საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
¹ბს-577-555(კ-08) 19 ივნისი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მურუსიძე, მარიამ ცისკაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ზ. ი.-ის ნაწილში ნ. ნ.-ისა და ზ. ი.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებასა და 2008 წლის 27 თებერვლის საოქმო განჩინებაზე, მოწინააღმდეგე მხარე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. ნ.-ისა და ზ. ი.-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაევალა მოსარჩელეებისათვის საჯარო ინფორმაციის სახით გამოთხოვილი ინფორმაციის, კერძოდ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაეროში გაწევრიანებისათვის გაგზავნილი დოკუმენტების, მათ შორის, საქართველოს გაეროში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს შუამდგომლობის დამოწმებული ქსეროასლების სრულად გადაცემა.
აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა იმ ნაწილში, რომლითაც ნ. ნ.-ისა და ზ. ი.-ი სარჩელის დაკმაყოფილდა. აპელანტმა აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე მთლიანად უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 27 თებერვლის საოქმო განჩინებით ნ. ნ.-ის შუამდგომლობები ზ. ი.-ის, როგორც მისი წარმომადგენლისათვის, საქმის განხილვაში მონაწილეობის უფლების მინიჭებისა და საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. ნ.-ისა და ზ. ი.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე ნ. ნ.-მ და ზ. ი.-მ საკასაციო საჩივარი შეიტანეს. კასატორებმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებისა და 2008 წლის 27 თებერვლის საოქმო განჩინების გაუქმება მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2008 წლის 28 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში მიიღო ნ. ნ.-ის ნაწილში ნ. ნ.-ისა და ზ. ი.-ის საკასაციო საჩივარი. 2008 წლის 28 მაისის მეორე განჩინებით კი საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ზ. ი.-ის ნაწილში საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ, საკასაციო საჩივარს არ ერთვოდა ზ. ი.-ის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი. საკასაციო სასამართლომ აღნიშნული გარემოება მიიჩნია ხარვეზად და კასატორ ზ. ი.-ს დაევალა მისთვის ხარვეზის შესახებ 2008 წლის 28 მაისის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის გადახდის ქვითარი. კასატორს განემარტა, რომ მითითებულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 28 მაისის ხარვეზის შესახებ განჩინების შემცველი გზავნილი ზ. ი.-ს ჩაჰბარდა 2008 წლის 4 ივნისს. შესაბამისად, კასატორს ხარვეზის შევსებისათვის მიცემული ვადა ამოეწურა 2008 წლის 16 ივნისს. ზ. ი.-მ მისთვის მიცემულ ვადაში არ შეავსო 2008 წლის 28 მაისის განჩინებით დადგენილი ხარვეზი და მას არც ხსენებული ხარვეზის შევსებისთვის დადგენილი ვადის გაგრძელების თხოვნით მიუმართავს საკასაციო სასამართლოსთვის. ამასთან, 2006 წლის 16 ივნისს ზ. ი.-მ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ იგი ვერ ახერხებდა სახელმწიფო ბაჟის გადახდასა და შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 28 მაისის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოხსენებული გარემოება ზ. ი.-ის ნაწილში ნ. ნ.-ისა და ზ. ი.-ის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას წარმოადგენს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 401-ე მუხლის თანახმად, ზ. ი.-ის ნაწილში საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. განუხილველი დარჩეს ზ. ი.-ის ნაწილში ნ. ნ.-ისა და ზ. ი.-ის საკასაციო საჩივარი;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.