საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
¹ბს-578-550(კ-07) 23 ივლისი, 2007წ.
თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
განიხილა გ. გ-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 მარტის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2006 წლის 4 აგვისტოს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა გ. გ-მა მოპასუხეების _ ზესტაფონის რაიონის გამგეობის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და გ. ყ-ის მიმართ სოლიდარულად მორალური ზიანის 100000 ლარის ოდენობით ანაზღაურების შესახებ (ს.ფ. 1-6).
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 7 ნოემბრის განჩინებით გ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (ს.ფ. 156-158).
რაიონული სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. გ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება (ს.ფ. 164-167).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 მარტის განჩინებით გ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება (ს.ფ. 185-186).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. გ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება (ს.ფ. 191).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 22 ივნისის განჩინებით გ. გ-ს დაევალა საკასაციო საჩივრის ხარვეზის შევსება, კერძოდ, განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში დასაბუთებული საკასაციო საჩივრის იმდენი ასლის წარმოდგენა, რამდენი მხარეც მონაწილეობდა საქმეში, ასევე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ან სხვა სათანადო დოკუმენტის წარმოდგენა იმის შესახებ, თუ როდის ჩაბარდა მას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 26 მარტის განჩინება.
გ. გ-მა საკასაციო საჩივრის ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. გ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. გ-ის მიერ საკასაციო სასამართლოში ხარვეზის შევსების მიზნით წარმოდგენილი განცხადებით სრულად არ არის შევსებული საკასაციო საჩივრის ხარვეზი და აღნიშნული განცხადება არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის “ე” პუნქტის მოთხოვნას. საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 22 ივნისის განჩინებით გ. გ-ს დაევალა დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოდგენა, სადაც მითითებული იქნებოდა გასაჩივრების კონკრეტული საფუძვლები. ხარვეზის შევსების მიზნით კასატორის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი კვლავ არ შეიცავს დასაბუთებას, თუ რაში მდგომარეობს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 მარტის განჩინების საკასაციო წესით გასაჩივრების კონკრეტული სამართლებრივი საფუძვლები (კასაციის მიზეზი).
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების (განჩინების) მოტივების სამართლებრივად დასაბუთებულ კონტრარგუმენტაციას. გასაჩივრების საფუძვლები უნდა იყოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების (განჩინების) კონკრეტული მოტივების გამაქარწყლებელი, ადეკვატური სამართლებრივი მოსაზრებების შემცველი, იგი არ უნდა შემოიფარგლებოდეს მხოლოდ საქმის ფაქტობრივი გარემოებების კონსტატაციით, ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შინაარსის გადმოცემით ან ზოგადი მითითებებით გადაწყვეტილების კანონსაწინააღმდეგობის თაობაზე. ასეთ შემთხვევებში საკასაციო სასამართლო, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში, დაუსაბუთებელი საკასაციო საჩივრის პირობებში მოკლებულია გასაჩივრებული გადაწყვეტილების კონკრეტული საფუძვლების შემოწმების შესაძლებლობას. მოცემულ შემთხვევაში, როგორც ხარვეზზე დატოვებული საკასაციო საჩივარი, ისე ხარვეზის გამოსწორების მიზნით წარმოდგენილი განცხადება არ შეიცავს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების საფუძვლების კონკრეტულ კრიტიკას, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის “ე” ქვეპუნქტის სავალდებულო მოთხოვნაა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 22 ივნისის განჩინებით დადგენილ საპროცესო ვადაში ვერ უზრუნველყო აღნიშნული განჩინებით დანიშნული ხარვეზის გამოსწორება, რის გამოც საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. გ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 მარტის განჩინებაზე დატოვებულ იქნეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.