Facebook Twitter

ბს-579-557(კ-08) 13 ნოემბერი, 2008 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

სხდომის მდივანი – ქ. მაღრაძე

კასატორი _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ახალციხის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია)

მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიურო; წარმომადგენელი – ე. ა-ი

მესამე პირი – ნ. პ-ი; წარმომადგენელი – ი. ლ-ი

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 18 იანვრის განჩინება

დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 11 მარტს ახალციხის საგადასახადო ინსპექციამ სასარჩელო განცხადებით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს უფროსის _ რ. მ-ის მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებით ითხოვდა სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2005 წლის 10 მარტს ქ. ბორჯომში ჩატარებული აუქციონისა და მისი თანამდევი შედეგების ბათილად ცნობას.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით ახალციხის საგადასახადო ინსპექციის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.

ახალციხის რაიონული სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ აუქციონის ჩატარების შესახებ გამოცხადდა ჯერ გაზეთ “ ...... ”, შემდეგ კი ადგილობრივ ტელევიზიაში, განაცხადი გამოკრულ იქნა ახალციხისა და ბორჯომის რაიონული სასამართლოს შენობებში დადგენილი წესით, 7 დღით ადრე აუქციონის ჩატარებამდე, რაც არ ეწინააღმდეგებოდა “სააღსრულებო წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 71.1 მუხლის მოთხოვნებს.

ახალციხის საგადასახადო ინსპექციას არ უცნობებია საბიუჯეტო დავალიანების შესახებ და არ წარუდგენია სააღსრულებო ფურცელი სააღსრულებო ბიუროში, რითაც არ უზრუნველყო მისივე უფლება, გათვალისწინებული “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება, აღიარება, რომელზედაც მეორე მხარე ამყარებდა თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლოს შეეძლო საკმარის მტკიცებულებად ჩაეთვალა და საფუძვლად დაედო სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანისათვის. ამდენად, აუქციონის ჩატარების წესისა და ვადების შესახებ კანონის მოთხოვნა სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ არ დარღვეულა.

დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ კერძო აუდიტორების მიერ აუქციონზე გატანილი ქონების შესახებ შეფასების აქტი პრეიუდიციული ძალის მქონე იყო, რადგანაც მხარეს მისი გაუქმების შესახებ სასამართლოში რაიმე მოთხოვნა არ წარუდგენია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს უფლება არ ჰქონდა, თავისი გადაწყვეტილებით მიეკუთვნებინა მხარისათვის ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.1 მუხლის თანახმად, თითოეულ მხარეს უნდა დაემტკიცებინა გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებდა თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, მოსარჩელე მეორე რიგის იპოთეკარი იყო და სამოქალაქო კოდექსის 290.1 მუხლის თანახმად, ერთი და იგივე უძრავი ნივთები შეიძლებოდა დატვირთულიყო იპოთეკით, რიგითობა განისაზღვრებოდა იპოთეკის დადგენის დროის შესაბამისად. გაყიდული ქონების საერთო ღირებულება შეადგენდა 558289,72 ლარს, რომელმაც ვერ უზრუნველყო პირველი რიგის იპოთეკარის მოთხოვნის დაკმაყოფილება და შესაბამისად, აღსრულება ვერ გაგრძელდებოდა მეორე იპოთეკარის სასარგებლოდ, თუნდაც სააღსრულებო ფურცლის წარდგენის შემთხვევაში.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ახალციხის საგადასახადო ინსპექციამ.

აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 დეკემბრის საოქმო განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ახალციხის საგადასახადო ინსპექცია შეიცვალა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ახალციხის რეგიონალური ცენტრით (საგადასახადო ინსპექციით).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 18 იანვრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ახალციხის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და დამატებით განმარტა, რომ უსაფუძვლოა აპელანტის მოსაზრება, თითქოს მისთვის უცნობი იყო აუქციონის ჩატარების შესახებ. “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, სააღსრულებო ბიუროს არ ევალება აუქციონის ჩატარების ადგილის შესახებ პერსონალურად აცნობოს მესამე პირს, კონკრეტულ შემთხვევაში _ საგადასახადო ინსპექციას. “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 71.1 მუხლის მიხედვით, აუქციონის ჩატარების შესახებ ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით. მოცემულ შემთხვევაში ინფორმაცია გამოცხადდა ადგილობრივი ტელევიზიით, ასევე განაცხადი გამოკრულ იქნა ახალციხისა და ბორჯომის რაიონული სასამართლოების შენობებში დადგენილი წესით, 7 დღით ადრე აუქციონის ჩატარებამდე. აღნიშნული გარემოება აპელანტს (მოსარჩელეს) სადავოდ არ გაუხდია. მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ აუქციონი ჩატარდა 2005 წლის 10 მარტს, ხოლო სარჩელი აღძრულ იქნა 11 მარტს, რაც ირიბად ადასტურებს იმას, რომ საგადასახადო ინსპექციისათვის ცნობილი იყო აუქციონის ჩატარების ადგილისა და დროის შესახებ.

ასევე უსაფუძვლოა აპელანტის მოსაზრება, რომ, ვინაიდან აუქციონის ჩატარების შესახებ ინფორმაცია გამოცხადდა ადგილობრივი ტელევიზიით, შესაბამისად, აღნიშნულის შესახებ ცნობილი ვერ გახდებოდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებსა თუ რაიონებში მცხოვრები მესამე პირებისათვის. ცხადია, ასეთ შემთხვევაში სარჩელი უნდა აღეძრა არა ახალციხის საგადასახადო ინსპექციას, რომლისთვისაც, როგორც ზემოთ აღინიშნა, ცნობილი იყო ან ცნობილი უნდა ყოფილიყო აუქციონის ჩატარების შესახებ, არამედ იმ მესამე პირებს, ვისაც მიაჩნდათ, რომ დარღვეული იყო მათი უფლებები.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით, კერძოდ, საჯარო რეესტრის ამონაწერებით დასტურდება, რომ სადავო ქონებაზე საგადასახადო ინსპექციას არ ჰქონდა საგადასახადო იპოთეკისა და გირავნობის უფლება რეგისტრირებული.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377.1 მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას ამოწმებს მხოლოდ სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ხოლო ახალციხის საგადასახადო ინსპექციას (ამჟამად ახალციხის რეგიონალური ცენტრი _ საგადასახადო ინსპექცია), გარდა ზემოაღნიშნულისა, სხვა რაიმე გარემოებებზე, რომლებიც გასაჩივრებული გადაწყვეტილების შესაძლო უსწორობაზე მიუთითებდა, არ წარმოუდგენია.

მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ახალციხის რეგიონალურმა ცენტრმა (საგადასახადო ინსპექციამ).

კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 18 იანვრის განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ახალციხის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 18 იანვრის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებულ განჩინებას მიიჩნევს დაუსაბუთებლად და თვლის, რომ აღნიშნული არ ემყარება საქმის მასალების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას, რაც შეუძლებელს ხდის მისი სამართლებრივი საფუძვლების შემოწმებას.

სააპელაციო სასამართლო განჩინებაში მოტივირებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო ქონებაზე საგადასახადო ინსპექციას არ ჰქონდა საგადასახადო იპოთეკის/გირავნობის უფლება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული, რაც საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით ემყარება საქმეში დაცული მასალების არასრულყოფილ გამოკვლევას.

საქმეში ს.ფ. 6,7 და 8-ზე წარმოდგენილია საჯარო რეესტრის ამონაწერები, რომელთა უფლებების დამადასტურებელი იურიდიული დოკუმენტის გრაფა შეიცავს მითითებას საგადასახადო გირავნობის უფლების წარმოშობის შესახებ ¹13 საგადასახადო შეტყობინებაზე. ამავე ამონაწერებში აღნიშნულია ბიუჯეტისა და სახელმწიფო ფონდების დავალიანების არსებობის თაობაზე.

საქმეში დაცული ზემოაღნიშნული მტკიცებულებები გამორიცხავს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციის გაზიარების შესაძლებლობას და საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს დაასკვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები სააპელაციო სასამართლოს მიერ არასრულყოფილადაა შესწავლილი.

საკასაციო სასამართლო არსებითად მიიჩნევს საჯარო რეესტრის ამონაწერების შესწავლას და იმ გარემოების დადგენას, თუ რამ განაპირობა საქმეში ურთიერთგამომრიცხავი მტკიცებულებების წარმოდგენა და რომელი მათგანი ასახავს რეალურად აუქციონის ჩატარების მომენტისათვის არსებულ ფაქტობრივ მდგომარეობას.

იმ პირობებში თუ დადგინდა, რომ საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება საგადასახადო ორგანოს მხრიდან გამოყენებული იყო, საკასაციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლომ იმსჯელოს რამდენად შეილახა საგადასახადო ორგანოს, როგორც იპოთეკარის უფლებები აუქციონის პროცესში და ხომ არ დარჩა ძალაში გასხვისებული ქონების მიმართ საგადასახადოს უფლებები. კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 85-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება არ გამოიყენება გირავნობის/იპოთეკის იმ მფლობელის მიმართ, რომლის უფლებაც წარმოიშვა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციამდე, ხოლო იმავე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, თუ საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით დატვირთული ქონება გაიყიდა ან რაიმე გზით გადაეცა სხვა მფლობელს სახელმწიფოს მიერ საგადასახადო იპოთეკის/გირავნობის უფლების გაუქმების გარეშე, გირავნობის/იპოთეკის უფლება კვლავ გავრცელდება ამ ქონებაზე ახალი მფლობელის მიმართ. ახალი მფლობელის ნებისიერი სხვა იპოთეკის/გირავნობის უფლებას ექნება უმცირესი ძალა იმ საგადასახადო იპოთეკის/გირავნობის უფლების მიმართ, რომელიც არსებობდა გაყიდვამდე ან გადაცემამდე.

მითითებული გარემოების გამოკვლევას საკასაციო სასამართლო ასევე საჭიროდ მიიჩნევს რათა განისაზღვროს, რამდენადაა დაცული ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 72-ე მუხლის მოთხოვნები. კერძოდ, აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აღმასრულებელი აუქციონის ჩატარებამდე ადგენს, თუ რეესტრში რეგისტრირებული უფლებებიდან რომელი სარგებლობს უპირატესი უფლებით იმ კრედიტორის პრეტენზიასთან შედარებით, რომლისთვისაც ხორციელდება აღსრულება, ხოლო იმავე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, აუქციონზე სასამართლო აღმასრულებელი აცხადებს, რომ რეესტრში რეგისტრირებული უპირატესი უფლებები იმ კრედიტორის მოთხოვნასთან შედარებით, რომლისთვისაც ხორციელდება აღსრულება, ძალაში რჩება და გადახდით არ დაკმაყოფილდება. ასევე აცხადებს, თუ რა ღირებულება აქვს გარდამავალ უფლებებს (კრედიტორის მოთხოვნასთან შედარებით უპირატეს უფლებებს, ან უფლებებს, რომლებიც გადაჰყვება ნივთს, აუქციონის წესით მისი რეალიზაციის შემდეგ).

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, ყველა სხვა პირი, რომელთაც გააჩნიათ უფლებები უძრავ ნივთზე, ვალდებული არიან ამ უფლებათა დამადასტურებელი მტკიცებულებები წარადგინონ აუქციონის დაწყებამდე.

აღნიშნული მოთხოვნიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არსებითად მიიჩნევს იმ გარემოების გამოკვლევას, კასატორის – ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) მხრიდან ადგილი ჰქონდა თუ არა სააღსრულებო ბიუროსათვის შეტყობინების ფაქტს. კერძოდ, დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის სახით საქმეში წარმოდგენილია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ახალციხის საგადასახადო ინსპექციის წერილი სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს უფროსისადმი, რომელშიც საგადასახადო ინსპექცია მიუთითებს ბიუჯეტის დავალიანების არსებობის ფაქტზე.

საკასაციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლომ განსაზღვროს, აღნიშნული წერილი წარმოადგენდა თუ არა უფლებადამადასტურებელ საკმარის დოკუმენტს, არსებობდა თუ არა სააღსრულებო ბიუროს მხრიდან მისი გაზიარების ვალდებულება და წერილის თარიღიდან გამომდინარე, როდის ჩაბარდა ან ჩაჰბარდა თუ არა აღნიშნული დოკუმენტი სააღსრულებო ბიუროს.

აქვე, აუქციონზე გაყიდული ქონების გასხვისების ფაქტიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს ყურადღებას მიაქცევს მე-3 პირთა უფლებებზე, რაც ასევე უნდა იქცეს სააპელაციო სასამართლოს შეფასების საგნად.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო საჭირო მიიჩნევს, საქმე დამატებითი შესწავლა-გამოკვლევის მიზნით დაუბრუნოს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის II ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ახალციხის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 18 იანვრის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.