საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
ბს-579-551(კ-07) 25 ივნისი, 2007 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე
ლ. ლაზარაშვილი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ა. მ.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი, რომლითაც იგი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.01.07წ. განჩინების გაუქმებას.
საკასაციო პალატა გაეცნო ა. მ.-ის საკასაციო საჩივარს და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი, განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული, დაუშვებლობის მოტივით, ვინაიდან არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის მოთხოვნებს. საქმეში არსებული საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინებიდან ირკვევა, რომ ა. მ.-ს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 16.03.07წ. განჩინება 13.04.07წ. ჩაბარდა (ს.ფ. 64), აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი კასატორმა შეიტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მისაღებში 11.06.07წ (ს.ფ. 66), ესე იგი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლში მითითებული ერთთვიანი ვადის გადაცილებით.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ა. მ.-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებელია გასაჩივრების ვადის გადაცილების გამო და განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე, 401-ე მუხლებით და
Dდ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. მ.-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლობის მოტივით განუხილველად იქნეს დატოვებული;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
¹ ბს-602-572(კს-07) 25 ივნისი, 2007 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი
შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქ. თბილისის მერიის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 4 მაისის განჩინებაზე.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-420-ე მუხლები კერძო საჩივრის საკითხებს ეხება. ხსენებული კოდექსის 417-ე და 420-ე მუხლების თანახმად, კერძო საჩივარი საქმესთან ერთად გადაეგზავნება ზემდგომ სასამართლოს, რომელიც მის განხილვას აწარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოსათვის გათვალისწინებული წესით (420-ე მუხლი).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო ნორმა, რომელიც არეგულირებს სასამართლო წარმოების დროს წარმოშობილ ურთიერთობას, სასამართლო იყენებს საპროცესო სამართლის იმ ნორმას, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია).
ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მის მიერ კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის გადაწყვეტა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, კანონის ანალოგიის წესით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მიხედვით უნდა მოხდეს.
საკასაციო სასამართლო გაეცნო ქ. თბილისის მერიის კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებს. აღნიშნული მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება განჩინების გადაცემის მომენტიდან 12 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. საქმეში არსებული საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინებით ირკვევა, რომ ქ. თბილისის მერიას (ქ. თბილისის მთავრობას) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 4 მაისის განჩინება ჩაჰბარდა 2007 წლის 16 მაისს (ს.ფ. 187). შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების კანონით დადგენილი თორმეტდღიანი ვადა ამოეწურა 2007 წლის 28 მაისს. კერძო საჩივრის ავტორმა თბილისის სააპელაციო სასამართლოში კერძო საჩივარი შეიტანა 2007 წლის 29 მაისს, ესე იგი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული 12-დღიანი ვადის დარღვევით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ მხარე საქმეს აწარმოებს წარმომადგენლის მეშვეობით, ყველა დოკუმენტი ეგზავნება წარმომადგენელს, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა, როდესაც დოკუმენტი მხარესაც უნდა გაეგზავნოს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში თავის წარმომადგენლად, დადგენილი წესით, დანიშნოს ის თანამდებობის პირი ან სახელმწიფო მოსამსახურე, რომელიც ამ ადმინისტრაციულ ორგანოში მსახურობს, ხოლო იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანო უფლებამოსილია თავის წარმომადგენლად დანიშნოს ადვოკატი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ქ. თბილისის მერიის სახელით კერძო საჩივარი შემოიტანა მისმა წარმომადგენელმა დ. გ.-მ, რომელიც მოცემულ საქმეში არსებული მინდობილობის თანახმად (ს.ფ. 114), წარმოადგენს ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციის იურიდიული სამსახურის ...-ს და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მოცემულ საქმეზე ახორციელებს წარმომადგენლის უფლებამოსილებას.
საკასაციო სასამართლო განმარტავს და კერძო საჩივრის ავტორის ყურადღებას მოაპყრობს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-4 ნაწილით რეგლამენტირებული ვალდებულება, ყველა დოკუმენტი გაეგზავნოს წარმომადგენელს, სასამართლოს ეკისრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოქალაქე, კერძო სამართლის იურიდიული პირი, სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანო სასამართლოში საქმეს აწარმოებს წარმომადგენლის _ ადვოკატის მეშვეობით, ხოლო, როდესაც ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოს სასამართლოში წარმოადგენს იმავე ადმინისტრაციულ ორგანოში მომუშავე თანამდებობის პირი, სასამართლოს არ ეკისრება მისთვის დოკუმენტების გაგზავნის ვალდებულება და ისინი ეგზავნება მხოლოდ მხარეს, ამ შემთხვევაში _ ადმინისტრაციულ ორგანოს _ ქ. თბილისის მერიას (ქ. თბილისის მთავრობას).
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო არ იყო ვალდებული საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს ყველა დოკუმენტი გაეგზავნა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში თავის წარმომადგენლად დანიშნულ, იმ თანამდებობის პირისათვის, რომელიც ამ ადმინისტრაციულ ორგანოში მსახურობდა. ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებასაც, რომ, მართალია, ამ კერძო საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ საქმეში მოიპოვება ქ. თბილისის მერის მიერ დ. გ.-ის სახელზე გაცემული რწმუნებულება, მაგრამ აღნიშნულ რწმუნებულებაში არ არის კონკრეტული მითითება სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების სპეციალურ უფლებამოსილებაზე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მერიამ დაარღვია კერძო საჩივრის შეტანის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადა, რის გამოც მოცემული კერძო საჩივარი დაუშვებელია და განუხილველად უნდა დარჩეს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 401-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, კერძო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 416-ე მუხლის პირველი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. განუხილველი დარჩეს ქ. თბილისის მერიის კერძო საჩივარი;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.