Facebook Twitter

ბს-575-553(კ-08) 19 ნოემბერი, 2008წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე (მოსამართლეები)

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ მ. ე-ე (მოსარჩელე)

დავის საგანი – სახელფასო დავალიანებისა და სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურება

გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 21 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

მ. ე-ემ 2006 წლის 15 ნოემბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა სახელფასო დავალიანებისა და სანივთე ქონების კომპენსაციის _ 4573,61 ლარის ანაზღაურება.

მოსარჩელემ განმარტა, რომ 1993 წლის 19 აგვისტოდან 2005 წლის 13 აგვისტომდე მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ს/ნ ¹...... საწვავ-საპოხი მასალების სამსახურის უფროსად. ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო იგი დათხოვნილ იქნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან. მოპასუხეს მის მიმართ გააჩნია 1998-1999-2000 წლების სახელფასო დავალიანება 1791,13 ლარი, სამივლინებო თანხა 630 ლარი, 1998-1999-2000 წლების სანივთე ქონების ფულადი კომპენსაცია 1092,72 ლარი, და ასევე 2001-2002-2003 წლების სანივთე ქონების კომპენსაცია 1059,76 ლარი.

ს.ფ. 62-ზე წარმოდგენილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ნაწილი ¹....... მეთაურისა და საფინანსო სამსახურის უფროსის მიერ გაცემული ცნობა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მ. ე-ის მიმართ ერიცხება ხელზე გასაცემი დავალიანება სულ _ 2018,72 ლარი; კერძოდ, ხელფასი _ 502,78 ლარი, კვების კომპენსაცია _ 635,19 ლარი, პრემია და მატერიალური დახმარება _ 250,62 ლარი, და სამივლინებო თანხა _ 630,13 ლარი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილებით მ. ე-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მ. ე-ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების _ 2018 ლარისა და სანივთე ქონების ფულადი კომპენსაციის _ 2152,48 ლარის ანაზღაურება.

სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ საქმეში წარმოდგენილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ¹...... სამხედრო ნაწილის ავიაციის ვიცეპოლკოვნიკისა და ამავე ნაწილის საფინანსო სამსახურის უფროსის მიერ 2007 წლის 27 თებერვალს გაცემული ¹221 ცნობის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მ. ე-ის მიმართ გააჩნია სახელფასო დავალიანება 2018 ლარის ოდენობით.

საქალაქო სასამართლომ გამოიყენა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტი, 51-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტი; მეორე პუნქტი, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლი და მიუთითა, რომ მოპასუხემ წარმოდგენილი დოკუმენტით დაადასტურა რა დავალიანების არსებობა, ამით აღიარა მოთხოვნის არსებობა.

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მ. ე-ის მიმართ გააჩნია 1998-1999-2000 წლების სანივთე ქონების კომპენსაცია _ 1092,72 ლარი და 2001-2002-2003 წლების 1059,76 ლარი.

სასამართლომ მიუთითა, რომ ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის” შესახებ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეს (სავალდებულო სამხედრო მოსამსახურის გარდა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით, სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევა ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია. სასამართლომ განმარტა, რომ მოცემული სამართლებრივი ნორმა მ. ე-ეს ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს სახელმწიფოსაგან მიუღებელი ფორმის ტანსაცმლის შესაბამისი მიუღებელი ფულადი კომპენსაცია.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მ. ე-ის სასარგებლოდ მისთვის სანივთე კომპენსაციის დაკისრების ნაწილში და მოითხოვა მოსარჩელეს უარი ეთქვას აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 21 თებერვლის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატა სრულად დაეთანხმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს სარჩელის საფუძვლიანობის შესახებ და სააპელაციო საჩივრის ირგვლივ დამატებით განმარტა შემდეგი:

სააპელაციო პალატამ ვერ გაიზიარა აპელანტის პოზიცია მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად მის ხანდაზმულობაზე მითითების შესახებ. სააპელაციო სასამართლომ მოპასუხეს დაავალა წარმოედგინა ინფორმაცია, თუ რას შეადგენდა მ. ე-ის სახელზე რიცხული სანივთე კომპენსაციის ოდენობა წლების მიხედვით. სასამართლოში თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის მიერ წარდგენილ იქნა მ. ე-ის სახელზე სამხედრო-საჰაერო ნაწილის მიერ 2008 წლის 20 თებერვალს მ. ე-ზე გაცემული ცნობა მასზედ, რომ მას მისაღები აქვს სანივთე ქონების (ფორმა-ტანსაცმლის) საკომპენსაციო თანხა 1998 წლის 654,21 ლარი, 1999 წლის _ 159,4 ლარი, 2000 წლის _ 279,11 ლარი, 2001 წლის _ 653,21 ლარი, 2002 წლის _ 154,44 ლარი, 2003 წლის _ 252,11 ლარი, სულ 2152,48 ლარი.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ წარმოდგენილი ცნობით სამინისტრო 2008 წელსაც არ უარყოფს მოსარჩელის მიმართ დავალიანების გაცემის ვალდებულებას; უფრო მეტიც, კვლავ აღიარებს მოსარჩელის წინაშე იმ გარემოებას, რომ მ. ე-ეს მისაღები (და არა მიუღებელი) აქვს დავალიანება. შესაბამისად, აღნიშნული დოკუმენტებით დადასტურდა, ერთი მხრივ, მ. ე-ის უფლება, მოითხოვოს მითითებული თანხა, ხოლო, მეორე მხრივ, თავდაცვის სამინისტროს ვალდებულება, გასცეს აღნიშნული თანხა.

სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 და მესამე ნაწილები და მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულად არ მიიჩნია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 21 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად იმსჯელა მოსარჩელის სასარგებლოდ 2152,48 ლარის სანივთე ქონების კომპენსაციის დაკმაყოფილების თაობაზე და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, დადგენილია, რომ სარჩელი სასამართლოში შეტანილია 2006 წლის 15 ნოემბერს, სასარჩელო მოთხოვნა კი ეხება 1998-2003 წლების სანივთე კომპენსაციას. მოსარჩელე სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილია 2006 წლის 13 აგვისტოს ¹2242 ბრძანებით. კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელეს უფლება არ ჰქონდა, მოეთხოვა 1998-2003 წლების სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურება, რადგან იგი სარჩელის შეტანის დროისათვის სამხედრო მოსამსახურეს აღარ წარმოადგენდა, ხოლო “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით, სამხედრო მოსამსახურეს სანივთე ქონება ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია ეძლევათ სამხედრო სამსახურში ყოფნის პერიოდში, როდესაც ისინი მოქმედი სამხედრო მოსამსახურეები არიან. კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს მოსარჩელის მიმართ სანივთე კომპენსაციის მოთხოვნის ნაწილში უნდა გამოეყენებინა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, რომელიც ვრცელდება პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებებზე. სააპელაციო სასამართლოს განჩინება დაეფუძნა საქმეში არსებულ 2008 წლის 20 თებერვალს გაცემულ ¹368 ცნობას, რაც ჩათვალა თავდაცვის სამინისტროს მიერ აღიარებად და მიიღო დაუსაბუთებელი განჩინება. კასატორი განმარტავს, რომ 2008 წლის 20 თებერვლის ცნობა არის საინფორმაციო ხასიათის დოკუმენტი და ის არ წარმოადგენს თავდაცვის სამინისტროს მხრიდან ვალის აღიარებას; ასევე საქმეში არ მოიპოვება დოკუმენტი, რომლითაც დადასტურებული იქნება დაპირება მოსარჩელის მიმართ, მოთხოვნილი თანხის გადახდასთან დაკავშირებით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 17 ივლისის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მ. ე-თვის სახელფასო დავალიანების, პრემიის, მატერიალური დახმარებისა და სანივთე ქონების 2003 წლის საკომპენსაციო თანხის ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნა დაუშვებლად, ხოლო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მ. ე-თვის კვების კომპენსაციის, სამივლინებო თანხებისა და სანივთე ქონების 1998-2002 წლების კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნა დასაშვებად;

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს; მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 21 თებერვლის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა მ. ე-ის სასარგებლოდ 1998-2002 წლების სანივთე ქონების კომპენსაციის 1900,37 ლარის ანაზღაურება და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; მ. ე-ის სარჩელი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მის სასარგებლოდ 1998-2002 წლების სანივთე ქონების კომპენსაციის 1900,37 ლარის დაკისრების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს; თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 21 თებერვლის განჩინება დანარჩენ ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგი გარემოებების გამო:

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილებით მ. ე-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მ. ე-ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების _ 2018 ლარისა და სანივთე ქონების ფულადი კომპენსაციის _ 2152,48 ლარის ანაზღაურება. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სააპელაციო საჩივარი შეიტანა და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილების მეორე პუნქტის, სანივთე ქონების კომპენსაციის დაკისრების ნაწილში გაუქმება და აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მოსარჩელისათვის უარის თქმა (ს.ფ. 82-83); საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სააპელაციო საჩივრით სადავოდ გახადა მხოლოდ მ. ე-თვის სანივთე ქონების კომპენსაციის დაკისრების საკითხი. ს.ფ. 95-ზე წარმოდგენილია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 6 ნოემბრის სააღსრულებო ფურცელი, გამოწერილი ამავე სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც მ. ე-ის სასარგებლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა სახელფასო დავალიანების 2018 ლარის ანაზღაურება. სასამართლოს გადაწყვეტილება ამ ნაწილში კანონიერ ძალაშია შესული; ამიტომ საკასაციო პალატას დაუსაბუთებლად მიაჩნია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის მოთხოვნა ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მ. ე-ის სასარგებლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის სახელფასო დავალიანების, პრემიის, მატერიალური დახმარების, კვების კომპენსაციის და სამივლინებო თანხების სულ 2018,72 ლარის დაკისრების ნაწილში კანონიერ ძალაშია შესული.

ს.ფ. 111-ზე წარმოდგენილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-საჰაერო ძალების სამხედრო ნაწილის ........-ის მიერ 2008 წლის 20 თებერვალს გაცემული ცნობა მასზედ, რომ მ. ე-ეს მისაღები აქვს სანივთე ქონების (ფორმა-ტანსაცმლის) საკომპენსაციო თანხა 1998 წლის 654,21 ლარი, 1999 წლის _ 159,4 ლარი, 2000 წლის _ 279,11 ლარი, 2001 წლის _ 653,21 ლარი, 2002 წლის _ 154,44 ლარი, 2003 წლის _ 252,11 ლარი, სულ 2152,48 ლარი.

“სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის მე-12 მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით, სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევა სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37-ე მუხლის თანახმად, შრომით გასამრჯელოს (ხელფასს) თანამდებობრივი სარგოს გარდა მიეკუთვნება აგრეთვე პრემია და ის დანამატები, რომლებიც კანონითაა გათვალისწინებული. სანივთე ქონების კომპენსაცია წარმოადგენს ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის 12.3 მუხლით რეგლამენტირებულ ფორმის ტანსაცმელს. სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურის პერიოდში “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37-ე მუხლით გათვალისწინებულ შრომით გასამრჯელოსთან (ხელფასთან) ერთად, ღებულობს კომპენსაციას სასურსათო უზრუნველყოფის _ ულუფის სახით და კომპენსაციას სანივთე ქონების _ ფორმის ტანსაცმლის სახით. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 1341 მუხლით რეგლამენტირებულია საჯარო მოსამსახურეზე წინა წლებში წარმოშობილი დავალიანების ანაზღაურება, მაგრამ იგი არ ეხება საჯარო მოსამსახურისათვის კომპენსაციის ანაზღაურებას ამ მუხლით დადგენილი წესით. საკასაციო პალატა თვლის, რომ სანივთე ქონება ფორმა_ტანსაცმელი წარმოადგენს სამხედრო მოსამსახურის უზრუნველყოფის სახეს და ამავდროულად პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურების ვალდებულების შესრულების მოთხოვნის მიმართ ვრცელდება სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის II ნაწილით გათვალისწინებული სასარჩელო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. საკასაციო პალატა თვლის, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია მ. ე-თვის 2003 წლის სანივთე ქონების _ ფორმის ტანსაცმლის კომპენსაციის _ 252,11 ლარის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში, რადგან მ. ე-ემ ამ თანხის მიღების თაობაზე სასამართლოში სარჩელი აღძრა 2006 წლის ნოემბერში, ე.ი. სასარჩელო ხანდაზმულობის 3 წლიან ვადაში. იმის გათვალისწინებით, რომ მ. ე-ის მოთხოვნა სანივთე ქონების კომპენსაციის ნაწილში მოიცავს 1998-2002 წლებს, ხოლო სარჩელი აღძრულია 2006 წელს, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მ. ე-ის მოთხოვნა ხანდაზმულია.

საკასაციო პალატას დაუსაბუთებლად მიაჩნია სააპელციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ ს.ფ. 111-ზე წარმოდგენილი ცნობით საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მ. ე-ის მიმართ სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურების თაობაზე აღიარა სასარჩელო მოთხოვნა და ამის გამო მისი მოთხოვნა ამ ნაწილში არ არის ხანდაზმული, რადგან საკასაციო პალატა თვლის, რომ ზემოაღნიშნული ცნობა ინფორმაციული ხასიათისაა და იგი არ შეიცავს თავდაცვის სამინისტროს დაპირებას მ. ე-თვის 1998-2003 წლების სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურების თაობაზე, მასში მხოლოდ მითითებულია, 1998-2003 წლებში მ. ე-ის მისაღები ფორმა-ტანსაცმლის საკომპენსაციო თანხების ოდენობის თაობაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი. ეს მუხლი განსაზღვრავს პირობას, რომლის არსებობის შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს თვითონ შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე, ისე, რომ არ დააბრუნოს იგი ხელახლა განსახილველად უკან. ამგვარი პირობაა საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულად და სწორად დადგენა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს მიერ და ამ ფაქტების დადგენა საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე. ეს ისეთი შემთხვევაა, როდესაც საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები დადგენილია სრულად და სწორად, ე.ი. ფაქტობრივი თვალსაზრისით საქმე მზადაა გადასაწყვეტად, მაგრამ არასწორადაა შეფარდებული (გამოყენებული) კანონი.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მ. ე-ის სარჩელი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ 1998-2002 წლების სანივთე ქონების კომპენსაციის 1900,37 ლარის დაკისრების ნაწილში ხანდაზმულია, რადგან მოსარჩელემ სასამართლოს სარჩელით მიმართა 2006 წლის ნოემბერში, ე.წ. სასარჩელო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის გასვლის შემდეგ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 21 თებერვლის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა მ. ე-ის სასარგებლოდ 1998-2002 წლების სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურება და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. არ დაკმაყოფილდეს მ. ე-ის სარჩელი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მის სასარგებლოდ 1998-2002 წლების სანივთე ქონების კომპენსაციის 1900,37 ლარის დაკისრების ნაწილში.

4. უცვლელი დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 21 თებერვლის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მ. ე-ის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების 2018 ლარისა და 2003 წლის სანივთე ქონების კომპენსაციის 252,11 ლარის დაკისრების ნაწილში;

5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.