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად _ სამხედრო მოსამსახურეს. ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ” ქვეპუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეზე აღნიშნული კანონის მოთხოვნები ვრცელდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს კონსტიტუციით, სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ იყო დადგენილი. იმავე კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი იყო, რომ მოსამსახურეს უფლება ჰქონდა, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიეღო შრომითი გასამრჯელო (ხელფასი), რომელიც მოიცავდა თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. დანამატების გაცემა უნდა განხორციელებულიყო მხარჯავი დაწესებულებისათვის ბიუჯეტის კანონით დამტკიცებულ ასიგნებების ფარგლებში.
საქალაქო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოპასუხის მსჯელობა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე, რადგან ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, მოსამსახურეს ჰქონდა უფლებები და გარანტიები, მიეღო თანამდებობრივი ფუნქციების შესასრულებლად საჭირო ორგანიზაციულ-ტექნიკური საშუალებები და პირობები, ხოლო იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობით მოსამსახურეთათვის შეიძლება გათვალისწინებული ყოფილიყო სხვა დამატებითი უფლებები და გარანტიები _ ასეთი ხასიათის დამატებითი უფლებები და გარანტიები სამხედრო მოსამსახურეთათვის მოცემული იყო სპეციალური ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმებით, კერძოდ, ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურის სოციალური და სამართლებრივი დაცვის გათვალისწინებით, სამხედრო მოსამსახურის სხვა დამატებითი სოციალური დაცვის გარანტიები განისაზღვრებოდა საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით. იმავე კანონის მე-12 მუხლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე იმყოფებოდა. ამასთან, სამხედრო მოსამსახურეს სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულების, სანიმუშო დისციპლინისა და საბრძოლო მომზადებაში წარჩინებული მაჩვენებლებისათვის წლის განმავლობაში შეიძლება მისცემოდა ფულადი ჯილდო და/ან მატერიალური დახმარება. აღნიშნული ნორმა იმპერატიული ხასიათის იყო. ამდენად, შრომითი გასამრჯელოს გაცემის ვალდებულება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კანონმდებლობის საფუძველზე ეკისრებოდა, ანუ იგი ადმინისტრაციული ორგანოს კანონისმიერი ვალდებულება იყო, უფრო მეტიც, სამხედრო მოსამსახურეს მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი ნორმის ფარგლებში უნდა მისცემოდა ზემოთ მითითებული დანამატები და ამ დანამატების გაცემა ხორციელდებოდა ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული სამართლის ნორმა მოსარჩელეს ანიჭებდა შესაძლებლობას, მოეთხოვა სახელმწიფოსგან მიუღებელი შრომითი გასამრჯელო _ ხელფასი, ფულადი ჯილდო, მატერიალური დახმარება და სასურსათე ულუფა, რადგან ამ მოთხოვნის უფლების რეალიზების შესაძლებლობა არ იყო შეზღუდული დროის კონკრეტული პერიოდით.
ხანდაზმულობის სამწლიან ვადასა და პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების გამო მოთხოვნის უფლებასთან დაკავშირებით, საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ ეს სამართლებრივი ინსტიტუტი შემოღებული იყო კერძო სამართლის საკანონმდებლო აქტით – საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, რომლის პირველი მუხლით განსაზღვრული იყო, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსით მოწესრიგებულიყო პირთა თანასწორობაზე დამყარებული კერძო ხასიათის ქონებრივი, საოჯახო და პირადი ურთიერთობები, ხოლო იმავე კოდექსის 129-ე მუხლი მოქმედებდა კერძო-სამართლებრივი ურთიერთობების სფეროში, აწესრიგებდა სამოქალაქო-სამართლებრივი სახელშეკრულებო მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადებს, რასაც არ განეკუთვნებოდა მოსარჩელის აწ გარდაცვლილ მეუღლე მ. შ-ესა და ადმინისტრაციულ ორგანოს – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა. უდავო იყო, რომ მოსარჩელის აწ გარდაცვლილი მეუღლე მ. შ-ე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა, როგორც სამხედრო მოსამსახურე და ეს ურთიერთობები რეგულირდებოდა საჯარო სამართლის საკანონმდებლო აქტებით _ ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” და ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონებით, აგრეთვე, ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულებით და საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის ¹609 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ” დებულებით. ამდენად, სახეზე იყო არა კერძო-სამართლებრივი სახელშეკრულებო ურთიერთობიდან წარმოშობილი დავა, არამედ ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან გამომდინარე დავა, მოსარჩელის აწ გარდაცვლილ მეუღლე მ. შ-სა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის ურთიერთობა რეგულირდებოდა საჯარო კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების – ბრძანებების მეშვეობით, ამიტომ განსახილველ სასარჩელო მოთხოვნაზე ვერ გავრცელდებოდა სახელშეკრულებო მოთხოვნათა ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.
საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელი ხელფასის მოთხოვნის ნაწილში წარდგენილი უნდა ყოფილიყო ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში, იმ დღიდან, როდესაც ის გათავისუფლდა სამსახურიდან. საქალაქო სასამართლომ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია მოპასუხის მოსაზრება, რომ საქმეში წარმოდგენილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი წერილები იყო მხოლოდ საინფორმაციო ხასიათის.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 მარტის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.
სააპელაციო სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ უსაფუძვლო იყო აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საცხოვრებელი ადგილის შეცვლასთან დაკავშირებით სასარჩელო მოთხოვნის მიმართ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული 3-წლიანი ხანდაზმულობის ვადა უნდა გავრცელებულიყო, ვინაიდან იგი პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას წარმოადგენდა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილი იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის საფინანსო სამსახურის უფროსის წერილი, რომლითაც დგინდებოდა, რომ მალხაზ შუბითიძის მიმართ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გააჩნდა 5866,44 ლარის დავალიანება. ამდენად, თუ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო თვლიდა, რომ აღნიშნული დავალიანება ხანდაზმული იყო, მაშინ მას ხსენებული ცნობა არ უნდა გაეცა ან იქვე უნდა მიეთითებინა, რომ მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე მ. შ-ის მიმართ არსებობდა დავალიანება, იმჟამად იგი მას აღარ აღიარებდა, რადგან გასული იყო სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა, რომლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ვალდებული პირი მოვალეობას შეასრულებდა ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, მას არ ჰქონდა უფლება მოეთხოვა შესრულებულის დაბრუნება, თუნდაც მოვალეობის შესრულებისას მას არ სცოდნოდა, რომ ხანდაზმულობის ვადა გასული იყო, ხოლო მე-3 ნაწილის მიხედვით, იგივე წესი გამოიყენებოდა ვალდებული პირის აღიარების შემთხვევაში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 მარტის განჩინება საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა, ასევე დააყენა შუამდგომლობები საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის საფუძველზე დაუშვებლობის მოტივით (საქმეში არ მოიპოვება ადმინისტრაციული ორგანოს უარი ქმედების განხორციელებაზე) საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, ხოლო გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია.
კასატორის განმარტებით, ნ. კ-ი სასარჩელო განცხადებით ითხოვდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსაგან 1998-2000 წლების მიუღებელი ხელფასის _ 2176,46 დოლარის, ჯილდოს _ 562,75 დოლარისა და საცხოვრებელი ადგილის შეცვლასთან დაკავშირებით _ 469 დოლარის, სულ _ 3208,21 დოლარის ეკვივალენტი ლარის ანაზღაურებას.
კასატორი მიუთითებს, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ” ქვეპუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეებზე ამ კანონის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს კონსტიტუციით, სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი. ამდენად, ხელფასის არსსა და მის შემადგენელ კომპონენტებზე მსჯელობისას გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო 1999-2000 წლებში მოქმედი სამხედრო კანონმდებლობის მოთხოვნები, ხოლო ამ კანონმდებლობაში განსხვავებული დებულებების არარსებობის შემთხვევაში, სადავო ურთიერთობა უნდა მოგვარებულიყო ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის დებულებებით. კერძოდ, ხსენებული კანონის 37-ე მუხლის თანახმად (1998-2000 წლების რედაქცია), მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავდა თანამდებობრივ სარგოს, პრემიასა და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. მაშასადამე, იმისათვის, რომ ამა თუ იმ ფინანსურ გასაცემელს მიეცეს ხელფასზე დანამატის სტატუსი და ჩაითვალოს ხელფასის შემადგენელ ელემენტად, საჭიროა, ამ ფულად გასაცემელს (ჯილდო, კვების კომპენსაცია, მატერიალური დახმარება) კანონმდებლობის მიხედვით ჰქონდეს დანამატის სტატუსი. ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტიდან ირკვევა, რომ დანამატის სტატუსი მინიჭებული ჰქონდა მხოლოდ იმ ფულად თანხებს, რომლებიც დაიანგარიშებოდა ნამსახური წლების მიხედვით. რაც შეეხება ჯილდოსთან დაკავშირებულ თანხებს, ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტიდან გამომდინარე, მას დანამატის სტატუსი არ ჰქონდა მინიჭებული. ამდენად, ჯილდო და საცხოვრებელი ადგილის შეცვლასთან დაკავშირებული თანხები არ წარმოადგენდა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ხელფასში შემავალ დანამატებს და ისინი ხელფასისაგან დამოუკიდებელ ფულად გასაცემლებს შეადგენდნენ. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნა ჯილდოსა და საცხოვრებელი ადგილის შეცვლასთან დაკავშირებული თანხების გაცემის ნაწილში ხანდაზმულია, რადგან ამგვარ მოთხოვნებზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა.
კასატორი მიუთითებს, რომ ხელფასის გაცემა წარმოადგენდა პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას, რომლის მოთხოვნაზეც ვრცელდებოდა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლით დადგენილი ერთთვიანი ხანდაზმულობის ვადა, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში _ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნა 1998-2000 წლების ხელფასის, ჯილდოსა და საცხოვრებელი ადგილის შეცვლასთან დაკავშირებით გასაცემი დახმარების ანაზღაურების ნაწილში ხანდაზმულია.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლები, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 105-ე მუხლები, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული ცნობები ვალდებულების აღიარებად. აღნიშნული დოკუმენტები არ შეიძლებოდა ჩათვლილიყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 127-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის საფუძვლად, რადგან ხსენებული დოკუმენტებით მისი გამცემი ორგანო არ აღიარებდა სარჩელის მოთხოვნის არსებობას და მათი შეფასება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ვალდებულების აღიარების დამადასტურებელ დოკუმენტებად უკანონო იყო, ვინაიდან მათ ინფორმაციული ხასიათი ჰქონდათ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 27 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 27 მაისის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2008 წლის 17 ივლისამდე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 17 ივლისის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით 2008 წლის 2 ოქტომბერს, 11.00 საათზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამმართველოს მიერ 1998 წლის 20 მარტს გაცემული ქორწინების მოწმობის (ს.ფ. 11) მიხედვით, ნ. კ-ი, დაბადებული .... წლის 30 აპრილს (ს.ფ. 3) იყო მ. შ-ის მეუღლე, რომელიც გარდაიცვალა 2004 წლის 23 ნოემბერს (ს.ფ. 8). ნოტარიუს მ. ხ-ის მიერ 2005 წლის 31 მარტს (რეესტრში რეგისტრაციის ¹2-2) გაცემული სამკვიდრო მოწმობის თანახმად, მ. შ-ის მემკვიდრედ ცნობილ იქნა მისი მეუღლე ნ. კ-ი (4-6). საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 31 დეკემბრის ¹1/1493 ბრძანების მიხედვით, ვიცე-პოლკოვნიკი მ. შ-ე _ ...... სამმართველოს უფროსი ოფიცერი 2004 წლის 23 ნოემბრიდან ამორიცხულ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობიდან გარდაცვალების გამო (ს.ფ. 7). 2004 წლის 23 ნოემბერს მ. შ-ე მივლინებულ იქნა ¹10248 სამხედრო ნაწილში, რომლისკენაც მგზავრობისას იგი დაიღუპა (10).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილ ამ სამინისტროს საფინანსო სამსახურის 2007 წლის 23 ოქტომბრის ¹1497 წერილზე ამავე სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტისადმი (ს.ფ. 39), რომლის მიხედვითაც, მ. შ-ის მიმართ არსებული დავალიანება შეადგენს: 1998 წლის ხელფასი _ 173,69 აშშ დოლარს, კვარტალური ჯილდო _ 107,20 აშშ დოლარს, 1999 წლის ხელფასი _ 1107,78 აშშ დოლარს, კვარტალური ჯილდო _ 455,55 აშშ დოლარს, 2000 წლის ხელფასი _ 894,99 აშშ დოლარს, 2000 წლის დახმარება საცხოვრებელი ადგილის შეცვლასთან დაკავშირებით _ 469 აშშ დოლარს, სულ _ 3208,21 აშშ დოლარს. აღნიშნული დავალიანების თაობაზე კასატორი მიუთითებს საკასაციო საჩივარშიც. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის 2005 წლის 23 მარტის ¹214 ცნობაზე (ს.ფ. 45), რომლის თანახმად, მ. შ-ეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის საფინანსო სამსახურში ერიცხებოდა სახელფასო დავალიანება _ 5866,44 ლარი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქალაქო სასამართლომ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას (რომელიც უცვლელად დატოვა სააპელაციო სასამართლომ) ნ. კ-ის აწ გარდაცვლილი მეუღლის _ მ. შ-ის კუთვნილი სახელფასო დავალიანება განსაზღვრა 5866,44 ლარის ოდენობით, რაც შეესაბამება საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის 2005 წლის 23 მარტის ¹214 ცნობაში მითითებული დავალიანების ოდენობას, ამასთან, საქალაქო სასამართლოს არ უარუყვია მ. შ-ის მიმართ არსებული დავალიანების შესახებ მეორე მტკიცებულება _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საფინანსო სამსახურის 2007 წლის 23 ოქტომბრის ¹1497 წერილი ამავე სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტისადმი (ს.ფ. 39), რომელშიც ხსენებული დავალიანება მოცემულია უცხოურ ვალუტაში _ აშშ დოლარში და სულ შეადგენს 3208,21 აშშ დოლარს. შესაბამისად, დავალიანების ოდენობა განისაზღვრა ამ მტკიცებულებების მიხედვით, რის შედეგადაც, საქალაქო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას ეროვნული ვალუტის _ ლარის კურსმა აშშ დოლართან მიმართებაში შეადგინა _ 1,8285.
საკასაციო სასამართლო ხაზგასმით მიუთითებს, რომ მ. შ-ის მიმართ არსებული დავალიანება შედგება შემდეგი კომპონენტებისაგან _ ხელფასი, კვარტალური ჯილდო და დახმარება საცხოვრებელი ადგილის შეცვლასთან დაკავშირებით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 1341-ე მუხლზე (ანგარიშსწორების წესი სამსახურიდან გათავისუფლებისას), რომლის მიხედვითაც, 2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეზე კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციისა) გაცემა უნდა განხორციელდეს წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის მეორე წინადადებაში მოცემულია მოსამსახურის ხელფასის ცნება, რომლის თანახმად, მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. იმავე პუნქტის მესამე წინადადების მიხედვით, დანამატების გაცემა უნდა განხორციელდეს მხარჯავი დაწესებულებებისათვის ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.
ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ თანამდებობრივი სარგოს გარდა, შრომით გასამრჯელოს (ხელფასს) მიეკუთვნება ასევე კვარტალური ჯილდო და ის დანამატები, რომლებიც კანონითაა გათვალისწინებული. მართალია, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამსახურებრივი მივლინების პერიოდში მოსამსახურეს უნარჩუნდება მოხელის ან დამხმარე მოსამსახურის დაკავებული თანამდებობა და შესაბამისი შრომითი გასამრჯელო (ხელფასი, დანამატი), მაგრამ სამივლინებო თანხა, ისევე, როგორც ხელფასის თანხა და დანამატი, ასევე პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებაა, ვინაიდან, მოსამსახურის მივლინებაში გაშვება და შესაბამისი სამივლინებო თანხის მისთვის ანაზღაურება დაკავშირებულია დროის გარკვეულ პერიოდთან, თუმცა, ამავდროულად, სამივლინებო თანხა, ხელფასის თანხისა და დანამატისაგან განსხვავებით, არ არის მოქცეული “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 1341-ე მუხლის მოქმედების ფარგლებში. ამდენად, სამივლინებო თანხის, როგორც პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების, მოთხოვნა ექვემდებარება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებულ ხანდაზმულობის 3-წლიან ვადას.
აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს საფუძვლიანად მიაჩნია მოსარჩელის მოთხოვნა ხელფასისა და კვარტალური ჯილდოს _ 5008,84 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე. ამდენად, ხელფასისა და კვარტალური ჯილდოს _ 5008,84 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში სააპელაციო სასამართლომ მიიღო სწორი განჩინება, რის გამოც ამ ნაწილში აღნიშნული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
რაც შეეხება საცხოვრებელი ადგილის შეცვლასთან დაკავშირებით დახმარებას, ანუ სამივლინებო თანხას _ 857,60 ლარს, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საცხოვრებელი ადგილის შეცვლასთან დაკავშირებით დახმარების _ სამივლინებო თანხის ნ. კ-ის ანაზღაურების ნაწილში არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რის გამოც ამ ნაწილში საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია _ არსებობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძველი.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, ვინაიდან ნ. კ-მა წინამდებარე სარჩელი აღძრა 2007 წლის 2 ოქტომბერს, ხსენებული სარჩელი საცხოვრებელი ადგილის შეცვლასთან დაკავშირებით 2000 წლის დახმარების _ სამივლინებო თანხის _ 857,60 ლარის მოთხოვნის ნაწილში, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულია. ამასთან, საკასაციო სასამართლომ საცხოვრებელი ადგილის შეცვლასთან დაკავშირებით დახმარების, ისევე, როგორც ხელფასისა და კვარტალური ჯილდოს თანხების ოდენობა განსაზღვრა აშშ დოლართან ლარის ზემოთ მითითებული კურსის (1,8285) მიხედვით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 მარტის განჩინება საცხოვრებელი ადგილის შეცვლასთან დაკავშირებით დახმარების _ 857,60 ლარის საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. კ-ის სარჩელი საცხოვრებელი ადგილის შეცვლასთან დაკავშირებით დახმარების _ 857,60 ლარის საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდება, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 მარტის განჩინება უცვლელად დარჩეს ნ. კ-ის სასარგებლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის 5008,84 ლარის დაკისრების ნაწილში.
გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შუამდგომლობა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის საფუძველზე დაუშვებლობის მოტივით საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე დაუსაბუთებელია, რადგან, როგორც მოწინააღმდეგე მხარე ნ. კ-მა საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 2 ოქტომბრის სხდომაზე ამასთან დაკავშირებით განმარტა, მან არაერთხელ მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საფინანსო სამსახურის უფროსს დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით, თუმცა უშედეგოდ, ნ. კ-ის ხსენებული განმარტება კი კასატორს არაფრით არ გაუბათილებია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 მარტის განჩინება საცხოვრებელი ადგილის შეცვლასთან დაკავშირებით დახმარების _ 857,60 ლარის საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ნ. კ-ის სარჩელი საცხოვრებელი ადგილის შეცვლასთან დაკავშირებით დახმარების _ 857,60 ლარის საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 მარტის განჩინება უცვლელად დარჩეს ნ. კ-ის სასარგებლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის 5008,84 ლარის დაკისრების ნაწილში;
5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.